"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები

 

·         


რელიზმის პირველი ნიშანია: სინამდვილის ასახვა და ამ სინამდვილის ანალიზი,მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება და დადგენა;

·         კონფლიქტების მიზეზს  რეალიზმი საზოგადოებრივ წყობაში ხედავს და მის გამოკვლევას ცდილობს;

·         რეალიზმი სოციალური გარემოს მიერ შექმნილი სხვადასხვა ტიპების წარმომავლობას იკვლევს

·         რეალისტები აღწერენ ადამიანთა მანკიერ თვისებებს და ქცევებს

·         აგროვებენ ადამიანთა ვნებების გამოვლენის ყველაზე აშკარა შემთხვევებს

·         გამოსახავენ ადამიანთა განსხვავებულ ხასიათებს

·         აღწერენ უმთავრეს მოვლენებს ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებიდან

·         ქმნიან ტიპაჟებს-ერთნაირ ხასიათთა ცალკეული თვისებების შეერთებით;

·         რეალიზმი ითხოვს ცხოვრების მართალ,შეულამაზებელ ასახვას ,მაგრანმ არა ფოტოგრაფიული სიზუსტით არამედ მის განზოგადებულ( ანუ ტიპურ ) სახეებში  წამოდგენას

·         სინამდვილის ასახვის მოთხოვნამ პოპულარული გახადა რეალისტური ხელოვნების შედარება სარკესთან,რომელიც ყველაფერს ირეკლავს ცუდსაც და კარგსაც

·         საქართველოში ხელოვნება პირველად ილია წავჭავაძემ შეადარა  სარკეს

·         ტიპი ანუ ტიპური პერსონაჟი - მხატვრული განზოგადების შედეგია;ტიპი ერთნაირ ხასიათთა ცალკეული ნიშნების ერთად შეერთების შედეგად იქმნება რეალისტი მწერლის მიერ;

·         რეალისტმა მწერალმა ტიპური პერსონაჟი უნდა ასახოს ტიპურ გარემოში;

·         ტიპურ გარემოში იგულისხმება როგორც გმირის ირგვლივ არსებული საგნობრივი გარემო,ისე ამ გარემოში გაბატონებული იდეები,შეხედულებები და მისწრაფებები;

·         ტიპური გარემოს აღწერა რეალისტებს მასში მცხოვრები  ადამიანების წარმოსაჩენად  სჭირდებოდათ.რეალისტმა მწერლებმა იცოდნენ რომ გარემო გავლენას ახდენს ცალკეულ პიროვნებაზე,თავისმხრივ გარემოს ქმნიან სხვადასხვა პიროვნებები  საკუთარი აზროვნებით და მოქმედებებით.(ასეთ კავშირს დიალექტიკური კავშირი ჰქვია)

·         ადამიანზე დაკვირვება სხვადასხვა ტიპურ გარემო პირობებში,ტიპური გარემო პირობების შესწავლა და გამოსავლის ძიება მე-19 საუკუნის რეალისტური მწერლობის საერთო-ნიშნ თვისებაა

·         კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს როგორ იმსგავსებს ადამიანს გარემო;

·         კრიტიკულ რეალიზმს ბოროტების სათავედ უსამართლო სოციალური წყობა(ანუ გარემო) მიაჩნია;

·         კრიტიკული რეალიზმი გამოსავალს ადამიანის პირად თვისებებში ხედავს

·         საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ცდილობდეს გახდეს უკეთესი თავის სოციალურ გარემოში თვლიდნენ რეალისტი მწერლები;

·         გარემოს და პიროვნების მოჯადოებული წრე უნდა გაარღვიოს პიროვნებამ,რომელიც ამაღლდება თავის გარემოზე და გარდაქმნის მას;

·         იბადება კითხვა როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებული პიროვნება ?

კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს;

·     მე-19 საუკუნი ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ზნეობრივ აღმზრდელად ქრისტიანული რელიგია ესახებოდა;

·     საქართველოში რეალიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ყალიბდება;კრიტიკული რეალიზმის ყველაზე  მნიშვნელოვანი წარმომადგენელი საქართველოში ილია ჭავჭავაძეა.

 

 

·     . რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ (1855-1881 წწ) 1861 წლის 19 თებერვალს ხელი მოაწერა მანიფესტს ბატონყმობის გაუქმების შესახებ რუსეთის იმპერიის ევროპული ნაწილისათვის.1861 წლის გაზაფხულზე,აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა .შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებული და ახლად განახლებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს,სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს „ მას აქეთ,რაკი შენდამი ვცან სიყვარული“ და „ჩემო კალამო ‘’ .

 1863 წლის 10 აპრილს ილია დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. 1863 ილია ასრულებს მუშაობას „კაცია ადამიანი ?!“-ზე.1863 წელს ილია 26 წლისაა.

 

·     ილიამ  ერთნაირ ხასიათთა ცალკეული თვისებების შეერთებით და მხატვრული განზოგადებით  შექმნა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრის „ბედნიერი ერი’’-ს    წარმომადგენელ ტიპურ პერსონაჟთა მთელი გალერეა;

·     „კაცია ადამიანი ?!“-ს ტიპური პერსონაჟებია:

·     „დარბაისელი“ ,“ბრწყინვალე“ თავადები: ლუარსაბი(მთავარი ტიპური პერსონაჟი),დავითი(შურიანი ძმა), მოსე(გადამგდები ანუ როგრრც რუსთაველი ტყოდა მომცქაფავი სიმამრი),ლევანი(ურმების გამქირავებელი),ნიკოლოზი(ურმების გამქირავებელი და წუწკი ანუ მექალთანე),ზაქარია(ანჩხლი ცოლის პატრონი,როგორც ჩანს ცოლი თავზე აზის)

·     მათი „მეორე გვერდები“ ანუ მეორე ნახევრები ,კნეინები: მახინჯი დარეჯანი (ლუარსაბის ცოლი და მოსეს შვილი) ,ელისაბედი(დავითის ცოლი),ზაქარიას ცოლი

·     მოურავი : დათო(ლუარსაბის „მაგარი მკლავი“)

·     გლეხის „ლამაზად მოყვანილი’’ პატარძალი : ბაბალე(დარეჯანის ნათლიდედა)

·     მოახლეები: ლამაზისეული (დარეჯანისა),ჩითმერდინით დარბეული გოგო(ელისაბედისა), წუწკი ნიკოლოზის ცოლის მოახლე;

·     სამოვარის მწმენდავი ბიჭი(დარეჯანისა)

·     მაჭანკალი: სუტ კნეინა

·     სომხები(თავადები ახსენებენ რამოდენიმეჯერ,როგორც მეტოქე კლასს)

·     მშვენიერი გოგო ( მოსეს სატყუარა)

·     შინაყმები :ბიჭი(მოსეს შინა ყმა),თედო(ლუარსაბისა ბოზბაშის კარგად გამკეთებელი)

·     მკითხავები: ქალაქელი მკითხავი,აქიმი დედაკაცი,ჩიტურაშვილის დედა(ვითომ ცოცხით დაფრინავს),გარეჯელი მკითხავი

·     ბიჭები: ლუარსაბის ყმები

ლუარსაბი

ლუარსაბი რომ ტიპური პერსონაჟია ამის სესახებ ილია თავიდანვე აფრთხილებს მკითხველს:

ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავისთავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს დაგიჟიასდაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.

ტიპიური პერსონაჟი - ლუარსაბი, რეალისტმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ასახა ტიპურ გარემოში;

ტიპური გარემოს(საგნობრივის და იდეურის) აღწერა რეალისტ ილია ჭავჭავაძეს  მასში მცხოვრები  ადამიანების წარმოსაჩენად  სჭირდება.

ტიპური კახელი თავადის ირგვლივ არსებული ტიპური საგნობრივი გარემო და ქონება  ასეა აღწერილი:

წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსაორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული, და იმ მარნის უკანა კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა. კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა,რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე. ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს, მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზედ წამოღებული და წამოხრილი, თითქო გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე-დარბაზისა, სიგრძეზედ თუ სიგანეზედ, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!.

ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭიის-კარებითა, რომლის ერთი ნახევარი, — თუნდ ორი წელიწადია, — ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონიაბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ როგორმე ხელიდამ დაუსხლტესო. ჭიის-კარიდამ იწყება კალო, დიაღ მოზრდილი. მისი ბუჩო ერთ მხრივ მთელ კალოს სამხრეთის ნაპირზედ გორასავით გაწოლილი იყო, ასე რომ იმისი ბოლო ზედ საბძელთან დააწყდებოდა. საბძელი იყო სასაცილო, ისე სულელურად ჩაფიქრებული და გვერდ-აწეული მარტო ფრთა-მოტეხილი ბატი თუ მინახავს

შიგ თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული. დიდი საქმე იყო, პატრონამდინ ისე მიგეღწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება თან არ აგეყოლიათ. ეს გარეგანი, — ეხლა, ბატონებო, შიგ სახლში ვეწვიოთ თავადს თათქარიძესა.

ეს კი უნდა მოგახსენოთ, რომ, თუ ვეწვევით, ფრთხილად უნდა ვიყვნეთ. იატაკი აგურისა არის. ეგ არაფერი. ეს არის ძნელი, რომ აგურები შიგა-და-შიგ ამოცვივნულან; იმათი ალაგი ამოთხრილ ორმოებად დარჩენილა. თვალების ძალიან გაფაციცება უნდა, თორემ, თუ ფეხი შიგ ჩავარდა, ვაი შენს მტერს! ან კისერი მოსტყდება კაცსა, ან თითონვე ფეხი. თუმცა, მართალია, სახლის პატრონი ბევრს ბოდიშს მოიხდის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რომ ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, — და არც მოტეხილ ფეხისათვის არის უებარი წამალი. ამ ხიფათს შეიძლება კაცი გადურჩეს, თუ რომ ოთახი ნათელი იყოს. ვაი, რომ არც ეს არის. თუმცა ორი, სათოფეზედ კარგა მოდიდო, ფანჯარა აქვს, მაგრამ ოთახი მაინც ბნელია, იმიტომ რომ ფიჭვის ჩარჩოებზედ მინის მაგიერად მეტად გამჭრიახ გონებას გაქონილი ქაღალდი გაუკრავს. აი, ამაზედ არის ნათქვამი: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“. მოგონებაში ქართველ კაცს პირველი ევროპიელი მეჭორეც არა სჯობია.

იმ თათქარიძის ოთახში იდგა ორი გრძელი ტახტი, ერთმანეთის პირდაპირ. ასე- თი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ, როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზედ ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა. ამ ორ ტახტ-შუა აღმოსავლეთის კედელზედ მოჩანდა, კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯილი ბუხარი. აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები, მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული მყრალა-ბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი.

 

არ გეგონოთ, მკითხველნო, რომ ეს სახლი ეკუთვნოდეს ერთს ვისმეს ღარიბსა და მის-გამო იყოს ეგრე გულშეუტკივრად თავმინებებული, — არა, ამის პატრონს ჰყავს ოცი კარგად გაკეთებული კომლი კაცი, ასე რომ ათ ურმამდინ საბეგრო ებმებოდა, ცხვარი ბლომად და ასიოდეც ცხენი, რომელიც ყმაზედ ნაკლები არ არის განათლებულ მებატონისათვის. ეს სულიერი ქონება. ეხლა უსულო ჩამოვთვალოთ: ორი მოზრდილი ვენახი და ას-ორმოც-და-ათი დღის სახნავ-სათესი. ეს ქონება, ყმებიდგან დაწყებული ცხენამდინა და მიწამდინა, იმის ხელში, _ ვინც გამოყენება იცის, _ კაი ლუკმა არის. მაშ რაღად სდგას ეგრე ცუდად? მკითხავს გაკვირვებული მკითხველი. იმიტომ, რომ ქართველია, — მოგიგებთ სრულიად დარწმუნებული, რომ კაი საბუთი გითხარით.

 

     ამ ტიპური ქართველი თავადის ტიპური გარეგნობას  ასე აღწერს ილია:

თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალიუკაცრავოდ არ ვიყო ამ სიტყვაზედროგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები _ ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბისცით მონაბერის სულის~ ღირსეული სამკაული. ისმონაბერი სულიარსად არა სჩანდა, თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი; ისმონაბერი სულიქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა თავადმა?

 

ან

 

მეომარის თვალადობა ჰქონდა ამ-ჟამად ჩვენს უამისოდაც საყვარელს ლუარსაბსა, თუმცა კი, როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა. წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზედ პტყელი ჩაღსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა. თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდიკახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილირადგანაცა ცხელოდა, — ერთის სიტყვით, ხმლის პირი, ზედწამოცმულ ვაშლით, რომ ამოღებული სჭეროდა, თავიდამ ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა.

 

ტიპურ გარემოში მხოლოდ ტიპური პერსონაჟის ირგვლივ არსებული საგნობრივი გარემო არ იგულისხმება .რეალისტმა მწერალმა ტიპურ გარემოში გაბატონებული ჩვევები,იდეები,შეხედულებები და მისწრაფებებიც უნდა ასახოს მხატვრულ ნაწარმოებში და ილიაც ამას აკეთებს „კაცია ადამიანი ?!’-ში :

 

 მაგ.  უსწავლელ ქართველ თავადთა შორის გავრცელებული  შეხედულებები სწავლაზე ასეთი ყოფილა:

 

ეგ ეხლანდელი ჭირიაო, — იტყოდა ხოლმე გულმტკივნეულად, თითქო ქვეყანა ამ ჭირისაგან ებრალებაო.

მართალიც ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისის აზრით, კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო. მისი ბრწყინვალება თავის თავზედ ჰხედავდა თავის ბრწყინვალე გონიერებით, რომ ამ მნიშვნელობას კაცი უსწავლელადაც კარგად ასრულებს, ნამეტნავად ჯოგის და ყმის პატრონი, ყმისარომელსაც ჯოგში დიდი განსხვავება არა აქვს.

დრო გამოიცვალა, — იტყოდა ხოლმე აღმოოხვრით ლუარსაბი, — დრო გამოიცვალა. რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, — ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი.

 

 

ქართველ თავადთა სიზარმაცე ,მოუწესრიგებლობა და  შინ  შილიფად  ტანტალის ჩვევა   ასეა ნაჩვენები:

 

სტუმარი ეჯავრებაო, ამაზე ამბობდა უგუნური ხალხი, მაგრამ განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი? აბა თქვენგან არ მიკვირს! სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება? ყინული და ცეცხლი ერთი-ერთმანეთს არ დალევენ? თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიანბეგი.

 

ქართველი თავადების და კნეინების  მიერ მამულ-დედულის მოვლის უნარებს ილია დასცინოდა  და „ბიჭების დაწიოკებას“  ეძახდა:

 

მუჯლუგუნით,თავში ჩატყაპუნებით,გაწყრომით,გამოლანძღვით,დაწყევლით ,დატუქსვით  ყოველ-ცისმარე დღეს დაყმევებულთა შეშინება და დაჩაგვრა თათქარიძეების მენეჯერული ხერხებია. თათქარიძეების/ქართველი თავადების  ბრძნული აზრები  „ყმების მოხმარებაზე ‘’ ასეთია : გლეხკაცი გაქირ ვირსავით თუ ერთხელ შედგა, მერე, თუნდა შვინდის სახრით მისდგე, ფეხს ვერ გადაადგმევინებ, თუ ადრევე დატუქსული არა გყავს, ან   ღორის მკბენარსავით, რომ გლეხკაცი ფეხზედ დაისო, თავზედ აგაცოცდებაო. მაშ! შიში შეიქმს სიყვარულსაო.

 

ილიას მიხედვით ქართველი თავადების და კნეინების  ტკბილი და აუმღვრეველი ცხოვრება ასეთ გახლდათ:

დილით თავადები და კნეინები(ლუარსაბები და დარეჯნები) „ბიჭების დაწიოკების“ შემდეგ , მიუჯდებოდნენ ჩაის და ერთი ლაზათიანად გაიბერებოდნენ თბილის წყლით, როგორც ამბობს ჩვენი გლეხკაცი. პატარა ხანს უკან, სადილობაც მოვიდოდა, ერთი მაშინ მიძღებოდნენძველებურადა, ჩვენებურადა“, და ლუარსაბი(რომელიმე თავადი) რაღაც დაღლილის სიამოვნებით წამოიძახებდა ხოლმე გულწრფელად: „გმადლობ შენ, უფალო, რათა განმაძღე მე“. ამას იტყოდა თუ არა და, გამოისახავდა პირჯვარსა, მსწრაფლ სუფრიდამ იქავ ტახტზედ გადაგორდებოდა და, სრულიად კმაყოფილი თავისის ცხოვრებისა, დაიკრავდა მუცელზედ ხელსა და იტყოდა რაღაც ტრაბახობითა: „მე თუ უსწავლელი ვარ, მე ვიცი... რა ჰქვიან... მე ვიცი, შიმშილით კუჭი მიდნება, დიაღ, მიდნება! ზედაც ემჩნევა ჩემ სტომაქსა“. გამოსაცდელად ერთს კიდევ დაიკრავდა მუცელზედ ხელსა, თითქო სინჯავსო, კარგად არის გატენილი თუ არა, და რა ჰნახავდა, რომ კარგად არის, როგორც ცხენი დააკრაჭუნებდა კბილებს მეტის სიამოვნებისაგან. „დიაღკიდევ იტყოდა, — „ლუარსაბი უსწავლელი გახლავთ, იმიტომაც მშიერია“. სადილს შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი, — და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა ამ უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის-სოფელში, რომელმაც ისე არაფერი არ იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არა იცოდნენ-რა, ჭამა-სმის გარდა, ღვთისაგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა.

 

რეალისტი მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში აღწერენ უმთავრეს მოვლენებს ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებიდან  .1853-1856 წლებში კი უმთავრესი  მოვლენა იყო  ყირიმის ომი.

სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავ ზღვასა და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა, ფრონტის ხაზი გახსნილი იყო კავკასიაშიც.

 

რუსეთის იმპერატორნიკოლოზ I- სურდა ოსმალეთის იმპერიის დანაწევრება, შავი ზღვის რუსეთის შიდა ზღვად გადაქცევა, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება1853 წლის 14 ივნისს რუსეთმა იერუსალიმის წმინდა ადგილების დაცვის საბაბით ოსმალეთს ომი გამოუცხადა. რუსეთის არმიამ ბალკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა. გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.

 

გონებაშეზღუდულ ქართველ თათქარიძეებს გეოპოლიტიკური კონფლიქტის შესახებ ყურმოკვრით იციან და მიზეზების საკუთარი ბრიყვული  ახსნები აქვთ  მოძებნილი მაგ. ასეთი  : 

დედოფალი შებძანებულა, უნახავს, რომ ერთი დიდი ალმასი აკლია, მაშინვე რუსთ ხელმწიფისთვის შეუტყობინებია. რუსთ ხელმწიფე მაშინვე მიმხვ დარა, რომ ეს ხონთქრის საქმეა და ომი დაუწყია. ის ომი ხომ დღესაც არ გადაწყვეტილა.

 

ქართველი თავადების და კნეინების  საღამოები ტრადიციულად  ასე გადიოდა :

 

საღამო ხანიროგორც მოგეხსენებათჩვენს სოფლებში და ნამეტნავად კახეთში სადარბაზო ხანია.

საღამოზედ ნიავი ფრთას გაშლიდა და ბაღჩის ღობის გრძლად გამოწოლილი ჩრდილი ეზოს მოადგებოდა, მაშინ კნეინა დარეჯანი ერთ ბალან-გაცვივნულ ხალიჩას ჩრდილში გააშლევინებდა და დაბრძანდებოდა ხოლმე თავმომწონე პატარძალივით თავდახურული, წარბებ-აჭიმული და გამოპრანჭული.

ლუარსაბიც, თავის განუშორებელ ჩიბუხით ხელში, ჩამოვიდოდადა ქოშებით შიშველ ფეხებზედ, ხშირად წითელ პერანგის ანაბარას და უფრო ხშირად ლურჯ კალმუხის დარბაისლურად ჩატეხილ ქუდითბოლთასა სცემდა გრილოშია. ‘’

 

 

ილიას შემჩნეული ჰქონია  რომ ქართველი თავადები და კნეინები ძღვენზე და ქრთამზე დახარბებული ხალხი ყოფილა:

კნეინა დარეჯანს   „სოფლის აყაყანების’’ ანუ გაკიცხვის  რიდი აქვს,მაგრამ  ძღვენს მაგ. „ერთ გაბმა აბრეშუმს“ მაინც იღებს;

დავითი ქრთამის სიყვარულით    ძმასაც ღალატობს :

მოსემ ამოიღო ხუთი თუმანი და უთხრა ხმადაბლა დავითს:

ეს ხუთი თუმანი, დაჩუმდი, შენ რა გინდა? შენ ხომ არ ირთავ?

დავითი დარბილდა.

ხუთ თუმანზე ძმა როგორ გავყიდო? — უპასუხა.

შვიდი იყოს.

ან შვიდად.

რვა იყოს

ვერც რვა თუმნად.

აშ რამდენი გინდა?

ათი მაინც იყოს.

ცხრაზედ რას იტყვი?

არა, ათი.

ეჰ, ჯანი გავარდეს: ათი იყოს.

ამოიღო ათი თუმანი და მისცა. დავითმა ჯიბეში ჩაიდო.

 

 

ილია დასცინის ქართველი კნეინებს რომლებიც   ერთმანეთთან  ქიშპობაში  შეუდარებლები ყოფილან ;

ჩვეულებრივ მათი ქიშპობის საგანი ყოფილა , ვის უფრო გერგილიანი ქმარი ჰყავდა, ან ვის უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა;ვინ უფრო ლამაზი იყო;

 

ჩემს ლუარსაბს ჯერ ისე არა გასჭირებია-რა, რომ გლეხობა ჩაიდინოს.“ ასე ამართლებს დარეჯანი შინ მჯდომ ქმარს რომელსაც ფეხებზედ კიდია მოსავალიც და მამულიც და საკუთარი ყანის სანახავადაც კი არ გადის.


კაი მოსავალია. ოც-და-ათი ურემი ხუმრობა არ არის; ჩვენც მოგვივა მაგდენი, მაგრამ ჩვენ ერთი ორად მეტი ნახნავი გვქონდა თქვენზედაუბრალოდ იტყუება დარეჯანი როცა მეტოქე რძალთან შემოსავალთან დაკავშირებით ქიშპობს;

 

მალე ჩემი მტერი დაჭკნეს, მალე მე ის დავაჭკნო, — ამბობდა გულში ელისაბედი, — ამ სახლში ჩემზედ უკეთესი და ჩემზედ უფროსი არავინ არ უნდა იყოს. ჩემი ქმარი უნდა მაყვედრიდეს იმის სილამაზეს?! უი, უწინამც დღე გაჰქრობია. ასეთ ეკალს გავუყრი თვალში, რომ დღენი ვაწყევლინო!“ -ფიქრობს ელისაბედი როცა გაიგებს რომ ლუარსაბის საცოლე „მზეთუნახავი“ გამოდგა.

 

 

მემამულე თათქარიძეებს უყვარდათ ვაჭრობაში ჩაბმულ თანამოძმე თავადთა დამცირება და ამით თვითშეფასების ამაღლება:

ლევანსავით ურმებს ხომ ქირაზედ არა ვგზავნი, თავადიშვილის სისხლს ხომ არ შევირცხვენ! სომეხი ხომ არა ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო. თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახის და გვარის შვილი

ხალხი წახდა, სისხლი მოითხარა. აბა ჩვენ დროს ვინ მოიფიქრებდა, რომ თავადიშვილს თავი შეერცხვინა და ურემი ქირაზედ ეტარებინა. ქვით არ ჩავაქვავებდით? თავზედ ლაფს არ დავასხამდით? მაგრამ ეხლა? — დასწყევლოთ ღმერთმა — სირაჯობენ კიდეცა!.. გაგონილა? თავადიშვილების სირაჯობა! ოჰ, ღმერთო, რატომ წარღვნა არ მოვა? სომხები გახდნენ, სწორედ სომხები: ეხლა ისღა აკლიათ, ადლი ამოიჩარონ იღლიაში, სოფელ-სოფელ იარონ დასავაჭრო, სავაჭროიძახონ ‘’

 

ილია გვაცნობს და დასცინის თათქარიძეების    შეხედულებებს   „დამნაშავე ‘’ ყმების  დასჯაზე :

ქალბატონმა რომ გოგოსა სცემოს, არ დაიძრახება,

 ქალბატონმა პატარა ბიჭს რომ სცემოს, არაფერია.

ყმის ცემა არაფერია, მაგაში ბატონს ვინ დასძრახავს, — იმისი ბატონი არა ვარ, რომ მინდა ვცემ, მინდა არა, — მაგრამ კაცმა კაცს უნდა სცემოს, დედაკაცისაგან რომ არა თქმულა!

 

დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, — სთქვა პირჯვრის-წერით ლუარსაბმა, — ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ: დედაკაცმა ისე თავზედ ხელი უნდა აიღოს, რომ ვაჟკაცსა სცემოს?

 

ილია გვაცნობს და დასცინის თათქარიძეების    შეხედულებებს   ყმის დარბევაზე ანუ ყმისთვის რაიმეს „წართმევაზე’’:

 

წართმევა არაფერი, ეგ, რასაკვირველია, ქალბატონის ნებაა: გოგოც ჩემია და ჩითმერდინიც; მაგრამ გოგოს ჩითმერდინის თავზედ შემოკვრა კი სწორედ თავლაფის დასხმაა.“-ამბობს კნეინა დარეჯანი

 

ილია გვაცნობს და დასცინის თათქარიძეების    შეხედულებებს თავადების მიერ  მოახლეების სექსუალურ შევიწროვებაზე :

 

არა, ისე ჩუმად მოეხდინა მაინც იმ სულის მტერსა, კიდევ არაფერი იქნებოდა, — სთქვა დარეჯანმა.

ჩუმად რომ მოეხდინა, ვინ რას იტყოდა? — გააწყვეტინა სიტყვა ლუარსაბმა. — განა უწინ კი არ იყო მაგისთანა ამბები, ხორციელები არ იყვნენ თუ? მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო, ისე დაიჭერდნენ საქმესრომ ხორციელ ადამიანს არ გააგებინებდნენ, — ბევრი მაგისთანაები მომხდარა უწინაც, მაგრამ აბა ერთი შეგიტყვიათ რამე? სულ ისე ჩუმად და გონიერად იცოდნენ უწინ ყველაფერი, ამიტომ რომ პირში წყალი ჰქონდათ. ეხლა, ბატონო, არაფრისა აღარ ჰრცხვენიანთ. ნამუსი აღარ არის, არა, წახდა ქვეყანა.

 

 

რეალისტი მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში აღწერენ უმთავრეს მოვლენებს ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებიდან  . რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ 1861 წლის 19 თებერვალს ხელი მოაწერა მანიფესტს ბატონყმობის გაუქმების შესახებ რუსეთის იმპერიის ევროპული ნაწილისათვის.

ქართველ თათქარიძეებს ეს ამბავი თავიდან მეტოქე  სომხის ტერტერების გავრცელებულ ჭორად მიუღიათ .ჭორის გავრცელების მიზეზად კი ზოგიერთი თავადის მიერ სომხებივით ვაჭრობის დაწყება მიუჩნევიათ. ილია თავადების პირველ ელდას ასე აღწერს :

ვაი შენს ლუარსაბსა! — წამოიძახა ფერწასულმა ლუარსაბმა. — ეგ რა სთქვი, რა? აკი მოგახსენეთ, ბატონებო, რომ წარღვნა უნდა მოვიდეს-მეთქი. აი, ღვთის წყრომა! სულ ჩვენისავე ცოდვებისაგან მოგვევლინა. მამა-ჩემი ზაალ ნუ წამიწყდება, რომ წავალ, ზაქარიას ცოლსაც, ლევანსაც, ნიკოლოზსაც წიხლ-ქვეშ გავიგდებ, რომ ეს ამბავი სულ იმათი უნარია. კიდევ ატარონ ქირაზედ ურმები!

რაზედ გაცხარდი, შენ გეთაყვანე! — მიატანა ლუარსაბსა ცოლმა, — სომხების კარაბადინს როგორ უჯერებ! შარშანწინ კი არა სთქვეს, რომ დედამიწა ხარის რქაზედა სდგას. იმ ხარს ერთი რქა მოსტეხია და ქვეყანა უნდა გადაბრუნდესო, მაგრამ ტყუილი კი გამოდგა. გარეჯელ მკითხავს ეთქო, რომ არც რქა მოსტეხია და არც არაფერიო.

მართლა, ეგ კი აღარ მომაგონდა, — სთქვა ეხლა კი დამშვიდებულმა ლუარსაბმა, — ჭორი იქნება. აბა, გეთაყვა, მეფის ერეკლეს ნაბოძებს სომხის კარაბადინის სიტყვით ვინ წამართმევს? თუნდ ეგ არ იყოს, რიღას თავადიშვილი ვიქნებით, თუ ყმაც არ გვეყოლება: კარაბადინი კი არა, სოლომონ ბრძნის წიგნიც რომ იყოს, არ დავიჯერებ. ან რა დასაჯერია?

გონებაშეზღუდული თავადები თავს ასე იიმედებდნენ:

მე ვიცი, თათქარიძობას(ანუ თავადობას) წამართმევენ! შარშან კი არ იძახდნენ, რომ საიქიოს ბატონები ყმებად შეიცვლებიანო, ყმები ბატონებადაო, — ვენაცვალე ღვთის მადლს, იქაც ისე არიანო _ ბატონი ბატონადა, ყმა ყმადაო, როგორც აქა. ინგლისის ხელმწიფეს ბარათი ჩამოუგდიაო ფრანგის ხელმწიფისათვის, რომნუ გე- შინიანო, მეცა და ჩემ დიდკაცებსაცაო აქ უფრო დიდი პატივი გვაქვსო, მინამ მანდაო. ნუ დაიჯერებო, რასაც მანდ ყბედობენო“.

გონებაშეზღუდულ ცრუმორწმუნე თავადებს სომხური კარაბადინის და გარეჯელი მკითხავის „სიბრძნის ‘’ გვერდით თავიანთ საბუთად წმინდა წერილს მოხმობაც ჰყვარებიათ ხოლმე,ესეც შემჩნეული აქვს ილიას :

უფლისა უფალსა და კეისრისა კეისარსაო, სახარებაში სწერია: კეისრები ჩვენა ვართ“ ამბობს  კნეინა ელისაბედი

 

თათქარიძეები დაბალი აზრის არიან  თავიანთი ყმების გონებრივ შესაძლებლობაზე  :

„გლეხები არიან ,ტყუილსაც დაიჯერებენ და მართალსაც’’

ამიტომ თათქარიძეებმა „ბიჭებში  ხმების გაგდება იციან. თავადების ეს ხრიკიც შემჩნეული აქვს ილიას. (შენიშვნა : თანამედროვე ფეიკ ნიუსები თანამედროვე თათქარიძეების ნახელავია ახალი თათქარიძეები „ხმის გაგდებას“ მაშინ იწყებენ , როცა ყმების დაკარგვის საფრთხეს გრძნობენ.)

 

ილიამ ამხილა თათქარიძეები  პირადი ინტერესების საქვეყნოზე მაღლა დაყენებაში :

 

თუ მე არ ვიქნები, ქვეყანა თუნდ ძირიანად ამოვარდნილა, თუნდ ბოდბელისა არ იყოს — „ქვა ქვაზედაც ნუ იქნება“, — სთქვა ლუარსაბმა, — ქვეყნისათვის კარგი იქნებაო! თუ მე და შენ არ ვიქნებით, ქვეყანა რად გვინდა? ჯანიც გავარდნია. არა, დათო?

 

თათქარიძეებთან და სულელებთან კამათს არავითარი აზრი არ აქვს ;თათქარიძეებმა  ახირებული  და სულელურ თემებზე ცხარე კამათი იციან რადგან მართლაც სულელები არიან: 

-შენ ერთი ახირებული კაცი ხარ: რასაც იტყვი, ხომ კაცი ვეღარ გადაგათქმევინებს? — არ იყო რომ ცოტა წყენით არ უთხრა დარეჯანმა დაჟინებულს ლუარსაბსა.

მაშ? კაციც მაგისთანა უნდა. ის ხომ კარგია, დღეს ერთი სთქვას, ხვალ სხვა? — სთქვა ლუარსაბმა, შემოიყარა დოინჯი და გამარჯვებულსავით ამაყი შეხედულობა მიიღო.

 

სულელმა თათქარიძეებმა  კამათში საკუთარი ნათქვამის სხვისთვის  გადაბრალება იციან :

 

-დახე! შენ არა თქვითართიაო?

მე ეგ არ მითქვამსეგ შენა თქვი, — იცრუა ლუარსაბმა და თავის სიტყვა თავის ცოლს გადააბრალა, — მე ორაგული ვთქვი.

დახე, დახე, თქვენი ჭირიმეთ!.. ეს რა მოიგონა! — წამოიძახა ეხლა კი სწორედ გულზედ-მოსულმა დარეჯანმა.

ამდენი იყვირე, რამდენიც გინდოდეს! — დაბალ ხმით უთხრა ლუარსაბმა და წავიდა, რომ გარეთ გავიდეს. კარებში რომ მივიდა, ერთი კიდევა სთქვა:

მე ორაგული ვთქვი. — თქმა ამისა და იმისი გარეთ გასვლა ერთი იყო.

მტყუანს?.. — მისძახა გაკაპასებულმა, ამ უსირცხვილობისაგან მოთმინებიდამ გამოსულმა ცოლმა, — გაუწყრეს წმინდი-გიორგის მადლი და ნეკრესის ღვთისმშობლისა!

 

მე-19 საუკუნი ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ზნეობრივ აღმზრდელად ქრისტიანული რელიგია ესახებოდა;ასე თვლიდა  ილიაც.

 ილიამ იცოდა რომ თათქარიძეებს თავი უცოდველი ეგონათ ; იცოდა რომ თათქარიძეები ვერ გრძნობდნენ რომ „თავისის ქცევით, თავისის ცხოვრებით არისხებენ ღმერთსა“ და ასე ამუნათებდა მათ :

 

ვაჟო! მე ვარისხებ ღმერთსაო? — გეტყოდათ გაოცებით ლუარსაბი: — წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისათვის მე არ მამიპარავს, — რაზედ ვარისხებ ღმერთსა?

მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვითრაც არ უნდა გექნა, არ გიქნიაესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?

დიაღ, — მეტყვი შენ, — მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.

მითამ პასუხი ეგ არის? წირვა-ლოცვას არ ვაკლდებიო რა გამოვიდა? იქ ყოველთვის გსმენია ჩვენთვის ჯვარცმულის ქრისტეს სიტყვა: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. აბა, ან ერთს წამს შენს სიცოცხლეში მაგისთვის სცდილხარ? არა, შენ მაგისათვის არა სცხოვრობ: შენ სცხოვრობრომ სვა და სჭამო, და არა იმისთვის სჭამ და სვამრომ იცხოვრო, ესე იგი ეცადორომ ვითა მამა ზეცის იყო შენც სრული.

 

 

ილიას მიაჩნდა რომ: თათქარიძეები კმაყოფილები , გულგრილები და უმადლოები არიან:

 

კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, — და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ; კმაყოფილება კიდევვიღაცამა სთქვაბედნიერება არისო. ბევრჯერ უთქვამთ დარბაისელთ მოხუცებულთ ჩემთვის, რომ ახალ თაობას იმითი მაინც ვჯობივართო, რომ ჩვენ ცოტას კმაყოფილებიცა ვართო. მე კი დავჩუმებულვარ და გამიფიქრია: კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ მართლა ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს: უმადლონი სჯერდებიან მას, რაც არის, იმიტომაც იმათში უფრო ბევრია ბედნიერი, მადლიანნი კი ძნელად: ამათ ყოველთვის უკეთესი უნდათ იმიტომ, რომ კარგს უფრო კარგი მოსდევს თანა, „მჯობს მჯობი არ დაელევაო”, — ნათქვამია;

 

 

ილია გვიჩვენებს, რომ თათქარიძეებს  ძალიან არ უყვართ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა:

 

ახლა რას იტყვი, ლუარსაბ, წავიდეთ?

შორს რომ არის?

რა ვუყოთ? ალბად ნება ღვთისა ეგ არის.

მოდი, აქვე ნეკრესის ღვთისმშობელი ვილოცოთ.

თელეთის ხატს ეწყინება: მე დავიბარეო, აქ კი არ მოვიდნენო და იქ კი წავიდნენო, იტყვის.

მართალია, ეწყინება. გული მოუვა. აი, მე ხომ კაცი ვარ, მეც გული მამივიდოდა და ის ხომ ხატი ბძანდებავენაცვალე იმის მადლს! — უფრო გული არ უნდა მოუვიდეს?

ეგ არის და.

აშ რა ვქნათ?

უნდა წავიდეთ.

შორს კი არის, თუ შენც იტყვი.

ეხლა, თუ მივდივართ, ნუღარ ამადლებგვიწყენს.
მართლა, მართლა! ნუ მიწყენ, აგრემც დიდება შენსა სახელსა, ხატო თელეთისაო! გიახლები, გიახლები და თაყვანსა ვცემ სახელსა შენსა.

 

და უშვილო ცოლ-ქმარი თელეთისკენ მიმავალ გზას დაადგება.მოთხრობაში ეს ერთადერთი ეპიზოდია,როცა თათქარიძეები თავიანთ“დიდებულ“ ეზო-კარს გასცდებიან.

 


თათქარიძეები ძველ დროს რომ ყურმოკვრით იცნობენ,ამის მაგალითი მოთხრობაში საკმაოდ ბევრია.მაგრამ  არც მათ თანამედროვე ყოფასთან აქვთ რაიმე ხელშესახები კავშირი:

 

 

ერეკლე მეფე რომ ყოფილიყო ეხლა, ის კი უთუოდ წაართმევდა, დიდ ვაჟკაცს ამბობენ.

ის, რასაკვირველია, წაართმევდა, მაგრამ სად არის?

ცოდო არ არის, ის ეხლა მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავით კი ცოცხალი იყოს!

აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!

 

ან

 

ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი.

 

    ან

  

კნეინას ქალაქი ჯერ არ ენახა.

 

ან

 

რუსების მოგონილია განა ეგა?

მაშ არა და შენის მაზლის დავითისაა!

 

რისი ეშინიათ თათქარიძეებს ? უშვილობის ?  გადაშენების ?არა. თათქარიძეებს ყველაზე მეტად ერთმანეთის ეშინიათ. ყველაზე მეტად კონკურენტის,მეტოქის ,შურიანი ძმის ,მამულში მოზიარის  გახარების ეშინიათ .

 

განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს? — ამბობდა თავის-თავად, — შენც არ მამიკვდე! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო. იმისი ჯავრი არ მინდა შევირჩინო, თორემ ეს ჯაბრი რომ არ იყოს, ძალიანაც არ ვინაღვლიდი, რომ შვილი არა მყავს. ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი. დავითი არ მინდა გავახარო, დავითი!’’

 

თათქარიძეებს მომავალი არ აქვთ  1863 წელს დაუსვა დიაგნოზი  ილიამ ქართველ თავადებს :

    ესენი კმაყოფილნი იყვნენ: ვალი ამათ არ ემართათ და ვახში, დავა არავისთანა ჰქონდათ და დარაბა, მხოლოდ ერთი ჯავრი ედოთ გულშია: შვილი არა ჰყვანდათ. აი, ლუარსაბი ორმოცის წლისა და დარეჯანი ორმოცდაერთისა შესრულდა, რომ ღმერთმა მემკვიდრე არ უბოძათ. ბევრჯერ გადაფურცლა კნეინამ კარაბადინი, ბევრი რაღაც ბალახბულახი მიირთო და ლუარსაბსაც დაალევინა. მაგრამ ვერა ეშველათ-რა

 

თათქარიძეების ყმები და მოახლეები  ილიას როგორც რეალისტი მწერლის  დაკვირვების ცალკე ობიექტებია:

 

თათქარიძების მოურავები ეშმაკები,ცბიერები,პირმოთნეები არიან;თათქარიძები მათ  ძვირფას კაცებად და გამოცდილ კაცებად მიიჩნევენ.

-ძვირფასი კაცია,გაიფიქრებდა ხოლმე მადლიერი მებატონე, მერე დათოს ეტყოდა: — ბარაქალა, ჩემო დათო! თუ კაცმა დაივიწყა, ღმერთი არ დაივიწყებს ბატონის ერთგულობასა. ბარაქალა! შენ ჩემი მარჯვენა მკლავი ხარ, მაგარი მკლავი.

თათქარიძეების ნათლიდედები  სათხოვარზე ძღვენით მიდიან მათთან ,მოურავებივით პირმოთნეობენ და და ახალი მათთვის სასიამოვნო ჭორებიც მიაქვთ მათთან :

 

-აგრემც ღმერთი ბატონის თავს გიდღეგრძელებს, და მაშინ, როგორც გნებავთ, დამსაქმეთ. აი ეხლაც, შენი კვნესამე, ერთი გაბმა აბრეშუმი მოგართვი, ღმერთი და თქვენი წყალობა თუ კიდევ შეგვაძლებინებსკიდევაც თქვენი ყურმოჭრილი ყმანი ვართ.

ან

-აი, აგრემც ღმერთი მაგაზედ უფრო მეტს დიდებას და პატივს მოგცემს, აგრემც გაგაპატიოსნოს ღმერთმა, და ერთი კაი ვაჟიშვილი მოგცეს და მე ძუძუ მაწოებინოს, შენი კვნესამე, შენი, ბატონო და ქალბატონო!

ან

აბა, შენი კვნესამე, იმათ ფეხი სად მოუწვდებათ თქვენამდინ, ელისაბედიც მითამ თავადის-შვილის ცოლია და თქვენცა?

ახლა იმასა ჰკითხე ზოგი, იმისთანა დიდი-კაცი აქ არავინ არის.

უი, უწინამც დღე გაუქრება! გუშინ მეზობლიანთას გახლდი, იმათი გოგოც იქ მოვიდა. რაც იმან იმათზედ ილაპარაკა, ადამიანისაგან არ გაგონილა.

რა, გეთაყვანე, რა! — ჰკითხა აჩქარებით და მოუთმენლად დარეჯანმა.

თათქარიძების კნეინების მოახლეები სულელები და ადამიანის სახე დაკარგული  არსებები არიან:

სასაცილო რამ იყო ეს ლამაზისეული: ერთი რაღაც უშნოდ ჩასუქებული, ჯმუხი, ჭუჭყიანი, ტანზედ ეცვა ხამის ჩითის კაბა, ჭუჭყისაგან ვერ გაირჩეოდარა ფერისა იყო; კალთები აქა-იქ გამომწვარი ჰქონდა ზამთარში ცეცხლთან ახლო გდებისაგან, ბოლოები სულ მომპალი და შემოფხრეწილი ჰქონდა; დახეულებიდამ გამოჩანდა ერთი რაღაც დამპალის საბნის ნაგლეჯი, კაბის ქვეშა გარშემო ჩამოკიდებული, მითომ დაიუბკაა. აი, მეხი კი დაგეცა! ამასაც კი სდომებია იუბკა! თავზედ ეკრა შიგა-და-შიგ ამოფლეთილი ჩითმერდინი, ქალბატონის გამონაცვალი. იმ ამოფლეთილებში მუთაქის მატყლსავით დასორსვლილი შავიუკაცრავოდ არ ვიყოწილიანი და დაუვარცხნელი თმა მუჭა-მუჭად ამოშვეროდა. ქუსლებ-დახეთქილი, მუგუზალსავით შავი ფეხები, წენგოსაგან შეღებილი ხელები, ცხვირ-პირი ქვაბების მურით მოთხუპნულიაი, ამგვარი იყო ის ცხოველი, რომელსაც დარეჯანილამაზისეულსეძახდა 

 

თათქარიძეების დაოჯახება რთული პროცესია,ისინი ძირითადად მაჭანკლების დახმარებით ოჯახდებიან:

როცა ოცი წლისა შესრულდა და მოინდომა ცოლის შერთვა. ძალიან მოინდომა, მაგრამ არ იცოდა ვისი ქალი შეერთო; მდიდარიც უნდოდა, კაი გვარის-შვილიც და მზეთუნახავიცა. ამაების მექონი ქალი ჩვენში ძვირია. ლუარსაბს ჯერ კი თვალი ეჭირაიქნება შემხვდესო, და, რომ ვერსად ვერა ჰპოვა, გაიზრახა გულშიშეიკეროს პტყელის ბუზმენტებით ჩოხა, ბუზმენტებითვე მორთული განიერი მაუდის შალვარი, ერთი ოციოდ თუმანს თავი მოუყაროს და ჩავიდეს ქალაქში იმ ფიქრით, რომ ერთი-ორიოდჯერ ქუჩა-ქუჩა გავაჭენებ დროშკასაო, იქნება ერთი მდიდარი, კაი გვარის და ოჯახის შვილი ქალი ბადეს მოხვდესო, თუ არა და სომხის ქალები ხომ იქ არიან, ათასს თუმანს წამოვიღებო. ბოლოს შეიტყო, რომ შორს წასვლა საჭირო არ არის; თავად გძელაძეს, დიაღ პატიოსანის გვარის და კაი ოჯახის შვილს, ერთი მზეთუნახავი ქალი უზის გასათხოვარი და ზედ ზურგზედ ორასი თუმანი თეთრი ნაღდად აკერია. აუფორთხალდა ლუარსაბს გული, გაუჯდა გვერდებში და დღე-მუდამ საამურად უღიტინებდა, მაგრამ არ იცოდაროგორ მოეხდინა საქმე. უშველა ღმერთმა და ერთს დღეს მაჭანკალიც გაუტყვრა. ‘’

 

 „კაცია ადამიანის ?!“ ერთ-ერთი კოლორიტული ტიპური პერსონაჟია მაჭანკალი:

 

მაჭანკალი, გძელაძისაგან მოგზავნილი, გახლდათ ერთი მოხუცებული, დარბაისელი, ღარიბი და ქვრივი დედაკაცი, რომელიც მას აქეთ, რაც ქმარი მოჰკდომოდა, ამ პატიოსანის ხელობით თავს ირჩენდა. ამას სუტ-კნეინას ეძახოდნენ, იმიტომ რომ ამისი უბედური ქმარი მთელ სიცოცხლეში კნიაზობას ეძებდა და ვერ დაიმტკიცა. ჩვენც ეგრე დავუძახოთ.

დიდი ენამეტყველობის სახელი ჰქონდა გავარდნილი თავადიშვილებში ამ სუტ-კნეინასა. ამისთანა გამოცდილი შუამავალი თურმე ორიც არ დადიოდა დედამიწის ზურგზედა. ამიტომაც ბლომად იღებდა ფეხის-ქირასა, მაგრამ ეს იყო კარგი, რომ რაკი იკისრებდა საქმეს, ბოლოსაც მოუღებდა. აი, გძელაძესაც ეს ამოერჩივა, ხუთი თუმანი ბე მიეცა და თხუთმეტსაც დაჰპირებოდა, როცა საქმეს გაარიგებს. თუმცა გძელაძემ გამოგზავნა ლუარსაბთან, მაგრამ გამოცდილმა სუტ-კნეინამ ისე აჩვენა თავი, რომ მითამ ჩემ თავად მოვედიო, რომ ლუარსაბსაც დაავალოს და დასცინცლოს რამე.

 

შურიანი ძმის ტიპურ პერსონაჟს  გვიხატავს ილია დავითის სახით :

დავითი ცხენიდამ გადმოხტა, გაისწორა მოშვებული ჩაღსაკრავი, მოვიდა, ცოლს არც კი მიემშვიდობა და წამოწვა ხალიჩაზედ.

როგორ მოგეწონა სასძლო? — ჰკითხა ცოლმა. ლუარსაბმა ყურები აიცქვიტა.

მზეთუნახავს რომ იტყვიან, ის არის. — მიუგო დავითმა, — მე იმისთანა ლამაზი ქალი არ მინახავს.

ლუარსაბს გაუხარდა, ელისაბედს ეწყინა: ჩემზედ უკეთესი იქნებაო.

მართლა, გეთაყვანე? — ჰკითხა ლუარსაბმა.

შენ ნუ მომიკვდები, იმისთანა ქალის მნახველი არა ვარ. — ამის მერე ცოლს შეჰხედა და შურით დაუმატა: — მე რომ პატარა კიდევ მომეცადნა, სხვა რიგად წავიდოდა ჩემი საქმე.

რა? შენ შეირთავდი თუ? — წააყვედრა გულღვარძლიანმა ცოლმა, — უი შენ თვალებს! შენთვის მეც არ ვემეტებოდი ჩემს ბედსა. მამა-ჩემი განა რომ უარზედ იდგა, შენისთანები მთხოულობდნენ!

უარზედ იდგა, მე ვიცი, რუსთ ხელმწიფის შვილს მიგცემდა. იმისიც მადლობელი იყავ, რომ მე გავბრიყვდი.

ესე სიტყვა-სიტყვაზედ შეჰყვნენ და ერთი კაი ლაზათიანი ჩხუბი მოუვიდათ, ასე რომ მოგეწონებოდათ. ელისაბედს იმ დღითვე შურით აევსო გული და შეიძულა ჯერ თვალით არ-ნახული რძალი.

მალე ჩემი მტერი დაჭკნეს, მალე მე ის დავაჭკნო, — ამბობდა გულში ელისაბედი, — ამ სახლში ჩემზედ უკეთესი და ჩემზედ უფროსი არავინ არ უნდა იყოს. ჩემი ქმარი უნდა მაყვედრიდეს იმის სილამაზეს?! უი, უწინამც დღე გაჰქრობია. ასეთ ეკალს გავუყრი თვალში, რომ დღენი ვაწყევლინო!“

 

თათქარიძეების  ცრუმორწმუნეობას და გონებაშეზღუდულობას და მკითხაობებით გატაცებას  ილია განსაკუთრებით დასცინის:

 

ქალაქელი მკითხავი

შეიტყეს, რომ ქალაქში ერთი მკითხავია, ის შეიტყობს უშვილობის მიზეზსაო. თუმცა შვილოსნობის დრო გადასვლოდათ, მაგრამ მაინც კიდევ ქალაქისაკენ კაცი აფრინეს, თან გაატანეს ერთი კარგი ბაღდადი, რომელზედაცროგორც მოგეხსენებათუკითხავს მკითხავი იმას, ვინც თითონ ვერ მივა, და რომელიც, რასაკვირველია, მკითხავს დარჩება ხოლმე. სამს დღეს უკან ბიჭმა პასუხი მოუტანათ, რომათქვენზედ ხატია გამწყრალიო. მერე რომელი ხატი? თელეთისაო, ასე სთქვა მკითხავმაო“. ეს რომ გაიგეს ცოლ-ქმართ, ერთ დროს და ერთხმად პირჯვრისწერით წამოიძახეს:

საიდამ სად მოგვიკითხა! დიდება სახელსა უფლისასა, — სთქვეს და ისევ პირჯვარი გადიწერეს.

დალახვრა ღმერთმა! საიდამ სად მოგვიკითხა! — ისევ გაიმეორა ლუარსაბმა. ‘’

 

აქიმი დედაკაცი

 „-ძერას ჰკითხეს: შვილები გირჩევნია, თუ ორი თვის წყალუსმელობაო? — წყლის უსმელობაო. ჯორსა ჰკითხეს: — შენ რაღაო? — უშვილობაო. თქვენთვის არავის უკითხავს და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ ეგრე? ‘’

 

დიაღ, თელეთი გიშველიდათკიდევ შეგეწიოთ იმისი მადლითელეთი გიშველიდათ, — გააგრძელა სიტყვა მკითხავმა ისევ თვალაუღებლად, — რომ თქვენ სახლში ჯადო არა ყოფილიყო.

ლუარსაბმა და დარეჯანმა, შიშისაგან სულწასულთა, ერთს დროს და ერთხმად კანკალით წამოიძახეს:

ვაი, ადრე და მალე დაღუპულო ოჯახო!..

ნუ გეშინიანთ: ეხლა ის ჯადო საშიში აღარ არის, მე ხელში მყავს.

აბა, მაჩვენე, თუ ხელში გყავს, — უთხრა ლუარსაბმა, მაგრამ, რადგანაც თითონ ეშინოდა იმისი ნახვა, დარეჯანს უთხრა: — მე კი ვერ შევხედავ, მე თვალებს დავხუჭავ და შენ გასინჯე.

უი, არა გეთაყვანე, შენ თითონა ჰნახე, მე დავხუჭავ თვალებსა, — მიუგო შიშისაგან ფერმიხდილმა ცოლმა.

ნუ გეშინიანთ, — დააშოშმანა მკითხავმა, — განა მართლა ხელში მყავს, ჯადო თქვენს ეზოშია.

სადა, გეთაყვანე, სადა? არიქა, ბიჭებო, მიშველეთ! — დაიყვირა ბატონმა.

თავლას უკან რომ ორმოა, ჯადო იქა დევს... — მშვიდად დაუმატა მკითხავმა.

ბიჭებო, არიქა, ბიჭებო! აბა, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! თუ ბატონის წყალობა გინდათ, ბიჭებო! თუ ჩოხები გინდათ, თავლის უკან ორმოაო! არიქა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმე, ბიჭებო!

ჰყვიროდა ოთახში ზარდაცემული ლუარსაბი. აქეთ კიდევ დარეჯანი კანკალმა აიტანა და ტუჩები გაულურჯდა, მაგრამ მაინც კიდევ ქმარს უთხრა:

აქ რომ ჰყვირი, ვინ რას გაიგებს? გარეთ გადი და გაგზავნე ბიჭები.

არა, გეთაყვანე, ეხლაკი შენ გადი და მერე თუნდა ორმოცჯერ მე გავალ.

გადი, რისა გეშინიან, ჯადო ხომ არ დაგარჩობს, — ეუბნებოდა კნეინა და თითონაც კი ეშინოდა.

არა, გეთაყვა, შენ გადი. რა არის? ეხლა, თუ ღმერთი გწამს, შენ გადი, თუ გიყვარვარ, შენ გადი.

არა გრცხვენიან, მე დედაკაცსა მგზავნი და შენ კი ქუდი გეხუროს და კაცი გერქვას?

რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო.

მე დავუძახებ ბიჭებს, — უთხრა მკითხავმა, — მაგაზედ როგორ დაღონდით!

, გეთაყვა, შენ დაუძახე, ჩვენხომ ხედავდავღონდით, — შეეხვეწა ლუარსაბი, — ეხლა, ოთახში რომ ჩვენ მარტონი დავრჩებით, ხომ არაფერი?

არაფერი.

მკითხავი გავიდა, ბიჭები გაისტუმრა ჯადოს ამოსაღებად. ბიჭებმა ბევრი უტრიალეს თავლასა და ორმო ვერა ჰნახეს. მოვიდნენ და ბატონს უთხრეს: იქ ორმოს რა უნდაო.

ვაი, შენ ჩემო თავო! — დაიძახა ლუარსაბმა, — დახე, ჯადოს ამათთვისაც თვალი აუბამს, რა გვეშველება?

მკითხავმა ჩაიცინა.

მე წავალ თითონ. მე ჯადო თვალებს ვერ ამიბამს, — სთქვა მკითხავმა, — თქვენც წამოდით, რომ თქვენის თვალითა ჰნახოთ.

არა, გეთაყვანე, ჩვენ ისეც დაგიჯერებთ, — უთხრა ლუარსაბმა, რომ ეშინოდა იქ წასვლა. — უჩვენოდ წადი, შენა ჰნახე, მითამ ჩვენ გვინახავს.

დედაბერი წავიდა, თან ბიჭები წაასხა და პატარა ხანს უკან რაღაცა ძონძები ამოიტანა.

აქ ნუ შემოიტან, — ჰყვიროდა ლუარსაბი და თან კუთხეში იმალებოდა, — აქ ნუ შემოიტან, მანდვე დააწვევინე, მანდვე!

ჯადო დასწვეს.

 

თათქარიძეები და  ცბიერი ყმები

 

მეორე დღეს გუშინდელი ბიჭები დაიბარა ლუარსაბმა და ამისთანა საუბარი დაუწყო:

მართლა ორმო იყო?

თქვენი რისხვა არა გვაქვს, მართლა ვნახეთ, — მიუგეს ბიჭებმა. იმათ ხომ მალე იციან ამისთანაების გატანა.

არა, თქვენ ის ორი თვალითა ჰნახეთ?

ორის თვალითა, აი ისე, როგორც შენ გხედავთ, ბატონო!

დიდება შენდა, ღმერთო! ამოდენა კაცი აქ დავბერდი და მე იქ ორმო არსად არ მინახავს!.. გაგონილა? როგორ შეიტყო? დიდი მისნობა არ უნდა ჰქონდეს?..

მაგის ხელობა ეგ არის, შენი ჭირიმე, და იქიდამ შეიტყო, — მიუგეს ბიჭებმა.

ალბად ეგრეა, თორემ... აი, დალახვრა ღმერთმა! აბა, თქვენ გინახავთ ვისმე იქ ორმო, ან გაგიგონიათ?

რაც არ არის, რასა ჰნახავდნენ, — წაიბუტბუტა ერთმა თავმოწონებულმა ყმაწვილმა ბიჭმა, რომელიც შორი-ახლო იდგა და მკლავი ხანჯალზედ ებჯინა, — ერთი რაღაც გოგო-ბიჭების ნაჩიჩქნია და იმ კუდიანმა ორმოდ გახადა. რა უკვირთ?

ეს ისე სთქვა, რასაკვირველია, რომ ლუარსაბს არ გააგებინა.

შენ რა გენაღვლება, ძმაო, — წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, — ხომ ჰხედავბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?

შენი რისხვა არა მქონდეს, — მიუბრუნდა მერე ბატონს ცბიერი მონა, — მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს დღევანდლამდინა. აი, ჭიპი აქ მომიჭრია და ამოდენა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, შენი ჭირიმე, კუდიანის საქმე ეგ არის.

განა ის კუდიანი იყო?

მაშ? კუდიანობის ღამეს, ჭიაკოკონობას, შენი ჭირიმე, გადააჯდებიან ხოლმეაი, დასწყევლოთ ღმერთმაცოცხზედა და თავის ბატონთან გაფრინდებიან ხოლმე. მოგახსენებენ, ჩიტურაშვილის დედა თურმე ბუხარში აძვრება ხოლმე, ცოცხზედროგორც ცხენზედშეჯდება და, ჰერი ბიჭო, გაუტევს ხოლმე.

ეგ მეც გამიგია. რამდენი სასწაულია ქვეყანაზედ! დიდება შენდა ღმერთო!.. — გადიწერა პირჯვარი ლუარსაბმა, — მაშ ჩიტურაშვილის დედასაც ეცოდინება მკითხაობა?

განა ყველამ იცის, შენი ჭირიმე! ის უფროსი რომ ჰყავთ და კუდიანობის ღამეს ძღვენით რომ მიდიან ხოლმე, ის უფროსი თურმე ეტყვის: შენ, მავანო, მკითხაობა მიჩუქებია შენთვის, მეორეს კიდევ ეტყვის: შენთვისაქიმობაო, ესე გახლავთ.

ეგრე იქნება, თორემ აბა საიდამ გამოიცნობდა, რომ იქ ორმო არის? ჭკვიანი არ უნდა იყოს ის უფროსი?

მოგახსენებენ, სოლომონ ბრძენზედ უფრო ჭკვიანიაო.

არ ეტყობა, თუ! დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! — გადიწერა ისევ პირჯვარი და შევიდა ოთახში დარეჯანთან

 

საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ცდილობდეს გახდეს უკეთესი თავის სოციალურ გარემოში თვლიდნენ მე-19 საუკუნის რეალისტი მწერლები;

გარემოს და პიროვნების მოჯადოებული წრე უნდა გაარღვიოს პიროვნებამ,რომელიც ამაღლდება თავის გარემოზე და გარდაქმნის მას

თათქარიძეების და მათი ყმების  ცხოვრება  ფუჭად ჩავლილი ცხოვრებაა გვეუბნება ილია მოთხრობის დასასრულს . ფუჭად კი  ადამიანმა არ უნდა იცხოვროს,იმოქმედეთ და შეცვალეთ გარემო თქვენს ირგვლივ,იმოქმედეთ და გახდით უკეთესები თქვენს გარემოში,თორემ ან თათქარიძეებს დაემსგავსებით ან მათ ყმებს და თქვენი ცხოვრებაც ფუჭად ჩაივლისო:

 

მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ.

წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევშენდობაითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერიაშენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.

 

მოთხრობის ბოლოს ილია  მკითხველს მიმართავს :

მე გავათავე და შენ, რაც გინდა, ჰქმენ, მკითხველო! გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ. ორივეს საბუთი ისევ ამავე მოთხრობაში გაქვს. თუ ოდესმე თვალი აგიხილებია და შენს გარშემო რაც გინახავს, იმაზედ გონება გივარჯიშებია, — ნახავდი, რომ ხშირად ერთი და იგივე საგანი ზოგს აცინებს, ზოგს ატირებს. მე მინახავს ერთი მოხუცებული, ღარიბი, შიშველ-ტიტველი, ფეხებდახეთქილი დედაკაცი. ვინ იცის, რა-გვარ უბედურობისაგან ლოთად ჩავარდნილიყო და ლოთობაში სამუდამოდ დაეკარგა თავისი დედაკაცობა და ადამიანობა. მე მინახავს ის საცოდავი დედაკაცი, ქალაქის ბიჭებს დაეჭირათ და ხუთ გროშად მთელი საათი ახტუნებდნენ პამპულასავით. მე მინახავს, რომ იმათში ბევრი იცინოდა და ზოგიერთს კი ამ საცოდავის დედაკაცის მაგ ყოფაზედ გული უტიროდათ. ვინ იყო ამათში მართალი? მოცინარენი, თუ მოტირალენი? ორივენი, იმიტომ რომ ერთნი თვალითა ჰხედავდნენ მარტო და თვალისათვის მართლა სასაცილო იყო, მეორენი კი თვალითაცა და გონებითაცა. გონებას-კიძნელად თუ გაეცინება. სჩანს, შეიძლება, რომ ერთი და იგივე ამბავი სატირალიც იყოს და საცინარიცა, — ეგ იმაზედ არის დამოკიდებული, როგორი აგებულებისა ხარ: თუ იმისთანა გონების ძალა გაქვს, რომ, რაც უნდა მწუხარე ჭეშმარიტება იყოს, გულდაგულ შეხვდები, და თუ იმისთანა გულიცა გაქვს, რომ უბედურს და გზა-კვალ-არეულს შეიბრალებ, ამისთანა სასაცილო ამბავი უფრო ხშირად უნდა გატირებდეს შენა, თუ არა და იცინე, რამდენიც გენებოს. იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორიშენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარსრომ მე ვითომც ქართველობას ვღალატობ, რადგანაც იმის სასაცილო ამბავს გიამბობ და არა ვმალავ ზოგიერთ გულ-მოკლე პატრიოტივით. ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირშიროგორც მოყვარეგეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან. გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს.

მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოსრამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მეთუ გინდამთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, — სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულ-ხელ-დაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე მიყივლია და გათენდება თუ არაეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც იქნებოდა!..

სხვაფრივ მშვიდობით ბძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა...


 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში