როცა მამა ცოდვილია...

 


ერთხელ ნოე,სწორედ ის ნოე,კიდობანი რომ გააკეთა,საშინლად დათვრა და გზაზე დაიძინა.სამი შვილიდან ორმა მამას ტყავები წააფარა,არ გაცივდესო;მესამემ კი ბევრი იცინა...გამოფხიზლებულმა ნოემ ეს მესამე დედაკაცივით დაწყევლა.შენი შთამომავალნი მონები იქნებიანო.

 

მეორე ამბავი უფრო საინტერესოა.შვილმა მამის ქონება გაფლანგა.ბევრი იხეტიალა უცხო მხარეში,ერთი სიტყვით,უზნეოდ იცხოვრა,ბოლოს კი ისევ მამას დაუბრუნდა.მამა გზააბნეულ შვილს დიდი სიყვარულით დაუხვდა.გაგახსენდათ,ალბათ,ცნობილი იგავია-"ძე შეცდომილი".

 

 ასეა,შვილმა მამას პატივი უნდა სცეს და მამამ გზააბნეული შვილი გულში უნდა ჩაიკრას.სამწუხაროდ დღეს ეს იგავები შეიძლება სხვანარადაც დაიწეროს;დაახლოებით ასე:შვილი თვრება და მამა იცინის,ან შვილის ქონებას-მის ასაკს,ენერგიას,იმედებს,ქვეყნის რესურსებს მამა ფლანგავს და თან უცხო ქვეყნებში დახეტიალობს.ამ იგავს ალბათ დაერქმევა"მამა ცოდვილი".აბა ცოდვილი ვინ არ ყოფილა ამ უსწორმასწორო წუთისოფელში?!ქვის სროლა კი ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა...სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ქვა გავტყორცნეთ უკვე.

 

                                         

 

- თენგიზ აბულაძეს ხშირად აღუნიშნავს ვარლამ არავიძე ტიპიაო.აბელ არავიძეც ტიპია და თორნიკე არავიძეც არავიზე ნაკლები ტიპი არ არის.

 

აბელის მონანიებას თორნიკეს სიკვდილი დასჭირდა.მონანიება აუცილებელია,მაგრამ ნუთუ მამების გადასარჩენად მსხვერპლია საჭირო?!ეჰ,ეს მხოლოდ რიტორიკული შეკითხვაა.ვაი,რომ კვლავ მსხვერპლზე გვიხდება ლაპარაკი.

 

ხშირად ამბობენ:ჩვენ კარგი ახალგაზრდობა გვყავსო.მერე ჩამოთვლაა:ლამაზი,ჭკვიანი და ...როდის არის ახალგაზრდა ჭკვიანი,როცა ცოდვილ მამას ტყავებს წააფარებს,თუ როცა თორნიკესავით თავის მოკვლით გამოაფხიზლებს?თუ მაშინ როცა აბრაამის ვაჟივით უდრტვინველად ეწირება მამის ღმერთს?

 

სამივე შემთხვევაში შვილი მსხვერპლია,ცოდვილი მამის მსხვერპლი.ჭეშმარიტად,მამათა ცოდვებისათვის პასუხი შვილებს მოეთხოვებათ.აბრამს  კიდევ გაუმართლა:ღმერთმა მოხედა და შვილის მაგიერ ცხვარი შეიწირა.ვინ მოხედავს არავიძისნაირ მამებს?სამწუხაროდ მათი მონანიება უმსხვერპლოდ არ ჩაივლის...მათ ვერავინ გააგებინებს,რომ სცოდავენ შვილებთან.თვითონ ისეთი ფაქტებიც კი მათ არაფერს ეუბნება,როგორიცაა ნარკომანია,კარიერიზმი,შიმშილობები და ყველაფერს ამას აკეთებს"ლამაზი" ახალგაზრდობა.ახლა აღიარებენ:საჭიროა ახალგაზრდობამ იცოდეს  რა ბედი ეწიათ რეპრესირებულთა ოჯახებს,მათ შვილებსო.ნამდვილად საჭიროა.სისხლი დაიღვარა?დროა მოვინანიოთ,ეს ხომ ჩვეულებაა-მსხვერპლის მერე სინანული,მაგრამ ნუთუ სინანული აუცილებლად დაღვრილ სისხლს უნდა მოჰყვეს?ნუთუ არარეპრესირებულთა შვილებს უკეთესი ბედი ეწიათ?ნუთუ საზოგადოებას მაინცდამაინც მსხვერპლი სჭირდება რომ მოინანიოს?-რიტორიკული შეკითხვებია.

 

როგორ დაინახავენ აბელისნაირი მამები შვილთა მსხვერპლს,როცა მათ ვერ დაინახეს სისხლიანი წარღვნა რეპრესიებისა.როცა სისხლის ღვრა არ აღიარეს ცოდვად და დარჩნენ ცოდვაში.როგორ გაიგებენ ახლა,როცა ვერ გაიგეს მაშინ?როგორ და.."ჭკვიანი" და "ლამაზი" ახალგაზრდობის ხარჯზე,სამწუხაროდ.აი,რატომაა საჭირო მონანიება,აი,რატომაა საჭირო ცოდვიდან გამოსვლა,რადგან ცოდვაში დგომა ახალ უდანაშაულო მსხვერპლს მოითხოვს ცოდვილის გადარჩენისთვის.

 

ეჰ ,რას იზამ  როცა მამა ცოდვილია...ამ დროს ტყის და ბუნების შენახვაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს სასაცილოც კია.ხოლო რაც შეეხება იმ ქვებს,ხელში რომ გვიჭირავს და ცოდვილის ძებნაში თვალებს ვაცეცებთ,ჯობია, საკუთარ თავსზემოთ შევისროლოთ.იქნებ ამის შემდეგ მაინც დადგეს ის დრო,შვილი მამას პატივს რომ სცემდა და მამა კი ძე შეცდომილს გულში იკრავდა

               

                                       .სანებლიძე 1989 წლის 24 მარტი   


შენიშვნა: ეს დაწერილია 1989 წლის 9 აპრილამდე .დაიბეჭდა გაზეთში "ლიტერატურული საქართველო" ,რედ. ელ. ჯაველიძე.


ფოტოებზე:

1. ბოსხი-"უძღები შვილი"

2.რემბრანდტ ვან რეინ-"აბრაამის მსხვერპლთშეწირვა"

3.რემბრანდტ ვან რეინ-"უძღები შვილის დაბრუნება"

4.გოია-"სატურნი,რომელიც ჭამს საკუთარ შვილებს"








 




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები