1921 წლის კონსტიტუცია ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ

 



საკითხები:

1.     1921 წლის კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების შესახებ;

2.     1921 წლის კონსტიტუცია ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ;

3.     1921 წლის კონსტიტუცია ადამიანის სოციალურუფლებების შესახებ;


1.1921 წლის კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების შესახებ;

 

 

თავი 3.

მოქალაქის უფლებანი

მუხლი 16.

მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

მუხლი 17.

წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

მუხლი 18.

ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა აკრძალულია.

ორდენი გაუქმებულია.

საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი.

მუხლი 19.

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

მუხლი 20.

არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით; გამონაკლისია კანონით განსაზღვრული დისციპლინარული წესი.

მუხლი 21.

ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.

მუხლი 22.

პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაფრივ თავისუფლებას მოკლებულ და პირადად გაჩხრეკილ იქნეს ვინმე, თუ არ სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.

მუხლი 23.

ადმინისტრაციას შეუძლია თვისი უფლებით შეიპყროს ვინმე შემდეგ შემთხვევაში:

) როცა ბოროტმოქმედს ზედ დანაშაულის ადგილას მიასწრებს;

) როცა დანაშაულის ადგილას დაზარალებული, ან დამსწრე ვინმე ბოროტმომქმედს ხელს დაადებს;

) როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთი აღმოაჩნდება, ან როცა მის ტანზე, ან მის ბინაზე დანაშაულის აშკარა ნიშანი და კვალი აღმოჩნდება.

მუხლი 24.

დამნაშავის დაკავება შეუძლია კერძო პირსაც; თუ დანაშაულის ადგილას მიასწრებს და ამასთანავე ადმინისტრაციის მისვლამდის მისი მიმალვა მოსალოდნელია.

მუხლი 25.

როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრაციის ბრძანებით შეპყრობილი, 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი; თუ სასამართლო ისეა დაშორებული, რომ 24 საათში დამნაშავის წარდგენა შეუძლებელია, ეს ვადა განგრძობილ უნდა იქნეს ადგილობრივ გარემოების მიხედვით, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.

მუხლი 26.

სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაუყოვნებლივ, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, დაჰკითხოს; ხოლო შემდეგ წერილობითი ბრძანება გასცეს ან მისი შეპყრობის განგრძობისა, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლებისათვის.

მუხლი 27.

სასამართლოს სათანადო ორგანოები ვალდებულნი არიან, უკეთუ რაიმე გზით და საშვალებით ემცნოთ, რომ ვინმე ზემოაღნიშნულ წესთა დარღვევითაა შეპყრობილი, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და წერილობითი ბრძანება გასცენ ან მისი განთავისუფლებისა ან შეპყრობის განგრძობისა.

მუხლი 28.

ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია: მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 29.

კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია: მისი ამოხმა და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 30.

ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალია; ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

მუხლი 31.

ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს.

მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება. ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს.

სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური

მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა,

რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე.

მუხლი 32.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

მუხლი 33.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

მუხლი 34.

თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი.

მუხლი 35.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსონ საპროფესიო და სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული; კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება.

მუხლი 36.

გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეო-სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით.

მუხლი 37.

პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.

მუხლი 38.

მუშათა გაფიცვა თავისუფალია.

მუხლი 39.

ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.

მუხლი 40.

ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას; ქორწინების ფორმასა და წესებს კანონი განსაზღვრავს.

ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან, დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა: აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.

მუხლი 41.

პოლიტიკური დევნილი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული, სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა.

მუხლი 42.

მოქალაქის უფლებათა დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კანონების თანახმად.

მუხლი 43.

ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დადგენილება წარუდგინოს.

მუხლი 44.

დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე-22, 25, 26 და 30 მუხლებში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.

მუხლი 45.

კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან.

 

 

2.1921 წლის კონსტიტუცია ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ;

 

 

ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.

მუხლი 129.

არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული

უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა.

ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა-ენაზე.

მუხლი 130.

ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივ თვითმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგალში.

ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით.

ეროვნულ კავშირში შესვლა ხდება სალაპარაკო ენის მიხედვით.

ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშვალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა.

მუხლი 131.

არ შეიძლება შეიზღუდოს ვისიმე პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას.

მუხლი 132.

ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნულ უმცირესობის უფლების დარღვევას.

მუხლი 133.

საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური.

მუხლი 134.

ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა- განათლებისათვის გადადებული თანხით დააარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებისა მოქალაქეთა ეროვნულ შედგენილობის პროპორციის მიხედვით.

მუხლი 135.

ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე.

მუხლი 136.

ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20%-, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედა-ენაზედაც.

მუხლი 137.

არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმაოდ არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა-ენით, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს.

დაწვრილებით წესს განსაზღვრავს კანონი.

 

3.1921 წლის კონსტიტუცია ადამიანის სოციალურუფლებების შესახებ;

 

თავი 13.

სოციალ-ეკონომიური უფლებანი

მუხლი 113.

რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.

მუხლი 114.

საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვა გვარად არ არის განსაზღვრული.

მუხლი 115.

რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ-მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია.

რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას.

რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.

მუხლი 116.

წვრილი მწარმოებლისსოფლის მეურნის, ხელოსანის, შინამრეწველის-შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია.

რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.

მუხლი 117.

შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.

მუხლი 118.

რესპუბლიკის კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმართველობას ევალება დააარსოს შრომის ბირჟა, საშვამავლო კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში.

ასეთ დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოში მუშათა კავშირის წარმომადგენელთა რიცხვი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მუხლი 119.

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.

მუხლი 120.

მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არა აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძოსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომის უნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია.

მუხლი 121.

დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაჰკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შესდგეს დამქირავებელზე შეწერილ საგანგებო გადასახადისაგან.

მუხლი 122.

გარდა საგანგებო ან ამ მიზნით შეწერილი გადასახადისა ზემოაღნიშნულ მოვალეობათა ასასრულებლად რესპუბლიკის შემოსავლიდან უნდა გადაიდოს ყოველ წლიურად განსაზღვრული ნაწილი.

მუხლი 123.

ნორმალი სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი.

სასოფლო მეურნეობისა და სხვა სასეზონო წარმოებაში სამუშაო დროის შეფარდება განსაკუთრებულ პირობებთან განისაზღვრება კანონით.

მუხლი 124.

წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია; 16-18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და საზოგადოთ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.

მუხლი 125.

რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში.

არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან.

მუხლი 126.

განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.

მუხლი 127.

შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

მუხლი 128.რესპუბლიკას და ადგილობრივ მმართველობას ევალება დედობის და ბავშვების დაცვისათვის მზრუნველობა


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები