რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები [კონსტ. მე-16 მუხლი]

 



მე-16 მუხლის პირველი პუნქტი

 

    მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები

 

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.

 

 „დაცვის სფერო’’- ანუ რას  უფლებებს იცავს  მე-16 მუხლის  პირველი ნაწილი ?

·        კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ადამიანის უფლებას, სწამდეს ღმერთი, აირჩიოს და აღიაროს ნებისმიერი რელიგია, რწმენა თუ მსოფლმხედველობრივი მრწამსი, იქონიოს და სხვებს გაუზიაროს თავისი შეხედულებანი, იცხოვროს და იმოქმედოს მათ შესაბამისად.

·        კონსტიტუციის მე-16 მუხლი  მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას, აგრეთვე თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, განკერძოებით ან საქვეყნოდ, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით.

·        კონსტიტუციის მე-16 მუხლი  მოიცავს ნეგატიურ თავისუფლებასაციყოს ათეისტი და არ გახდეს რომელიმე რელიგიის მიმდევარი, არ აღიაროს ესა თუ ის რწმენა თუ მსოფლმხედველობრივი მრწამსი, უარი თქვას საკუთარი რწმენისა თუ ფილოსოფიური შეხედულებების გამჟღავნებაზე და ..;

 

·        აღმსარებლობა გულისხმობს ამა თუ იმ რელიგიის აღმსარებლობას, მიმდევრობას, იმის მიუხედავად, ტრადიციულ რელიგიებს ეხება საქმე (როგორიცაა ბუდიზმი,ქრისტიანობა,ჰინდუიზმი, ისლამი, იუდაიზმი, სიკხიზმი ) თუ შედარებით ახალ რელიგიურ ორგანიზაციებს (მაგ. იეღოვას მოწმეები, სიენტოლოგიური ეკლესია).

·         თუ სახელმწიფოს მიერ ესა თუ ის რწმენა ოფიციალურად არის აღიარებულირელიგიად”,იგი ავტომატურად მოიპოვებს დაცვას ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის საფუძველზეც.

·        რწმენა გულისხმობს რაიმეს ჭეშმარიტებაში ან მცდარობაში ადამიანის რწმენას, რომელიც შესაბამისი არგუმენტებით არის გამყარებული.

·        „რწმენა’’სუბიექტურია თავისი არსით, თუმცა ყალიბდება არა მარტო შესაბამისი ცოდნის შინაგანი გააზრებისა და აღქმი, არამედ სხვათა არგუმენტების საფუძველზე.

·         რწმენა კონსტიტუციის მე-16 მუხლში მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ რწმენას, მათ შორის ათეისტების, აგნოსტიკოსების, სკეპტიკოსებისა და განურჩევლობის კონცეფციებს, რამდენადაც ისინი სწორედ რელიგიასთან მიმართებას გულისხმობს და რელიგიური განზომილებანი უდევთ საფუძვლად.

·         რწმენა აგრეთვე მოიცავს ფილოსოფიური შეხედულებების ფართო წრეს, როგორიცაა პაციფიზმი, ვეგანიზმი (რწმენა, რომელიც პრინციპულად უარყოფს ცხოველური საკვების, ცხოველის ბეწვისა და ტყავის გამოყენებას),აბორტისადმი წინააღმდეგობა და სხვ.;

·        ამასთან, ყველანაირი რწმენა და შეხედულებები არ არის დაცული(!). [როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ ამა თუ იმ რწმენამ ევროპული კონვენციის საფუძველზე დაცვა მოიპოვოს, იგი უნდა აღწევდეს დამაჯერებლობის, სერიოზულობის, სიმყარისა და მნიშვნელობის განსაზღვრულ ხარისხს.]

·         რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება მოიცავს ამ თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, როგორც განკერძოებით, ისე საქვეყნოდ.

·        სინდისის თავისუფლება ადამიანის უფლებაა, გადაწყვეტილებები მიიღოს, იცხოვროს და იმოქმედოს თავისი სინდისის შესაბამისად.

·        იგი ეფუძნება ადამიანის უნარს, იაზროვნოს ზნეობრივი კატეგორიებით, გაარჩიოსკეთილიდაბოროტი”, „კარგიდაცუდი”, „სწორიდამცდარი”.

·        სინდისის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას, იქონიოს თავისი კრედო, მიიღოს გადაწყვეტილება იმის მიხედვით, რასაც კარნახობს საკუთარი სინდისი და რასაც კონკრეტულ ვითარებაში მისთვის სავალდებულოდ მიიჩნევს.

·        სინდისის თავისუფლება’’ ზოგჯერ გამოიყენება, როგორც რელიგიის თავისუფლებისეკვივალენტურიტერმინი

 

მე-16 მუხლის სუბიექტი ‘’

·        კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ყოველი ადამიანის სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას.

·        თუმცა, ეს დებულება უნდა განიმარტოს ფართოდ და ზოგიერთ შემთხვევაში ამ უფლების მატარებელ სუბიექტებში ვიგულვოთ არა მარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც.

·        მაგალითად, ეკლესიებსა და ასოციაციებს, რომლებსაც გააჩნიათ რელიგიური თუ ფილოსოფიური მიზნები, შეუძლიათ დაეყრდნონ კონსტიტუციის მე-16 მუხლს როგორც საკუთარი თავის, როგორც იურიდიული პირის, უფლებების, ისე მათი წევრების ინდივიდუალური უფლებების დასაცავად.

 

მე-16  მუხლის  შინაგანი და გარეგანი განზომილებანი

კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებები მოიცავს ორ მნიშვნელოვან ელემენტს:

) შინაგან განზომილებას (forum internum). იგი გულისხმობს შინაგან თავისუფლებას, რომელიც ხორციელდება თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროში, მის გულსა და გონებაში;

შესაბამისად, იგი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმაა და არ უნდა იქნეს შეზღუდული სახელმწიფოს ჩარევით;

სინდისის თავისუფლება მთლიანად მიეკუთვნება შინაგანი თავისუფლების სფეროს, ხოლო რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებანაწილობრივ.

შინაგანი თავისუფლებირღვევა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ფიზიკური მუქარის ან ამა თუ იმ სანქციის გამოყენებით სახელმწიფო აიძულებს ინდივიდს, უარყოს ესა თუ ის აზრი, ფილოსოფიური მრწამსი, სინდისის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, თავისი რელიგია ან სხვაგვარი რწმენა, ანდა გახდეს რაიმე სხვა რელიგიის ან რწმენის მიმდევარი.

ადამიანი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი ჰქონდეს ესა თუ ის რწმენა, რჩებოდეს მისი ერთგული, ანდა შეცვალოს იგი თავისი ნებასურვილის შესაბამისად.1

 სახელმწიფოს აგრეთვე არა აქვს უფლება, უკარნახოს ადამიანს, თუ რომელი რწმენა გააჩნდეს, ანდა მოსთხოვოს მას, გაამჟღავნოს მისი შეხედულებები თუ რელიგიური კუთვნილება.

მაგალითად, როდესაც ამა თუ იმ პროცედურის დროს (კერძოდ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოსამართლის ან პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებისას) ადამიანს, მისი რელიგიისა თუ რწმენის მიუხედავად, მოეთხოვება ბიბლიაზე, ყურანზე, თორაზე ან სხვა პრინციპულ რელიგიურ ტექსტებზე დაფიცება, ეს რელიგიის თავისუფლების დარღვევაა.

 აღნიშნული, ფაქტობრივად, შესაბამისი რელიგიისადმი კუთვნილების დადასტურების მოთხოვნაა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებას, არ იყოს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი, ან არ გაამჟღავნოს იგი საჯაროდ.

 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოწმეს, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, უფლება აქვს დადოს როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური ფიცი, ანდა საერთოდ უარი თქვას ფიცის დადებზე თავისი რწმენის გამო. ასეთ შემთხვევაში, მას მხოლოდ ის მოეთხოვება, რომსასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით დაადასტუროს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს”.

 შინაგან თავისუფლებაში ჩარევასთან გვექნება საქმე მაშინაც, თუ ადამიანს მოეთხოვება სამხედრო სამსახური, როდესაც იგი ეწინააღმდეგება მის რწმენას.

) რაც შეეხება, გარეგან განზომილებას (forum externum). ეს არის გარეგანი თავისუფლების სფერო და მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებასთან, მათ გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას.

ეს არის ადამიანის თავისუფლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, განკერძოებით ან საქვეყნოდ, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით. შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს შეზღუდვები თუ რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების ესა თუ ის ფორმა ხელყოფს სხვათა უფლებებს.

ამგვარად, შეზღუდვებს ექვემდებარება მხოლოდ თავისუფლების გარეგანი გამოვლინებაforum externum-ი

 

 

რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება’’ (forum externum)

 

·       მე-16 მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლების ‘შესახებ, მაგრამ მუხლის  მე-3 პუნქტში იგი მიუთითებს პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფლებათა გამოვლინებაზე. უდავოა, რომ მასში სწორედ რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება იგულისხმება;

·       რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლებაგამოიხატება:  ღვთისმსახურების განხორციელებით, წირვა-ლოცვაში მონაწილეობით, ქადაგებითა და რელიგიური ცოდნის გავრცელებით (მათ შორის საკუთარ რელიგიაზე სხვათა მოქცევის მიზნით), რელიგიური წეს-ჩვეულებების, რიტუალებისა და სხვა მოვალეობების შესრულებით (მარხვის დაცვა, აღსარების ჩაბარება, ზიარება), რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობითა და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნით, რელიგიური კუთვნილების დამადასტურებელი სამოსის ან სიმბოლიკის ტარებით, განდეგილი ცხოვრების წესის არჩევით და სხვ

·       რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება დაცულია იმის მიუხედავად, ხორციელდება იგი ნდივიდუალურად თუ  სხვებთან ერთად, საქვეყნოდ თუ განკერძოებით.

·       რელიგიის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ გაერთიანებათა უფლებებსაც.

·       რელიგიურ გაერთიანებებში იგულისხმება იურიდიული პირები, რომელთა მიზანია თავიანთ წევრთა რელიგიური ან მსოფლმხედველობრივი რწმენის ქადაგება, მხარდაჭერა ან გავრცელება.

·        იგი მოიცავს ამ გაერთიანებათა შიდაორგანიზაციულ საქმიანობასაც. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების)” ცნებას: ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით

·       ზედმიწევნითაა განსაზღვრული აგრეთვე ორგანიზაციის რელიგიური საქმიანობის შინაარსი ,ამასთან, რელიგიურ საქმიანობასთან გათანაბრებულია იმ რელიგიური ორგანიზაციების საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ საღვთისმსახურო ლიტერატურას, ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს, ან ახორციელებენ მათ რეალიზაციას.

·       „რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება’’ მოიცავსაღსარებისა“ და საეკლესიო საიდუმლოების“ დაცვას.

·       სახელმწიფოს არა აქვს უფლება, დაავალდებულოს მოძღვარი, გასცეს აღსარების დროს მიღებული ინფორმაცია, ან მოთხოვოს ეკლესიას საეკლესიო საიდუმლოების მისთვის გადაცემა.

·       რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება’’ ბუნებრივად გულისხმობს მათ შესახებ შეხედულებების გამოთქმასაც. მაგრამ, იგი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამიტომ, მათი გაუმართლებელი შეზღუდვისას მომარჯვებულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 17- მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

·       ამასთან, შეხედულებების გამოთქმა რწმენისა და რელიგიის საკითხებზე“ უნდა განვასხვაოთ რელიგიური ქადაგებისაგან’’, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოქმედების სფეროშია მოქცეული.

·       განსჯა იმისა, თუ რა ჩაითვლება რელიგიის ქადაგებად“, წეს-ჩვეულებების დაცვად’’ ან რიტუალების შესრულებად’’, ხშირად მოითხოვს სათანადო თეოლოგიური ცოდნას და იმის შეფასებას, იყო თუ არა შესაბამისი აქტის განხორციელება რელიგიური ვალდებულება,” თუმცა, ზოგჯერ გადამწყვეტია საკუთრივ სუბიექტის მოტივაცია თუ დამოკიდებულება.

·       მთავარია, შესაბამისი გაცხადება წარმოადგენდეს ადამიანის ამა თუ იმ რწმენის გამოხატულებას და უშუალოდ იყოს ამ რწმენასთან დაკავშირებული.

·        მაგალითად, საქმეში Leyla sahin v Turkey ევროპულმა სასამართლომ უყოყმანოდ გაიზიარა მომჩივნის მოსაზრება, რომ ისლამური თავსაბურავის ტარება’’ წარმოადგენდა რელიგიის გაცხადებას’’.

·       მომწიფებულია აზრი, აღიარებულ იქნეს პრეზუმფცია იმისა, რომ აღმსარებლობით, ქადაგებით, წესების დაცვითა და რიტუალების შესრულებით ნებისმიერი bona fide გაცხადება რელიგიისა დაცულია კონვენციით.

·       რწმენის გაცხადების თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, დაიკრძალოს მისი რელიგიური რწმენის შესაბამისად.

·       რწმენის გაცხადების თავისუფლების შემადგენელი ნაწილია აგრეთვე ადამიანის უფლება, თავისი რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებების მიხედვით გადაწყვიტოს მის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები, უარი თქვას ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევაზე, სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე.

·       ყურადღება:  რწმენის გაცხადების თავისუფლება’’ არ არის აბსოლუტური უფლება(!) და არ იცავს რწმენის გაცხადების ნებისმიერი გამოვლინებას.

·       საკუთრივ რწმენა’’, ისევე როგორც მისი გაცხადების ფორმები, შეთავსებადი უნდა იყოს ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ პრინციპებთან.’’ მაგალითად, ისეთი რელიგიური რწმენის გაცხადება, რომელიც გულისხმობს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა ან სასჯელს, ვერ იქნება დაცული აღმსარებლობისა თუ რწმენის გაცხადების თავისუფლებით’’.

 

ხხხხხხხხხხ

სამხედრო სამსახურზე უარის თქმა რწმენის ან სინდისის გამო

 

·        ნებისმიერ სამხედრო ვალდებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, თუ ამგვარი სამსახური და მასთან დაკავშირებული გარემოებები (როგორიცაა, მაგალითად, იარაღის გამოყენება, სამხედრო უნიფორმის ტარება და სხვა) ეწინააღმდეგება მის რწმენასა და სინდისს.

·         ეს არის გამოხატულება ღირებულებითი კონფლიქტისა ინდივიდის უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც ინდივიდის უფლება გადაწონის საჯარო ინტერესებს.

·         თუმცა, ბალანსის სამართლიანობის დასაცავად, აღიარებულია სახელმწიფოთა უფლება, დააკისრონ ასეთ პირებს ალტერნატიული სამსახურის შესრულების ვალდებულება.

·        ალტერნატიული სამსახური არ უნდა ატარებდეს დასჯის ხასიათს.

 

 [საგამოცდოდ აქამდე]

 

მე-16  მუხლის მე-2 პუნქტი (უფლებათა შეზღუდვა)

    მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები

 

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.

 

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

 

ა)შეზღუდვის საგანი, საფუძველი და საერთო პრინციპები:

მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ მათი გამოვლენა ლახავს სხვათა უფლებებს.

რომელი უფლებები იზღუდება?

(მიმართება ევროპულ კონვენციასთან) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დათქმათუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს,” მიგვანიშნებს, რომ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ თავისუფლებათაგამოვლენის”, ანუ მხოლოდ გარეგან განზომილებასთან (forum externum) მიმართებაში. ასეთი კი მხოლოდ რწმენისა და რელიგიის გაცხადების თავისუფლებაა.

ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზეც, შეზღუდვას ექვემდებარება მხოლოდ რწმენისა და რელიგიის (აღმსარებლობის) გაცხადების თავისუფლება და არა იმავდროულად სინდისისა თავისუფლება(!)

რა არის შეზღუდვის საფუძველი?

კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად.

შეზღუდვის საფუძვლის მხოლოდსხვათა უფლებებითშემოფარგვლით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განსხვავდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლისაგან, რომელიც შეზღუდვას უშვებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

საქართველოს უფლება აქვს, დაადგინოს უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ამას ევროპული კონვენცია მოითხოვს. თუმცა, სხვა საქმეა იმის შეფასება, თუ რამდენად გონივრულია მოცემულ შემთხვევაში შეზღუდვის საფუძვლის მხოლოდსხვათა უფლებებითშემოფარგვლა.

ევროპული პრეცედენტები მოწმობს, რომ ზემოაღნიშნულ საჯარო ინტერესების დასაცავად რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვას გონივრული გამართლება მართლაც გააჩნია. ამიტომ, მართებული იქნება, თუ კონსტიტუციის მე-16 მუხლის მეს-2 პუნქტს ფართოდ განვმარტავთ და სხვათა უფლებებშივიგულისხმებთ იმ საჯარო ინტერესებსაც, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ სწორედ ცალკეული ინდივიდებისათვის საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება

შენიშვნა: ამჟამინდელ რედაქციაში  ნხოლოდ „სხვათა უფლებები’’ არ არის  რწმენისა და რელიგიის გაცხადების თავისუფლების “ შეზღუდვის საფუძველი  [იხ. მუხლის მე-2 პუნქტი]

ხხხხხხხხხხხ

რწმენისა და რელიგიის გაცხადების თავისუფლების’’შეზღუდვის ზოგადი პრინციპები

·        რწმენისა და აღმსარებლობის გაცხადების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და პირობები უნდა განიმარტოს ევროპული კონვენციის სამართლის მიერ დამკვიდრებული პრინციპებით, რომელთა მიხედვითაც, ჩარევა დასაშვებია, თუ იგი:

a.      გათვალისწინებულია კანონით,

b.       ემსახურება კანონიერი ინტერესის მიღწევას,

c.      აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში

d.     პროპორციულია დასახულ კანონიერ ინტერესთან მიმართებაში.

 

 ) კანონით გათვალისწინებული.

 ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით.

 ამასთან, კანონი უნდა იყოსადეკვატურად ხელმისაწვდომიდა საკმარისი სიზუსტით ფორმულირებული, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ მის საფუძველზე დაარეგულირონ თავიანთი ქმედება.

 იგი უნდა იყოს საკმარისად განჭვრეტადი და არ უნდა აძლევდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიხედულების დიდ თავისუფლებასა და თვითნებური მოქმედების შესაძლებლობას.

 

 ) კანონიერი მიზანი.

 

 ჩარევა გამართლებულია მხოლოდ  ა)საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ბ)ჯანმრთელობის, გ)მორალისა და დ)“სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების’’ დასაცავად.

 

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპული კონვენციის მე-9 მუხლიდან გამომდინარე, სხვათა უფლებებში შეგვიძლია ვიგულისხმოთ იმ ადამიანთა უფლებები, ვისი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვის ინტერესებიც დაირღვა, ან საფრთხე შეექმნა ვინმეს მხრიდან რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების შედეგად.

საპირისპიროდ, მათში ვერც ვიგულისხმებთ რაიმე ისეთ მიზანს, რომელიც კონვენციის მე-9 მუხლში მოხსენიებული არ არის.

 

 

 

 ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (საერთო პრინციპები).

 

 რელიგიის თავისუფლებაში ჩარევისას სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა ჩარევა მართლაც აუცილებელი დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად და რამდენად პროპორციულია ჩარევის ღონისძიება სწორედ ამ მიზანთან მიმართებაში.

სახელმწიფომ უნდა დააბალანსოს დაპირისპირებული ინტერესები და არ დაუშვას რელიგიის თავისუფლებაში ექსცესიური, მეტისმეტი ჩარევა.

 მთავარი პრინციპია სახელმწიფო ცდილობდეს, გამოიყენოს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიება.(!)

 სახელმწიფომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს არა მარტო ზოგადად ჩარევის აუცილებლობა, არამედ სწორედ ისეთი ჩარევის, ისეთი შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რომელიც გამოიყენა, ან რომლის გამოყენებასაც აპირებს.

 

თუმცა, სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში გამოსაყენებელი კრიტერიუმები და სტანდარტები განსხვავებულია.

 

 მაგალითად, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, არის თუ არა ესა თუ ის რელიგიური რწმენა ან მის გამოსახატავად გამოყენებული საშუალებები ლეგიტიმური

 

სახელმწიფოს მხრიდან რწმენისა და რელიგიის გაცხადების თავისუფლებაში ‘’ ჩარევის კონკრეტული სფეროები

 

რელიგიური სამოსის შეზღუდვა.

სახელმწიფოს უფლება აქვს მორწმუნეს აუკრძალოს რელიგიური სამოსის ტარება სახელმწიფო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რათა დაიცვას რელიგიური ნეიტრალიტეტი იმ დაწესებულებებში, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამიანები იმყოფებიან.

პროზელიტიზმი.

 რელიგიის თავისუფლება მოიცავს და გულისხმობს ადამიანის უფლებას, საკუთარი რელიგიის ქადაგებით, საუბრებით და სხვა საშუალებებით გაავრცელოს თავისი რელიგია და სხვა რელიგიის მიმდევარი ადამიანები საკუთარ რწმენაზე გადაიყვანო. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს საშიშროება, რომ ამგვარი ქადაგება და მცდელობა გადაიზარდოს არასათანადო პროზელიტიზმში ანუ ადამიანის რელიგიურ რწმენაში უხეშ ჩარევაში, რომელიც მიზნად ისახავს მიუღებელი ფორმებით (ძალადობით, მოტყუებით, მოსყიდვით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, „ტვინის გამორეცხვითდა სხვ.) შესაბამისი რელიგიის დაკნინებას, მისდამი ადამიანის რწმენის შერყევას და ამ გზით მის გადმობირებას.

ადამიანთა რელიგიური რწმენის პატივისცემა მოითხოვს, მათზე არ განხორციელდეს მიუღებელი ზემოქმედება. ამიტომ სახელმწიფოს უფლება აქვს, აკრძალოს არასათანადო პროზელიტიზმი.

  გადასახადები ეკლესიებისათვის.

რელიგიის თავისუფლება არ ანიჭებს ეკლესიებსა და მათ მრევლს უფლებას, ჰქონდეთ განსხვავებული, უფრო შეღავათიანი, საგადასახადო სტატუსი გადასახადების სხვა გადამხდელებთან შედარებით.

 რელიგიური ქონების ჩამორთმევა.

 ისეთი ქონების (ნივთების, მიწის ან სხვ.) ჩამორთმევა, რომელიც აუცილებელია რელიგიური საქმიანობის, მათ შორის ღვთისმსახურების, წეს-ჩვეულებების დაცვის, რიტუალების შესრულებისა თუ რელიგიური დღესასწაულების მოწყობისათვის, რელიგიის თავისუფლებაში ჩარევაა.

 პატიმართა რელიგიური უფლებები.

 სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებები, ხელი შეუწყოს პატიმრების რელიგიური უფლებების დაცვას, მაგალითად, რელიგიის შესაბამისი კვების უზრუნველყოფისათვის.

 მაგრამ იგი არ არის ვალდებული, პატიმრები მოამარაგოს რელიგიური ლიტერატურით.

 სამხედრო მოსამსახურეები.

სამხედრო დისციპლინა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თავისთავად გულისხმობს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე ისეთი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რომლებიც გამართლებული არ იქნებოდა სამოქალაქო პირების მიმართ.

 ბავშვები.

საჯარო სკოლებში სავალდებულო რელიგიის გაკვეთილები, ან სავალდებულო დასწრება მორალური და სოციალური განათლების გაკვეთილებზე, არ წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევასა და მშობელთა აზრისა და სინდისის თავისუფლების ხელყოფას.

სკოლებში რელიგიისა და ფილოსოფიის სწავლებისას, სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას, ბავშვებისათვის გარკვეული დოქტრინების თავსმოხვევა და უნდა უზრუნველყოს, რომ სასწავლო მასალის გადაცემა მოხდეს ობიექტური, კრიტიკული და ფლურალისტული პრინციპების დაცვით.

 ჯანმრთელობის დაცვა.

ორსულობის შეწყვეტა შესაძლოა წარმოადგენდეს პოტენციური მამის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას, მაგრამ ასეთი ჩარევა, თუკი იგი აუცილებელი იყო დედის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხვა უფლებების დასაცავად, გამართლებულია. საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაცია არ არის რელიგიის თავისუფლების უფლებებში ჩარევა.

 

 

 რეკლამა.

რელიგიის გაცხადების თავისუფლება’’ არ მოიცავს რელიგიური ჯგუფების კომერციული ხასიათის[ანუ ფასიან] რეკლამებს, თუმცა, საინფორმაციო ხასიათის რეკლამები დაცულია.

 სექტები.

სექტაარ არის იურიდიული ტერმინი, თუმცა ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს არ დაუმკვიდრებია უფლებრივი განსხვავება რელიგიური სექტებისთვის.

სექტების პრობლემა აქტუალური გახდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გააქტიურდნენ რელიგიური, ეზოთერიული და სპირიტუალური სექტები, ზოგიერთი სექტის საქმიანობა ეროვნულ სახელმწიფოებში მიჩნეულ იქნა უკანონოდ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 1992 და 1999 წლებში შეიმუშავა რეკომენდაციები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლებშიც გამოთქმული იყო შეშფოთება ზოგიერთი სექტის უკანონო მოქმედებებისა და მოზარდ თაობაზე მათი არასასურველი ზეგავლენის გამო.

ამის მიუხედავად, საპარლამენტო ასამბლეა ერთგული დარჩა რელიგიის თავისუფლებისა და მოუწოდა წევრსახელმწიფოებს, დაეცვათ რელიგიური ლურალიზმი, შეენარჩუნებინათ ნეიტრალიტეტი და არ დაეშვათ დისკრიმინაცია.

ასამბლეა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ იყო აუცილებელი, მომხდარიყო ზუსტი დეფინიცია იმისა, თუ რას წარმოადგენდასექტა”.

არსებითად იქნა მიჩნეული იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა სექტის საქმიანობა დაქვემდებარებოდა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს.

რეკომენდაციებში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფოებს უნდა გაეტარებინათ საკანონმდებლო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები ამ პრობლემის მიზეზების აღმოსაფხვრელად, მიენიჭებინათ მათთვის კორპორატიული სტატუსი;

უზრუნველეყოთ სექტების წევრთა სრული სოციალური დაცვა და განემარტათ მათთვის მათი უფლება, დაეტოვებინათ სექტა, გაეძლიერებინათ რელიგიის ისტორიის, რელიგიური ეთიკისა და ფილოსოფიის სწავლება;

 განსაკუთრებით დაეცვათ ბავშვები, მათ შორის თავად სექტანტთა შვილებიც, უკანონო მოპყრობის, ინდოქტრინაციისა დატვინის რეცხვისაგან”, საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ სისხლის სამართალი რელიგიური, ეზოთერიული და სპირიტუალური სექტების უკანონო პრაქტიკის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას სექტებისადმი შუალედური შეიძლება ვუწოდოთ. მას არ განუსხვავებია სექტები და ახალი მოძრაობები (როგორიცაა, მაგალითად, იეჰოვას მოწმეები, სიენტოლოგიური ეკლესია, მოონის სექტა, დრუიდები, პენტეკოტისტური ეკლესია და სხვ.) ტრადიციული ან ფართოდ გავრცელებული რელიგიური თუ სხვა მიმდინარეობებისაგან.

ამგვარად, სექტები a priori არ არიან გამორიცხული იდენტიფიცირებადი რელიგიებისაგან და, შესაბამისად, რელიგიის თავისუფლებით უზრუნველყოფილი დაცვისაგან

ხხხხხხხხხხხ

მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების დაცვა

·        სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებანი’’  არ მოიცავს ადამიანის უფლებას, მისი რელიგიური ან სხვაგვარი რწმენა თუ ფილოსოფიური შეხედულებები დაცულ იქნეს კრიტიკისაგან სხვა რელიგიური ჯგუფებისა თუ ცალკეული ინდივიდების მხრიდან.

·        რელიგიური გაერთიანებები და ჯგუფები ტოლერანტულები უნდა იყვნენ იმისა, რომ მათი რწმენა და შეხედულებები უარყოფილი და გაკრიტიკებულია სხვათა მხრიდან.

·         მაგრამ როდესაც ასეთი კრიტიკა გამოთქმულია ისეთი ფორმით, რომელიც შეურაცხყოფს მორწმუნეებს, სახელმწიფოს წარმოეშობა პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელი გამოხდომებისაგან და უზრუნველყოს მათი მხრიდან რელიგიური უფლებებით მშვიდობიანი და დაუბრკოლებელი სარგებლობა.

·         ამ პოზიტიურ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო თავად იქნება მიჩნეული რელიგიურ უფლებათა დამრღვევად.

 მაგალითად, სახელმწიფოს უფლება აქვს შეზღუდოს რელიგიური თაყვანისცემის საგნების პროვოკაციული ფორმით გამოხატვის საჯარო ჩვენება, იმგვარი კრიტიკა, რაც შეიძლება შეფასდესღვთის გმობად,” გამოხატავს სიწმინდის თემისადმი მიუღებელ დამოკიდებულებას და შეურაცხყოფს მორწმუნეთა გრძნობებს

 

მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი

    მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები

 

3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ

 

·        მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს ორ აკრძალვას: ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო და ადამიანის იძულებას, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.”

 

 

 

 

 

ა)“ადამიანის დევნის აკრძალვა ‘’

 

·        კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული აკრძალვა ეხება სახელმწიფოს და გულისხმობს მის ნეგატიურ ვალდებულებას, არ განახორციელოს ადამიანის დევნა მისი პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ სხვა შეხედულებების, მისი რწმენისა თუ რელიგიური კუთვნილების გამო.

·         საკუთრივ დევნაშეიძლება გამოიხატებოდეს ადამიანის შევიწროებითა და მისი უფლებების დარღვევით.

·         ადამიანის და რელიგიური ორგანიზაციების  „დევნა’’შეიძლება იყოს:

a.      მისი სამსახურიდან გათავისუფლება,

b.      მასზე ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის განხორციელება თუ ქონების განადგურება რელიგიის, რწმენის ან შეხედულებების შეცვლის ან მათი გამოვლენის შეწყვეტის მოთხოვნით, ან უამისოდ;

c.      დაპატიმრება,

d.       ფარული მოსმენები,

e.      თვალყურის დევნა,

f.       საცხოვრისის, კორესპონდენციის, პირადი ან კომერციული საიდუმლოების ხელშეუხებლობის დარღვევა;

g.      დისკრიმინაციულ ვითარებაში ჩაყენება სამსახურის, პენსიებისა თუ სოციალური დახმარების საკითხებში.

h.       დევნააგრეთვე შეიძლება გამოიხატებოდეს აღმსარებლობაში თუ საქმიანობაში ხელის შეშლით;

i.        რელიგიური ორგანიზაციების ოფიციალური აღიარებისა და რეგისტრაციის უკანონო დაბრკოლებით, მათ მიმართ დისკრიმინაციული კანონის მიღებით ანდა კანონის დისკრიმინაციული გამოყენებით და სხვა.

 

·        კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული აკრძალვა აბსოლუტურია და მას შეესაბამება ადამიანის აბსოლუტური უფლება, არ იდევნებოდეს საკუთარი შეხედულებების, რწმენისა თუ რელიგიური კუთვნილების გამო.

·        ამ უფლების აბსოლუტურობა თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს იმავდროულად ეკისრება ძლიერ პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანი და ადამიანთა ჯგუფები კერძო პირთა, მათ შორის სხვა რელიგიური ჯგუფების ან უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენელთა უკანონო მოქმედებებისაგან.

·        სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ყველას თანასწორობა კანონის წინაშე და იზრუნოს ქვეყანაში რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ფლურალიზმის დასამკვიდრებლად, შექმნას ტოლერანტულობისა და შემწყნარებლობის ატმოსფერო, არ დაუშვას რელიგიური ან სხვაგვარი სიძულვილის გავრცელება მედიის ან სხვა საშუალებებით და სხვა.

·        მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გულისხმობს სახელმწიფოს უუფლებობას, შეზღუდოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი თავისუფლება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. „

·        ადამიანის დევნა”, რომელიც კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3პუნქტით არის აკრძალული, ყოველთვის უკანონო აქტია, ხოლო უფლებათა შეზღუდვა’’ სხვათა უფლებების დასაცავად, შესაბამისი აუცილებელი პირობების დაცვისას, შეიძლება მართლზომიერად იქნეს მიჩნეული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2პუნქტის ძალით.

 

ადამიანის იძულების აკრძალვა

·        მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 დებულების შინაარსი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს: აკრძალულია ადამიანის იძულება, გაამჟღავნოს თავისი აზრი (ამა თუ იმ საკითხზე), საკუთარი აღმსარებლობა ან რწმენა, ანდა გამოთქვას შეხედულებები მათ (ანუ აღმსარებლობისა და რწმენის) შესახებ.

·        აღნიშნული წარმოადგენს ადამიანის ნეგატიური თავისუფლების გამოხატულებასარ გამოთქვას თავისი აზრი, არ გაამჟღავნოს თავისი რელიგიური კუთვნილება და არ გამოხატოს თავისი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულება ამა თუ იმ შეხედულებების, რელიგიისა თუ რწმენის შესახებ.

·        სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანი კერძო პირთა მხრიდან უკანონო იძულებისაგანაც.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები