კაზუსი 5. სტუდენტური ცხოვრება -(ნების გამოვლენის მისვლა; ნების გამოვლენის შინაარსის გაცნობა მის მისვლამდე;ნების მისვლის დამაბრკოლებელი გარემოებები; ნების მისვლის ფიქცია და ნების მისვლის დროულობის ფიქცია)


 საწყისი კაზუსი:

 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ რატის თბილისში საცხოვრებლად დაქირავებული აქვს ერთოთახიანი ბინა.

ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მას შეუძლია, მოშალოს ხელშეკრულება ნებისმიერი თვის ბოლოს, თუკი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს გამქირავებელს.

რატიმ გადაწყვიტა, ახალ ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად თავის მეგობარ გიორგისთან ერთად, რათა დაეზოგა ქირის ხარჯი.

ამიტომ რატიმ 23 მაისს გადაწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა ივნისის ბოლოსთვის. რადგან რატი და გიორგი ახალი ბინის ძებნით აქტიურად არიან დაკავებულნი, რატიმ მხოლოდ 31 მაისის საღამოს, გვიან, მოახერხა გამქირავებელთან მისვლა, ამიტომ წერილი დაუწერა და კარის ქვეშ შეაცურა.

გამქირავებელმა წერილი მეორე დილით, 1 ივნისს ნახა და ხელშეკრულების მოშლაზე უარი განაცხადა.

მისი აზრით, რატიმ ქირა, სულ მცირე, ივლისის ბოლომდე უნდა იხადოს.

რატი თვლის, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა 30 ივნისს უნდა შეწყდეს და ივლისის თვეში ქირის გადახდაზე უარს ამბობს.

რომლის პოზიციაა სამართლებრივად დასაბუთებული?

 

მოდიფიკაცია 1:

გამქირავებელმა ჯერ კიდევ 31 მაისის საღამოს ნახა წერილი და წაიკითხა. რა იცვლება ამით?

 

მოდიფიკაცია 2:

რატიმ წერილი ჯერ კიდევ 23 მაისს გაუგზავნა გამქირავებელს ფოსტით. კონვერტზე მან გამქირავებლის სახელი და მისამართი გაკრული, გაურკვეველი ხელით წააწერა. მეორე დღეს ფოსტალიონმა მინაწერს რამდენიმე წუთი უყურა, ძლივს ამოიკითხა სავარაუდო მისამართი და გამქირავებელს მიუტანა. გამქირავებელმა წერილს დახედა და ივარაუდა, რომ რატისგან იყო გამოგზავნილი და იგი ხელშეკრულების მოშლას მოითხოვდა, მაგრამ ადრესატის (თავისი) მისამართი და სახელი ზუსტად მანაც ვერ ამოიკითხა, თანაც ხელშეკრულების მოშლაც არ სურდა... ამიტომ ფოსტალიონს უარი უთხრა წერილის მიღებაზე იმ მოტივით, რომ წერილის ადრესატი ვერ დგინდებოდა.

ფოსტალიონმა წერილი უკან წაიღო და 31 მაისს რატის დაუბრუნა.

რატიმ წერილი 2 ივნისს ხელმეორედ გაგზავნა და 3 ივნისის დილას იგი გამქირავებელმა წაიკითხა. უნდა გადაიხადოს თუ არა რატიმ ივლისის თვის ქირა?

 

მოდიფიკაცია 3:

რატიმ წერილი გამქირავებელს ელ. ფოსტით 30 მაისს გაუგზავნა.

ელ. ფოსტის მისამართი სხვა საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად გამქირავებელმა რატის ერთი კვირის წინ მიაწოდა, თუმცა მისამართში ერთი სიმბოლო შეცდომით დაწერა. ელ. ფოსტით გაგზავნილი წერილი 1 ივნისს რატის უკან დაუბრუნდა შეტყობინებით, რომმითითებულ მისამართზე წერილის გაგზავნა შეუძლებელია”.

 30 ივნისის დილას რატიმ დატოვა ნაქირავები ბინა და გამქირავებლის საცხოვრებელ სახლში კარის ქვემოდან თავად შეაცურა კონვერტი, რომელშიც იდო ხელშეკრულების მოშლის შესახებ წერილი და გასაღები. რატიმ კონვერტს მინაწერიც გაუკეთა:

ვწუხვარ, რომ გვიან შეიტყვეთ ხელშეკრულების მოშლის შესახებ, მაგრამ ფოსტით ადრე გამოგზავნილმა წერილმა თქვენამდე ვერ მოაღწია”.

უნდა გადაიხადოს თუ არა რატიმ ივლისის ქირა?

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

A.     საწყისი კაზუსიგამქირავებლის მოთხოვნა რატის მიმართ ივლისის თვის ქირის გადახდის თაობაზე, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე

 

 გამქირავებელს შესაძლოა, ჰქონდეს რატისაგან ივლისის თვის ქირის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

 

ქირავნობა

    მუხლი 531. ცნება

 

ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

 

 ამისათვის საჭიროა, გამქირავებლის წარმოშობილი მოთხოვნა არ იყოს შეწყვეტილი და იყოგანხორციელებადი(!)

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა ანუ  „ქირავნობის ხელშეკრულება

გამქირავებლის ეს მოთხოვნა, უპირველესად, ეფუძნება მხარეებს შორის არსებულ ნამდვილ ქირავნობის ხელშეკრულებას.

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ასეთი ხელშეკრულება თავდაპირველად დადებული იყო.

მაშასადამე გამქირავებლის მოთხოვნა წარმოშობილია

II.               მოთხოვნის შეწყვეტახელშეკრულების მოშლა

 

ქირავნობის ხელშეკრულება შესაძლოა, მოშლილიყო და სახელშეკრულებო ურთიერთობა შემწყდარიყო 1 ივლისს.

ამისათვის მხოლოდ საჭიროა რატის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა ვადების დაცვით.

·        ხელშეკრულების მოშლა არის გარიგება, რომელიც მხოლოდ  ერთი ნების გამოვლენისაგან შედგება.

·        ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი შედეგი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტაა.

 

·        ხელშეკრულების მოშლა  ე.წ. „მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა’’  და მისი ნამდვილობა  ეფუძნება ა)  ნების გამოვლენას ’’ და ბ) ამ გამოვლენილი  ნების  მისვლას ადრესატამდე “  (სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

 

 

1.      ნების გაცხადება  ’’

(დისპოზიციის ელემენტის განხილვის მთავარი წინადადება ; ანუ მხოლოდ ვასახელებთ51- მუხლის 1-ლი ნაწილიდისპოზიციის ამ ელემენტს- ელემენტის დასახელება ფაქტიურად ქვესათაურის ფუნქციას ასრულებს,რასაც მოსდევს ელემენტის განხილვა - დეფინიცია,სუბსუმცია და შედეგი.)

 ნების გაცხადება ‘’ ნიშნავს  გამოვლენა  ნების ნებაყოფლობით ადრესატისათვის იმგვარად მიწოდებას, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ადრესატამდე ნების მისვლა მოსალოდნელია. (ელემენტ „ნების გამოვლენის ’’ განმარტება ანუ დეფინიცია)

        შინაარსობრივად რატის წერილი შეიცავდა ხელშეკრულების მოშლის ნებას.

       კაზუსის ფაბულის მიხედვით რატიმ წერილი გამქირავებლის კარის ქვეშ შეაცურა.

       ჩვეულებრივ ვითარებაში ამგვარი სახით მიწოდებული წერილის ადრესატამდე მისვლა

        მოსალოდნელია. (სუბსუმცია)

შესაბამისად, სახეზეა ნების გაცხადება “  რატის მიერ.(შედეგი)

 

 

2.      ნების დროულად მისვლა

გარდა ამისა, საჭიროა, ნების მისვლა ადრესატთან.

ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების 1 ივლისს მოსაშლელად საჭირო იყო რატის მხრიდან ამის თაობაზე ერთი თვით ადრე, 31 მაისამდე, გაფრთხილება.

ამდენად, საკითხავია, მიუვიდა თუ არა რატის მიერ გამოვლენილი ნება ადრესატს 31 მაისამდე.

ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი ადრესატის ძალაუფლების სფეროში იმგვარად მოექცევა, რომ მას მისი გაცნობის საშუალება აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა.

რატიმ წერილი გამქირავებლის საცხოვრებელ სახლში კარის ქვემოდან შეაცურა. საცხოვრებელი სახლი მიეკუთვნება მისი მფლობელის ძალაუფლების სფეროს. ამდენად, რატიმ წერილი 31 მაისის საღამოს გამქირავებლის ძალაუფლების სფეროში მოაქცია.

საკითხავია, დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად მოსალოდნელი იყო გამქირავებლის მიერ წერილის გაცნობა იმავე მომენტში.

 მართალია, 31 მაისს წერილი უკვე მოექცა ადრესატის ძალაუფლების სფეროში, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ წერილს ადრესატი იმავე საღამოს აუცილებლად გაეცნობოდა, ვერ იქნება გამართლებული, მით უმეტეს, როცა წერილი საღამოს საათებში შეაცურეს კარის ქვეშ და ამ დროს ადრესატი სახლში არ იყო.

ჩვეულებრივ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ საღამოს საათებში მიწოდებულ შეტყობინებას მეორე დღეს გაეცნობიან.

 ამ შემთხვევაშიც, მოსალოდნელი იყო, რომ გამქირავებელი წერილს მეორე დღეს გაეცნობოდა.

შესაბამისად, მოშლის თაობაზე რატის მიერ გამოვლენილი ნება მისულად ჩაითვლება მხოლოდ 1 ივნისს.

 აქედან გამომდინარე, 1 ივლისს ვეღარ შეწყდება ხელშეკრულება და იგი შეწყვეტილად ჩაითვლება მხოლოდ 1 აგვისტოდან.

შუალედური დასკვნა:

დაგვიანებული ნების გამოვლენის გამო ხელშეკრულება არ მოიშლება 1 ივლისს და, სულ მცირე, მთელი ივლისის განმავლობაში მხარეთა შორის იარსებებს ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულება.

 

III.              მოთხოვნის განხორციელებადობა

 

კაზუსის ფაბულაში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც  გამქირავებლის მოთხოვნის განხორციელებას გამორიცხავდა. შესაბამისად, მოთხოვნა განხორციელებადია.

საბოლოო შედეგი:

 

გამქირავებელს შეუძლია, რატისაგან მოითხოვოს ივლისის თვის ქირა, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

სამახსოვრო :

 

ნების მისვლა

 

I.                 განმარტება

ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი მიმღების ძალაუფლების სფეროში იმგვარად მოექცევა, რომ მიმღებს მისი გაცნობის საშუალება აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა.

ამგვარად, ნების მისვლა შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან, რომელთაგან ორივე თანადროულად უნდა იყოს სახეზე:

1.      მიმღების ძალაუფლების სფეროში მოქცევა

 

და

2.  იმ მომენტის დადგომა, როდესაც ნორმალურ ვითარებაში მოსალოდნელია მიმღების მიერ ნების გაცნობა’’.

(1): ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება მიმღების გამგებლობაში მოქცეული სივრცე, მაგ., საცხოვრებელი ბინა.

გამგებლობის სფეროში შედის აგრეთვე შეტყობინების მიმღები მოწყობილობები, როგორებიცაა: ფაქსი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.

(2): თუკი 1-ლი წინაპირობა შესრულებულია, ნების მისვლა იმ მომენტში მოხდება, როცა ნორმალურ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ მიმღები ნების შინაარსს გაეცნობა. ამ მომენტის განსაზღვრისას, როგორც წესი, მხოლოდ ტიპურ ცხოვრებისეულ ვითარებებს ითვალისწინებენ და უგულებელყოფენ კაზუსის ფაბულაში აღწერილ განსაკუთრებულ გარემოებებმაგ., ადრესატის შვებულებაში ყოფნასმაშინაც კი, როცა ნების გამომვლენისათვის ეს განსაკუთრებული გარემოებები ცნობილია.

ნების შინაარსის ფაქტობრივი გაცნობის მომენტი სამართლებრივად მნიშვნელოვანი, როგორც წესი, არაა.

გამონაკლისი: თუკი ადრესატი იმაზე ადრე გაეცნობა ნებას, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ნება, ფაქტობრივად, მისი გაცნობის მომენტიდან ჩაითვლება მისულად.

II.               განსაკუთრებული შემთხვევები

 ნების მისვლის ამ მნიშვნელობით გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

ეს მაშინ, როცა ნების შეტყობინების დროს წარმოიშობა დაბრკოლება, რომელიც  გამოვლენილი ნების ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოქცევას ან მისი გაცნობის შესაძლებლობას აფერხებს, ანდა სრულიად შეუძლებელს ხდის.

ასეთ დროს „ნების მისვლის“  ზემოთ აღნიშნულ განმარტებას ყოველთვის არ მივყავართ გონივრულ შედეგამდე.

ამიტომ საჭირო ხდება ნების მისვლის ცნების მოდიფიცირება.

1.დაბრკოლება  ნების გამგზავნის სფეროში:

შემთხვევები, როდესაც ნების მისვლის დამაბრკოლებელი გარემოებები გამგზავნის გავლენის სფეროშია, დიდ სირთულეებს არ ქმნის.

 ასეთ დროს ზემოთ მითითებული განმარტების გამოყენება თავისუფლად შეიძლება, რადგან ნების მისვლის წინაპირობების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს: გამგზავნი შეფერხებისა და ამის გამო ნების დაგვიანებული მისვლისათვის თავადაა პასუხისმგებელი.

ამავე დროს, ნების მისვლის წინაპირობების გამკაცრებაც არაა საჭირო, რადგან ამ წინაპირობებით ადრესატი ისედაც საკმარისადაა დაცული.

გამგზავნის სფეროს მიეკუთვნება ყველა ეტაპი ადრესატის ძალაუფლების სფეროში ნების მოხვედრამდე (მაგ., საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებამდე).

სანამ ნება ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოხვდება, გადაგზავნის პროცესში სწორედ გამგზავნია პასუხისმგებელი, რადგან სწორედ მას აქვს ამ პროცესის მართვის რეალური შესაძლებლობა და არა ადრესატს.

 გამგზავნის სფეროში დაბრკოლების ტიპური შემთხვევებია:

ნების გადამტანის დაუდევრობა,

არასწორად მითითებული ადრესატის მისამართი

და სხვ.

2.    დაბრკოლება ადრესატის სფეროში:

 

სხვადასხვაგვარ სირთულეს უკავშირდება შემთხვევები, როცა ნების მისვლის შემაფერხებელი ან დამაყოვნებელი გარემოება ადრესატის სფეროში წარმოიშობა.

ეს ის შემთხვევებია, როცა ნების  გამგზავნმა თავისი მხრიდან, მართალია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში ნება დროულად მისულიყო ადრესატამდე, მაგრამ თავად ადრესატის მხრიდანაა შექმნილი ისეთი გარემოება, რაც მასთან ნების მისვლას ან აყოვნებს, ან შეუძლებელს ხდის. .. დროულ მისვლას ისეთი გარემოებები უშლიან ხელს, რომლებსაც გამგზავნი ვერ მართავს.

 

თუკი ასეთ შემთხვევებში ნების მისვლის ჩვეულ განმარტებას გამოვიყენებდით, გამგზავნს  ზედმეტი რისკი დააწვებოდა მხოლოდ ადრესატის მიერ გამოწვეული შეფერხებისათვის. ამიტომ ჩვეული მიდგომა ამ დროს არ გამოიყენება.

 

როგორც წესი, ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

ერთი მხრივ, შესაძლებელია, დაშვებულ იქნეს, რომ ნება დროულად მივიდა, მიუხედავად იმისა, ეს დასახელებული კრიტერიუმებით არ მომხდარა. .., ფაქტობრივად, წარუმატებელ მისვლას წარმატებულად ჩავთვლით (მისვლის ფიქცია).

მაგრამ ეს ადრესატისთვის ზედმეტად მკაცრი სანქციაა, რადგან ასეთი მიდგომა ნამდვილად აქცევს ნებას, რომლის შინაარსსაც ადრესატი საერთოდ არ გასცნობია. ამიტომ ამ შესაძლებლობას მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იყენებენ, როცა გამგზავნის დაცვის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს.

 მაგალითი: ადრესატმა ცემა და სახლიდან გააგდო ფოსტალიონი, რომელმაც წერილი მიუტანა; ადრესატი განზრახ თიშავს შეტყობინების მიმღებ მოწყობილობებს, რადგან იგი არასასურველ შეტყობინებას ელოდება (ტელეფონის ან ფაქსის აპარატის გათიშვა, საფოსტო ყუთის დალუქვა);

 

მეორე მხრივ, შესაძლებელია, ფიქცია გავავრცელოთ მხოლოდ ნების მისვლის დროულობაზე და არა თავად მისვლაზ (მისვლის დროულობის ფიქცია). ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ადრესატი ნების მისვლას არა განზრახ, არამედ მხოლოდ გაუფრთხილებლობით აფერხებს და ეს გამგზავნისთვისაც ცნობილი ხდება,

 მაგალითად, როცა გზავნილი გამგზავნს უკან უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში გონივრულია, რომ გამგზავნმა ხელმეორედ სცადოს თავისი ნების მიწოდება ადრესატამდე. მეორე ცდის წარმატების შემთხვევაში ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება არა ფაქტობრივი მისვლის მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა პირველი ცდისას ჩვეულებრივ ვითარებაში ნების მისვლა მოსალოდნელი იყო.

 

 ასეთ დროს ნების გამომვლენს აქვს არჩევანი, ხელმეორედ გამოავლინოს  ნება (მისვლის დროულობის ფიქციის სამართლებრივი შედეგით), ან, სულაც, უარი თქვას ნების გამოვლენაზე.

 

შენიშვნა:

სხვადასხვა შემთხვევის ცალკეული დეტალის სამართლებრივი შეფასება საკამათოა.

 წინამდებარე მიმოხილვა არ იძლევა ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების სრულ სურათს და ემსახურება მხოლოდ წარმოდგენილი კაზუსის ფაბულასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას.

 

 

 

 საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია 1:

გამქირავებელმა ჯერ კიდევ 31 მაისის საღამოს ნახა წერილი და წაიკითხა. რა იცვლება ამით?

 

B.     მოდიფიკაცია 1 – გამქირავებლის მოთხოვნა რატის მიმართ ივლისის თვის ქირის გადახდის თაობაზე, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე

 

 გამქირავებელს შესაძლოა, ჰქონდეს რატისაგან ივლისის თვის ქირის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა იყოს წარმოშობილი, არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი.

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობაქირავნობის ხელშეკრულება

გამქირავებლის მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, რომ მხარეთა შორის მითითებულ თვეში არსებობდეს ქირავნობის ნამდვილი ხელშეკრულება.

ქირავნობის ხელშეკრულება რატისა და გამქირავებელს შორის თავდაპირველად დადებული იყო.

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტახელშეკრულების მოშლა

თუმცა ქირავნობის ხელშეკრულება შესაძლოა, მოშლილიყო და სახელშეკრულებო ურთიერთობა შემწყდარიყო 1 ივლისს. ამისათვის საჭიროა რატის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა ვადების დაცვით.

ხელშეკრულების მოშლა მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობა ეფუძნება ნების გამოვლენასა და მის მისვლას (სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილი).

შინაარსობრივად რატის წერილი იყო ხელშეკრულების მოშლის   ნება.(ნება არსებობს)

1.      ნების გაცხადება

რატიმ წერილი გამქირავებლის კარის ქვეშ შეაცურა. ჩვეულებრივ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ამგვარი სახით მიწოდებულ წერილს ადრესატი ნახავს.

 შესაბამისად, სახეზეა ნების გაცხადება/გამოვლენა  რატის მიერ. (ნება გამოვლინდა)

2.      ნების მისვლა

ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების 1 ივლისს მოსაშლელად საჭირო იყო რატის მხრიდან ამის თაობაზე ერთი თვით ადრე, 31 მაისამდე გაფრთხილება. ამდენად, საკითხავია, მიუვიდა თუ არა რატის მიერ გამოვლენილი ნება ადრესატს 31 მაისამდე.

 ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი ადრესატის ძალაუფლების სფეროში იმგვარად მოექცევა, რომ მას მისი გაცნობის საშუალება აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა. საცხოვრებელი სახლი მისი მეპატრონის ძალაუფლების სფეროს მიეკუთვნება. ამდენად, რატიმ წერილის კარის ქვეშ შეცურებით იგი 31 მაისის საღამოს გამქირავებლის ძალაუფლების სფეროში მოაქცია.

ჩვეულებრივ ვითარებაში, მოსალოდნელი იყო, რომ გამქირავებელი წერილს მეორე დღეს გაეცნობოდა (შდრ. ზემოთ, A. II, 2) და ნებაც, როგორც წესი, ამ დროიდან ჩაითვლება მისულად. თუმცა საკითხავია, გამქირავებლის მიერ წერილის ფაქტობრივად წაკითხვა 31 მაისის საღამოს ხომ არ ცვლის ნების მისვლის მომენტს.

ადრესატის მიერ ნების შინაარსისნაადრევადგაცნობისას ნების მისვლის მომენტად ნების შინაარსის ფაქტობრივად გაცნობის მომენტის აღიარება, უპირველესად, ადრესატის ინტერესებს ემსახურება. კერძოდ, მის ინტერესში შედის, რომ მის მიერ უკვე გაცნობილი ნება ნების გამომვლენმა უკან არ გაიხმოს. ამის გაკეთება კი ნების გამომვლენს ნების მისვლამდე შეუძლია; მეორე მხრივ, როგორც წესი, ნების გამომვლენის ინტერესებშიცაა, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება რაც შეიძლება მალე მიუვიდეს ადრესატს და იქცეს ნამდვილად.

აქედან გამომდინარე, ადრესატის მიერ ნების შინაარსის მოსალოდნელზე ადრე გაცნობის შემთხვევაში ნება სწორედ ფაქტობრივად გაცნობის მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ნამდვილად.

შესაბამისად, რატის მიერ გამოვლენილი ნება მეორე მხარეს მიუვიდა 31 მაისის საღამოს.

შუალედური დასკვნა:

 რატისა და გამქირავებელს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება მოიშლება 1 ივლისს. ივლისის თვეში მხარეებს შორის არ იარსებებს სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

B.საბოლოო შედეგი:

გამქირავებელს არ შეუძლია, რატისაგან მოითხოვოს ივლისის თვის ქირა, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

 საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია 2:

რატიმ წერილი ჯერ კიდევ 23 მაისს გაუგზავნა გამქირავებელს ფოსტით. კონვერტზე მან გამქირავებლის სახელი და მისამართი გაკრული, გაურკვეველი ხელით წააწერა. მეორე დღეს ფოსტალიონმა მინაწერს რამდენიმე წუთი უყურა, ძლივს ამოიკითხა სავარაუდო მისამართი და გამქირავებელს მიუტანა. გამქირავებელმა წერილს დახედა და ივარაუდა, რომ რატისგან იყო გამოგზავნილი და იგი ხელშეკრულების მოშლას მოითხოვდა, მაგრამ ადრესატის (თავისი) მისამართი და სახელი ზუსტად მანაც ვერ ამოიკითხა, თანაც ხელშეკრულების მოშლაც არ სურდა... ამიტომ ფოსტალიონს უარი უთხრა წერილის მიღებაზე იმ მოტივით, რომ წერილის ადრესატი ვერ დგინდებოდა.

ფოსტალიონმა წერილი უკან წაიღო და 31 მაისს რატის დაუბრუნა.

რატიმ წერილი 2 ივნისს ხელმეორედ გაგზავნა და 3 ივნისის დილას იგი გამქირავებელმა წაიკითხა. უნდა გადაიხადოს თუ არა რატიმ ივლისის თვის ქირა?

 

C.     მოდიფიკაცია 2 – გამქირავებლის მოთხოვნა რატის მიმართ ივლისის თვის ქირის გადახდის თაობაზე, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე

 

გამქირავებელს შესაძლოა, ჰქონდეს რატისაგან ივლისის თვის ქირის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე. ამისათვის საჭიროა, მოთხოვნა არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი.

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობაქირავნობის ხელშეკრულება

 გამქირავებლის მოთხოვნა რომ წარმოიშვას, უპირველესად, საჭიროა, რატისა და გამქირავებელს შორის დადებული იყოს ქირავნობის ხელშეკრულება. კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ასეთი ხელშეკრულება თავდაპირველად დადებული იყო.

II.               მოთხოვნის შეწყვეტა

თუმცა იგი შეიძლება მოშლილიყო. ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების 1 ივლისს მოსაშლელად საჭირო იყო რატის მხრიდან ამის თაობაზე ერთი თვით ადრე, 31 მაისამდე, გაფრთხილება. რატიმ ხელშეკრულების მოშლის თაობაზე წერილი 23 მაისს გაგზავნა. ხელშეკრულების მოშლა მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობა ეფუძნება ნების გაცხადებასა და მის მისვლას (სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილი).

1.      ნების გაცხადება

ნების გაცხადება ნიშნავს გამოვლენილი ნების ნებაყოფლობით ადრესატისათვის იმგვარად მიწოდებას, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ნების ადრესატამდე მისვლა მოსალოდნელია. წარმოდგენილ კაზუსში ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ კონვერტზე ადრესატის სახლი და მისამართი  გაურკვევლად იყო მითითებული.

როგორც წესი, თუ ადრესატის ვინაობის ზუსტად იდენტიფიცირება რთულდება, ფოსტა გზავნილს უკან უბრუნებს გამგზავნს. ამდენად, გაურკვეველი ხელით გაკეთებული წარწერის შემთხვევაში, მოსალოდნელი არაა, რომ წერილი ადრესატამდე მივა.

თუმცა საკითხავია, ცვლის თუ არა ამ დასკვნას ის ფაქტი, რომ, მიუხედავად გაურკვეველი წარწერისა, წერილი, ფაქტობრივად, მაინც სწორ ადრესატს წაუღეს.

როდესაც მოვლენების ფაქტობრივი განვითარებამიუხედავად იმისა, რომ ეს მოსალოდნელი არაა მაინც სრულად შესაბამისი აღმოჩნდება ნების გამომვლენის რწმენასა და ნებასთან, ნება მაინც გაცხადებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში ნების გამოვლენის ორივე მხარის ინტერესები შეიძლება დაზარალდეს.

ამ შემთხვევაში რატის სჯეროდა, რომ წერილი მიაღწევდა ადრესატამდე. მართალია, ეს თავდაპირველად ობიექტურად მოსალოდნელი არ იყო, თუმცა მოვლენების ატიპურმა განვითარებამ წერილი მაინც მიმართა სწორი ადრესატისკენ და ნების გამოვლენის მისვლა ამგვარად მოსალოდნელი გახდა.

შესაბამისად, რატის ნების გამოვლენა გაცხადებულად უნდა ჩაითვალოს.

 

2.     ნების მისვლა

საკითხავია, მივიდა თუ არა ნება ადრესატამდე.

ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოექცევა და ნორმალურ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ადრესატი მის შინაარსს გაეცნობა.

გამქირავებელმა წერილის მიღებაზე უარი თქვა და ფოსტალიონს იგი მისთვის არ გადაუცია. შესაბამისად, წერილი არ მოქცეულა გამქირავებლის ძალაუფლების სფეროში და ნება მისული არაა.

თუმცა საკითხავია, ხომ არაა შესაძლებელი, გამოყენებულ იქნეს ნების მისვლის ფიქცია.

ნების მისვლის ფიქციის გამოყენება შესაძლებელია, როცა ადრესატი გაცნობიერებულად და გაუმართლებლად უარს ამბობს მიღებაზე, რის გამოც ნების გამომვლენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არაგონივრული იქნებოდა.

გამქირავებელმა უარი თქვა წერილის მიღებაზე იმიტომ, რომ მისი სახელი და მისამართი გაურკვევლად ეწერა და ადრესატის ვინაობა საეჭვო იყო. ნების (წერილის) ტრანსპორტირებისათვის ზრუნვა ნების გამომვლენის სფეროში ექცევა, შესაბამისად, რატის უნდა ეზრუნა, რომ ფოსტალიონს ადრესატის ვინაობის გარკვევა არ გასჭირვებოდა. ამიტომ გამქირავებლის უარი გამართლებულია.

ის ფაქტი, რომ გამქირავებელი ითვალისწინებდა წერილის არასასურველ შინაარსს, ამ შემთხვევაში არ ცვლის სამართლებრივ შეფასებას.

აქედან გამომდინარე, ნების მისვლის ფიქცია ვერ იქნება გამოყენებული.

ერთი კვირის შემდეგ ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეტყობინება უკვე დაგვიანებული იყო და მის საფუძველზე ვერ მოხდებოდა ხელშეკრულების მოშლა 1 ივლისისათვის.

 რადგან გამქირავებლის მიერ უარყოფა გამართლებული იყო, ვერ მოხდება ვერც ნების მისვლის მომენტის ფიქტიურად წინ გადმოწევა ( ანუ დროულობის ფიქცია).

შესაბამისად, ხელშეკრულება არ მოიშლება 1 ივლისს.

 

შუალედური დასკვნა:

ივლისის განმავლობაში მხარეთა შორის იარსებებს ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულება.

 

III.              მოთხოვნის განხორციელებადობა

 კაზუსის ფაბულიდან არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მოთხოვნის განხორციელებას გამორიცხავდა. შესაბამისად, გამქირავებლის მოთხოვნა  განხორციელებადია.

 

საბოლოო შედეგი:

გამქირავებელს შეუძლია, რატისაგან მოითხოვოს ივლისის თვის ქირა, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

სამახსოვრო :

 

ნების გაცხადების ნაკლის გამოსწორება მოვლენების ატიპური განვითარებით

 

 ნების გამოვლენის ნამდვილობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა მისი გაცხადებაა.

ნების გაცხადება კი, როგორც უკვე აღინიშნა, მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სრულდება ორი წინაპირობა:

(1)    ნების გამომვლენი თავისი ნებით მიმართავს მას ადრესატისკენ

და

(2)    ადრესატთან  ნების მისვლა მოსალოდნელია.

 შესაბამისად, თუკი ნების მისვლა მოსალოდნელი არაა, ნების გაცხადებაც არაა სახეზე.

 მაგალითად, თუკი პირი მტრედს ფეხზე შეაბამს წერილს იმ იმედით, რომ მტრედი საზღვარგარეთ მცხოვრებ მის ნათესავთან ჩაიტანს გზავნილს, ნების გაცხადება სახეზე არ იქნება, რადგან ასეთი სახით ადრესატისკენ მიმართული ნების გამოვლენის მისვლა დანიშნულების ადგილამდე მოსალოდნელი არაა.

ადრესატთან მისვლის მოსალოდნელობა, როგორც წესი, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერის კრიტერიუმით ფასდება.

თუმცა განსხვავებულად უნდა შეფასდეს შემთხვევები, როდესაც მოვლენები ატიპურად ვითარდება დამიუხედავად იმისა, რომ ეს თავდაპირველად მოსალოდნელი არ იყონების გამოვლენა, ფაქტობრივად, მაინც მიემართება სწორ ადრესატამდე (ნების გამოვლენასწორ გზაზე დგება”).

მაგალითი: „ელ. ფოსტის საშუალებით წერილს უგზავნის”-. „კარგად ვერ ერკვევა კომპიუტერულ სისტემებში და ჰგონია, რომ ტექსტის აკრეფა და ადრესატის ელ. ფოსტის მითითება საკმარისია წერილის გასაგზავნად. ამიტომ წერილის აკრეფის შემდეგ გაგზავნის ღილაკისთვის არ დაუჭერია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ წერილი ადრესატს მიუვა. სინამდვილეში წერილი ადრესატმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ”- ერთი წლის შვილიშვილმა რამდენიმე წუთის შემდეგ კომპიუტერის კლავიატურაზე ხელები აფათურა და შემთხვევით თითი დააჭირა გაგზავნის ღილაკზე.

ამ მაგალითში პირს თავისი ნების გამოვლენა არც ობიექტურად მიუმართავს ადრესატისკენ და არც ნების მისვლა იყო ობიექტურად მოსალოდნელი, მაგრამ მოვლენების ატიპურმა განვითარებამ ეს ნაკლი გამოასწორა და, ფაქტობრივად, განვითარებული მოვლენები (მათ შორის დამდგარი შედეგიც) სრულად შესაბამისი აღმოჩნდა ნების გამომვლენის რწმენასა და მის ნებასთან.

ასეთ შემთხვევებში გაუმართლებელი იქნებოდა, თუკი ნების გაცხადებას უარვყოფდით და, შესაბამისად, ნების გამოვლენას ბათილად გამოვაცხადებდით. ამას არც ერთი მხარის ინტერესების დაცვა არ მოითხოვს, პირიქით, ამით ორივე მხარე დაზარალდებოდა: (1) ნების გამომვლენის ინტერესია, რომ მისი ნების გამოვლენა არ გაბათილდეს, ხოლო (2) ადრესატს აქვს სამართლებრივი დაცვის ღირსი ნდობა, რომ მის მიერ მიღებული ნების გამოვლენა ნამდვილია.

ამდენად, როცა მოვლენების ატიპური განვითარების გამო ნების გამოვლენა მაინცსწორ გზაზე დადგებადა სწორი ადრესატისკენ იქნება მიმართული, ნება გაცხადებულად ჩაითვლება, თუკი ნების გამომვლენს სჯეროდა, რომ მან ნება განაცხადა და რომ იგი ადრესატამდე მიაღწევდა.(!)

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

ადრესატის უარი ნების მიღებაზე

ნების მისვლის შეფერხების განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ადრესატი განზრახ უარს ამბობს მიღებაზე.

სკ-ის 51- მუხლის მე-2 ნაწილი ადრესატს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნების მიღებაზე წინასწარ ან მაშინვე.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეს ეწინააღმდეგება ცალმხრივი ნების გამოვლენის ბუნებას, რადგან ცალმხრივი ნების ნამდვილობას დამოკიდებულს ხდის მეორე მხარის ნებაზე. ამიტომ ეს ნორმა (51- მუხლის მე-2 ნაწილი ) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, როცა უარის თქმის საფუძველი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული (მაგ., სკ-ის 66- მუხლი)

სხვა შემთხვევებში, ადრესატის უარის სამართლებრივი შედეგი დამოკიდებული უნდა იყოს ნების მისვლის შემაფერხებელი საფუძვლის ხასიათზე

კერძოდ:

(1)    თუ ადრესატი ნების მიღებაზე უარს ამბობს იმ საფუძვლით, რაც გამგზავნის სფეროში წარმოიშვა, ნების მისვლის შეფერხება (მიუხედავად იმისა, რომ უარი ადრესატმა თქვა) გამგზავნის სფეროს უნდა მივაკუთვნოთ.

მაგალითად, ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე, როცა კონვერტზე ადრესატის სახელი გაურკვევლადაა მითითებული და საეჭვოა ადრესატის ვინაობა, ანდა ადრესატის სახელი შეურაცხმყოფელი ფორმითაა მითითებული.  

ასეთ დროს ნების მიღებაზე უარი გამართლებულია  და არ გამოიყენება არც მისვლის ფიქცია და არც დროულობის ფიქცია.(!)

(2)    თუკი ადრესატი სხვა საფუძვლით უარყოფს გამოვლენილ ნებას, მიღებაზე უარი გაუმართლებელიაასეთ შემთხვევაში არ იქნება გონივრული, გამგზავნს ხელმეორედ ცდის ვალდებულება დაეკისროს.

ამიტომ გაუმართლებელი უარყოფის დროს შესაძლებელია ნების მისვლის ფიქციის გამოყენება და მისვლის მომენტად იმ მომენტის აღიარება, როცა მოსალოდნელი იყო მისვლა, ადრესატს გაუმართლებელი უარი რომ არ განეცხადებინა.(!)

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია 3:

რატიმ წერილი გამქირავებელს ელ. ფოსტით 30 მაისს გაუგზავნა.

ელ. ფოსტის მისამართი სხვა საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად გამქირავებელმა რატის ერთი კვირის წინ მიაწოდა, თუმცა მისამართში ერთი სიმბოლო შეცდომით დაწერა. ელ. ფოსტით გაგზავნილი წერილი 1 ივნისს რატის უკან დაუბრუნდა შეტყობინებით, რომმითითებულ მისამართზე წერილის გაგზავნა შეუძლებელია”.

 30 ივნისის დილას რატიმ დატოვა ნაქირავები ბინა და გამქირავებლის საცხოვრებელ სახლში კარის ქვემოდან თავად შეაცურა კონვერტი, რომელშიც იდო ხელშეკრულების მოშლის შესახებ წერილი და გასაღები. რატიმ კონვერტს მინაწერიც გაუკეთა:

ვწუხვარ, რომ გვიან შეიტყვეთ ხელშეკრულების მოშლის შესახებ, მაგრამ ფოსტით ადრე გამოგზავნილმა წერილმა თქვენამდე ვერ მოაღწია”.

უნდა გადაიხადოს თუ არა რატიმ ივლისის ქირა?

 

D.     მოდიფიკაცია 3 – გამქირავებლის მოთხოვნა რატის მიმართ ივლისის თვის ქირის გადახდის თაობაზე, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე

 გამქირავებელს შესაძლოა, ჰქონდეს რატისაგან ივლისის თვის ქირის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

I.                 მოთხოვნის წარმოშობაქირავნობის ხელშეკრულება

მოთხოვნის წარმოშობისათვის, უპირველესად, საჭიროა, რატისა და გამქირავებელს შორის დადებული იყოს ქირავნობის ხელშეკრულება. კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ასეთი ხელშეკრულება თავდაპირველად დადებული იყო.

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტა

თუმცა იგი შეიძლება მოშლილიყო. ხელშეკრულების თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულების 1 ივლისს მოსაშლელად საჭირო იყო რატის მხრიდან ამის თაობაზე ერთი თვით ადრე, 31 მაისამდე, გაფრთხილება.

რატიმ ხელშეკრულების მოშლის თაობაზე წერილი 30 მაისს გაგზავნა. ხელშეკრულების მოშლა მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობა ეფუძნება ნების გაცხადებასა და მის მისვლას (სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილი).

1.      ნების გაცხადება

ნების გაცხადება ნიშნავს გამოვლენილი ნების ნებაყოფლობით ადრესატისათვის იმგვარად მიწოდებას, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ნების ადრესატამდე მისვლა მოსალოდნელია.

რატიმ წერილი გამქირავებლის მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გაგზავნა. ნორმალურ ვითარებაში, სწორად მითითებული მისამართის შემთხვევაში, წერილის ადრესატამდე მისვლა მოსალოდნელია. რატიმ ნება განაცხადა.

2.      ნების მისვლა

საკითხავია, მივიდა თუ არა ნება ადრესატთან. ამისათვის, უპირველესად, საჭიროა, რომ ნება ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოექცეს.

ელ. ფოსტის შემოსული შეტყობინებების ყუთი არის ადრესატის ძალაუფლების სფერო, თუმცა წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, რადგან მისმართი სწორად არ იყო მითითებული.

ამდენად, წერილი ვერ მოექცა გამქირავებლის ძალაუფლების სფეროში და ნება მისული არაა.

საკითხავია, რამდენად შეიძლება ფიქტიურად დაშვებულ იქნეს ნების მისვლა.

 ნების მისვლის ფიქციის გამოყენება შესაძლებელია, როცა ადრესატი გაცნობიერებულად და გაუმართლებლად უარს ამბობს მიღებაზე, რის გამოც ნების გამომვლენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არაგონივრული იქნებოდა.

ნების მისვლა ამ შემთხვევაში დააბრკოლა იმან, რომ გამქირავებელმა რატის ელ. ფოსტის არასწორი მისამართი მიაწოდა.

სწორი მისამართის მითითება ადრესატის მოვალეობაა, ასე რომ, მისვლის შემაფერხებელი გარემოება ამ შემთხვევაში ადრესატის სფეროს მიეკუთვნება.

 საკითხავია, საჭირო იყო თუ არა რატის მხრიდან წერილის მიწოდების განმეორებითი ცდა. რატის წერილი ელ. ფოსტით უკან დაუბრუნდა, ამდენად, მან იცოდა, რომ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე დროს, იმ დასკვნის გაკეთების საშუალება, რომ ნების მისვლის შეფერხება ადრესატის განზრახმა და გაუმართლებელმა უარმა გამოიწვია, რატის არ ჰქონია. რატის, გარდა გამქირავებლის მისამართისა, სხვა საკონტაქტო ინფორმაციაც ჰქონდა და შეეძლო, სხვაგვარადაც დაკავშირებოდა მას. შესაბამისად, გონივრული იქნებოდა, რატის ხელახლა ეცადა თავისი ნების მიწოდება გამქირავებლისთვის.

 ამდენად, ნების მისვლის ფიქტიურად აღიარება ვერ მოხდება.

 

გასარკვევია, რამდენად შეიძლება ნების მისვლის დროულობის ფიქციის გამოყენება წარმოდგენილ შემთხვევაში.

ამისათვის, სულ მცირე, საჭიროა, რომ გამქირავებელმა დაგვიანებით მიიღოს ნება და ჰქონდეს მისი გაცნობის შესაძლებლობა. რატიმ 30 ივნისს გამქირავებლის კარის ქვეშ გასაღები და ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეტყობინება შეაცურა. ამდენად, მან ნება ხელმეორედ გასცა. 30 ივნისის დილას კარის ქვეშ შეცურებული წერილი მოექცა გამქირავებლის ძალაუფლების სფეროში და, ნორმალურ ვითარებაში, მისი შინაარსის გაცნობაც ადრესატის მიერ იმავე დღესაა მოსალოდნელი. შესაბამისად, გამქირავებელს ნება 30 ივნისს მიუვიდა.

ნების მისვლის დროულობის ფიქციის დასადგენად შემდეგი პირობა ისაა, რომ რატიმ ხელმეორე მცდელობა დროულად განახორციელა. გასათვალისწინებელია, რომ განმეორებითი მცდელობის საჭიროება იცავს ადრესატის ინტერესს, დროულად გაეცნოს მისთვის საზიანო გარიგების შინაარსს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის გათვალისწინებულია ვადა, იგულისხმება მეორე მხარის ინტერესი, დროულად და რაც შეიძლება მალე გაეცნოს ასეთი ნების გამოვლენის შინაარსს. ასე რომ, გამგზავნს მოეთხოვება, მეორე მცდელობა პირველის წარუმატებლობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ განახორციელოს.

რატიმ, რომელმაც პირველი მცდელობის წარუმატებლობის შესახებ ჯერ კიდევ 1 ივნისს შეიტყო, მხოლოდ 30 ივნისს შეატყობინა ადრესატს ხელშეკრულების მოშლის ნების შესახებ. ეს ვერ შეფასდება დაუყოვნებლივ მეორე მცდელობად. ამდენად, მისვლის დროულობის ფიქციის გამოყენება შეუძლებელია.

შუალედური დასკვნა:

ხელშეკრულება არ მოიშლება 1 ივლისს და, სულ მცირე, მთელი ივლისის განმავლობაში მხარეთა შორის იარსებებს ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულება

 

III.           მოთხოვნის განხორციელებადობა

 

კაზუსის ფაბულაში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მოთხოვნის განხორციელებას გამორიცხავდა. შესაბამისად, მოთხოვნა განხორციელებადია.

 

 

D საბოლოო შედეგი:

 გამქირავებელს შეუძლია, რატისაგან მოითხოვოს ივლისის თვის ქირა, სკ-ის 531- მუხლის მე-2 წინადადებიდან გამომდინარე.

 

 

X

სამახსოვრო :

 

·        ნების გამოვლენის ნამდვილობის ერთ-ერთი წინაპირობა ნების მისვლაა მეორე მხარესთან. ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი მიმღების ძალაუფლების სფეროში იმგვარად მოექცევა, რომ მიმღებს მისი გაცნობის საშუალება აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა.

·        როდესაც ნების მისვლას ხელს უშლის ადრესატის სფეროში წარმოქმნილი დაბრკოლება, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ნების მისვლის ფიქცია, . . ნება ჩაითვლება მისულად, მიუხედავად იმისა, რომ იგი, ფაქტობრივად, არ მისულა ადრესატამდე. ნების მისვლის ფიქცია ნამდვილად აქცევს ნების გამოვლენას, რომლის შინაარსზეც ადრესატს წარმოდგენაც არ აქვს. ამიტომ ამ ფიქციას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყენებენ, როცა ნების გამომვლენის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს, მაგალითად, როცა ნების მისვლის შეფერხება ადრესატის განზრახი ქმედებით ხდება.

     ·  უფრო ხშირად გამოიყენება ნების მისვლის დროულობის ფიქცია. ასეთ შემთხვევაში გონივრულია, რომ გამგზავნმა ხელმეორედ სცადოს თავისი ნების მიწოდება ადრესატამდე. მეორე ცდის წარმატების შემთხვევაში ნება მისულად ჩაითვლება არა ფაქტობრივი მისვლის მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა პირველი ცდისას ჩვეულებრივ ვითარებაში ნების მისვლა მოსალოდნელი იყო.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები