მუხლი „მხარეთა განცხადებები და გარანტიები“

 

მუხლი  „მხარეთა განცხადებები და გარანტიები

 

·        მხარეთა განცხადებებისა და გარანტიების შესახებ მუხლი, როგორც წესი, ხელშეკრულებაში, საჭიროების მიხედვით, განისაზღვრება ხელშეკრულების ძირითადი ნაწილის შესავლის დასაწყისში, ხელშეკრულების საგნის’’ მუხლისა  და, არსებობის შემთხვევაში, „ხელშეკრულების მიზნის’’ მუხლის , შემდგომ.

·        მუხლში „განცხადებებ და გარანტიები მხარე ადასტურებს იმგვარ ფაქტსა თუ გარემოებას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვსა)ხელშეკრულებისათვის ანდა ბ)მეორე მხარისათვის და, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილებას.

·        მაგალითად, ქვექირავნობის ხელშეკრულებაში  მუხლში „განცხადებებ და გარანტიები გამქირავებელი’’ აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ ქირავნობის საგნის კანონიერი მფლობელია და გააჩნია ქვექირავნობის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება.

·        ასევე, მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულებაში ,მუხლში „განცხადებებ და გარანტიები , მყიდველი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ დეტალურად შეამოწმა ნასყიდობის საგნის ნივთობრივი მდგომარეობა და ადასტურებს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ნასყიდობის საგანს არა აქვს ვიზუალური დეფექტი.

·        ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ განცხადებები და გარანტიები მხარის მიერ ერთგვარად „ფიცის დადებაა“ იმ ფაქტის ან გარემოების შესახებ, რომელსაც მტკიცებულებითი მნიშვნელობა გააჩნია, სხვა სიტყვებით  ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარე ადასტურებს წერილობით მის მიერ გაცხადებულ  იმ ფაქტსა თუ გარემოებას, რასაც ხელშეკრულებისათვის ანდა მეორე მხარისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

·        საერთოდ  , ერთ-ერთი მხარის რაიმე განცხადებისა და გარანტიის ფორმულირება ხდება შემდეგი სახით:

 

·        მხარე აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ ________ [ამ  ადგილზე იწერება იმ გარემოებაზე ან ფაქტზე მითითება, რომელზედაც ვრცელდება ეს განცხადება და გარანტია,რასაც მეორე მხარისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ] ‘’.

 

·        მაგრამ,თუ ერთი და იგივე განცხადება და გარანტია ორივე მხარეზე ვრცელდება, სტრუქტურირების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, ამგვარი განცხადება და გარანტია გაერთიანდეს მუხლში „მხარეების განცხადებებსა და გარანტიებში იმის ნაცვლად, რომ ერთი და იგივე შინაარსის განცხადება და გარანტია თითოეულ მხარეზე ცალ-ცალკე განისაზღვროს და განმეორდეს.

 

 

 

 

 

 

მაგ1.   მუხლი „განცხადებები და გარანტიები

 

არასწორია

სწორია

მუხლი 2. განცხადებები და გარანტიები

 

1.1. „დამკვეთი“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება, იკისროს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა „ხელშეკრულების“ ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით.

 

1.2. „შემსრულებელი“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება, იკისროს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა „ხელშეკრულების“ ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით.

მუხლი 2. განცხადებები და გარანტიები

 

1. „მხარეები“ აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ გააჩნიათ იურიდიული უფლებამოსილება, იკისრონ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა „ხელშეკრულების“ ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნი

 

 

 

·        განცხადებებისა და გარანტიების ფორმირებისას, კარგად უნდა გავიაზროთ განცხადებებისა და გარანტიების ‘’ მნიშვნელობა და მხარის განცხადება და გარანტია უნდგავმიჯნოთ მხარის ვალდებულებისგან.’’

·         მაგალითად, არასწორია ნასყიდობის ხელშეკრულებაშიმყიდველის განცხადებისა და გარანტიის შემდეგი სახით ფორმულირება: მყიდველი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ გადაიხდის ნასყიდობის ფასს. [ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასის გადახდა მყიდველის ვალდებულებაა და არა განცხადება და გარანტია. ]

·        სესხის ხელშეკრულებაში მსესხებლის ვალდებულებაა, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად, თუმცა, განცხადებებსა და გარანტიებში’’[მუხლში] შეიძლება განისაზღვროს მსესხებლის განცხადება და გარანტია’’, რომ სესხის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ მონაწილეობს არც ერთ იმგვარ სასამართლო ან/და საარბიტრაჟო დავაში, რომლითაც შეიძლება, საფრთხე შეექმნას მის აქტივებს ან/და მის მიერ გამსესხებლის წინაშე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.

·        მხარის ან/და მხარეების განცხადებებისა და გარანტიების’’ განსაზღვრასთან ერთად, როგორც წესი, განცხადებებისა და გარანტიების მუხლი მოიცავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ განცხადებებსა და გარანტიებთანაა დაკავშირებული.

 

 

 

·        მაგალითად:

 

თითოეული მხარე ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ განცხადებებსა და გარანტიებთან ან/და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

 

 

·        განცხადებებისა და გარანტიების’’ საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია სუროგაციის ხელშეკრულებაში სუროგატი დედის განცხადებები და გარანტიები, რომლითაც სუროგატი დედა ადასტურებს იმგვარ გარემოებებს, რომელთა დადასტურების გარეშე პოტენციურ მშობლებს შეიძლება არ დაედოთ სუროგაციის ხელშეკრულება სუროგატ დედასთან.

·        მაგალითად, პოტენციური მშობლები არ მიიღებდნენ სუროგაციულ მომსახურებას სუროგატი დედისგან, თუ ა)მას არ აქვს მშობიარობის გამოცდილება და ბ)არ ჰყავს საკუთარი ბიოლოგიური შვილი.

 

 

მაგ 5: სუროგატი დედის განცხადებები და გარანტიები

 

შენიშვნა:

·        ქვემოთ საილუსტრაციოდ მოყვანილია სუროგაციის ხელშეკრულებაში მხარეთა განცხადებების და გარანტიების ‘’ მე-3 მუხლიდან   სუროგატი დედის განცხადებები და გარანტიები.’’

·         იგივე ხელშეკრულება შეიცავს  ტერმინთა განმარტების მუხლს, სადაც განმარტებულია ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები.

·         ტერმინების განმარტებისათვის გამოყენებულია ტერმინის „ბოლდით“ [მუქი შრიფტით]გამოყოფა.

3.1. სუროგატი დედა აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

 

 3.1.1.იგი არის ქმედუნარიანი პირი და გააჩნია ამ ხელშეკრულების დადებისა და შესრულების სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა;

 

 3.1.2.გააჩნია მშობიარობის გამოცდილება და ჰყავს საკუთარი ბიოლოგიური შვილი;

 

3.1.3.ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, არ მონაწილეობს არც ერთ დავაში [მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით], რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას მის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

 

3.1.4.არ არის ნასამართლევი, არ აქვს ჩადენილი დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა;

 

3.1.5.მისი ქმედება არ არის/არ იქნება მიმართული პოტენციური მშობლების მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ პოტენციური მშობლებისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის, ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას;

 

3.1.6.ხელშეკრულების დადების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია მის მიერ ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის, მოტყუების ან/და მუქარის გარეშე და არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ხელშეკრულების აღსრულებას და არ არსებობს მესამე პირ(ებ)ი, რომლის თანხმობაც საჭირო იქნებოდა ამ ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

 

3.1.7. იგი ფაქტობრივად ჯანმრთელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს რაიმე ისეთი დაავადება, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სუროგაციის პროცესის ჯეროვნად განხორციელებაზე;

 

3.1.8.იგი სრულად აცნობიერებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიზნებსა და შედეგებს, რის შესახებაც მას ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო დეტალური სამედიცინო და იურიდიული კონსულტაცია შემდეგზე:

 

(ა). სრულად არის ინფორმირებული ექიმის მიერ:

 

(1) სუროგაციისათვის აუცილებელი სამედიცინო პროცედურების, მათ შორის საჭირო მედიკამენტების, მედიკამენტების მიღების წესის, ორსულობის წარმოების, მისი გართულებებისა და შესაძლო შედეგების შესახებ, მათ შორის ტყუპ ნაყოფზე ორსულობის განვითარების შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ერთი ემბრიონის გადატანის შემთხვევაშიც; და

(2) ყველა იმ შესაძლო სამედიცინო რისკზე, რაც დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ორსულობასთან, მშობიარობასა და მშობიარობის შემდგომ გართულებებთან, მათ შორის მასზე, რომ ემბრიონ(ებ) ის გადატანას შესაძლოა მოჰყვეს შემდგომი გართულებები:

 

i.                 დისკომფორტი, აღმავალი ინფექცია, სისხლდენა;

ii.               მრავალნაყოფიანი ორსულობა  და მასთან დაკავშირებული რისკები, როგორიცაა რედუქცია, ნაადრევი მშობიარობა, საკეისრო კვეთა;

iii.              საშვილოსნოს გარე ორსულობა, რაც საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას;

iv.              პლაცენტის ნაადრევი აშრევება, რაც საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას;

v.                 ორსულობის შეწყვეტა (თვითნებური აბორტი, საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა, ჰისტერექტომია/ოვარექტომია);

vi.              ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები.

 

(ბ). იურისტისგან მიღებული აქვს იურიდიული კონსულტაცია ამ ხელშეკრულების საფუძველზე სუროგაციის სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, ასევე, სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით:

 

 (1) სრულად არის ინფორმირებული, რომ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვ(ებ)ის მშობლებად მიიჩნევიან პოტენციური მშობლები აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობითა და უფლებამოსილებით და სუროგატ დედას არა აქვს ბავშვ(ებ)ის მშობლად ცნობის უფლება, ისევე, როგორც არ გააჩნია რაიმე სხვა უფლება ბავშვ(ებ)ის მიმართ;

 

(2) ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ბავშვ(ებ)ის დაბადების შემთხვევაში ბავშვ(ებ)ის დაბადების რეგისტრაციისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში პოტენციური მშობლების მშობლებად ჩაწერისათვის საჭიროა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების წარმოება სამოქალაქო რეესტრში და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი მხრიდან სუროგაციასთან დაკავშირებული, მათ შორის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სუროგაციული შეთანხმებებისა და სამედიცინო პროცედურების განხორციელების, ფაქტების დადასტურება, მათ შორის ბავშვ(ებ)ის დაბადების სააქტო ჩანაწერში პოტენციური მშობლების ჩაწერაზე სამოქალაქო რეესტრის უარის შემთხვევაში სასამართლოში საქმის წარმოებისას, მისი მხარედ, მესამე პირად ან მოწმედ ჩართვა.

 

3.1.9.სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ სუროგაციის შესახებ ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური;

 

3.1.10.სრულად არის ინფორმირებული და ადასტურებს, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი, როგორც სუროგატი დედის, მიმართ სუროგაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება, ემბრიონ(ებ)ის გადატანის შედეგად მისი ორსულობის შემთხვევაში კი – ორსულობის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მშობიარობა – სამშობიარო დაწესებულებაში და, რომ სუროგატ დედას არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ან ემბრიონ(ებ)ის გადატანისათვის, სუროგატი დედის ორსულობის მიმდინარეობისათვის ან/და მშობიარობისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევა სხვა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში პოტენციური მშობლების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

 

3.1.11.ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის მას არ დაუწყია ან/და არ აწარმოებს მოლაპარაკებას ნებისმიერ მესამე პირ(ებ) თან სხვა ნებისმიერი მესამე პირ(ებ)ის სასარგებლოდ სუროგაციასთან დაკავშირებით, არ იმყოფება სუროგაციასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მესამე პირ(ებ)თან.

 

3.2. სუროგატი დედა აცხადებს და აცნობიერებს, რომ პოტენციური მშობლები მხოლოდ სუროგატი დედის განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებენ და შეასრულებენ ხელშეკრულებას.

შენიშვნა:

განცხადებებისა და გარანტიების ზემოაღნიშნულ მუხლში ასახული შინაარსის უკეთ გააზრების მიზნით საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ იმავე ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების მუხლიდან იმ ტერმინების განმარტებას, რომლებიც განცხადებებისა და გარანტიების შესახებ მუხლშია გამოყენებული (იხ. ქვევით).

ბავშვ(ებ)ი : ემბრიონ(ებ)ის გადატანის შედეგად სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვ(ებ)ი.

 

ემბრიონ(ებ)ი : ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად ლაბორატორიულ პირობებში მიღებული ემბრიონი [კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგი ნაყოფის ჩამოყალიბებამდე].

 

ემბრიონ(ებ)ის გადატანა:ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონ(ებ)ის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში.  

 

კანონმდებლობა: საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

 

 

მესამე პირ(ებ)ი : ნებისმიერი პირი, გარდა სუროგატი დედისა ან/ და პოტენციური მშობლებისა

 

პირ(ებ)ი : ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს.

 

პოტენციური მშობლები: პოტენციური დედა და პოტენციური მამა ერთობლივად.

 

სამედიცინო დაწესებულება: პოტენციური დედის ან/და პოტენციური მამის მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება, სადაც ხორციელდება სუროგაციასთან, მათ შორის სუროგატი დედის ორსულობის მიმდინარეობის მონიტორინგთან, დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება/პროცედურები.

 

სამოქალაქო რეესტრი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სამოქალაქო რეესტრის სამსახური), რომელიც ახორციელებს საქართველოში დაბადების რეგისტრაციას.

 

 სამშობიარო დაწესებულება: პოტენციური დედის ან/და პოტენციური მამის მიერ შერჩეული სამშობიარო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს (ხორციელდება) სუროგატი დედის მშობიარობა.

 

სუროგაცია: პროცესი, რომლის განმავლობაშიც წარმოებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში სუროგატი დედის მომზადება სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონ(ებ)ის გადატანის მიზნით, სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონ(ებ)ის გადატანა და გამოზრდა [ორსულობა] პოტენციური მშობლებისათვის ბავშვ(ებ)ის გაჩენის მიზნით და, რომლის შედეგადაც დაბადებული ბავშვ(ებ)ის მშობლები არიან პოტენციური დედა და პოტენციური მამა

 

ხელშეკრულება ან სუროგაციის ხელშეკრულება :მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულება.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

 

სავარჯიშო #18 (პასუხით)

·        თქვენმა კლიენტმა, რომელიც ყიდის უძრავ ქონებას, გადმოგიგზავნათ მყიდველის ადვოკატის მიერ მომზადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

·        ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მხარეთა განცხადებებისა და გარანტიების მუხლი ან რაიმე პირობა გაცხადებებისა და გარანტიების შესახებ.

·         ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, სადაც რამდენიმე ვალდებულება რეალურად განცხადება და გარანტიაა და არასწორადაა განსაზღვრული, როგორც ვალდებულება (იხილეთ ქვევით).

 

მყიდველის ადვოკატის მიერ მომზადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მუხლი 2

 

 

მუხლი 2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

 

2.1. გამყიდველის ვალდებულებები:

 

 2.1.1.გამყიდველი ვალდებულია:

 

2.1.1.1. დაადასტუროს, რომ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება, იკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს საჭირო ზომები ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით;

 

2.1.1.2. დაადასტუროს, რომ მყიდველს მიაწოდა სრული ინფორმაცია მასზე, რომ ნასყიდობის საგანი არ არის სადავო, არ ადევს ყადაღა, არ არის დატვირთული რაიმე ვალდებულებით, ნასყიდობის საგანი არ წარმოადგენს თანასაკუთრების საგანს.

 

 2.1.1.3. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მყიდველს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ განცხადებებსა და გარანტიებთან ან/და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

 

 2.1.1.4. საკუთრებაში გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი შემდეგი მახასიათებლებით: მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ნუცუბიძე #400; საკადასტრო კოდი: 01.00.00.000.000.00.000; საკუთრება: ფართი ბინა #18; 107.30 კვ.მ;

 

2.1.1.5. ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში;

 

2.1.1.6. ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემისას გადაიხადოს მის გადაცემამდე ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა გადასახადი და მოთხოვნის შემთხვევაში მყიდველს წარუდგინოს დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

 

2.1.1.7. შეასრულოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი სხვა ვალდებულებები.

 

 2.2. გამყიდველის უფლებები:

 

2.2.1.გამყიდველს უფლება აქვს:

 

2.2.1.1. მოსთხოვოს მყიდველს ნასყიდობის საგნის ფასის გადახდა 113 000 (ას ცამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“) გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად;

 

2.2.1.2. ნაღდი ანგარიშსწორებისას, გააფორმოს მყიდველთან მიღება-ჩაბარების აქტი;

 

2.2.1.3. ისარგებლოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი სხვა უფლებებით.

2.3. მყიდველის ვალდებულებები:

 

2.3.1.მყიდველი ვალდებულია:

 

2.3.1.1. დაადასტუროს, რომ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება, იკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და შესრულების მიზნით;

 

2.3.1.2. დაადასტუროს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მან დეტალურად შეამოწმა ნასყიდობის საგნის ნივთობრივი მდგომარეობა, იგი მისაღებია მისთვის და არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია ნასყიდობის საგნის ნივთობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

2.3.1.3 დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს გამყიდველს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ განცხადებებსა და გარანტიებთან ან/და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;

 

2.3.1.4. გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი 113 000 (ას ცამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად;

 

2.3.1.5. გადაუხადოს გამყიდველს ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე ნაღდი ანგარიშსწორების წესით;

 

2.3.1.6. ნაღდი ანგარიშსწორებისას გააფორმოს გამყიდველთან მიღება-ჩაბარების აქტი;

 

2.3.1.7. შეასრულოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი სხვა ვალდებულებები.

 

2.4. მყიდველის უფლებები:

 

2.4.1.მყიდველს უფლება აქვს:

 

2.4.1.1. მოსთხოვოს გამყიდველს ნასყიდობის საგნის მისთვის საკუთრებაში გადაცემა;

 

2.4.1.2. მოსთხოვოს გამყიდველს ნასყიდობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობაში მისთვის გადაცემა საჯარო რეესტრში ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში;

 

2.4.1.3 მოსთხოვოს გამყიდველს ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემისას გადაცემამდე ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გადახდა და მისი მოთხოვნის შემთხვევაში დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მისთვის წარდგენა.

 

2.4.1.4. ისარგებლოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი სხვა უფლებებით.

 

 დავალება:

 

·        გამოყავით მხარეთა უფლება-მოვალეობები, სადაც რამდენიმე ვალდებულება რეალურად განცხადება და გარანტიაა, და არასწორადაა განსაზღვრული, როგორც ვალდებულება;

 

·        შექმენით მუხლი განცხადებები და გარანტიები და მოდიფიცირებული სახით გადაიტანეთ თქვენ მიერ გამოყოფილი პირობები, როგორც მხარის ანდა მხარეების განცხადებები და გარანტიები.

 

 

სავარჯიშო #19 (პასუხის გარეშე)

თქვენი კლიენტია სესხის ხელშეკრულებაში გამსესხებელი იურიდიული პირი.

 

დავალება: ჩამოაყალიბეთ სესხის ხელშეკრულებაში განცხადებებისა და გარანტიების მუხლი შესაბამისი პირობები

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები