კითხვებზე პასუხებენ ადვოკატები
ახლობელს ვასესხე ფული და წლებია ვალს არ მიბრუნებს. ვუჩივლე პოლიციაში, დაიბარეს, აღიარა და თქვა, რომ დააბრუნებს,
მაგრამ მას შემდეგ კიდევ ერთი წელი გავიდა. რა შეიძლება გავაკეთო, პოლიცია მომცემს თუ არა მის აღიარებას, რომ შევიტანო სასამართლოში საჩივარი?
- როგორც
წესი,
ფაქტის
დაფიქსირებას პოლიცია ახდენს ოქმის შედგენით, გამოითხოვეთ ოქმი და მის საფუძველზე მიმართეთ სასამართლოს სარჩელით.
მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მანქანა, რომელსაც დავეჯახე, დაზღვეულია და მძღოლმა გამოიძახა შემთხვევის ადგილზე სადაზღვევო. ჯერ არავინ დამკავშირებია, მაგრამ როგორც ახლობელი მეუბნება, სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება არარეალური თანხის გადახდა მომთხოვოს. რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ავანაზღაურო ზარალი, მაგრამ არა გაბერილი ფასებით. რას მირჩევთ?
- სამწუხაროდ, ვერაფერს იზამთ, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია არის მხარე, ვინაიდან მას დაუკავშირდნენ. უნდა დაელოდოთ, როდის დაგიკავშირდებიან სადაზღვევო კომპანიიდან, თუკი მათ მიერ დასახელებული თანხა არ იქნება მისაღები თქვენთვის და ვერ შეთანხმდებით, სადაზღვევო კომპანია მიმართავს სასამართლოს თანხის დაკისრების მიზნით, ხოლო თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაასაბუთოთ, თუ რატომ არის არაგონივრული თანხა. ასევე თუკი გაქვთ დაზიანებული მანქანის ფოტოსურათები, შეგიძლიათ მოითხოვოთ ექსპერტიზის ჩატარება, რეალურად რა ღირებულებას შეადგენდა ა/მანქანის დაზიანება.
შემიძლია თუ არა დავიბრუნო მამის გვარი, ვარ სრულწლოვანი და ვარ დედის გვარზე. როგორც ვიცი, დედამ მამასთან გაშორების შემდეგ გადამიყვანა თავის გვარზე?
- დიახ,
შეგიძლიათ, ვინაიდან სრულწლოვან პირს უფლება აქვს საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს გვარი მხოლოდ ერთხელ. გვარის შეცვლის მიზნით სამოქალაქო რეესტრში განცხადებას უნდა დაურთოთ ცნობა/დოკუმენტი ჯანმრთელობის /ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი), თუ დაქორწინებული ბრძანდებით, ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი), არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობა (მოწმობები) - თუ გყავთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში.
ავიყვანე ადვოკატი, გამომართვა საკმაოდ სოლიდური თანხა და დღემდე არ მოუგვარებია ეს საკითხი, დროს მიწელავს. ძლივს შევატანინე სასამართლოში საჩივარიც. შემიძლია თუ არა ადვოკატს ვუჩივლო თაღლითობისთვის და დავიბრუნებ თუ არა მისთვის გადახდილ თანხას. ან ადვოკატთა ასოციაციაში ჩივილს აქვს აზრი?
- მიმართეთ
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და ისინი იმსჯელებენ ადვოკატმა თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით დაარღვია თუ არა პროფესიული ქცევის წესები.
გვაქვს დიდი კერძო სახლი, რომელიც უნდა ყოფილიყო ორი ძმის. დედამ თავის სიცოცხლეში სახლის ნახევარი გადაუფორმა ერთ შვილს, სადაც ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მეორე ნახევარი უნდა გადაეფორმებინა ჩემი შვილისთვის, ანუ შვილიშვილის სახელზე, რადგან მეორე შვილი გარდაცვლილია. დედამთილმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო მეორე ნახევრის გადაფორმება შვილიშვილის სახელზე, არადა, უნდოდა ჩუქება გაეკეთებინა, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობა ეკუთვნის თუ არა იმ შვილს, რომელსაც ერთხელ უკვე მისცა თავისი წილი?
- პასუხის
სრულყოფილად გასაცემად მნიშვნელოვანია საქმის კონკრეტული დეტალების ცოდნა. მაგალითად, დედამ თავის სიცოცხლეში ჩუქების საფუძველზე გადასცა სახლის ნახევარი ერთ შვილს, თუ ნასყიდობის საფუძველზე, აღნიშნული გარიგების დადებიდან რამდენი ხანია გასული, როდის გარდაიცვალა მამკვიდრებელი. თუ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აქვს შვილს მიღებული ქონება გარდაცვალებამდე 5 წლის განმავლობაში, აღნიშნული წილი შესაძლოა მას ჩაეთვალოს სავალდებულო წილად. სხვა შემთხვევაში შვილი პირველი რიგის მემკვიდრეა და მასაც ეკუთვნის წილი. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრემ ან მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს.
შუქნიშანთან ვიდექი მანქანით, უკნიდან დამეჯახა სხვა მანქანა, საჭესთან იჯდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. როგორც გავარკვიე, მანქანაც არ იყო მის სახელზე. პოლიცია გამოვიძახე და მითხრეს, რომ მანქანას გადაიყვანდნენ საჯარიმოზე, შემდეგ ჩემი თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდა ის მანქანის გამოყვანას. ერთი წელი გავიდა ამ ამბიდან, არც გამომძიებელი დამკავშირებია, ვერც მივაგენი იმას, ვისაც აქვს ეს საქმე. ვიყავი მისული კახეთის გზატკეცილზე მდებარე საპატრულოს შენობაში, მითხრეს, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ ტყუილად ველოდები. ვის უნდა მოვთხოვო ზარალის ანაზღაურება?
- უნდა
მიმართოთ
იმ რაიონის
პოლიციას,
რომელიც
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და შეადგინა ოქმი. მოითხოვეთ ოქმი, გაეცანით ავარიის ბრალეულობას და შემდგომ მის მიხედვით შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი.
ბინის დაგირავება მინდა და მეპატრონე მეუბნება, რომ მისი ბინა უკვე არის იპოთეკით დატვირთული, თუმცა ამ ბინის დაგირავება არ არის პრობლემა, რადგან ქონება საკმაოდ ძვირად ღირებულია. ასეთ შემთხვევაში გირავნობა ამ ბინის რამდენად სარისკოა და რა ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომ დაცული ვიყო და ჩემი ფული არ დავკარგო? საუბარია 20.000 დოლარზე.
- აღნიშნულ
შემთხვევაში თქვენ იქნებით მეორეული იპოთეკარი, და ჯერ მოხდება პირველი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შემდგომ
უკვე
თქვენი
მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რა თანხითაა დატვირთული იპოთეკით ბინა.
ვაპირებ კურიერად მუშაობას და მთხოვენ, რომ გავაკეთო ინდმეწარმის დოკუმენტი. როგორ უნდა ავიღო ეს დოკუმენტი და რაიმე საფრთხეს ხომ არ შეიცავს? მერე რაიმე ვალდებულება ხომ არ მექნება? რომელ სამსახურს უნდა მივმართო დოკუმენტთან დაკავშირებით?
- რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოთ სამეწარმეო რეესტრს (იუსტიციის სახლს). ინდმეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სადაზღვევო მთხოვს ზარალის ანაზღაურებას, რომელიც არარეალურია, სად შეიძლება გავასაჩივრო და რომ არ გადავიხადო, რა მოხდება?
- მიმართეთ
სასამართლოს სარჩელით. თუ სადაზღვევო მიმართავს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვს თანხის დაკისრებას, ხოლო სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას არ გადაიხდით ნებაყოფლობით, მოხდება იძულებითი აღსრულება და თქვენს სახელზე არსებული ქონება/ანგარიშები დაგიყადაღდებათ. თუ გერიცხებათ ხელფასი, იქიდან ჩამოგეჭრებათ ყოველთვიურად.
შემიძლია თუ არა წლების წინ ნოტარიუსთან გაფორმებული დოკუმენტის ამოღება? მაშინ არ იყო ერთიანი ბაზა. ეს დოკუმენტი ძალიან მნიშნელოვანია. მივედი მისამართზე და როგორ გავარკვიე, ის ადამიანი აღარ მუშაობს თურმე ნოტარიუსად.
- თქვენს
შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსთა პალატას, უნდა მიუთითოთ ნოტარიუსის სახელი, გვარი, შედგენილი დოკუმენტის შინაარსი და მისი შედგენის სავარაუდო თარიღი.
ცოლთან ოფიციალურად გაცილებული არა ვარ და მინდა ბავშვები ვნახო, მაგრამ მეუღლე წინააღმდეგია, როგორ მოვიქცე?
- როდესაც
ერთ-ერთ მშობელს
ეზღუდება
შვილთან
ურთიერთობა და არ ეძლევა შესაძლებლობა ბავშვის ნახვის, აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად უნდა მიმართოთ სასამართლოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოთ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. თავად მიუთითებთ ასეთ დროს ნახვის დღეებისა და საათების რაოდენობას, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე წაყვანის პერიოდს. ასევე, თუ გსურთ, რომ ღამე დარჩენით წაიყვანოთ, ესეც უნდა აღნიშნოთ, ხოლო სასამართლო იმსჯელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს.
მამაჩემმა თავის სიცოცხლეში გადაუფორმა ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ქონება ჩემს ძმას. წლების შემდეგ მამა გარდაიცვალა, გარდაიცვალა ჩემი ძმაც. ეს ქონება ახლა გადადის ძმის მეუღლეზე. მაქვს თუ არა წილის მოთხოვნის უფლება?
- სამწუხაროდ, თქვენ არა გაქვთ წილის მოთხოვნის უფლება, რადგან ძმას ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე.
ოფიციალურ ქორწინებაში არა ვარ... გვყავს არასრულწლოვანი ბავშვი, მეუღლემ იყიდა ბინა და შემირიგა, დამადო ბანკში ვალი, კომუნალურები გადამახდევინა და მერე გამომაგდო ბავშვით ქუჩაში. მაქვს თუ არა უფლება ვუჩივლო და წილი მოვითხოვო? ბავშვი მის გვარზეა.
- თუ დასტურდება, რომ ვალი მის გამო გაქვთ აღებული, ან მისთვის თანხის მიცემის ფაქტი გიდასტურდებათ, მაშინ შეგიძლიათ აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნა. ბინის წილის მოთხოვნის შესაძლებლობა კი გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ თანაცხოვრების პერიოდში საგრძნობლად გაზარდეთ ამ ბინის ღირებულება, მაგალითად, თუ ბინა იყო შავი კარკასი და თქვენ ჩაატარეთ სრული რემონტი, ამ შემთხვევაში გაქვთ წილის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება ბავშვს, შეგიძლიათ მოითხოვოთ ალიმენტი.
მყავს ორი ძმა, აქედან ერთი 1994 წელს წავიდა რუსეთში და 15 წელია არ გვეხმიანება, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია. რუსეთიდან ვერაფერს ვიგებთ. ჩვენ ორნი მშობლების ქონების გადაფორმებას თუ შევძლებთ? ან რა ზომებს მივმართოთ?
- კითხვა
ბუნდოვანია. მშობლების ქონების გადაფორმებაში, ალბათ, გულისხმობთ სამკვიდროს მიღებას, სხვა შემთხვევაში, მშობლებს უფლება აქვთ მათ საკუთრებაში არსებული ქონება გადაგიფორმოთ თქვენ ან ნებისმიერ სხვა პირს, ამისათვის მესამე პირის თანხმობა არ არის საჭირო. თუ მშობლები გარდაცვლილი გყავთ და გსურთ სამკვიდროს მიღება, თქვენ და თქვენი მეორე ძმა კუთვნილ წილს მაინც მიიღებთ, ხოლო თუ კითხვაში მოიაზრებთ იმას, თუ თქვენი მეორე ძმის (რომელიც რუსეთშია) ქონების მიღება როგორ არის შესაძლებელი, მის წილს მიიღებთ, თუკი მას გარდაცვლილად გამოაცხადებთ სასამართლოს მეშვეობით და სხვა მემკვიდრეები არ ეყოლება.
ჩემს ბინაში რამდენიმე წელია უფასოდ ცხოვრობს ნათესავი, ბინის დაცლაზე უარს მეუბნება. როგორ შემიძლია სამართლებრივად ბინის დაცლა მოვითხოვო? ან შესაძლებელია რომ საკეტი შევცვალო?
- სასამართლოს უნდა მიმართოთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საკეტის შეცვლაც შესაძლებელია, ვინაიდან მესაკუთრე ხართ, თუმცა გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ შეიძლება მერე თავად ნათესავმა გიჩივლოთ, რომ თქვენი ბინიდან რაიმე ძვირადღირებული ნივთი, ოქროულობა ან თანხა დაეკარგა და ამ კუთხით შეგიქმნათ პრობლემები.
8 წელი ვიცხოვრე ყოფილ ქმართან, რომელსაც არასდროს უმუშავია, ემიგრანტი დედა უგზავნიდა ფულს. ქორწინებაში მყოფმა იპოთეკით შევიძინე ბინა, რომელსაც ვიხდიდი ჩემი ხელფასიდან. იპოთეკაც ჩემს სახელზე იყო. 4 წლის წინ ხელი ოფიციალურად გავაწერეთ. იპოთეკის გადახდა გავაგრძელე, ერთი წელი არ იქნება, რაც მოვრჩი გადახდას და ახლა მეუბნება, ბინა უნდა გამიყო, რადგან თანაცხოვრების დროს გაქვს შეძენილი, ან სასამართლოში გიჩივლებო. მიაკუთვნებენ მას ქონების ნახევარს?
- ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მოთხოვნის უფლება მხარეს აქვს განქორწინებიდან 3 წლის ვადაში, შესაბამისად, გასულია ხანდაზმულობის ვადა. თუ მან შეიტანა სარჩელი, აღნიშნული საფუძვლით მოთხოვნა იქნება ხანდაზმული, რაც თქვენ შესაგებელში უნდა მიუთითოთ. თუ თქვენმა ყოფილმა მეუღლემ მიმართა სასამართლოს სარჩელით, მიმართეთ ადვოკატს, რათა პროცედურულად დაგეხმაროთ თქვენი პოზიციის დაცვაში.
მინდა ჩუქების ხელშეკრულების გაკეთება. ამისთვის ნოტარიუსთან უნდა მივიდე თუ პირდაპირ საჯარო რეესტრში შევძლებ გაფორმებას?
- ჩუქების
ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ნოტარიუსთან, ასევე საჯარო რეესტრშიც. ნოტარიუსთან შედგენილი ჩუქების ხელშეკრულებაც შემდგომ დასარეგისტრირებლად უნდა მიიტანოთ საჯარო რეესტრში.
ვმუშაობ კერძო კომპანიაში, ვარ ფეხმძიმედ და მიწევს დეკრეტში გასვლა. ხელმძღვანელობა მეუბნება, რომ არ ამინაზღაურებს დეკრეტს, არის თუ არა ვალდებული ერთჯერადი თანხა გადამიხადოს?
- დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 143 კალენდარული დღის ოდენობით. ასევე ანაზღაურებადია ბავშვის მოვლის გამო 57 კალენდარული დღე. შესაბამისად, თქვენც უნდა აგინაზღაუროთ კომპანიამ შვებულება 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
ოფიციალურ ქოწინებაში ვარ, მეუღლემ სესხი აიღო ბანკიდან, ჩემგან დამოუკიდებლად, თუ არ გადაიხდის, მე რა ვალდებულებას დამაკისრებენ? საცხოვრებელი ჩემს სახელზეა.
- მეუღლის
ვალის
დასაფარავად გადახდა შეიძლება მოხდეს თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც ის მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალის გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. თუ ბინა შეძენილი გაქვთ ქორწინებამდე, მაშინ
ეს წესი
არ გავრცელდება, ვინაიდან ბინა არ ჩაითვლება საერთო ქონებად.
პირს ბანკიდან თანხა ჰქონდა გამოტანილი და კიდევ აქვს სესხი დასაფარი, მაგრამ გარდაიცვალა. უქმდება თუ არა სესხი? მითხრეს, როცა სესხი გაიცემა, თითქმის ყველა სესხს აქვს სიცოცხლის დაზღვევა.
სად შემიძლია ამის გარკვევა და მე მეტყვიან თუ არა დეტალებს, ვარ ოჯახის წევრი.
- მიიტანეთ
გარდაცვალების ცნობა იმ ბანკში, სადაც გარდაცვლილს სესხი აქვს და იქ დაგაკვალიანებენ.
- ბებიაჩემმა ანდერძით თავის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა თავის შვილთაშვილს. იმ პერიოდისთვის ბებიას ორი ქალიშვილიდან დღეს ერთი ცოცხალი აღარ არის. ბებია გარდაიცვალა 1993 წელს, როდესაც ჩემი ძმისშვილი 9 წლის იყო და 1991 წლიდან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური (ოსურ-ქართული) სიტუაციის გამო თბილისიდან საცხოვრებლად გადავიდა ვლადიკავკაზში. ანდერძის ხანდაზმულობის გამო სამკვიდრო მოწმობისთვის უნდა მივმართოთ სასამართლოს. რა პრობლემებს შეიძლება ველოდოთ? ვის ეკუთვნის ანდერძით განსაზღვრული ქონებიდან წილი, რამდენი და რა უნდა მოიმოქმედონ მათ ასეთ შემთხვევაში?
- ანდერძს
არ გააჩნია
ხანდაზმულობის ვადა, თუმცა კანონის მოთხოვნა რჩება ძალაში და შესაბამისად, 6 თვის განმავლობაში უნდა მიგემართათ ნოტარიუსისთვის, ან ფაქტობრივი ფლობით მიგეღოთ სამკვიდრო. ახლა უნდა მიმართოთ ნოტარიუსს ანდერძით, ის კი, დიდი ალბათობით, უარს გეტყვით და ამ უარის საფუძველზე სასამართლოში უნდა დაადგინოთ იურიდიული ფაქტი ფაქტობრივი ფლობის შესახებ, ან საპატიო მიზეზით მოითხოვოთ ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ თქვენთვის ანდერძის შესახებ ცნობილი ახლა გახდა.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს შეკითხვებს.
ბინა გამიქირავა უცხოელმა მაკლერმა, დავდეთ ერთწლიანი ხელშეკრულება. ბინაში შევუშვი ორი მამაკაცი. ხელშეკრულება დადებული იყო სააგენტოსთან ერთად, თვითონ მან მოიტანა ფორმა და შეავსო. წაიღო ერთი თვის ქირა. 2 თვე იცხოვრეს ჩემს ბინაში და ფულის ასაღებად რომ მივედი, მითხრა, რომ ტოვებდა ბინას და უკვე წაღებული ჰქონდა თავისი ნივთებიც. ისე წავიდნენ, არ გადაუხდიათ კომუნალური გადასახადები, სახლში ყველაფერი გაფუჭებული დამხვდა. საშხაპე, ხელსაბანი დაზიანებულია. მოვთხოვე ზარალის ანაზღაურება, მაგრამ ტელეფონის ზარებს არც პასუხობს. დავურეკე მაკლერს და, მოვთხოვე დაეფარათ კომუნალურები და აენაზღაურებინათ ზარალი. დამპირდა, რომ ბინას გამიქირავებდა სხვა მდგმურზე, მაგრამ არც ბინა გააქირავა და ამბობს, რომ იმათაც ვერ უკავშირდება. ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობს თვითონ კომპანიაც. რა შეიძლება გავაკეთო?
- ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს და დამქირავებლებისგან მოითხოვეთ ანაზღაურება.
-0:06
მეუღლესთან ვარ განქორწინებული, სასამართლოს გარეშე იუსტიციის სახლში მოვაწერეთ ხელი განქორწინებას. ახლა მინდა დავა დავიწყო ქონების გაყოფაზე, გვაქვს თანაცხოვრების დროს შეძენილი ბინა და მანქანა. ასევე ჩემი ქმრის სახელზეა აღებული სესხი და მეუბნება, რომ სესხის გადახდა მეც დამეკისრება. მართალია, განვქორწინდით ერთი თვის წინ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე თვეა, რაც ერთად არ ვცხოვრობთ და მას სესხი მერე აქვს აღებული. რას მირჩევთ?
- განქორწინების შემდეგ სამი წლის განმავლობაში გაქვთ უფლება მოითხოვოთ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. თუკი სესხი აღებული იყო ქორწინების პერიოდში და მოხმარდა ოჯახის ინტერესებს, მაშინ შესაძლოა დაგეკისროთ მისი გადახდა, თუ განქორწინების შემდგომაა აღებული, მაშინ პირად სესხად ჩაითვლება და არ დაგეკისრებათ მისი გადახდა.
ბანკიდან მქონდა სესხი აღებული, მაგრამ ვერ გადავიხადე, რადგან სამსახურიდან მომიწია წამოსვლამ. 7 წელი გავიდა სესხის აღებიდან და ახლა გავიგე, რომ თურმე ჩემი მშობლების სახლს ყადაღა დაადეს. გადაცემულია სხვა საკრედიტო ბიუროსთვის, საიდანაც ყოველდღე მირეკავდნენ, ახლა კი მეუბნებიან, რომ ქონებას გამიყიდიან. საუბარია სოფლის სახლზე. აქვთ თუ არა უფლება ჩემი მშობლების სახლი გაყიდონ, სადაც მე ჩაწერილი ვარ?
- შესაძლოა თქვენ შესახებ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად მოექცა. თუ სახლის თანამესაკუთრე ბრძანდებით, მაშინ შესაძლებელია თქვენი წილი მოექცეს აღსასრულებლად და გაიყიდოს აუქციონზე, ან შესაძლებელია თავდებად გყავდათ რომელიმე მშობელი, ან მშობლების სახლით გქონდათ უზრუნველყოფილი სესხი და ამიტომ ხდება მისი რეალიზაცია. მხოლოდ მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოშობს საკუთრების უფლებას, მხოლოდ ჩაწერა ვერ იქნება სახლის რეალიზაციის (გაყიდვის) საფუძველი. სესხის ხელშეკრულებით, სასამართლო გადაწყვეტილებითა და ქონების ამონაწერით უნდა დადგინდეს ქონების დაყადაღების საფუძველი.
ვყიდულობ კორპუსის ბინას, შეთანხმება შედგა გამყიდველთან და საქმე ბინის გაფორმებამდე რომ მივიდა, მეპატრონე მეუბნება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 10.000 დოლარით ნაკლები თანხა უნდა ჩაწეროს, სხვაგვარად მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა. რომ დავეთანხმო, ეს პრობლემას ხომ არ შემიქმნის, ან მე რომ დამჭირდეს ბინის გაყიდვა, ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა?
- თუ თქვენ ბინის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაყიდით იმავე ფასში ბინას, მოგების გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ. შეგიძლიათ ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის რეალური ღირებულებით დაამოწმოთ ნოტარიუსთან, ხოლო რეესტრში არსებულ ხელშეკრულებაში მიუთითოთ ნაკლები თანხა. თუ თქვენ 2 წლის განმავლობაში ბინას გაყიდით რეესტრში მითითებულ თანხაზე მეტად, მაშინ დაიბეგრებით მოგების 5%-ით, ხოლო ორი წლის შემდგომ გაყიდვის შემთხვევაში არ დაიბეგრებით. სხვა სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემა არ შეგექმნებათ.
ყოფილ ქმართან ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვარ, როცა დავშორდით, ფეხმძიმე ვიყავი და მერე გაჩნდა ჩემი შვილი, რომელიც ჩემს გვარზეა, თუმცა მამის გრაფაში მამის სახელი უწერია. წლებია არც მამას და არც მისი ოჯახის წევრებს ბავშვი არ უნახავთ. ჩემი შვილი უკვე დიდია და მთხოვს მამის გვარზე გადასვლას, თუმცა მამამისი გარდაცვლილია. შესაძლებელია ბავშვმა მამის გვარი აიღოს? ერთადერთი, ბავშვს მამის გრაფაში უწერია მამის სახელი, დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა არ არის. როგორ მოვიქცე?
- თქვენს შემთხვევაში დადგენილია მამობა, ვინაიდან დაბადების მოწმობაში მითითებულია მამის სახელი. ამდენად უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრს (იუსტიციის სახლს) გვარის შეცვლის მოთხოვნით, წარადგინოთ დაბადების მოწმობა, მამის გარდაცვალების მოწმობა, თუ ბავშვი 10 წელზე მეტი ხნისაა, საჭიროა მისი თანხმობაც გვარის შეცვლაზე.
წლების წინ მეგობარს ჰქონდა პრობლემები და ჩემი ოქროულობა ჩავუდე ლომბარდში. თუმცა ხელშეკრულება გაფორმდა ჩემს სახელზე. ამდენი წელია იხდის მხოლოდ პროცენტს, გამოტანაზე მეუბნება, რომ ჯერ არა აქვს თანხა. ოქროული ჩემს სახელზეა, თუმცა ყველანაირი მიმოწერა მაქვს, რომ დავადასტურო ჩემი სიმართლე. 1000 დოლარზეა საუბარი, რა შემიძლია გავაკეთო?
- შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ თანხის, როგორც სესხის თანხის დაბრუნება, ხოლო შემდგომ მიღებული თანხით დაფარავთ ლომბარდს.
მაქვს წლების განმავლობაში მიუღებელი ალიმენტი და ეს აღსრულების ბიუროშია, თუმცა არაფერი გაუკეთებია აღმასრულებელს ფულის ამოსაღებად. ყოფილ მეუღლეს თავის სახელზე აქვს მხოლოდ მანქანა, ვითხოვ მის დაყადაღებას, მაგრამ ამ დრომდე ეს აღმასრულებელმა არ გააკეთა. ასევე ვიცი, რომ ის მუშაობს და შემოსავალს მალავს. რა შეიძლება გავაკეთო, როცა აღმასრულებელი არ მეხმარება ჩემი შვილის კუთვნილი თანხის ამოღებაში?
- იმისათვის, რომ აღმასრულებლის ქმედება შეფასდეს, უნდა ვიცოდეთ აღსრულების დეტალური ინფორმაცია, შესაძლოა მანქანა აღმასრულებელს მოძიება/დაკავებაზე ჰყავდეს გადაცემული და ჯერ ვერ დააკავეს. თუ მისი სამუშაო ადგილის შესახებ ფლობთ ზუსტ ინფორმაციას, მიმართეთ აღმასრულებელს განცხადებით, რომ ყოფილი მეუღლის სამსახურს მიმართოს წერილობით და დადგინდეს ნამდვილად იქ მუშაობს თუ არა. თუ დადგინდა, რომ ნამდვილად მუშაობს მოცემულ სამსახურში, აღმასრულებელს შეუძლია ხელფასის დაკავების მოთხოვნა.
ახლობლის ბავშვი მყავს აყვანილი და რამდენიმე წელია მე ვზრდი 2 წლის ასაკიდან. დედამისი წავიდა საზღვარგარეთ, თავიდან პერიოდულად ცოტა თანხას უგზავნიდა ბავშვს და ურეკავდა, 2 წელზე მეტია აღარ გამოჩენილა. ფეისბუკგვერდიც გააუქმა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გათხოვილა. ბავშვი უკვე სკოლის მოსწავლეა და მინდა შვილად აყვანა გავაკეთო, რადგან თვითონ ბავშვსაც აქვს ამის სურვილი. მისი მშობლები გაშორებულები იყვნენ და არც მამას მოუკითხავს არასოდეს, ბავშვი არის დედის გვარზე. როგორ მოვიქცე, არის შანსი, რომ შვილად აყვანა გაფორმდეს?
- ბავშვის შვილად აყვანა რთული პროცედურაა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს ჰყავს მშობლები. უნდა მოითხოვოთ მშობლის უფლების ჩამორთმევა, ან ბავშვი მიტოვებულად უნდა იქნეს აღიარებული, ან მშობლებმა უნდა მოგცენ თანხმობა შესაბამისი წესით.
უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს თუ არა გაიფორმოს უძრავი ქონება, კერძოდ, სახლი სოფელში?
- უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ გაიფორმონ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
რამდენიმე წლის წინ თბილისში, იტალიურ ეზოში ვიგირავეთ ერთი ოთახი და ბინის მეპატრონესთან გავაფორმეთ სესხის ხელშეკრულება. სახლი ავარიული აღმოჩნდა, ჩამოინგრა ნაწილი და მობინადრეები გაიყვანეს. დღემდე მიდის ინვესტორის მოძიება, მესაკუთრეებს კი მერია უხდის ბინის ქირას. ჩვენს სესხის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახლა გავაფორმეთ იმავე შინაარსის ხელშეკრულება. ახლა იმასაც გასდის ვადა, ბინის მეპატრონე ასაკოვანია და ამბობს, რომ მას შემდეგ გადაიხდის თანხას, როცა იქ რამე აშენდება და იმას გაასხვისებს. როგორ შევძლებ ამ თანხის ამოღებას?
- თუ მხოლოდ სესხის ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ და მოითხოვოთ თქვენი თანხის დაბრუნება, ხოლო ავარიულ ბინაზე მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასხვისების/იპოთეკის აკრძალვა, რათა გადაწყვეტილების აღსრულებისას მოხდეს ბინის რეალიზაცია და მიიღოთ კუთვნილი თანხა.
არასრულწლოვანი ბავშვი დააჯარიმეს ავტობუსში ბარათის დაუფიქსირებლობის გამო. მას აქვს სქულქარდი. ახლა გავიგე, რომ დაუყადაღდა ანგარიში. იყვნენ თუ არა ვალდებული, რომ მშობელთან შეტყობინება გაეგზავნათ, სანამ ჯარიმის თანხები გაიზრდებოდა? აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას? ვის მივმართო?
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირი პასუხისმგებლად ითვლება 16 წლიდან. კანონი განმარტავს, რომ მგზავრი ვალდებულია ელექტროტრანსპორტით, საბაგირო გზით ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. 10-დან 16 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში კი დაჯარიმდება პირი, რომელმაც ბავშვი წაიყვანა უბილეთოდ, რაც ნიშნავს, რომ 10-დან 16 წლამდე პირების დაჯარიმება არ ხდება. თუ თქვენი შვილი არ არის 16 წელს მიღწეული, მაშინ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ჯარიმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში, ხოლო თუ 16 წელს მიღწეულია, მაშინ გასაჩივრებას აზრი არა აქვს.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები
ამჯერად შეკითხვებს პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა:
-
მამა გარდაცვლილია და რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა ბებიაჩემიც, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და ჰქონდა სახლი, ცოტა მოშორებით კი მიწა. ახლა გავარკვიე, რომ მიწის ნაკვეთი თურმე არ იყო მის სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული. მე ვარ მისი მემკვიდრე, საბუთები მაქვს შეტანილი იუსტიციაში, მაგრამ უშედეგოდ ველოდები პასუხს, ამბობენ, რომ დამატებით დოკუმენტებს ეძებენ. როგორ შემიძლია ეს ქონება ჩემს სახელზე დავარეგისტრირო?
- თუ რეგისტრაციის კანონით დადგენილი საფუძველი ანუ შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, მოკვლევის შემდეგ ქონება თქვენი ანუ მისი კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე უნდა დარეგისტრირდეს, ამისთვის აუცილებელია საჯარო რეესტრში სამკვიდრო მოწმობის წარდგენა. როგორც ჩანს, ეს თქვენ გაკეთებული გაქვთ, რა დოკუმენტებია თქვენს ხელთ, ეს უნდა ინახოს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, გარემოებებია დასაზუსტებელი, გააჩნია, რომელი წლიდან ფლობდა ბებია ქონებას, ინახება თუ არა არქივში რაიმე სახის საბუთები. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია იურისტთან.
-
ოჯახის წევრი, ბაბუა, გარდაიცვალა და შეგვიჩერდა სოციალური დახმარება. რა შეიძლება გავაკეთოთ?
- საარსებო შემწეობის მიღება, შეჩერება ან შეცვლა დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებაზე (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება და სხვ.); ასევე როცა ხდება ოჯახის წევრისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება ან დაკარგვა; ან როცა ხდება დასაქმება და ჩნდება ლეგალური შემოსავალი; დახმარების გაცემა შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე; ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი; ან ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ან თუ შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა; ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი; ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი. ასეთ შემთხვევებში ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას. თუ ოჯახი მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, მას შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება. აქვე გეტყვით, ხელახალი გადამოწმება შემწეობის მისაღებად რომ მოითხოვოთ ბოლო შემოწმებიდან ერთი წელი უნდა იყოს გასული. ხელახალი გადამოწმების დროს გამოიყენება პირველადი შემოწმების წესები, პროცედურები და ვადები. ოჯახის ხელახლა გადამოწმებაზე უარის ან ხელახლა გადამოწმების დროს მინიჭებულ ქულაზე კვლავ არ დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამჯერად ცენტრალურ ოფისში. ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ასევე შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოშიც.
-
მაინტერესებს, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის შესახებ იურიდიული ფაქტის დასადგენად?
- ამ შემთხვევაში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოთ მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და მისი ქსეროასლი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დადასტურების შესახებ. თუ განმცხადებელი ასეთ ცნობას ვერ წარადგენს, მაშინ მას შეუძლია წარადგინოს ქონების მართვის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ამ ქონებაზე კომუნალური და სხვა სახის გადასახადის გადახდის ქვითრები და ა.შ. მათი არარსებობის შემთხვევაში, მარტო მოწმეებითაც შეიძლება დადგინდეს ქონების ფაქტობრივი ფლობა ან მართვა, პირადობის მოწმობის ასლი, მამკვიდრებელთან არსებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვ.), სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. აქვე განგიმარტავთ, რომ არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე ანუ მემკვიდრეებზე გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები. გარდაცვლილის ქონება ანუ სამკვიდრო პირველი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.
-
ავარიის შედეგად დაშავდა ქალი, ამ ფაქტის შემდეგ მას დაშორდა მეუღლე. ქალს არავინ ჰყავს, ვინც შეიძლება არჩინოს. არის თუ არა ვალდებული მამაკაცი, რომ მას მატერიალურად დაეხმაროს?
- დიახ, მეუღლეებს ურთიერთრჩენის მოვალეობა აკისრიათ. მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. თუ ქმარი ამას არ აკეთებს, შეუძლია მხარეს მიმართოს ამ მოთხოვნით სასამართლოს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიღებაზე მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ ისინი ოფიციალურად განქორწინებული არიან, ამ შემთხვევაშიც შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც მეუღლის დახმარება სჭირდება, ინარჩუნებს სარჩოს მიღების უფლებას.
-
5 წლის წინ გავასესხე ფული, ნოტარიუსთან გავაფორმეთ ორწლიანი სესხის ხელშეკრულება, ამ ვადაში ვერ დამიბრუნა მან ფული და კიდევ გავაგრძელეთ ხელშეკრულება. ახლა ფულს არ მიბრუნებს. იურისტმა მითხრა, რომ გამიჭირდება თანხის დაბრუნება, რადგან ეს არ იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი. ეს რას ნიშნავს და რა განსხვავებაა ამ ხელშეკრულებებს შორის?
- სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე რაოდენობის თანხა. ვალდებულების შეუსრულებლობისას ანუ თუკი მსესხებელი თანხას ვერ დააბრუნებს, გამსესხებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კუთვნილი ფულის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელს საკუთრებაში ექნება რაიმე სახის ქონება. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების დროს კი ვალდებულების შესრულების ანუ ნასესხები თანხის დაბრუნების გარანტიად უძრავი ქონება გამოიყენება - ანუ თუკი მსესხებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ დააბრუნებს ნასესხებ ფულს, გამსესხებელს (იპოთეკარს) უფლება აქვს მოითხოვოს ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. ამიტომ მოქალაქეებს ვურჩევთ ყოველთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცენ, ასე უფრო მეტად იქნებით დაცული. მნიშვნელოვანია, ირიცხება თუ არა იმ პირის სახელზე რაიმე ქონება, თუ ირიცხება, მაშინ შეგიძლიათ ყადაღა დაადოთ ქონებას. თუ არ ირიცხება რაიმე ქონება მის სახელზე, მართლაც რთული იქნება თქვენი ფულის დაბრუნება.
- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდე და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს; ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება წყვილის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო კონტრაქტი აზღვევს ყველა იმ სამართლებრივი დავის პროვოცირებას, რომელიც განქორწინების შემთხვევაში შესაძლოა მეუღლეებს ჰქონდეთ და ქონებასთან მიმართებით გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს. საქორწინო ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქონებასთან მიმართებით. ამით არ ხდება ბავშვებთან ურთიერთობების რეგულირება.
თუ წყვილი იღებს განქორწინების გადაწყვეტილებას, საქორწინო კონტრაქტი იწყებს მოქმედებას. სასამართლო პროცესებზე მეუღლეებს აქვთ ხოლმე ხშირად კამათი, ვინ უფრო მეტი დახარჯა გარკვეული ქონების შეძენის დროს. კანონის მიხედვით, როცა წყვილი დავობს ამ საკითხზე, ყურადღება არ ექცევა იმას, ვინ უფრო შემოიტანა ოჯახში, რადგან ქორწინების შემდეგ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანაბარი საკუთრების უფლება - ანუ ასეთ დროს ქონება იყოფა შუაზე, ხოლო თუ არსებობს საქორწინო კონტრაქტი, მაშინ იქ აღწერილი პირობების შესაბამისად მოხდება ამ პრობლემის მოგვარება. საქორწინო კონტრაქტის პირობები დამოკიდებულია მხარეების ნება-სურვილზე. როგორც წესი, საქორწინო ხელშეკრულების დადება ხდება ნოტარიუსის მეშვეობით, სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილია. როცა არ არსებობს ასეთი ხელშეკრულება, მაშინ როგორც უკვე აღვნიშნე, კანონით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება. კანონის თანახმად, ქორწინების შემდეგ შეძენილი მოძრავი თუ უძრავი ქონება არის თანასაკუთრების უფლების მქონე და იყოფა თანაბრად, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ქონება, რომელიც თანაცხოვრების დროს შეიძინა წყვილმა, უნდა იყოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ერთ-ერთი მხარის სახელზე, ხოლო მოძრავი ქონება იმ დაწესებულებაში, რომელიც ახდენს მოძრავი ქონების რეგისტრაციას.
როცა სასამართლოში მიდის ასეთი დავა და ყოფილი მეუღლეები დავობენ უძრავ ქონებაზე, დავას სჭირდება სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა. თუ თქვენ ეს კონკრეტული გარემოება განქორწინების დროს გაფერხებთ, შეგიძლიათ შუამდგომლობით მიმართოთ სასამართლოს და თუ თქვენი სოციალური მდგომარეობა არ გაძლევთ ბაჟის გადახდის შესაძლებლობას, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან ბაჟის გადახდის გადავადება. არსებობს მსგავსი პრეცედენტებიც, თუკი სასამართლო დაინახავს თქვენს მძიმე სოციალურ მდგომარეობას, ამის შესაძლებლობას სასამართლო მოგცემთ.
ასევე ყოფილ მეუღლეებს ქონებაზე დავა შეუძლიათ რეგისტრირებული განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში - ანუ თუ თქვენ ოფიციალურად დაარეგისტრირეთ განქორწინება, ამის შემდეგ გაქვთ შესაძლებლობა სამი წლის განმავლობაში შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და იქ იდავოთ ქონების გაყოფაზე. მაგრამ თუკი სამწლიანი ვადა გავიდა, ამ ვადის შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ ამ ქონების მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება.
დასჯადია თუ არა კვერცხების სროლა, შეურაცხყოფა, "მონა, მონას" ძახილი, ლანძღვა, გინება, დამუნათება? - ამ ყველაფერზე სამართლებრივი განმარტებები ვთხოვეთ ადვოკატ თამარ აბესაძეს.
-
ქალბატონო თამარ, ჩვენ ვნახეთ აეროპორტში როგორ დაესხნენ თავს სალომე ზურაბიშვილს, წინა დღეს ანალოგიურად მოექცნენ გიორგი გახარიას, ვნახეთ, როგორ აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და კვერცხები როგორ დაუშინეს, თუმცა ამ დრომდე ამისთვის არავინ დასჯილა. საინტერესოა, არის თუ არა დასჯადი ასეთი ქმედებები?
- რა თქმა უნდა, მე, როგორც ადვოკატს და იურისტს, მიმაჩნია, რომ ეს არის მინიმუმ წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციულად დასჯადია. სახეზეა მინიმუმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას
ან კიდევ, ადმინისტრაციული წესით, ორ თვემდე პატიმრობას.
როგორც ვხედავთ, საზოგადოება გახლეჩილია, ოპოზიცია, ხელისუფლების მხარდამჭერები და, ასევე, არიან ნეიტრალური პირები. მე ამ საზოგადოებისგან მაინტერესებს ერთადერთი: ერთმანეთთან დასაბრუნებელ გზებს რატომ იჭრიან, რატომ კარგავენ ასე ერთმანეთს? წარმოუდგენლად მძიმეა, რაც ხდება ქვეყანაში.
-0:07
რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილზე და გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ქმედებას, ეს კანონით დასჯადია. ამის ჩამდენი უდავოდ უნდა დაისაჯოს. ანალოგიურად ვსაუბრობ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზეც, რომლებიც, ასევე, ამუნათებენ ადამიანებს, ესეც არ შეიძლება, ესეც დასჯადი ქმედებაა. ნებისმიერი ასეთი ქმედება - კვერცხების სროლა, ლანძღვა თუ გინება, არ შეიძლება. მით უმეტეს, კამერებითაა აღჭურვილი აეროპორტი და დამნაშავეების დადგენა, წესით, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. რით ვერ დაადგინეს ამდენ ხანს? შეიძლება დაადგინეს კიდეც, ესეც არ ვიცით.
-
ბოლო დროს, ადამიანები ბევრს საუბრობენ პოლიციელების მხრიდან ადამიანის "გატაცებაზე". მათ დიდხანს ეძებენ სხვადასხვა განყოფილებაში, არის თუ არა პოლიცია ვალდებული, როცა პირს აკავებს, მაშინვე ოჯახს აცნობოს დაკავების ფაქტი?
- როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, როცა პოლიცია გიბარებს და არ მიდიხარ, მათ შეუძლიათ მოვიდნენ და იძულების წესით დაგაკავონ. ალბათ, ამას ეძახიან "გატაცებას", ადამიანის მოპარვას და ა.შ. სად უნდა ეძებო დაკავებული პირი, ეს ყველამ იცის, ის უნდა იპოვო დროებითი მოთავსების იზოლატორში.
-
იყო შემთხვევა, როცა აქციიდან სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა "ტვ პირველის" ოპერატორი გაიტაცეს. ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ 5-ჯერ დარეკეს 112-ში და რეაგირება არ იყო. უნდა მისულიყო თუ არა იქ პოლიცია?
- დიახ, პოლიცია ვალდებულია, მივიდეს გამოძახებაზე, პოლიციას უფრო მეტი მოეთხოვება. თუ კანონი ავალდებულებს მოქალაქეს გარკვეულ ქმედებებს და ითხოვს მისგან კანონის დაცვას, ანალოგიურად, პოლიციასაც ავალდებულებს, დაიცვას კანონი, წესები.
როდესაც დააკავებენ პირს, პოლიცია ვალდებულია, მისი ოჯახის წევრს შეატყობინოს ეს ამბავი. რომ არ ატყობინებენ, ეს არის გულგრილობა და დაუდევრობა. პოლიცია ასე იმართლებს ხოლმე თავს. როცა პირს აყოვნებს, ჩასვამენ მანქანაში და მიჰყავთ, დრო დასჭირდება, ამბობს, დაკავებულად არ ითვლება ის პირი მანამ, სანამ არ გააფორმებენ დაკავების ოქმს, ამიტომ ამბობენ, დაკავებული მანამდე არ არისო, მაგრამ თავისთავად პირი ხომ დაკავებულია? როდესაც შედგება დაკავების ოქმი, პოლიციელი ვალდებულია, რომ დარეკოს დაკავებულის ახლობელთან, იმიტომ, რომ ეს არის პირის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება და ეს უფლება არ უნდა შეიზღუდოს. უნდა იცოდეს ოჯახმა მისი ადგილსამყოფელი და დაკავებულმა პირმა ადვოკატის მომსახურებით აუცილებლად უნდა ისარგებლოს.
-
დაკავებულს ერთი ზარის განხორციელების უფლება აქვს, ვთქვათ, ჩასვეს მანქანაში, შეუძლია, მას იქვე მოითხოვოს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება?
- სამწუხაროდ, ერთი ზარის უფლება კარგ ფილმებში გვინახავს. საქართველოში ვიდრე პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოხვდება, ტელეფონს არ მისცემენ.
მაგრამ როცა პირს აკავებს პოლიციელი, ის ვალდებულია, დაკავებულის ახლობელს შეატყობინოს ეს ამბავი. ზოგს, მაგალითად, არ უნდა მისი დაკავება გაიგოს მისი ოჯახის წევრმა და სურს, შეატყობინოს უშუალოდ ადვოკატს ან სხვა ახლობელს, რომელიც მეტად ეიმედება. დაკავებული ვისაც აირჩევს, იმ პირს უნდა დაურეკოს სამართალდამცავმა და შეატყობინოს ფაქტი და ისიც, თუ სად იმყოფება დაკავებული. ახლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დაკავებულ პირებთან ხდება ამ წესის უგულებელყოფა, თორემ, ზოგადად, როცა სისხლის სამართლის ბრალდებით აკავებენ პირს, მაშინ რეკავს პოლიციელი და აცნობებს ხოლმე ოჯახს დაკავებაზე. იქიდან ვიგებთ, ვინ სად არის.
-
ადმინისტრაციული პატიმრობის დროს რატომ არ ატყობინებენ?
- მაინც ვალდებულია პოლიცია, რომ შეატყობინოს დაუყოვნებლივ. აქციის ბევრ მონაწილეს რომ აკავებენ, ადგილები არ ყოფნით, ამიტომ ვის სად შეასახლებენ, არ იციან, რიგები დგას ხოლმე და ვფიქრობ, იმიტომ არ ატყობინებენ დროულად ოჯახებს, რომ არ მოხდეს პოლიციის მანქანაზე, სადაც დაკავებული ზის, აქტივისტების თავდასხმა. "პოლიციის შესახებ" კანონში გარკვევით წერია, რომ უნდა შეატყობინოს, მაგრამ სანამ შენობაში არ შეიყვანენ, მანამდე არაფერს ამბობენ.
-
თქვენ ამბობთ, რომ დანაშაულად ითვლება მორალურად დამამცირებელი ქმედებების ჩადენა საჯარო პირების მიმართ, ეს იქნება კვერცხების სროლა, "მონა, მონას" ძახილი, თუ სხვა რამ, როცა ადამიანს სხეულზე ხვდება ნასროლი კვერცხი, თუ სხვა საგანი, ეს ქმედება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული?
- ჩვენ ვისაუბრეთ წვრილმან ხულიგნობაზე, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და 166-ე მუხლი, ეს უნდა მიუყენონ წესით ასეთი ქმედების ჩამდენ ადამიანებს.
მე თუ მკითხავთ ის ქმედება, რაც განხორციელდა აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე, რომ მას მოხვდა ნასროლი კვერცხი, არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული.
იგივე მინდა ვთქვა იმ მოსამართლეზე, რომელსაც ესროლეს კვერცხი ოპოზიციურად განწყობილმა ახალგაზრდებმა, ესეც, რა თქმა უნდა, იმავე სახის დანაშაულია.
საჩხერის მოსამართლეზე განხორციელებულ ქმედებას ვგულისხმობ.
აქვე მინდა შევეხო, მოსამართლე ლილი მსხილაძეს რომ გადაუდგნენ წინ და საშინელი ტექსტები მოვისმინეთ. მართლა ძალიან შევშფოთდი. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ გეტყვით, ლილი მსხილაძე იყო 2005 წლამდე დიდუბის რაიონის სასამართლოში მოსამართლე და მას ვერ იტანდნენ, იმიტომ, რომ ფულს არ იღებდა, ის იყო მოუსყიდველი მოსამართლე.
ამიტომ ვერავინ იტანდა ამის გამო. მე არ მეგულება ვინმე, ლილი მსხილაძეზე თქვას, რომ უსამართლოა. ერთადერთი მოსამართლეა, რომლის მდივანი და თანაშემწე არ მახსოვს, რადგან ყოველთვის თავის დროზე წერდა განაჩენს და არ იყო სახვეწარი მისთვის არაფერი. ვინც გვაწვალებდა მაშინ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფული უნდა აეღოთ. ისინიც - ყველა გვახსოვს. მედალს ორი მხარე აქვს. ამხელა შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილს, დადევნება, კვერცხების სროლა, არ შეიძლება მოხვედრილმა კვერცხმა ტკივილი განგაცდევინოს? სილის გაწვნა თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? მე ვემიჯნები პოლიციელზე სილის გაწვნას, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ.
-
დიახ, აღიარებს მზია ამაღლობელი რომ მან პოლიციელს სილა გააწნა სახეში, მაგრამ ამბობს, რომ პოლიციელმაც შეაფურთხა ამ ადამიანს სახეში. თუ წყობიდან გამოვა ასეთი ქმედების გამო ადამიანი და საპასუხოდ რამეს ესვრის ან სილას გააწნის მეორე პირს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული?
- პოლიციელი ან ნებისმიერი სხვა თუ შეგაფურთხებს, ცხადია, ამაზე მწვავე რეაქცია გექნება ადამიანს. სამწუხაროა ისიც, რაც წინა თვეებში აქციებზე ვიხილეთ: პოლიციელები, სპეცრაზმელები რომ ძირს დაგდებულ ახალგაზრდებს წიხლს ურტყამენ, ასეთი ქმედების ჩამდენები უნდა დაისაჯონ, მაგრამ არ დასჯიან, იცით, რატომ? - პოლიციელი რომ დასაჯო, მერე არც ერთი პოლიციელი და სპეცრაზმელი არ გამოვა აქციაზე სახელმწიფოს მხარდასაჭერად და ამის გამო არ აკავებენ მათ. ქვემდგომები ისე იქცევიან, როგორც ბრძანებას მისცემენ მათ. იქ უნდა იდგეს ღირსებით პოლიციელი და უღირსი საქციელი არ უნდა ჩაიდინოს. პოლიცია უნდა იყოს სახე. ვიცი, რომ იქ არიან ღირსეულები, მე არ მინდა, პოლიციის მიმართ ნდობა დაიკარგოს საზოგადოებაში.
ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი, საშინელ სიტყვებს წერდნენ დაკავებული ქალბატონები, რომ ასე მიმართეს მათ პოლიციელებმა დაკავების დროს, საშინელი ჩამონათვალი იყო და სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე, რადგან ვისთანაც შეხება მქონია, და ამდენი ხანია, ვმუშაობ ადვოკატად, ჩემი კლიენტებისგან ეს არ მომისმენია.
თუმცა იყო შემთხვევები, როცა დაკავებულ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვსაუბრობ კონკრეტულად ჩემს დასაცავზე, რომელიც არის არასრულწლოვანი. ისევ იმ არასრულწლოვანმა დაიხია უკან, თორემ ძალიან მონდომებული ვიყავი, ისინი ემხილებინა და დასჯილიყვნენ. ასე არ შეიძლება.
-
როცა შეურაცხყოფას გაყენებენ ადამიანს, შეიძლება შენც გამოხვიდე წყობიდან, რამე ესროლო მას ან რამე უთხრა, პროვოკაციაზე წამოგაგონ, ამ დროს შესაძლებელია, შენც დაგაკისრონ პასუხისმგებლობა?
- თუკი პროვოცირებულია ქმედება, ის დასჯადი აღარ არის. ახლა რასაც ვუყურებ, სასამართლოში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გააფრთხილეს პირი და არ დააკისრეს ჯარიმა. ეს ძალიან გამიხარდა. ხომ შეიძლება შემოიფარგლონ ამ გაფრთხილებით, ამხელა ჯარიმებს რომ აკისრებენ ბავშვებს, სტუდენტებს. გასაგებია, გაჟღერდა ინფორმაცია, ამ ახალგაზრდებს ფინანსურად უზრუნველყოფენ სხვები და ისინი ეხმარებიან ჯარიმის გადახდაშიო, მაშინ რა აზრი აქვს ადმინისტრაციული სახდელის გადახდას?
-
თუ გესროლეს კვერცხი ან სხვა ნივთი და არ რეაგირებს პოლიცია, ასეთ დროს უნდა იჩივლოს დაზარალებულმა, რომ აიძულოს პოლიცია, გამოავლინოს დამნაშავე?
- სისხლის სამართლის საქმეში ჩივილს არ აქვს მნიშვნელობა. პოლიცია ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს ფაქტზე და გამოავლინოს დამნაშავეები, რომ მათ აგონ პასუხი. პოლიციამ უპირობოდ უნდა დაიწყოს დევნა. საჩივრის შეტანა აუცილებელი არ არის. იგივე პრინციპი მოქმედებს ადმინისტრაციულ დანაშაულზეც.
აეროპორტში მომხდარი ფაქტის გამოვლენა ძალიან ადვილად შეუძლიათ. კამერები ყველგან არის და აქამდეც უნდა დაეკავებინათ ის პირები. შეუძლია პირმა უთხრას, მიმართოს თავისი პრეტენზიის შესახებ სხვას, მაგრამ ლანძღვა, შეურაცხმყოფელი სიტყვები, სხვადასხვა საგნები ესროლოს, კვერცხი ესროლოს, ამის უფლება ვინ მისცა? გინდა პოზიცია იყოს, გინდა - ოპოზიცია. ეს არის ყოვლად ამაზრზენი საქციელი, ეს არის დაბალი ინტელექტის მაჩვენებელი, ამას ჩადის სიძულვილით გაჟღენთილი ადამიანი და ქმედება არის დასჯადი.
მოქალაქეები ისედაც აღშფოთებულები არიან, ვინ უფრო მაგარ შეურაცხყოფას მიაყენებს ერთმანეთს, ამას ცდილობენ, ეს არის სირცხვილი. მაქსიმალურად ვერიდები ხოლმე ჩემი პოზიციის დაფიქსირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართავ, პოლიციელებმა იმოქმედონ კანონიერად. დასაჯონ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ამ დრომდე რომ არავინაა დასჯილი, ეს არ უნდა ხდებოდეს.
იმედი არ მაქვს, რომ ვინმე დაისჯება, მაგრამ თუკი ერთ მხარეს სჯი, აქეთ მხარეს რატომ არ სჯი? პოლიციელებმა, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი თავიანთი ემოციებისგან. თუ ნერვები არ ჰყოფნით, მაშინ დატოვონ სამსახური და წავიდნენ სახლში. მე ვხედავ იქ პოლიციელებს, რომლებსაც ძალიან ბევრის მოთმენა შეუძლიათ, ზოგიერთს კი ნერვები არ ჰყოფნის. დღეს რასაც ვხედავ, ეს არის საშინელი დამოკიდებულება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ვემიჯნები ამ ყველაფერს. შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი იმუშაოს პოლიციელებთან, რომ ქვეყნის მასშტაბით პოლიციელებმა ღირსება არ დაკარგონ. ჩაატაროს თათბირები და მოუწოდოს მათ, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს.
X
შეკითხვებს ამჯერად პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
მემკვიდრეობით მივიღე სახლი, რომელიც საჯარო რეესტრში ოფიციალურად გადმოვიფორმე ჩემს სახელზე. ახლა გამოჩნდა ნათესავი და მედავება, რომ ეს ქონება მისი საკუთრებაა. მან საჩივარი შეიტანა საჯარო რეესტრში და ითხოვს ქონების მის სახელზე გადაფორმებას. ამ საჩივრის გამო რეესტრში მეუბნებიან, რომ არა მაქვს ამ ქონების გაყიდვის უფლება. არადა, მყავს მყიდველი. ნათესავი, რომელიც ამდენი წელი გადაუფორმებელი ქონებით არ დაინტერესებულა, ახლა ცდილობს ფულის გამოძალვას, როგორ მოვიქცე?
- მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქონებაზე არის გარკვეული სახის შეზღუდვა/აკრძალვა. თქვენს შემთხვევაში გასარკვევი იქნება, რის საფუძველზე გედავებიან. რადგან ასეთი შეზღუდვაა, ერთადერთი გამოსავალია იბრძოლოთ თქვენი უფლების დასაცავად და თუ წარმატებით დასრულდა დავა, ამის მერე შეძლებთ ქონების განკარგვას. საქმეს რომ მოიგებთ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და დავრჩით მარტო მე და ჩემი და. ჩემს დას არ უნდა ჩვენი სოფლის სახლი, რომელიც დედაჩემის სახელზე იყო, მეუბნება შენ გქონდესო. მე ოჯახში ყველაზე უმცროსი ვარ. მყავდა ასევე მეორე და, რომელიც გარდაცვლილია, ასევე მისი შვილიც, ანუ ჩემი დისშვილი. მაინტერესებს ჩემი დის შვილიშვილს ეკუთვნის თუ არა ამ სახლიდან წილი. მისი ცოლი ითხოვს ბავშვისთვის წილს.
- კანონით
მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები, (მშვილებლები). ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
დედაჩემმა ქონება აჩუქა შვილიშვილს და გადაუფორმა რეესტრით. მე, მის შვილს, წილი არ მომცა. მე რა უფლებები მაქვს? დედა ცოცხალია, შემიძლია თუ არა ჩემი წილი მოვთხოვო იმ ქონებიდან ჩემს ძმისშვილს?
- მესაკუთრე თვითონ გადაწყვეტს, როგორ განკარგოს თავისი ქონება. ცოცხალი მშობლისგან წილს ვერ მოითხოვთ.
ცოცხალ
ადამიანს
შეუძლია
თავისი
ქონება
აჩუქოს
ნებისმიერს და შვილები ამას ვერ აუკრძალავენ. ძმისშვილისგან ვერაფერს მოითხოვთ.
ვიყავი ოფიციალურ ქორწინებაში, მეუღლე იყო უცხოელი, ხელი გვაქვს მოწერილი საქართველოში, მაგრამ ამჟამად არ ვცხოვრობ საქართველოში. ჩვენ არ გვყოლია საერთო შვილი, მას ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი. 15 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად, მეუღლე გარდაიცვალა, რაც ქონება გააჩნდა, მის სახელზე იყო. ახლა როგორ გადანაწილდება ქონება? მეუღლე ესპანეთის მოქალაქე იყო. როგორ შემიძლია ვიდავო ჩემს წილზე?
- ამ შემთხვევაში იმოქმედებს ესპანეთის კანონმდებლობა და იქაური კანონმდებლობის მიხედვით განაწილდება მემკვიდრეობა, რადგან მამკვიდრებელი იმ ქვეყნის
მოქალაქეა და ქონების ადგილსამყოფელიც იქ არის.
შევარდნაძის პერიოდში ჩვენთვის საკუთრებაში გადმოცემული მიწები მთავრობამ რეკრეაციულ ზონად გამოაცხადა. მაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. როგორ შემიძლია ვიდავო?
- რეკრეაციული ზონის სტატუსი ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებ. მიწების ნაწილი ახლა შეცვლილი სტატუსითაა მთელი თბილისის მასშტაბით. თავის დროზე ეს მიწები არასწორად გაიყიდა, შემდეგ კი დაუბრუნეს ის სტატუსი, რომელიც სინამდვილეში უნდა ჰქონოდა. დაზარალებულებმა მერიას უნდა მოსთხოვოთ სხვა
მიწით
ჩანაცვლება ან ფულადი ანაზღაურება.
წლების წინ ვიყიდე მიწის ნაკვეთი, მაგრამ რადგან დევნილი ვიყავი, მაშინ ვერ გადავიფორმე და დარჩა ძველი მესაკუთრის სახელზე, თუმცა წლებია ჩვენ ვიყენებთ. ის მამაკაცი გარდაცვლილია, მას ერთადერთი შვილი ჰყავს, რომელიც ცხოვრობს ცხინვალში, მას არა აქვს ქართული პასპორტი, მისი თანხმობის გარეშე კი ვერ ვიმტკიცებ ქონებას. მეუბნებიან, ან პირადობა უნდა ჰქონდეს, ან თვითონ უნდა ჩამოვიდესო. მას იქ რუსული პასპორტიც კი არა აქვს. რა გამოსავალი არსებობს ასეთ დროს?
- თუ ქონება
სხვის
საკუთრებაში ჩანს, მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს იზამთ, სწორად გეუბნებიან. უნდა მოახერხოთ იმ პირისგან თანხმობის მიღება ქონების გადაფორმებაზე.
მაქვს კაპიტალური ავტოფარეხი, აშენებული გამგეობისა და მეზობლების თანხმობით. მერიამ დამაჯარიმა და ყადაღა დამადო, ითხოვს დავანგრიო. როგორ მოვიქცე, რომ ეს ქონება შევინარჩუნო?
- თუ უნებართვოდაა აშენებული, საფუძველი შეიძლება ეგ იყოს. უძრავი ქონების ლეგალიზება თუ არის შესაძლებელი, უნდა დააზუსტოთ მერიაში.
დედაჩემს ბანკიდან აქვს გამოტანილი სესხი, მაგრამ ბინა არ არის ჩადებული, არც დედის სახელზე. ცოტა ხნის წინ მე გადმოვიფორმე, შეუძლია თუ არა ბანკს დააყადაღოს ან გაყიდოს ეს ბინა? ვცხოვრობთ ერთად.
- თქვენს
სახელზე
არსებულ
ბინას
პირდაპირ
ვერ დააყადაღებს და ვერც გაყიდის, მაგრამ შეუძლია იდავოს თვალთმაქცურ/მოჩვენებით დადებული ხელშეკრულების ბათილობაზე და სასამართლო ეტაპზე შესაძლებელია ქონების განკარგვის აკრძალვა. თუ ხელშეკრულება გაბათილდა, მერე დაედება ქონებას ყადაღა და აუქციონზეც გაყიდის აღსრულება ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში.
მინდა ბინის გაყიდვა, სადაც ჩაწერილია ჩემი არასრულწლოვანი შვილი, ისიც ბინის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში ბინის გაყიდვას შევძლებ, თუ უნდა დაველოდო მის სრულწლოვანებას?
- ბავშვის
ქონების
განკარგვის მოთხოვნით უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ნებართვა. მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეძლებთ 18 წლამდე მისი ქონების განკარგვას. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის უფლებების შესაბამისად.
5 წლის წინ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელად დამეკისრა 2000-ლარიანი ჯარიმა, რაც არ გადამიხდია, ამიტომ გადავიდა აღსრულებაში, რაც ასევე დღემდე არ გადახდილა. როგორც გავიგეთ, გამოვიდა ამნისტია და ამნისტირებულ მუხლებს შორის წერია ეს მუხლიც. ხომ არ გავრცელდება ეს ამნისტიაც ჩვენზე და სად შეიძლება ამის გარკვევა, რომ ავიღოთ ცნობა და წარვადგინოთ აღსრულებაში, რათა მოიხსნას ჯარიმა.
- დიახ
ვრცელდება არასაპატიმრო სასჯელებზეც. რადგან საქმე უკვე აღსრულებაშია, უნდა მიმართოთ საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დავწერე განცხადება და ვითხოვდი სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეეყვანა ჩვენი ოჯახი, რადგან ვართ უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა შემოწმების შედეგად მომივიდა მაღალი ქულები. მაინტერესებს, როგორ ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულის გასაჩივრება?
- ოჯახს,
რომელიც
მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება. ოჯახმა ხელახალი გადამოწმება შემწეობის მისაღებად შეიძლება მოითხოვოს ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ხელახალი გადამოწმების დროს გამოიყენება პირველადი შემოწმების წესები, პროცედურები და ვადები. ოჯახის ხელახლა გადამოწმებაზე უარის ან ხელახლა გადამოწმების დროს მინიჭებულ ქულაზე კვლავ არდათანხმების შემთხვევაში, ოჯახს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სოციალური მომსახურების სააგენტოში (ცენტრალურ ოფისში). ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოშიც.
დავა მაქვს მეზობელთან მიწის გამო, ახლობელმა მირჩია მივმართო სანოტარო მედიაციას და ის დამეხმარება სასამართლოს გვერდის ავლით ამ პრობლემის მოგვარებაში. რამდენად რეალურია ეს გზა?
- დიახ,
სანოტარო
მედიაცია
დავის
მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. ასეთ დროს დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.
ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეები მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან და მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას. საბოლოოდ მისი დახმარებით შეთანხმებას აღწევენ. მედიაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ. თუ ამ გზას მიმართავთ, მოდავე მხარეებს აღარ მოგიწევთ სასამართლოში წასვლა. რაც შეეხება მომსახურების საზღაურს, ესეც განისაზღვრება მხარეებსა და ნოტარიუსს შორის მოლაპარაკების შედეგად. ეს არის ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი, მეორე მხარეც უნდა იყოს თანახმა, რომ ნოტარიუსმა გადაწყვიტოს დავა. მედიატორი ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და ეხმარება შეთანხმების მიღწევაში; დაცულია კონფიდენციალურობაც - ნოტარიუსს არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციისას გახდა ცნობილი; მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება. დავის მოგვარების შემდგომ ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით. ამ დოკუმენტით განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობანი.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები
Комментарии
Отправить комментарий