ხელშეკულების შედგენის ზოგადი პრინციპები- ზ.კორძაძენ. ბოგვერაძე"ხელშეკრულების შედგენა''

 


სახელმძღვანელოს მიზანი

·        იურისტს, ისევე როგორც სხვა პროფესიების წარმომადგენლებს, ესაჭიროება იმ უნარ-ჩვევების შეძენა თუ განვითარება, რომლებიც აუმჯობესებს მისი საქმიანობის ხარისხს და შესაბამისად, პროფესიულ დონეს.

·        ამგვარ ჩვევებში ერთ-ერთ მთავარ უნარს წარმოადგენს ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გულისხმობს როგორც ზეპირ, ისე წერით ურთიერთობებს.

·         წერით კომუნიკაციას იურიდიულ პროფესიაში უწოდებენ სამართლებრივ წერას, რომელიც სხვა იურიდიულ დოკუმენტებთან ერთად, ხელშეკრულებების მომზადების უნარსაც მოიცავს.

·        მოცემული სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ მკითხველს წერითი კომუნიკაციის ისეთი მნიშვნელოვანი უნარის გამომუშავებასა თუ სრულყოფაში, როგორიცაა ხელშეკრულების შედგენა’’.

·        სახელმძღვანელოს შექმნისას მაქსიმალურად ვეცადეთ მისი შინაარსი მარტივად აღქმადი და გასაგები გაგვეხადა.

·        სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და დამწყები იურისტებისთვის და მიზნად ისახავს, ხელშეკრულებების შედგენისას სახელშეკრულებო სამართლის სფეროში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების სწავლებას.

·        სახელმძღვანელო მოიცავს ა)სხვადასხვა სახის ხელშეკრულების ეფექტურად შედგენის ძირითად პრინციპებსა და ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, და ბ)იძლევა ხელშეკრულების ჩამოყალიბების დროს გასათვალისწინებელ პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

·        სახელმძღვანელო არ არის ორიენტირებული რომელიმე კონკრეტული ხელშეკრულების შედგენის სწავლებაზე.

·        მისი მიზანია ახალბედა სპეციალისტის სამართლებრივი და ლინგვისტური მიდგომების ჩვენება, ხელშეკრულების შედგენის ძირითადი პრინციპების შეთავაზება, უპირველეს ყოვლისა კი, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, ხელშეკრულების სხვადასხვა პირობის ფორმულირებაში დახმარება, რაც ნებისმიერი ხელშეკრულების შედგენის პროცესშია გამოსადეგი.

·        ხელშეკრულებაზე მომუშავე იურისტს აუცილებლად უნდა ახსოვდეს ორი რამ:

 

1.    ხელშეკრულება, რომელშიც პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, სრულყოფილი არ არის’’

და

2.    ხელშეკრულების დადების მიზანი ისაა, რომ მხარეთა შორის დავის შემთხვევაში დავის განმხილველმა ორგანომ ზუსტად და ნათლად გაიგოს მხარეთა შეთანხმების არსი’’

 

·        სახელმძღვანელო უფრო მეტად რეკომენდაციებია, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაა და არა აქვს პრეტენზია, რომ ხელშეკრულებები მარტო მასში მითითებული და განხილული წესებით მომზადდეს.

·        ის უფრო მეტად უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული და იურისტს უტოვებს სივრცეს, თავად გამოიმუშაოს საკუთარი სტილი და ხელწერა ხელშეკრულებების მომზადების საქმეში.

·        სახელმძღვანელოში წარმოდგენილია პრაქტიკული რეკომენდაციები, ა)როგორ მოვემზადოთ ხელშეკრულების შესადგენად, ბ)შევაგროვოთ ხელშეკრულების შედგენისათვის აუცილებელი ინფორმაცია, გ) გავიგოთ და გავაანალიზოთ იმ კონკრეტული ურთიერთობის სპეციფიკური ასპექტები, რომელსაც ეფუძნება ხელშეკრულება და რომლის აღსრულებისკენაც ისწრაფვიან მხარეები. დ)გარდავქმნათ მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების პირობებში, ე)ინდივიდუალურ სიტუაციაში განვსაზღვროთ ხელშეკრულების კონკრეტული სტრუქტურა და ვ)ვიზრუნოთ მის სტილისტიკურ მხარესა და ზ)ვიზუალზე. თ)ხელშეკრულების პირობები ჩამოვაყალიბოთ გარკვევით და მინიმუმამდე დავიყვანოთ ყოველგვარი ბუნდოვანება. ი)გავითვალისწინოთ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სამართლებრივი რეგულაციები და, არსებობის შემთხვევაში, მასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა.

 

სახელმძღვანელოს სტრუქტურა

·        სახელმძღვანელო შედგება ექვსი თავისგან, თავები დაყოფილია ქვეთავებად, რომლებიც შესაბამისი თავის შინაარსის ფარგლებში, კონკრეტულ თემას ეხება.

·        სახელმძღვანელოს პირველ თავში (I. ხელშეკრულების შედგენის ზოგადი პრინციპები) საუბარია იმ წინაპირობებსა და ტრანზაქციების არსებით ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ხელშეკრულების მომზადების დაწყებამდე.

·        წიგნის მომდევნო თავი (II. იურისტის როლი ხელშეკრულების შექმნის პროცესში) აღწერს ხელშეკრულების მომზადების პროცესის ეტაპებს. მნიშვნელოვანია, რომ იურისტმა არა მხოლოდ გააცნობიეროს ხელშეკრულების შექმნის პროცესის თითოეული ეტაპის არსებითი ელემენტები, არამედ დაიცვას ამ ეტაპების თანმიმდევრულობაც.

·        სახელმძღვანელოს მესამე თავი (თავი III. ხელშეკრულების ფორმირების პრინციპები) ეხება ხელშეკრულების შექმნის პრინციპებს და ტესტობრივ რეკომენდაციებს, მათ შორის ტერმინთა განმარტებას, კავშირების („ან“, „და“ და „ან/და“) გამოყენებას, სახელშეკრულებო პირობებში გამოსაყენებელ ფრაზებსა და სიტყვებს, ხელშეკრულების სამუშაო ვერსიების დათარიღებას, გრამატიკულ დროსა და გვარს.

·         წიგნის მეოთხე თავი (IV. ხელშეკრულების ფორმატირება) ეძღვნება ხელშეკრულების ვიზუალურ მხარეს ანუ ისეთ ელემენტებს, რომლებიც ქმნიან და პასუხისმგებელნი არიან ხელშეკრულების გარეგნული იერსახის შექმნაზე, კერძოდ, შრიფტი (ფონტები), სიტყვებს შორის სივრცეები/ დაშორება და ნუმერაცია/დაყოფა.

·         სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ხელშეკრულების სტრუქტურას (თავი V. ხელშეკრულების სტრუქტურირება), რომელიც პირობითად დაყოფილია შემდეგ სამ ნაწილად – შესავალი ნაწილი, ძირითადი ნაწილი და დასკვნითი ნაწილი.

 

ხელშეკრულების შესავალი ნაწილი მოიცავს ისეთ ქვეთავებს, როგორებიცაა სათაური, ხელშეკრულების დადების ადგილი და დრო, მხარეები და მათი რეკვიზიტები, და პრეამბულა. ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: (1) საგანი, (2) განცხადებები და გარანტიები, (3) კონფიდენციალურობა, (4) უფლება-მოვალეობები, (5) პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, (6) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა, (7) კომუნიკაცია მხარეთა შორის და (8) მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტა.

 ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში გაერთიანებულია დასკვნითი დებულებები და მხარეთა ხელმოწერები.

·        სახელმძღვანელო სრულდება მეექვსე თავით, რომელშიც მოცემულია შემაჯამებელი დავალებები.

·        დავალებების შესრულება იძლევა მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმების შესაძლებელობას მოცემულ საკითხებზე კონკრეტული ხელშეკრულებების მომზადების გზით.

გამოყენების ინსტრუქცია

 

·        სახელმძღვანელოში გამოყენებულია სწავლების სხვადასხვა მეთოდი.

·         ქვეთავებში, მათი სათაურიდან გამომდინარე, როგორც წესი, მოცემულია: ა) თემის მიმოხილვა, ბ)რეკომენდაციები და გ)პრაქტიკული მაგალითები განმარტებებითა და სავარჯიშოებით.

·        რეკომენდაციები და პრაქტიკული მაგალითები შესაბამისი განმარტებებით საშუალებას აძლევს მკითხველს ღრმად გაიაზროს კონკრეტული მაგალითი და მაგალითის ფარგლებში მოცემული სახელშეკრულებო პირობის, ხელშეკრულების მუხლისა თუ შეთანხმება/ხელშეკრულების კონტექსტი და მისი ცალკეული ელემენტი.

·        სავარჯიშოები იყოფა ორ კატეგორიად: (1) სავარჯიშო პასუხით, რომელსაც ახლავს დავალების ახსნა-განმარტება და (2) სავარჯიშო პასუხის გარეშე, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი სამუშაოსთვის და, შესაბამისად, მას არ დაერთვის ახსნა-განმარტება.

·         პირველი კატეგორიის ყველა სავარჯიშოს პასუხი (დავალების ახსნა-განმარტება) შესაბამისი ნუმერაციით მოცემულია სახელმძღვანელოს ბოლოს სპეციალურ თავში (სავარჯიშოების პასუხები).

·        მაგალითად, ხელშეკრულების საგნის’’ თემატიკის ფარგლებში მოცემულია სავარჯიშო #14 (ქვეთავი 5.4.1. ხელშეკრულების საგანი). სავარჯიშოში განსაზღვრული დავალება უნდა შესრულდეს დამოუკიდებლად, ხოლო დავალების დამოუკიდებლად შესრულების შემდგომ, „ამოხსნილი“ დავალება შეიძლება მოიძებნოს შესაბამისი ნუმერაციით (სავარჯიშო #14) და გადამოწმდეს სახელმძღვანელოს ბოლოს სპეციალურ თავში (სავარჯიშოების პასუხები).

·        სავარჯიშოები ხელს უწყობს თემატიკის ფარგლებში შესწავლილი საკითხების თავმოყრას ჯერ სავარჯიშოზე მუშაობის პირველ ეტაპზე (შესრულებული დავალების გადამოწმებით), ხოლო შემდგომ – დამოუკიდებელი მუშაობის ფორმატში.

·         მაგალითებსა და სავარჯიშოების პასუხებში მოცემული ცალკეული სახელშეკრულებო პირობა, ხელშეკრულების მუხლი თუ შეთანხმება/ხელშეკრულება შეიძლება წარმოდგენილი იყოს განსხვავებული ფორმატით და სტილით, მათ შორის სხვადასხვა მაგალითში ტერმინები განსხვავებული ფორმით შეიძლება იყოს გამოყოფილი (გამუქებული, დახრილი, „ბრჭყალებში“). ამგვარი განსხვავება მიზნად ისახავს მკითხველისათვის მეტად თვალსაჩინო გახადოს სახელშეკრულებო პირობების/ტერმინების სტილისტურად სხვადასხვა ფორმით ასახვის შესაძლებლობა.

·        სახელმძღვანელოს გამოყენების პროცესში, რეკომენდაციაა, რომ სწავლება განხორციელდეს თანმიმდევრულად თავებისა და ქვეთავების ნუმერაციის რიგითობის შესაბამისა.

 

 

ხელშეკრულების შედგენის ზოგადი პრინციპებ

 

·        ხელშეკრულებების შედგენა იურისტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კერძო კომპანიებში მომუშავე ე.წ. „in house lawyer“-ებს, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მათი დამსაქმებელი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხელშეკრულების შედგენა, ზოგიერთ შემთხვევაში კი – მსხვილ ტრანზაქციებზე მუშაობა და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება.

·        ადვოკატები, რომლებიც კომპანიებს ე.წ. „outsource“-ის პრინციპით უწევენ საადვოკატო მომსახურებას და, ასევე, ახორციელებენ იურიდიულ მომსახურებას ფიზიკური პირებისათვის, უმეტესწილად ერთვებიან კომპლექსური გარიგებების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების შემუშავების პროცესში.

·        საჯარო სექტორში დასაქმებული იურისტებიც, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, ადგენენ და აფორმებენ როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო ტიპის ხელშეკრულებებს.

·        ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულების შედგენისას, იურისტსა და ადვოკატს უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების შედგენის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ცოდნა და უნარები, ხელშეკრულებების სტრუქტურირების, სტილისტიკური გამართვისა და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების ჩამოყალიბების ისეთი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია მხოლოდ ხელშეკრულებებისათვის და რაც განასხვავებს ამ ტიპის იურიდიულ დოკუმენტებს სხვა დოკუმენტებისგან.

·        სახელშეკრულებო სამართლის მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი კვალიფიციური ხელშეკრულების შესადგენად.

·         კარგი ხელშეკრულების შედგენა მოითხოვს იმ სპეციალური უნარების გამომუშავებას, რომელიც იურისტს აძლევს საშუალებას, ეფექტურად გამოიყენოს ეს უნარები ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულების შედგენის პროცესში – იქნება ეს მარტივი ტიპის შეთანხმება, თუ კომპლექსური ტრანზაქციის პირობებში შემუშავებული ხელშეკრულება.

·        „კარგად შედგენილი ხელშეკრულება დახვეწილია. მისი ენა მკაფიო და არაორაზროვანია, ხოლო სტრუქტურა შეკრული და გააზრებული, მაგრამ ხელშეკრულების შედგენა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე კარგი წერისა და ორგანიზაციულობის უნარის ქონაა.

·        ხელშეკრულების შემდგენელს უნდა ა)გააჩნდეს ძლიერი ანალიტიკური უნარები; გაწაფული უნდა იყოს მოლაპარაკების წარმოებაში; ბ)შეეძლოს ბიზნესის, საქმიანი გარიგებისა და კლიენტის საქმიანობის ზედმიწევნით გაგება; გ)გააჩნდეს კანონის ყოველ-მხრივი ცოდნა და დ) დეტალებს ამჩნევდეს მახვილგონივრულად.

 ის[ხელშეკრულების შემდეგენელი], ასევე, ინვითარებს კონცენტრაციის, ფიზიკური გამძლეობის, გონებრივი სიმახვილის, სიმტკიცის, მრავალამოცანიანი სამუშაოს შესრულების უნარსა და იუმორის გრძნობას.

დაბოლოს, ხელშეკრულების შემდგენელმა სიამოვნებით უნდა იმუშაოს კოლეგებთან პროდუქტის – ხელშეკრულების’’ შესაქმნელად. “

 

·        კონკრეტული ხელშეკრულების შესადგენად ხელშეკრულების გამზადებული „დრაფტის“/შაბლონის გამოყენება გამოსავალი არ არის.

·        უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ამგვარი შაბლონების გაუაზრებელი გამოყენებით, იურისტმა შეიძლება არსებითად დააზიანოს იმ სახელშეკრულებო მხარის ინტერესები, რომელსაც იგი კონკრეტულ ტრანზაქციაში წარმოადგენს.

·        სამწუხაროდ, პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ან თავად იურისტები იღებენ კონკრეტული ხელშეკრულების გამზადებულ შაბლონს და ამ შაბლონით აფორმებენ ხელშეკრულებას.

·        ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული შაბლონებიდან ე.წ. კოპირება/ჩასმით’’[copy/paste] სრულიად გაუაზრებლად გამოსდით ამა თუ იმ პირობის მათ ხელშეკრულებაში გადატანა იმგვარად, რომ შეიძლება საერთოდ არ ესმოდეთ ამ პირობის შინაარსი ან/და არ (ვერ) ითვალისწინებდნენ არსებულ სიტუაციაში მხარეთა შეთანხმების სპეციფიკას, სადაც ესა თუ ის პირობა ამ კონკრეტული შეთანხმებისა და ხელშეკრულების მხარე – კლიენტის’’ ინტერესების დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

·        ამ საკითხს ეხმიანება სწორედ გონზაგას უნივერსიტეტის პროფესორი სკოტ ჯ. ბარნემი: „ჩემი საქმიანობის ადრეულ ეტაპზე, ერთ-ერთ იურისტთან, რომელთანაც ხელშეკრულების თაობაზე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, დავაზუსტე მის მიერ მომზადებული ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის ერთი პირობის შინაარსი. „არ ვიცი, რას ნიშნავს“ – მიპასუხა მან, „მაგრამ ვიცი, რომ ეს პირობა ყოველთვის წერია ამ ტიპის ხელშეკრულებაში“... იდეალურ შემთხვევაში, იურისტმა უნდა გამოიკვლიოს ტრანზაქციის შინაარსი და შეთანხმების ისტორია, რათა გაიგოს თითოეული პირობის დანიშნულება. მართალია, პრაქტიკოს იურისტს შეიძლება ყოველთვის არ ეცალოს ამგვარი კვლევისთვის, მაინც მნიშვნელოვანია, რომ მან მოახერხოს პირველი ნაბიჯის გადადგმა და დაადგინოს ხელშეკრულების პირობების შინაარსი. თუ იურისტმა თავად არ იცის, რას გულისხმობს ხელშეკრულების რომელიმე პირობა, რამდენად ლოგიკურია იმის მოლოდინი, რომ ამ პირობას მისი კლიენტი ან სასამართლო გაიგებს?

 

·         ალბათ, ყველა იურისტს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც მისთვის მიუმართავთ სტანდარტული კითხვით და უთხოვიათ ამა თუ იმ ხელშეკრულების შაბლონის გაზიარება, მაგალითად, შეკითხვით:

 

ნასყიდობის ხელშეკრულების „დრაფტი“ გექნება და შეგიძლია გადმომიგზავნო?

 

ამ კითხვას რამდენიმე საპასუხო შეკითხვა უნდა მოჰყვეს:

 

კითხვა (1): რა არის ნასყიდობის საგანი, ანუ რისი ნასყიდობა ხდება? უძრავი ქონების, მოძრავი ქონების თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის?

 

[აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისი „შაბლონი“, ვინაიდან, ნასყიდობის საგნის მახასიათებლებიდან გამომდინარე, თავად კანონმდებლობა განსაზღვრავს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადასვლის განსხვავებულ წესებს.

მაგალითად, უძრავი ნივთის ნასყიდობისათვის არ არის საკმარისი მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, თუნდაც ეს ხელშეკრულება მოიცავდეს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილ არსებით პირობებს. სავალდებულოა, ამ ხელშეკრულების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია. ანალოგიურად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორის კუთვნილი წილის ნასყიდობისათვის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს ამ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას. განსხვავებული შეიძლება იყოს სახელშეკრულებო პირობები მოძრავი ნივთების ნასყიდობის შემთხვევაშიც ამ ნივთების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე. მაგალითად, მალფუჭებადი ნივთის ნასყიდობისთვის საკუთრების უფლების გადაცემასთან/ ნასყიდობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ამ ნივთის შესაბამის პირობებში ტრანსპორტირებისა და დადგენილ ვადებში მიწოდების პირობები. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიცით პასუხი კითხვაზე, თუ რა სახის ქონების ნასყიდობა უნდა განხორციელდეს, პასუხი შეიძლება არასაკმარისი იყოს და მეტ დაკონკრეტებას საჭიროებდეს, ვინაიდან, მაგალითად, უძრავი ქონების ნასყიდობის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, უძრავი ქონების მახასიათებლებისა და ნასყიდობის მიზნის განსაზღვრა: მიწის ნაკვეთის ნასყიდობისას, თუ მყიდველი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი ვერ შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, „კვალიფიციურად“ და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ აღსრულდება და საჯარო რეესტრში მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით ვერ დასრულდება. განსხვავებული და დამატებითი პირობების გათვალისწინებაა საჭირო ისეთი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის, როდესაც საცხოვრებელ ბინასთან ერთად ხორციელდება ამ ბინაში არსებული ინვენტარის ნასყიდობაც.

ბუნებრივია, ყოველი ასეთი ნასყიდობისას განსხვავებული იქნება ის სპეციფიკური პირობები, რომლებიც ნასყიდობის საგნის მახასიათებლებიდან გამომდინარე, საჭიროებს გათვალისწინებასა და ხელშეკრულებაში ასახვას.]

კითხვა (2): ხელშეკრულების რომელი მხარის ინტერესების გათვალისწინებით დგება/არის შედგენილი ხელშეკრულება?

 

[მარტივად რომ ითქვას, რომელი მხარე ხართ ხელშეკრულებაში? ან იურისტის შემთხვევაში – ხელშეკრულების რომელი მხარეა თქვენი კლიენტი/დამკვეთი?  იმის მიხედვით, თუ ხელშეკრულების რომელი მხარის ინტერესების გათვალისწინებით ადგენთ ხელშეკრულებას, მხარეებს შორის მიღწეული ერთი და იმავე შეთანხმების ესა თუ ის პირობა შეიძლება განსხვავებულად ფორმულირდეს ან საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებაში,

 

მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულება ქირის გადახდის ვადის გადაცილებისათვის შეიძლება ითვალისწინებდეს პირგასამტეხლოს.

ქირავნობის ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობის არსებობა გამქირავებლისთვის დამატებითი „დამცავი“ მექანიზმია, [რათა დამქირავებლის მიერ ქირის გადახდის ვადის გადაცილება თანხობრივად აუნაზღაურდეს]. ამასთანავე, ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს გათვალისწინება გარკვეულწილად პრევენციული მექანიზმიცაა: მხარე, რომელსაც დადგენილ ვადაში შესასრულებელი აქვს ვალდებულება, ინფორმირებულია, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მას ვალდებულების შესრულებასთან ერთად მოუწევს პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის გადახდაც და, ამდენად, ეცდება, ვალდებულება დროულად შეასრულოს.

 

მაგრამ  თუ ქირავნობის ხელშეკრულების შედგენისას დამქირავებლის ინტერესებს წარმოადგენთ, ბუნებრივია, ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავთ ქირის გადახდის ვადის დარღვევისათვის ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს შესახებ პირობას, თუ ხელშეკრულებაში მის ასახვაზე გამქირავებლის მოთხოვნით დამქირავებელი არ თანხმდება.

კითხვა (3): ხომ არ შეთანხმებულან მხარეები რაიმე იმგვარ სპეციფიკურ პირობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ხელშეკრულების მხარისთვის, ან იურისტის შემთხვევაში – თქვენი დამკვეთი/კლიენტისთვის?

 

·       გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება მოითხოვს ამ ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე მხარეებს შორის შეთანხმებასა და შეთანხმებული პირობების ასახვას ხელშეკრულებაში, კონკრეტულ სიტუაციაში მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმგვარ სპეციფიკურ პირობაზეც, რომელიც ორივე ან ერთ-ერთი მხარისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ხელშეკრულების შესრულებისას, მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის სხვა ხელშეკრულება, მხარეებს შორის მიღწეული ხელშეკრულების პირობების შესახებ კონსენსუსის გათვალისწინებით, შეიძლება საერთოდ არ ითვალისწინებდეს ამ პირობას მის მიმართ მხარის ან მხარეების ინტერესის არარსებობის გამო.

·        მაგალითად, კონკრეტულ შემთხვევაში გამყიდველისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის – საცხოვრებელი ბინის – მყიდველის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემის ვადის დაწესება იმგვარად, რომ ამ ბინაზე მყიდველის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან მას ჰქონდეს კონკრეტული ვადა (მაგალითად, 30 კალენდარული დღე) ბინის ინვენტარისგან გამოსათავისუფლებლად და შემდგომ საცხოვრებელი ბინის მყიდველისათვის გადასაცემად. შესაბამისად, ხელშეკრულებაში ეს პირობა შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად: „გამყიდველი“ ვალდებულია, ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს „მყიდველს“ „ნასყიდობის საგანი“ „ნასყიდობის საგანზე“ საკუთრების უფლების „მყიდველის“ სახელზე რეგისტრაციიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში“. ხელშეკრულებაში ზემოაღნიშნული პირობის არსებობა ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელი ბინის „გაყიდვიდან“ – ანუ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ბინაზე – ნასყიდობის საგანზე – საკუთრების უფლების გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადის გასვლამდე მყიდველი ვერ მოითხოვს გამყიდველისგან აღნიშნული ბინის ფაქტობრივად გადაცემას. აღნიშნული პირობის ხელშეკრულებაში არარსებობის შემთხვევაში, ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების მყიდველის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვის მომენტიდანვე წარმოეშვება მყიდველს, როგორც ნასყიდობის საგნის – ბინის – მესაკუთრეს, ამ ბინის მისთვის ფაქტობრივად გადაცემის ვალდებულება.

·       ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის შედგენილი ხელშეკრულება, შეიძლება არ გამოდგებოდეს სხვა შემთხვევაში, თუნდაც ერთი და იმავე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, შესაძლოა, ხელშეკრულების შაბლონში ასახული კონკრეტული პირობა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს იმ მხარისთვის, რომელიც ამ შაბლონს თავად იყენებს და მეორე მხარეს სთავაზობს ხელმოსაწერად.

·       შესაბამისად, იურისტებისათვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ცოდნა და უნარჩვევები, თუ როგორ განახორციელონ კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებული გარემოებებისა და ფაქტორების მართებული ანალიზი და ანალიზის შედეგების სათანადო ფორმულირება სახელშეკრულებო პირობებში.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხ

გავიხსენოთ, ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

·       ხელშეკრულება ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგებაა, შესაბამისად, ხელშეკრულება ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია სამართლებრივიურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

·       ყველა ხელშეკრულება არის გარიგება, მაგრამ ყველა გარიგება არ არის ხელშეკრულება, ვინაიდან გარიგების ხელშეკრულებად კვალიფიკაციისთვის უნდა არსებობდეს მინიმუმ ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმება – მხარეთა ნების თანხვედრა და ამ შეთანხმების შედეგი, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება.

·       საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ამ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

·       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გამოვყოთ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ორი მნიშვნელოვანი ელემენტი: (1) ხელშეკრულების მხარეები; და (2) მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა – კონსენსუსი: (ა) სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის; ან (ბ) სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლის; ან (გ) სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

·       ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, კერძო სამართლის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან ორგანიზაცია/გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი, მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი ამხანაგობა.

·       იურიდიულ პირებთან ან ორგანიზაცია/გაერთიანებებთან, როგორც ხელშეკრულების მხარეებთან მიმართებით, უნდა განისაზღვროს მათი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და ამ უფლებამოსილების ფარგლები კონკრეტული ხელშეკრულების დადების შესახებ

·        იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებაში ორი მხარეა, ოღონდ ერთ მხარეს რამდენიმე პირი მონაწილეობს, მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომელიც ორი ფიზიკური პირის თანასაკუთრებაშია, ხელშეკრულება დაიდება, ერთი მხრივ, გამყიდველ ფიზიკურ პირებსა და, მეორე მხრივ, მყიდველ ფიზიკურ პირს შორის.

·       ანალოგიურად, სუროგაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სუროგატი დედა თანხმდება სუროგაციულ მომსახურებაზე (ინ ვიტრო განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონის მის საშვილოსნოში გადატანის შედეგად დაორსულდეს, მუცლად ატაროს ბავშვი და დაბადებისთანავე გადასცეს პოტენციურ მშობლებს), დაიდება ერთი მხრივ, პოტენციურ მშობლებს – პოტენციურ დედასა და პოტენციურ მამას და, მეორე მხრივ, სუროგატ დედას შორის.

·       თუ მხარეები თანხმდებიან, რომ განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ შემსრულებელი ვალდებულია, დამკვეთს გაუწიოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება, მხარეებს შორის დაიდება მომსახურების ხელშეკრულება.

·       თუ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ორივე მხარე თანხმდება, შეიცვალოს ხელშეკრულებით განსაზღვრული რომელიმე პირობა, მაგალითად, ცვლილება განხორციელდეს მომსახურების შინაარსში ან მომსახურების ანაზღაურების პირობებში, მხარეები გააფორმებენ ცვლილებას მომსახურების’’ ხელშეკრულებაში, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმებული კონკრეტული თარიღიდან შეცვლის უკვე არსებული ხელშეკრულების მხოლოდ ამ პირობას ისე, რომ ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩება უცვლელი და სავალდებულო შესასრულებლად ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.

·        ხელშეკრულებაში ცვლილების დოკუმენტი’’ განსაზღვრავს მომსახურების შინაარსის ან/და ანაზღაურების განმსაზღვრელ მუხლში შესაბამის ცვლილებას ან ამ მუხლის განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბებას, დაადგენს, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ანაზღაურების ოდენობის ან/და გადახდის წესის მოდიფიცირებას და განსაზღვრავს თარიღს, რომლიდანაც აღნიშნული ცვლილება შედის ძალაში.

·       ფაქტობრივად, ცვლილების დოკუმენტში’’ ჩამოყალიბებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის ახალი რედაქცია ჩაანაცვლებს ხელშეკრულებაში არსებულ ამ მუხლს.

·       მხარეთა შორის გაფორმებული დოკუმენტი – ცვლილება მომსახურების ხელშეკრულებაში თან დაერთვის მომსახურების ხელშეკრულებას და განიხილება მომსახურების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

მაგალითი 1: ხელშეკრულების ცვლილება

 

[აქ,საილუსტრაციოდ მოყვანილია 2024 წლის 01 თებერვალს საადვოკატო ბიუროსა და კლიენტს შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მუხლი 1 და მუხლი 4.

მუხლი 1-ში მოცემულია იურიდიული მომსახურების შინაარსის შესახებ პირობა, ხოლო მუხლი 4 განსაზღვრავს მომსახურების ფასისა და ანგარიშსწორების პირობებს. ]

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

 

1.1. „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, „ბიურო“ წარმოადგენს „კლიენტის“ ინტერესებს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მზევინარ მზეთამზეშვილის მიერ „კლიენტის“, როგორც მოპასუხის, წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით (საქმე №2/123456) (შემდგომში „საქმე“ ან „მომსახურება“).

 

მუხლი 4. მომსახურების ფასი;ანგარიშსწორება

 

4.1. „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „მომსახურების“ ფასი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში „მომსახურების ფასი“). „კლიენტი“ ვალდებულია, გადაიხადოს „მომსახურების ფასი“ არაუგვიანეს 2024 წლის 01 მარტისა ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების სახით. უნაღდო ანგარიშსწორება წარმოებს „ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ „ბიუროს“ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. ნაღდი ანგარიშსწორებისას „ბიუროს“ მიერ თანხის მიღება დასტურდება „კლიენტისათვის“ გაცემული შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერით.

 

4.2. „კლიენტი“ ვალდებულია „ბიუროს“ აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი, რომელიც „მხარეთა“ წინასწარი შეთანხმებით წარმოიშობა „მომსახურების“ განხორციელებისას, რაც მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი ხარჯებით (შემდგომში „ხარჯები“):

4.2.1.სახელმწიფო ბაჟი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი, მხარის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის სასამართლო სხდომაზე მოწვევის ხარჯი, სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებისა და დოკუმენტაციის თარგმანის ხარჯები.

4.3. „ბიუროს“ მიერ გაწეული „ხარჯები“ აისახება „ბიუროს“ მიერ „კლიენტისათვის“ წარდგენილ ანგარიშში და ანაზღაურდება „კლიენტის“ მიერ ამ ანგარიშის საფუძველზე.

 

 

2024 წლის 15 თებერვალს, მხარეები თანხმდებიან, შეიცვალოს ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შინაარსი იმგვარად, რომ კლიენტის წარმომადგენლობა განხორციელდეს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში; ამასთან, მხარეები თანხმდებიან, გაზარდონ მომსახურების ფასი და ნაცვლად 5000 ლარისა, განსაზღვრონ 9000 ლარი. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, მუხლი 1 სრულად შეიცვლება, ვინაიდან მასში მხოლოდ ერთი პუნქტია მოცემული და ცვლილება შევა ხელშეკრულების მხოლოდ 4.1. პუნქტში.

 

მე-4 მუხლის სრულად შეცვლის საჭიროება არ არის.

 

შესაბამისად, 1.1. პუნქტი და 4.1. პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:

 

1.1. ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, „ბიურო“ წარმოადგენს „კლიენტის“ ინტერესებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მზევინარ მზეთამზეშვილის მიერ „კლიენტის“, როგორც მოპასუხის, წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით (საქმე №2/123456) (შემდგომში „საქმე“ ან „მომსახურება“).

 

 4.1. „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „მომსახურების“ ფასი შეადგენს 9000 (ცხრა ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში „მომსახურების ფასი“). „კლიენტი“ ვალდებულია, გადაიხადოს „მომსახურების ფასი“ არაუგვიანეს 2024 წლის 01 მარტისა ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების სახით. უნაღდო ანგარიშსწორება წარმოებს „ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ „ბიუროს“ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. ნაღდი ანგარიშსწორებისას „ბიუროს“ მიერ თანხის მიღება დასტურდება „კლიენტისათვის“ გაცემული შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერით.

 

 

 თავად ხელშეკრულებაში ცვლილების დოკუმენტი’’ ასეთ სახეს მიიღებს:

 

 

·  მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, იცვლება მუხლი 1, რომლის 1.1. პუნქტში ასახულია მომსახურების შინაარსი და 4.1. პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მომსახურების ფასსა და ანგარიშსწორების წესს.

·   ამ ცვლილებების ასახვის მიზნით მხარეები აფორმებენ ცვლილებას იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში:

 

                                               ცვლილება #1

2024 წლის 01 თებერვლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში

 

 წინამდებარე ცვლილება #1 2024 წლის 01 თებერვლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში (შემდგომში „ცვლილება“) დადებულია ქ. თბილისში 2024 წლის 15 თებერვალს შემდეგ მხარეებს შორის:

 

ერთი მხრივ, კს „ფარი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 000000000; იურიდიული/ ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ მეფის გამზირი 15) (შემდგომში „ბიურო“), წარმოდგენილი მისი დირექტორის აიეტ ხორხელის მიერ; და

 

მეორე მხრივ, შპს „გრენლანდია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 000000001; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წამებულის ქუჩა 100) (შემდგომში „კლიენტი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის გორნელი გუგავას მიერ;

 

ბიურო“ და „კლიენტი“ ცალ-ცალკე წოდებულნი, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;

 

მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობისა და ჩვენს შორის 2024 წლის 01 თებერვალს გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) საფუძველზე, ვთანხმდებით შემდეგზე:

 

1. „ხელშეკრულების“ 1.1. მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1.1. „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად „ბიურო“ წარმოადგენს „კლიენტის“ ინტერესებს ქ. თბილისის ყველა ინსტანციის სასამართლოში მზევინარ მზეთამზეშვილის მიერ „კლიენტის“, როგორც მოპასუხის, წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით (საქმე №2/123456) (შემდგომში „მომსახურება“).

 

2. „ხელშეკრულების“ 4.1. მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4.1. „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „მომსახურების“ ფასი შეადგენს 9000 (ცხრა ათასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში „მომსახურების ფასი“). „კლიენტი“ ვალდებულია, გადაიხადოს „მომსახურების ფასი“ არაუგვიანეს 2024 წლის 01 მარტისა ნაღდი ან/ და უნაღდო ანგარიშსწორების სახით. უნაღდო ანგარიშსწორება წარმოებს „ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ „ბიუროს“ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. ნაღდი ანგარიშსწორებისას „ბიუროს“ მიერ თანხის მიღება დასტურდება „კლიენტისათვის“ გაცემული შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერით.

 3. „ხელშეკრულების“ დანარჩენი პირობები დარჩეს უცვლელი.

4. „ცვლილება“ ძალაში შედის 2024 წლის 15 თებერვლიდან.

5. „ცვლილება“ შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემა „მხარეებს“.

 

                                  მხარეთა ხელმოწერა

 

„ბიურო“                                                                                      კლიენტი“

დირექტორი                                                                           დირექტორი

აიეტ ხორხელი                                                                     გორნელი გუგავა

 

----------------------                                                            ----------------------------

/ხელმოწერა/                                                                         /ხელმოწერა/

 

·        თუ მხარეები თანხმდებიან, არსებითი ცვლილებები განხორციელდეს ხელშეკრულებაში, რაც, შეიძლება ეხებოდეს ხელშეკრულების სტრუქტურულ ცვლილებასაც, მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ხელშეკრულებაში ცვლილების ნაცვლად, მხარეებმა დადონ ახალი მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც მასში შესაბამისი ჩანაწერით შეწყვეტს ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებს შორის დადებულ მომსახურების ხელშეკრულებას.

·        ამგვარი ჩანაწერი „ახალ“ ხელშეკრულებაში შესაძლებელია, შემდეგი სახით განხორციელდეს: წინამდებარე „ხელშეკრულება“ აუქმებს „მხარეებს“ შორის 2024 წლის 01 თებერვალს გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას’’.

·        ამდენად, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, სახეზეა მხარეთა შორის იმგვარი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ცვლილებას ისახავს მიზნად.

 

·        წერილობით ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების გარდა, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

·        ამ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმდება შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც, ამ შეთანხმებაში მითითებული თარიღიდან, ხელშეკრულებით დადგენილი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეწყდება ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

·         ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში’’, მიზანშეწონილია, მხარეებმა, ასევე, [უნდა]გაითვალისწინონ, შეწყვეტის მომენტისათვის[!] ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების’’ საკითხი.

 

 

მაგალითი 2: ხელშეკრულების შეწყვეტა’’

 

·        დავუშვათ,2024 წლის 01 თებერვალს მხარეები თანხმდებიან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტონ 2023 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომელიც დადებული იყო 1 წლის ვადით და, შესაბამისად, მოქმედების ვადა ეწურებოდა 2024 წლის 01 მარტს.

·        ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის – 2024 წლის 01 თებერვლისათვის მხარეების ვალდებულებები შესრულებულია და მათ არა აქვთ პრეტენზია ერთმანეთის მიმართ.

 

 

 

 

შეთანხმება 2023 წლის 01 მარტის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

 

წინამდებარე შეთანხმება, 2023 წლის 01 მარტის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (შემდგომში „შეთანხმება“) დადებულია ქ. თბილისში 2024 წლის 01 თებერვალს შემდეგ მხარეებს შორის:

 

ერთი მხრივ, კს „ფარი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 000000000; იურიდიული/ ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ მეფის გამზირი 15) (შემდგომში „ბიურო“), წარმოდგენილი მისი დირექტორის აიეტ ხორხელის მიერ; და

 

მეორე მხრივ, შპს „გრენლანდია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 000000001; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, წამებულის ქუჩა 100) (შემდგომში „კლიენტი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის გორნელი გუგავას მიერ;

 

ბიურო“ და „კლიენტი“ ცალ–ცალკე წოდებულნი, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – როგორც „მხარეები“;

 

„მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობისა და ჩვენს შორის 2023 წლის 01 მარტს გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება“) საფუძველზე, ვთანხმდებით შემდეგზე:

 

1. 2024 წლის 01 თებერვალს შეწყდეს „ხელშეკრულება“ „მხარეთა“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

2. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი „მხარეთა“ ვალდებულებები „ხელშეკრულების“ შეწყვეტის მომენტისათვის სრულად შესრულებულია და მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ერთმანეთის მიმართ.

3. „შეთანხმება“ შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგანაც თითო ეგზემპლარი გადაეცემა „მხარეებს“.

 

მხარეთა ხელმოწერა

 

„ბიურო“                                                                                                   „კლიენტი“

დირექტორი                                                                                          დირექტორი

 აიეტ ხორხელი                                                                                  გორნელი გუგავა

 __________________________                                              __________________________

 /ხელმოწერა/                                                                                        /ხელმოწერა/

 

·        თუ კანონმდებლობით არ არის სავალდებულო კონკრეტული ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა[ანუ ხელშეკრულების დადება] ზეპირი ფორმითაცაა შესაძლებელი.

·         აღნიშნულის მიუხედავად, ზეპირი შეთანხმების შემთხვევაში, მხარეებს შორის შეთანხმებიდან გამომდინარე დავის წარმოშობისას, რთულდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი – შეუძლებელიც ხდება დავის განმხილველ ორგანოში იმის მტკიცება, თუ კონკრეტულად რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები.

·         მარტივად რომ ითქვას, ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ამსახველი პირობების პირდაპირი მტკიცებულება.

·        სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ პრაქტიკაში, მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლობა კონკრეტული ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას სავალდებულოდ არ მოითხოვს, მხარეები ერთმანეთს შორის შეთანხმებულ პირობებს წერილობით აფორმებენ და ამ დოკუმენტით ქმნიან მათი შეთანხმების კონკრეტული პირობების შესახებ წერილობით მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს როგორც ხელშეკრულების დადების ფაქტს, ისე ამ წერილობით დოკუმენტში ასახულ მხარეებს შორის შეთანხმებულ პირობებს.

·        წერილობითი ფორმა შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ იმ პირობების არსებობა, რაც არ არის დარეგულირებული კანონმდებლობით და, მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეთანხმებით წერილობით დოკუმენტში განისაზღვრება.

·        ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერ საკითხს, რომელზეც კონკრეტული იმპერატიული მოთხოვნა კანონმდებელს არ აქვს გათვალისწინებული.

·        ხელშეკრულებით, ასევე, გვაქვს შესაძლებლობა დეტალურად დავარეგულიროთ სახელშეკრულებო ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტები და, ხელშეკრულების მხარე/კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულებისას განსახორციელებელი ქმედებები მათი შესაბამისი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრით;

·        მაგალითად, ნარდობის ხელშეკრულებაში ნივთის ნაკლთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია, მათ შორის, ნაკლთან დაკავშირებული შეტყობინებების განხორციელების, ნაკლის გამოსწორების წესი და ვადები, ხელშეკრულების მოშლის საკითხები.

·        ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ წერილობითი ხელშეკრულების მნიშვნელობის რამდენიმე ასპექტი:

 

a.      ხელშეკრულების დადების ფაქტისა და მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მტკიცების შესაძლებლობა;

b.      ხელშეკრულების პირობების მკაფიოდ ჩამოყალიბება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მხარეთა შორის შემდგომი დავის თავიდან აცილებას ან დავის ეფექტურად გადაწყვეტას;

c.      იმ საკითხების დარეგულირება, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი და მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული;

d.     ხელშეკრულების მხარეთა მიერ აღსრულების პროცესში მხარეთა ქცევის მაქსიმალური რეგულაცია.

 

·        ის ფაქტი, რომ მხარეებმა დადეს წერილობითი ხელშეკრულება და დაეთანხმნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, როგორც წესი, დასტურდება მხარეთა მიერ ამ დოკუმენტზე განხორციელებული ხელმოწერებით.

·        პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარეთა ხელმოწერები ასახულია მხოლოდ რამდენიმე გვერდიანი ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, თავად ხელშეკრულების გვერდები კი იმგვარადაა აკინძული – „დასტეპლერებული“, რომელთა ერთმანეთისაგან განცალკევება, დაშლა ან თუნდაც სხვა შინაარსის მქონე გვერდებით ჩანაცვლება ადვილია.

·        სწორედ ეს მიზეზი განაპირობებს რეკომენდაციას, რომ მხარეთა ხელმოწერები შესრულდეს ხელშეკრულების ყველა გვერდზე.

·         წერილობით ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერების არსებობა არ იძლევა სრულ გარანტიას იმისა, რომ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა არ გახდება სადავო.

·        იშვიათად, თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის სასამართლოში განხილვისას, მხარე უარყოფს მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს, მიუთითებს დოკუმენტის სიყალბეზე და ითხოვს კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას.

·        ამ რისკის გამოსარიცხად, რეკომენდაციაა, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განხორციელდეს იმგვარად, რომ მხარე ან მისი წარმომადგენელი ესწრებოდეს მეორე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს.

·        მეორე ალტერნატივა არის ნოტარიუსის ჩართვა ხელშეკრულების გაფორმების პროცესში;

·        ეს შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების კერძო სანოტარო აქტით’’ ან საჯარო სანოტარო აქტით’’ დამოწმების გზით.

·        კერძო სანოტარო აქტით’’ დამოწმებისას, ნოტარიუსი ამოწმებს ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირების ხელმოწერების ნამდვილობას იმგვარად, რომ არ შედის მის შინაარსში1 .

·         შესაბამისად, „ნოტარიუსს არ ეკისრება პასუხისმგებლობა კერძო აქტის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან კერძო აქტში ხელმომწერის ნების არაადეკვატურად ასახვის გამო“2 .

·         მხარეებს, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ ნოტარიუსს ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების საჯარო სანოტარო აქტით’’ დამოწმების მიზნით. ამგვარი აქტით ხელშეკრულების დამოწმებისას „ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა“1 .

 

შესაბამისად, საჯარო სანოტარო აქტით’’ ხელშეკრულების დამოწმება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა წარმომადგენლების ინდენტიფიცირებისა და ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმებასთან ერთად, ნიშნავს ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულების შინაარსის შემოწმებასაც და მის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

·        ამგვარი ფორმით – საჯარო ან კერძო სანოტარო აქტით – დამოწმებულ ხელშეკრულებაზე მხარის ხელმოწერის არსებობასთან დაკავშირებით შედავების პერსპექტივა, ფაქტობრივად, არ არსებობს, თუ არ არის გამოკვეთილი  თავად სანოტარო აქტის’’ გაყალბების ფაქტი ან არ დგება თავად ნოტარიუსის პასუხისმგებლობის საკითხი.

·        ხელშეკრულების კერძო სანოტარო აქტით’’ ან  საჯარო სანოტარო აქტით’’ დამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კანონმდებლობა ამ ხელშეკრულებისათვის სანოტარო ფორმის დაცვას სავალდებულოდ არ მიიჩნევს, თუმცა, ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმება, ბუნებრივია, ზრდის ხელშეკრულების გაფორმების ხარჯებს, ვინაიდან მხარეებს უწევთ სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის შესაბამისი საზღაურის გადახდა2 .

·         თუ კანონმდებლობა კონკრეტულ ხელშეკრულების მიმართ ადგენს ამ ხელშეკრულების საჯარო სანოტარო აქტით’’ დამოწმების სავალდებულოობას, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ამ ფორმის დაცვა აუცილებელია და ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, თუნდაც კერძო სანოტარო აქტით მისი დამოწმება, ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი ფორმის დაცვით დადებულ ხელშეკრულებად3 .

 

 

·        პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც მხარეები ვერ ახერხებენ არა მარტო ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებას, არამედ ხელშეკრულების ორიგინალ დოკუმენტზე ხელმოწერასაც.

·        აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა ძირითადად მიზეზი ისაა, რომ უშუალოდ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირები ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის ტერიტორიულად სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან.

·        განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის პრაქტიკა მიუთითებს, რომ ხშირია ხელშეკრულებების დადება ხელშეკრულებებზე მხარეების მიერ ელექტრონული ხელმოწერების განხორციელებით ან ხელშეკრულების დადების დადასტურება ელექტრონული ფოსტის ან სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მხარეებს შორის ურთიერთგაცვლილი სკანირებული ხელმოწერილი ხელშეკრულებით.

·        მაგალითად, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების საბოლოო ტექსტის ამობეჭდილ დოკუმენტზე მხარე ასრულებს ხელმოწერას, ასკანერებს ხელმოწერილ დოკუმენტს და უგზავნის მეორე მხარეს, რის შემდეგადაც მეორე მხარისგან იღებს ამავე ფორმით შესრულებულ ხელმოწერილ ხელშეკრულებას.

·        მოცემულ შემთხვევაში, სადავოობისას, ამგვარი ფორმით ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან ერთად, ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურებისას, შეიძლება დამატებით საჭირო გახდეს მხარეებს შორის წარმოებული ელექტრონული კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტის მტკიცებულებად გამოყენება, რომლის მეშვეობითაც მხარეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ხელშეკრულების პირობებზე ან/და, რომლითაც შესაძლებელია დამატებით ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების დადასტურება.

ხხხხხ

·        ზემოაღნიშნული გარემოებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შედგენისას, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულების მხარე-კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დასაცავად, მოითხოვს იურისტის ჩართვას და ხელშეკრულების შედგენის პროცესის უშუალოდ იურისტის მიერ წარმართვას იმ სპეციფიკური სამართლებრივი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამო, რაც მოითხოვება კვალიფიციური ხელშეკრულების მოსამზადებლა


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები