10 ქულიანი საშინაო დავალება- "ბეცი კურიერი''- "ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა''
კლეოპატრა
წულეისკირი ცხოვრობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაობრებში,სადაც ზაფხულის თვეებში
უამრავი ქვეწარმავალი ჩნდება.
კლეოპატრა
აპირებს „ყოველი შემთხვევისთვის’’ შეიძინოს გველის შხამის ანტიდოტი.
15 მაისს
რეკავს ქ. ახალციხის ცენტრში მდებარე აფთიაქში „სულისკვეთება’’ ,ტელეფონს პასუხობს აფთიაქის მეპატრონე ,ცნობილი აფთიაქარი იმხოტეპ მაისურაძე.
-გველის შხამის
ანტიდოტი რა ღირს ?
-გვაქვს
15-ლარიანი,20 -ლარიანი და 70 ლარიანი,რომელი გნებავთ?
-70 ლარიანი
გამომიგზავნეთ სოფელ ნაობრებში ,იულიუს ცისკარიძის 57 ნომერში!
-კეთილი,ჩვენი
კურიერი ხვალ 15 საათზე მოგიტანთ.
მეორე დღეს
იმხოტეპმა საწყობიდან გამოიტანა ანტიდოტი,შეფუთა და გადასცა კურიერს ტუტანხამონ მსწრაფლმავალიძეს.
ტუტანხამონი
ახლომხედველია. ეს იმხოტეპმაც იცის ,რადგან ისინი წლებია ერთად მუშაობენ.
ტუტანხამონმა
ნაობრებისკენ მიმავალ გზაზე ვერ შენიშნა შუქნიშნის წითელი სიგნალი და არ გაჩერდა, რის
გამოც შეეჯახა სხვა ავტომობილს.
ტუტანხამონის
ავტომობილი შეჯახების შედეგად აფეთქდა.ანტიდოტის ქილა გატყდა და დაიქცა.
საღამოს
18 საატზე იმხოტეპთან რეკავს კლეოპატრა და უხსნის რომ გველმა უკბინა ,რის გამოც სასწრაფოდ
წაიყვანეს საავადმყოფოში.
სამედიცინო
მომსახურება 300 ლარი დაჯდა.
ექიმების
თქმით,კლეოპატრას ,რომ ჰქონოდა ანტიდოტი ,პრობლემა მარტივად მოგვარდებოდა და სამედიცინო
ჩარევაც აღარ გახდებოდა საჭირო.
კლეოპატრა
ითხოვს ანტიდოტის გამოგზავნას და ზიანის ანაზღაურებას.
იმხოტეპი
უარს ამბობს,რადგან „ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და მისი ბრალი სულაც არაა ანტიდოტმა
,რომ ვერ მიაღწია ადრესატამდე’’ . იგი ითხოვს ანტიდოტის საფასურს.
ვისი მოთხოვნა
დაკმაყოფილდება ?
A. კლეოპატრას მოთხოვნა ანტიდოტის გამოგზავნის
თაობაზე სკ 477 I მუხლის
საფუძველზე.
შესაძლოა კლეოპატრას
ჰქონდეს ანტიდოტის გამოგზავნის მოთხოვნის უფლება სკ 477 I მუხლის
საფუძველზე.
საამისოდ
საჭიროა, რომ მოთხოვნა წარმოიშვას, არ შეწყდეს და იყოს განხორციელებადი.
I.
მოთხოვნის
წარმოშობა
მოთხოვნის წარმოშობისთვის
საჭიროა, რომ კლეოპატრასა და იმხოტეპს შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება
სკ 477 მუხლის მიხედვით.
ასეთი ხელშეკრულება
დაიდო 15 მაისს.
ამრიგად, კლეოპატრას
(მყიდველი) მოთხოვნა წარმოშობილია.
II.
მოთხოვნის
შეწყვეტა
შესაძლოა კლეოპატრას
მოთხვონა შემწყდარიყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო.
1. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა
ვალდებულების შესრულება
შეუძლებელია, როცა:
ა. შესრულების
საგანი გვაროვნული ნივთი არაა (სკ 382)
ბ. შესრულება ან
კონკრეტული მოვალისთვის (სუბიექტური შეუძლებლობა), ან ყველასათვის (ობიექტური შეუძლებლობა)
შეუძლებელია.
ა. შესრულების საგნის ბუნება
აა. შესრულების საგნის შეცვლადობა
საკითხავია,
არის თუ არა შესრულების საგანი (70 ლარიანი ანტიდოტი) გვაროვნული ნივთი.
სკ 382-ის
თანახმად, გვაროვნულია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება.
მოცემულ შემთხვევაში
საქმე ეხება ანტიდოტს, რომელიც გამყიდველმა გამოჰყო საწყობიდან.
საწყობი ყოველთვის
გულისხმობს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა (რომლებიც არ ჩანს ამ კაზუსში), რომ ნივთი
დაკონკრეტებული არაა და შესრულების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი ნივთი
ამ გვარიდან.
შესაბამისად,
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გვაროვნული ნივთი.
ბბ. გვაროვნული ნივთის დაკონკრეტება
გვაროვნული
ნივთის დაკონკრეტება ნიშნავს ვალდებულების შესრულების კონკრეტული საგნით შეზღუდვას.
გვაროვნული
ნივთის დაკონკრეტება ხდება მაშინ, როცა მოვალე ყველა საჭირო მოქმედება განახორციელებს
ვალდებულების შესასრულებლად.
თუ რა ჩაითვლება
ყველა საჭირო მოქმედების განხორციელებად, დამოკიდებულია ვალდებულების ხასიათზე („წამოღების“,
„მიტანის“, „გაგზავნის“ და ა.შ.).
მოცემულ შემთხვევაში
მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმხოტეპი კლეოპატრას ანტიდოტს გამოუგზავნიდა.
გაგზავნის
ვალდებულებისას მოვალემ ნივთი გადამზიდავს პირს უნდა გადასცეს ტრანსპორტირებისთვის.
სწორედ ამ მომენტში კონკრეტდება გვაროვნული ნივთი და მისი განადგურებისას კრედიტორის
მოთხოვნა გამოირიცხება ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო.
იმხოტეპმა
გადამზიდავ პირს, ტუტანხამონს, გადასცა შესრულების საგანი, რათა გაეგზავნა ის კლეოპატრასთვის.
ამრიგად,
მოცემულ შემთხვევაში მოხდა შესრულების საგნის დაკონკრეტება იმხოტეპის მიერ და მისი
ვალდებულება კლეოპატრას მიმართ მხოლოდ კონკრეტული საგნით შემოიფარგლება.
ბ. საკუთრივ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა
იმისთვის,
რათა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა იყოს სახეზე, იგი ან მოვალისთვის (სუბიექტური),
ან ყველასთვის (ობიექტური) უნდა იყოს შეუძლებელი შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში
დაკონკრეტებული შესრულების საგანი (იხ. A II 1
ა ბბ) განადგურებულია ავარიის შედეგად და მისი გადაცემა შეუძლებელია, რამდენადაც ანტიდოტის
ქილა გატყდა და დაიქცა.
შესაბამისად,
სახეზეა შესრულების ობიექტური შეუძლებლობა.
შუალედური
დასკვნა: კლეოპატრას მოთხოვნა იმხოტეპის მიმართ ანტიდოტის გამოგზავნის თაობაზე შეწყდა
ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის გამო.
III.
საბოლოო დასკვნა: კლეოპატრას არა აქვს უფლება,
მოითხოვოს იმხოტეპისაგან ანტიდოტის გამოგზავნა სკ 477 I მუხლის საფუძველზე.
B. იმხოტეპის მოთხოვნა კლეოპატრასაგან
ანტიდოტის საფასურის გადახდის თაობაზე სკ 477 II მუხლის საფუძველზე.
შესაძლოა
იმხოტეპს ჰქონდეს კლეოპატრასაგან ანტიდოტის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება სკ
477 II მუხლის საფუძველზე.
საამისოდ
საჭიროა, რომ მოთხოვნა წარმოიშვას, არ შეწყდეს და იყოს განხორციელებადი.
I.
მოთხოვნის
წარმოშობა
მოთხოვნის წარმოსაშობად
საჭიროა, იმხოტეპსა და კლეოპატრას შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება სკ
477-ე მუხლის შესაბამისად.
ასეთი ხელშეკრულება
დაიდო 15 მაისს.
ამრიგად, იმხოტეპის
მოთხოვნა წარმოშობილია.
II.
მოთხოვნის
შეწყვეტა
იმხოტეპის
მოთხოვნა შესაძლოა შეწყვეტილიყო სკ 406-ის უკუდასკვნიდან გამომდინარე საპასუხო მოთხოვნის
გამორიცხულობის საფუძველზე.
1. ორმხრივი ხელშეკრულება
სკ 406-ე
მუხლში ორმხრივი ხელშეკრულება გულისხმობს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას,
რომლის დროსაც ორივე მხარეს აკისრია ვალდებულება მეორის მიმართ.
იმხოტეპსა
და კლეოპატრას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს აკისრებს ვალდებულებას
მეორის მიმართ.
ამრიგად,
სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება.
2. გათავისუფლება საპასუხო ვალდებულებისაგან
საჭიროა,
რომ იმხოტეპი გათავისუფლებული იყოს ვალდებულებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში
იმხოტეპი გათავისუფლებულია ვალდებულებისაგან შესრულების შეუძლებლობის გამო (იხ.
A II).
3. მეორე მხარის არაბრალეულობა
ამ მოთხოვნის
შესაწყვეტად საჭიროა, რომ მეორე მხარე არ იყოს ბრალეული შესრულების შეუძლებლობის მდგომარეობის
შექმნაში.
კაზუსის ფაბულიდან
იკვეთება, რომ კლეოპატრას არანაირი ბრალი არ მიუძღვის ანტიდოტის განადგურებაში.
შუალედური
დასკვნა: იმხოტეპის მოთხოვნა კლეოპატრასაგან საფასურის გადახდის თაობაზე გამორიცხულია
სკ 406-ე მუხლის უკუდასკვნის საფუძველზე.
III.
საბოლოო დასკვნა: იმხოტეპს არა აქვს უფლება,
მოითხოვოს კლეოპატრასაგან საფასურის გადახდა სკ 477 II მუხლის საფუძველზე.
C. კლეოპატრას მოთხოვნა იმხოტეპისაგან
ზიანის ანაზღაურების თაობაზე სკ 394.1 მუხლის საფუძველზე.
შესაძლოა კლეოპატრას ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმხოტეპისაგან
სკ 394.1 მუხლის საფუძველზე
საამისოდ საჭიროა, რომ მოთხოვნა წარმოიშვას, არ შეწყდეს და იყოს განხორციელებადი.
I.
ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობა
ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი წინაპირობები:
1. მოვალე 2. ვალდებულებას არღვევს 3. ბრალეულად და 4. ზიანს 5. მიზეზობრივად იწვევს
1. მოვალე (“ვალდებულებითი ურთიერთობა”)
ვალდებულებითი
ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას ან ხელშეკრულების, ან კანონის საფუძველზე (სკ 317
I).
მოცემულ შემთხვევაში
იმხოტეპსა და კლეოპატრას შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც
მხარეებმა იკისრეს ურთიერთვალდებულებები.
შესაბამისად,
ვალდებულებითი ურთიერთობა სახეზეა.
2. ვალდებულების დარღვევა
ვალდებულების
შესრულების შეუძლებლობა ყოველთვის გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.
მოვალე ვალდებულია,
რომ არ გახადოს ვალდებულების შესრულება შეუძლებელი.
შესრულების
ობიექტური შეუძლებლობა სახეზეა (იხ. A II).
შესაბამისად,
მოვალის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულია.
3. ბრალი
სკ 394.1
მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს.
სკ 395 I მუხლის
თანახმად პასუხისმგებლობის
საფუძვლად განსაზღვრულია განზრახვა ან გაუფრთხილებლობა.
იმხოტეპი
ვალდებული იყო, დაეცვა წინდახედულობის ნორმები, უსაფრთხო მდგომარეობაში გაეგზავნა ანტიდოტი
და შესრულების საგნის გადამზიდველ პირად არ აერჩია ახლომხედველი კურიერი, რომელიც საგზაო
მოძრაობის წესებს სათანადოდ ვერ დაიცავდა მხედველობის ნაკლის გამო.
იმხოტეპმა
იცოდა, რომ მისი კურიერი ბეცი იყო, რაკი მასთან ერთად წლები მუშაობდა.
შესაბამისად,
იმხოტეპის ქმედება ბრალეულია (კერძოდ, თვითიმედოვნება) და მას პასუხისმგელობა დაეკისრება.
4. ზიანი
ზიანი არის ნებისმიერი
ქონებრივი ან ფიზიკური დანაკლისი, რომელიც პირმა გარკვეული მოვლენის შედეგად განიცადა.
16 მაისს, 18 საათზე,
კლეოპატრას შხამიანმა გველმა უკბინა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედეცინო
მომსახურება 300 ლარი დაუჯდა.
შესაბამისად, ანტიდოტის
უქონლობის გამო, კლეოპატრა ფიზიკურად დაზიანდა და ამ მიზეზით ქონებრივი დანაკლისიც
მიიღო 300 ლარის ოდენობით, რაც მოხმარდა მკურნალობის ხარჯებს.
ამდენად, ზიანი
სახეზეა და იგი შეადგენს 300 ლარს.
5. მიზეზობრივი კავშირი
სკ 412-ე მუხლის
მიხედვით, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის მაშინ
არსებობს, როცა ა. ზიანის დადგომა წარმოადგენდა დარღვევის უშუალო შედეგს და ბ. ზიანი
წინასწარ იყო სავარუდო.
ა. უშუალო შედეგი
არის თუა რა ზიანი
უშუალო შედეგი, უნდა დადგინდეს “რომ არა ქმედება, შედეგი არ იქნებოდა” ფორმულით.
მოცემულ შემთხვევაში,
რომ არა ვალდებულების დარღვევა, კლეოპატრას არ მოუწევდა 300 ლარის ოდენობის თანხის
დახარჯვა სამკურნალოდ. კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, რომ, ექიმების
თქმით, კლეოპატრას, რომ ჰქონოდა ანტიდოტი, პრობლემა მარტივად მოგვარდებოდა და სამედიცინო
ჩარევაც აღარ გახდებოდა საჭირო, შესაბამისად, დანახარჯიც.
ამრიგად, ზიანი
წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის უშუალო შედეგს.
ბ. “წინასწარ სავარაუდო’’
წინასწარ სავარაუდოობაში
უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ზიანი არ უნდა იყოს ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან
სრულად მოულოდნელი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე.
იმ პირობებში,
როცა ანტიდოტის გადაცემა შეუძლებელი გახდა, ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე,
მოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულის თვეების მოახლოებისას (როცა, კაზუსის თანახმად, უამრავი
ქვეწარმავალი ჩნდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაობრებში) და ახალანტიდოტის
უქონლობისას გველების მიერ ნაკბენი კლეოპატრა გადასაყვანი გახდებოდა საავადმყოფოში,
სადაც მას დასჭირდებოდა გაცილებით მეტი მკურნალობის ხარჯების გაწევა საკუთრივ ანტიდოტის
შეძენის ხარჯებთან მიმართებით.
შესაბამისად, დამდგარი
ზიანი ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით წინასწარ იყო სავარაუდო სკ 412-ე მუხლის გაგებით.
შუალედური დასკვნა:
კლეოპატრას მოთხოვნა იმხოტეპის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოიშვა.
II.
მოთხოვნის
შეუწყვეტელობა და განხორციელებადობა
კაზუსის ფაბულიდან
არ იკვეთება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეუწყვეტელობისა და განხორციელებადობის
გარემოებები.
III.
საბოლოო დასკვნა: კლეოპატრას აქვს იმხოტეპისაგან
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სკ 394.1-ის საფუძველზე.
Комментарии
Отправить комментарий