კაზუსი 6. კეთილი მეზობელი -(ნების გამოვლენის გამოხმობა; გამოხმობის შესახებ დაგვიანებული შეტყობინება; მაუწყებელი და მიმღები მაცნე)

 




სტუდენტ ლაშას სურს ძველი ველოსიპედის ყიდვა.

დათომ მას ფეისბუკის მესინჯერის საშუალებით შესთავაზა თავისი ველოსიპედი 100 ლარად.

ამ ხელსაყრელი წინადადებით გახარებულმა ლაშამ 6 ოქტომბერს, დილით, დათოს ფეისბუკითვე დაუბრუნა პასუხი და თანხმობა განაცხადა მის შემოთავაზებაზე.

იმავე დღეს, შუა დღისას, ლაშას მისმა ძველმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადადიოდა და თავის ველოსიპედს ლაშას ჩუქნიდა.

გახარებულმა ლაშამ გადაწყვიტა, საჩქაროდ გაეუქმებინა დათოსთვის გაგზავნილი თანხმობა და ისევ ფეისბუკზე მიეწერა მისთვის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დილით გაგზავნილი თანხმობა დათოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნანახი.

ლაშამ იფიქრა, რომ დათო ფეისბუკზე შეტყობინებებს მაინც არ ამოწმებდა და მიწერას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დაურეკა დათოს მეზობელ გუგას და სთხოვა, გადასულიყო დათოსთან და ეთქვა, რომ მას ველოსიპედი აღარ უნდოდა, თუ ფესიბუკზე წერილს ნახავდა, ყურადღება არ მიექცია.

გუგამ ლაშას უთხრა, რომ დათო ყოველთვის საღამოობით მოდიოდა სახლში და დაჰპირდა, როგორც კი დაბრუნდებოდა, აუცილებლად ეტყოდა. სინამდვილეში დათო ლაშქრობაში იმყოფებოდა ორი დღით, ინტერნეტი გათიშული ჰქონდა და მხოლოდ 8 ოქტომბერს დაბრუნდა შინ.

თავისი შეცდომის გამო აღელვებულმა გუგამ საღამოს აკანკალებული ხმით გადასცა დათოს ლაშას დანაბარები.

იმედგაცრუებულმა დათომ ინტერნეტი ჩართო და მიიღო ლაშას შეტყობინება.

 რაკი ველოსიპედის თაობაზე დათოს სხვა არავინ გამოხმაურებია და თანაც მისი საჩქაროდ გაყიდვა სურდა, დათო ლაშასგან ითხოვს ველოსიპედის საფასურის გადახდას.

შეუძლია თუ არა დათოს ამ თანხის მოთხოვნა?

კაზუსის ამოხსნა:

A.     დათოს მოთხოვნა ლაშას მიმართ ველოსიპედის საფასურის გადახდის თაობაზე, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე .

დათოს შესაძლოა, ჰქონდეს ლაშასგან ველოსიპედის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე. ამისათვის საჭიროა, წარმოშობილი მოთხოვნა არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი.

ნასყიდობა. გაცვლა

    მუხლი 477. ცნება. შინაარსი

 

 

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

 

1.მოთხოვნის წარმოშობანასყიდობის ხელშეკრულება

დათოს  მოთხოვნის წარმოშობისათვის საჭიროა, დათოსა და ლაშას შორის დადებული იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად საჭიროა მხარეთა მიერ ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენაოფერტი და აქცეპტი.

1. დათოს ოფერტი დათომ ლაშას შესთავაზა თავისი ძველი ველოსიპედის ყიდვა 100 ლარად. ამდენად, დათოს ოფერტი სახეზეა.

2. ლაშას აქცეპტი

 საკითხავია(ანუ უნდა გავაანალიზოთ), უპასუხა თუ არა ლაშამ დათოს ოფერტს აქცეპტით.

აქცეპტი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობისათვის საჭიროა როგორც ნების გაცხადება, ისე მისი მისვლა ადრესატამდე (სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილი).

. ნების გაცხადება (მოწმდება ეს ელემენტი)

ლაშამ დათოს შეტყობინება ფეისბუკით გაუგზავნა.

 ჩვეულებრივ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ამ სახით გაგზავნილი შეტყობინება ადრესატს მიუვა.

შესაბამისად, ნება გაცხადებულია.

 

. ნების მისვლა (მოწმდება ეს ელემენტი)

გაცხადებული ნება აგრეთვე უნდა მიუვიდეს ადრესატს. (მთ. წინ.)

ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოექცევა და ჩვეულებრივ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ ადრესატი მის შინაარსს გაეცნობა. შეტყობინება ლაშამ 6 ოქტომბერს გაგზავნა.(დეფინიცია)

 ფეისბუკზე სწორად გაგზავნილი შეტყობინების ნახვის საშუალება ადრესატს გაგზავნის მომენტიდანვე აქვს, შესაბამისად, გაგზავნის მომენტიდან ის(ნება) დათოს ძალაუფლების სფეროშია.(სუბსუმცია)

საკითხავია(გასანალიზებელია), როდისაა მოსალოდნელი, რომ დათო შეტყობინების შინაარსს გაეცნობა.

ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინებების დროს მნიშვნელოვანია გამოყენებული პროგრამის პოპულარულობა, შეტყობინების გადაცემის სისწრაფე და სხვა მონაცემები.

დღეისათვის ფეისბუკი საკმაოდ პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებაა, მაგრამ გარკვეულ წრეებში იგი მაინც არ გამოიყენება აქტიურად.

თუმცა, სულ მცირე, მაშინ, როცა ოფერტი ფეისბუკის საშუალებით კეთდება, იგულისხმება, რომ ოფერენტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და, როგორც წესი, აქცეპტსაც ამავე სახით უნდა ელოდეს.

ჩვეულებრივ ვითარებაში, მოსალოდნელია, რომ ფეისბუკით გაგზავნილი შეთავაზების პასუხს იმავე დღის განმავლობაში შეამოწმებენ.

ამდენად, ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელი იყო, რომ დათო იმავე დღეს ფეისბუკზე შესვლისას საღამომდე ნახავდა შეტყობინებას. ., 6 ოქტომბერს.

 ის ფაქტი, რომ დათო ლაშქრობაში იმყოფებოდა და 8 ოქტომბერს დაბრუნდა, არის განსაკუთრებული ვითარება და, ამდენად, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.(სუბსუმცია)

შესაბამისად, ნების გამოვლენა დათოს მიუვიდა 6 ოქტომბერს(დასკვნა)

 

. აქცეპტის გაუქმება

საკითხავია(გასარკვევია , ხომ არ გაუუქმებია ლაშას თავისი აქცეპტი.

აქცეპტის გაუქმებაც აგრეთვე მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მის(ნების)  გამოვლენასა და მეორე მხარის მიერ  ამ ნების დროულ მიღებაზე.

 

აა. აქცეპტის გაუქმების შესახებ ნების გაცხადება (ვამოწმებთ ამას)

ლაშამ დათოს მეზობელ გუგას სთხოვა, აქცეპტის გაუქმების შესახებ შეეტყობინებინა დათოსთვის. მეზობლის მიერ მიცემული პირობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ შეტყობინება დათომდე მიაღწევდა.

შესაბამისად, აქცეპტის გაუქმების ნება ლაშამ განაცხადა.

 

 

 

ბბ. დროული მისვლა

გარდა ამისა, აქცეპტის გაუქმების შესახებ ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის საჭიროა, იგი დროულად მიუვიდეს ადრესატს.

მისვლა დროულად ითვლება, თუკი აქცეპტის გაუქმებისაკენ მიმართული ნება ადრესატს უფრო ადრე ან იმავე მომენტში მიუვა, რა მომენტშიც აქცეპტი იქნა მიღებული.(დეფინიცია)

 ამდენად, გასარკვევია, აქცეპტის გაუქმების შესახებ ნება მიუვიდა თუ არა დათოს 6 ოქტომბერს (აქცეპტის მისვლის თარიღი) ან მანამდე.

ამიტომ საკითხავია(გასარკვევია) , ჩაითვლება თუ არა აქცეპტის გაუქმების შესახებ ნების გამოვლენა მისულად იმ მომენტიდან, როცა ლაშამ 6 ოქტომბერს გუგას სთხოვა შუამავლობა. ეს დამოკიდებულია შუამავალი პირისმეზობლის სამართლებრივ მდგომარეობაზე დათოსთან მიმართებით(!).

ახლა შევამოწმოთ მეზობლის სამართლებრივი სტატუსები:

1.მიმღების წარმომადგენელი? (ჯერ ვამოწმებთ ამას)

მეზობელი გუგა შესაძლოა, ყოფილიყო დათოს წარმომადგენელი (სკის 103- და შემდგომი მუხლების შესაბამისად).

ამ შემთხვევაში, აქცეპტის გაუქმების შესახებ შეტყობინების მისვლა მეზობელთან სამართლებრივ შედეგებს უშუალოდ და მხოლოდ დათოსთვის გამოიწვევდა.

ამდენად, აქცეპტის გაუქმების შესახებ ნების გამოვლენის მეზობლის მიერ მიღება 6 ოქტომბერს ჩაითვლებოდა მისვლად დათოსთან.

 

მეზობლის(გუგას) წარმომადგენლად აღიარებისათვის (ლაშას თვალსაწიერიდან) საჭიროა, რომ მეზობელს ნების გამოვლენა დათოს სახელით მიეღო.

ნების მიმღების წარმომადგენელი არაა უბრალოდ ნების გადამტანი, იგი თვითონ იღებს ნებას, ხოლო სამართლებრივი შედეგი მის მიერ წარმოდგენილი პირისათვის წარმოიშობა.

 

გუგას სურვილი არ ყოფილა, ნების გამოვლენა დათოს სახელით მიეღო. მან მხოლოდ შეტყობინების გადაცემაზე დადო პირობა და ეს ლაშასთვისაც ცხადი იყო.

 

ამდენად, მეზობელი გუგა არ იყო მიმღებისდათოს წარმომადგენელი და მის მიერ პირობის მიცემა არ ჩაითვლება ნების გამოვლენის მისვლად ადრესატთან.

 

2. მიმღები მაცნე?

შესაძლოა, გუგა ყოფილიყო .. მიმღები მაცნე.

ამ შემთხვევაში, აქცეპტის გაუქმების შესახებ შეტყობინება მისულად ჩაითვლებოდა იმ მომენტიდან, როცა ჩვეულებრივ ვითარებაში გუგას მიერ დათოსთვის შეტყობინების გადაცემა იყო მოსალოდნელი.

გუგას ლაშამ 6 ოქტომბერს დაურეკა და სთხოვა შეტყობინების გადაცემა.

 რადგან დათო ყოველთვის საღამოობით ბრუნდებოდა სახლში და მეზობელმაც პირობა დადო, რომ მოსვლისთანავე გადასცემდა მას დანაბარებს, აქცეპტის გაუქმების ნების გადაცემაც იმავე საღამოს იქნებოდა საფიქრებელი.

ამდენად, თუკი გუგას ჩავთვლით მიმღებ მაცნედ, აქცეპტი და მისი გაუქმების შესახებ გამოვლენილი ნება დათოს ერთდროულად, 6 ოქტომბრის საღამოს მიუვიდოდა.

შესაბამისად, საკითხავია, არის თუ არა მეზობელი გუგ მიმღები მაცნე.

ამისათვის საჭიროა, საქმე ეხებოდეს ადრესატის გამგებლობაში მყოფ ისეთ პირს, რომელიც ნების ჩაბარებასა და გადაცემაზე (ადრესატისათვის მიწოდებაზე) შეიძლება იყოს უფლებამოსილი. (დეფინიცია)

დათოს მეზობელი, მართალია, დათოსთვის უფრო ახლობელი იყო, სულ მცირე, ტერიტორიულად, მაგრამ არ არსებობს საფუძველი დასკვნისთვის, რომ იგი დათოს მიმართ გამოვლენილი ნების გადატანაზე მინდობილი პირი იყო.

კაზუსის ფაბულიდან უფრო ის იკვეთება, რომ მეზობელისპონტანურიდამხმარეა და არა დათოს მიერ უფლებამოსილი პირი, ჩაიბაროს მისთვის გადასაცემი შეტყობინებები.

 ეს ლაშასთვისაც ცხადი იყო.

 აქედან გამომდინარე, გუგას ვერ ჩავთვლით დათოს სფეროში მოქცეულ ნების გადამტანადმიმღებ მაცნედ (დასკვნა)

 

3. მაუწყებელი მაცნე?

 და ბოლოს, მეზობელი შეიძლება .. მაუწყებელი მაცნე ყოფილიყო.

მაუწყებელი მაცნეა ყველა ის პირი, ვისთვისაც ადრესატს არ მიუნიჭებია ნების მიღების ან ჩაბარების უფლებამოსილება.

 ლაშამ მეზობელს შეტყობინება გაანდო, რათა ამ უკანასკნელს გადაეცა დათოსთვის. რადგან მეზობელი არც დათოს წარმომადგენელია და არც მისი მიმღე-  მაცნე (იხ. ზემოთ, (1) და (2)), იგი მაუწყებელ მაცნედ უნდა მივიჩნიოთ.

 რადგან მაუწყებელი მაცნე ნების გამომვლენის სფეროში იმყოფება, სწორედ ნების გამომვლენია ნების სწორად და დროულად გადაცემის რისკის მატარებელი.

ნება მისულად ითვლება უშუალოდ ადრესატისთვის გადაცემის მომენტიდან.

 მეზობელმა გუგამ დათოს შეტყობინება 8 ოქტომბერს გადასცა.

ამ მომენტში მოექცა იგი დათოს ძალაუფლების სფეროში და ამავე მომენტში გააცნობიერა დათომ მისი შინაარსი.

აქედან გამომდინარე, აქცეპტის გაუქმების შესახებ გამოვლენილი ნება დათოს მხოლოდ 8 ოქტომბერს, აქცეპტის მისვლის შემდეგ, მიუვიდა.

ამდენად, აქცეპტის გამოთხოვა დაგვიანებულია

 

 

გგ. აქცეპტის შინაარსამდე აქცეპტის გაუქმების შესახებ შეტყობინების შინაარსის გაცნობა

 

საკითხავია, ხომ არ ცვლის სამართლებრივ შედეგს ის ფაქტი, რომ დათო აქცეპტის შინაარსის ფაქტობრივად გაცნობამდე მისი გაუქმების შესახებ შეტყობინების შინაარსს გაეცნო.

იურიდიულ ლიტერატურაში სადავოა, უნდა ჩაითვალოს თუ არა ასეთ დროს აქცეპტის გამოთხოვა დაგვიანებულად.

ერთი მოსაზრების მიხედვით, სამართლებრივად რელევანტური მხოლოდ ნების მისვლის მომენტია და ყურადღება არ უნდა მიექცეს ნების შინაარსის ფაქტობრივი გაცნობის მომენტს.

ამ შეხედულების გაზიარების შემთხვევაში, აქცეპტის გაუქმების თაობაზე ნების გამოვლენა არ იქნება ნამდვილი.

 

მეორე მოსაზრების თანახმად, ასეთ შემთხვევებში, ნების შინაარსის ფაქტობრივი გაცნობის მომენტ, გამონაკლისის სახით, სამართლებრივი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. შესაბამისად, ამ მოსაზრების მიხედვით, აქცეპტის გაუქმება ასეთ დროს სახეზეა.

პირველი მოსაზრება ლოგიკურად გამომდინარეობს ნების მისვლის დეფინიციიდან, რომლის თანახმადაც ნება მისულია, როცა იგი მიმღების ძალაუფლების სფეროში მოხვდება და მას, ჩვეულებრივ, მისი გაცნობის საშუალება აქვს.

გაცნობის ფაქტობრივ მომენტს ეს დეფინიცია მნიშვნელობას არ ანიჭებს.

მეორე მოსაზრების სასარგებლოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ადრესატს, რომელმაც არც კი იცის გამოვლენილი ნების შესახებ, ვერ ექნება ნების შინაარსის მიმართ ისეთი ნდობა, რომელიც სამართლებრივ დაცვას საჭიროებს. პირიქით, ასეთ შემთხვევებში ნების გამომვლენის ინტერესი უფრო მეტად საჭიროებს დაცვას.

 თუ გავითვალისწინებთ, რომ ნების მისვლის დასახელებული დეფინიცია მხოლოდ ლიტერატურაშია აღიარებული და სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილი საკანონმდებლო განმარტებას არ შეიცავს, ამ ზოგადი დეფინიციიდან გამონაკლისის დაშვება აღნიშნული ინტერესის დაცვის მიზნით არ უნდა იყოს გადაულახავი დაბრკოლება.

შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში, მეორე პოზიცია უფრო გასაზიარებელია.

აქედან გამომდინარე, ლაშას მიერ გამოვლენილი ნება აქცეპტის გაუქმების თაობაზე ნამდვილია და აქცეპტი გაუქმებულია.

შუალედური დასკვნა:

ლაშას ნამდვილი აქცეპტი არაა სახეზე. დათოსა და ლაშას შორის არ დადებულა ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საბოლოო შედეგი:

 დათოს არ აქვს ლაშასგან ველოსიპედის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

შენიშვნა:

კაზუსის  ამ ამოხსნაში ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისას.

უპირველესად, ყველა შეხედულება უნდა დასახელდეს და მოკლედ განიმარტოს, თუ რა შედეგებამდე მივყავართ მათ წარმოდგენილ შემთხვევაში.

 თუკი ამ განსხვავებულ შეხედულებებს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებამდე მივყავართ, საჭირო ხდება ერთ-ერთი მათგანის გაზიარება და დანარჩენის უარყოფა.

 იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი შედეგები ნებისმიერი მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში ერთი და იგივეა, რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება საჭირო არაა.

 თუკი აუცილებელია ერთ-ერთი მოსაზრების გაზიარება, საჭირო ხდება მცირე დისკუსიის წარმოდგენა, სადაც მოკლედ იქნება მოყვანილი თითოეული მოსაზრების სასარგებლო ან/და საწინააღმდეგო არგუმენტები.

ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული არგუმენტების დასახელება, საკუთარი შეფასება კი მხოლოდ შემდეგი ეტაპია.

შემდეგ ეტაპზე, სადაც კაზუსის ამომხსნელმა ერთ-ერთ მოსაზრებას უნდა მიანიჭოს უპირატესობა, სასურველია საკუთარი არგუმენტების მოხმობაც. თუმცა ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი: განსაკუთრებითკლასიკურისამეცნიერო უთანხმოებებისას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს, რთულია, მოძებნო არგუმენტი, რომელიც ჯერ არავის გამოუთქვამს.

 ასეთ შემთხვევაში კაზუსის ამოხსნისას ორიოდე სიტყვით საკუთარი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ ერთ-ერთი პოზიცია უფრო მეტად გასაზიარებელია.

 

სამახსოვრო!

·        აქცეპტი შეიძლება გაუქმდეს, თუ შეტყობინება გაუქმების შესახებ ოფერენტმა მიიღო იმ მომენტზე ადრე ან იმ მომენტში, როდესაც აქცეპტი ძალაში უნდა შესულიყო. აქცეპტი ძალაში მეორე მხარესთან მისი მისვლის მომენტიდან შედის. შესაბამისად, აქცეპტის გამოხმობა სწორედ მის მისვლამდე ან მისვლისას უნდა მოხდეს.

·         სანამ ხელშეკრულება დადებული არ არის, ოფერტი შეიძლება უკან გამოიხმოს ოფერენტმა, თუ შეტყობინება უკუგამოხმობის შესახებ მიღებულია ოფერტის ადრესატის მიერ მანამ, სანამ იგი აქცეპტს გაგზავნის.

·         არა მხოლოდ აქცეპტისა და ოფერტის, არამედ ნებისმიერი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის გამოხმობაა შესაძლებელი, თუკი ნების გაუქმებისაკენ მიმართული შეტყობინება ადრესატს პირველი (გასაუქმებელი) ნების მისვლამდე ან მისვლისას მიუვა (სკ-ის 51- მუხლის მე-2 ნაწილის ტელეოლოგიური განმარტება).

·        პირს, რომელსაც ნების გამომვლენის ნება გადააქვს ადრესატამდე, ეწოდება მაცნე.

 მაცნე წარმომადგენლისგან განსხვავდება იმით, რომ იგი მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს და თავად არ განსაზღვრავს გარიგების შინაარსს.

მაცნე შეიძლება იყოს მიმღები ან მაუწყებელი.

მიმღები მაცნე სამართლებრივად უტოლდება ადრესატის კუთვნილ შეტყობინების მიმღებ მოწყობილობას და, შესაბამისად, ნების გამოვლენა მისულად ითვლება, როდესაც ჩვეულებრივ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ მიმღები მაცნე ადრესატს აცნობებს გარიგების შინაარსს.

ამის საპირისპიროდ მაუწყებელი მაცნე სამართლებრივად ნების გამომვლენის კუთვნილ შეტყობინების გამგზავნ მოწყობილობას უტოლდება და ნება მისულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა მაუწყებელი მაცნე ფაქტობრივად აცნობებს ადრესატს გარიგების შინაარსს.

ხხხხხხხხხხხხხხხხ

სამახსოვრო :

 

აქცეპტისა და ოფერტის გაუქმება

 

 სკ პირდაპირ არ ითვალისწინებს აქცეპტის ან ოფერტის გაუქმების შესაძლებლობას, თუმცა ეს შესაძლებლობა  აღიარებულია როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

 

საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ ვენის 1980 წლის კონვენციის 22- მუხლის თანახმად, აქცეპტი შეიძლება გაუქმებულ იქნეს, თუ შეტყობინება გაუქმების შესახებ ოფრენტმა მიიღო იმ მომენტზე ადრე ან იმ მომენტში, როდესაც აქცეპტი ძალაში უნდა შესულიყო.

 ქართული კანონმდებლობის მიხედვით, აქცეპტი ძალაში მეორე მხარესთან მისი მისვლის მომენტიდან შედის.

შესაბამისად, აქცეპტის გამოხმობა სწორედ მის მისვლამდე უნდა მოხდეს.

ეს გამართლებულიცაა, რადგან ასეთ დროს არ არსებობს ადრესატის ისეთი ინტერესი, რომლის დასაცავადაც ნების გამომვლენის შებოჭვა მის მიერ გამოვლენილი ნებით გამართლებული იქნებოდა.

 

თუკი აქცეპტანტი დააგვიანებს აქცეპტის გამოხმობას, აქცეპტი ნამდვილად ჩაითვლება.

 

ამავე დროს, თუკი ორივე ნება (აქცეპტი და მისი გაუქმება) ერთდროულად მიუვა ადრესატს, აუცილებელი არაა, რომ ადრესატი პირველად აქცეპტის გაუქმების შესახებ შეტყობინების შინაარსს გაეცნოს და მხოლოდ შემდეგ თავად აქცეპტს. გადამწყვეტი ნების მისვლის მომენტია და არა მისი შინაარსის რეალურად გაცნობის მომენტი.

ვენის კონვენცია აგრეთვე ითვალისწინებს ოფერტის გაუქმების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სანამ ხელშეკრულება დადებული არ არის, ოფერტი შეიძლება უკან გამოიხმოს ოფერენტმა, თუ შეტყობინება უკუგამოხმობის შესახებ მიღებულია ოფერტის ადრესატის მიერ მანამ, სანამ იგი აქცეპტს გაგზავნის.

 

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით, სკ-ის 51- მუხლის მე-2 ნაწილი გაგებულ უნდა იქნეს არა როგორც ადრესატის მიერ ნების მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობა (სიტყვასიტყვითი გაგება), არამედ როგორც ნების გამომვლენის უფლება, გამოითხოვოს მის მიერ გამოვლენილი ნება (ტელეოლოგიური, სისტემური და ისტორიული განმარტება).

 

შესაბამისად, ამ ნორმის ასე გაგების შემთხვევაში, არა მხოლოდ აქცეპტისა და ოფერტის, არამედ ნებისმიერი მიღებასავალდებულო ნების გამოთხოვაა შესაძლებელი, თუკი დაცულია ზემოთ აღნიშნული პირობები: კერძოდ, თუკი ნების გაუქმებისაკენ მიმართული შეტყობინება ადრესატს 1-ლი (გასაუქმებელი) ნების მისვლამდე ან მისვლისას მიუვა.

 

 

სამახსოვრო:

 

მაცნე

 

ყოფით ცხოვრებაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ნების გამოვლენის ადრესატამდე მიტანა მესამე პირის საშუალებით ხდება.

 ასეთ დროს შუამავალი მხოლოდ დამხმარე პირია და უშუალოდ არ არის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

ამგვარ ვითარებაში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როდის უნდა ჩაითვალოს ნების გამოვლენა მისულად.

ასეთი დამხმარე პირის სამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული არაამხოლოდ სკ-ის მე-80 მუხლი იხსენიებს შუამავლად გამოყენებულ პირს, თუმცა ნების გამოვლენის მისვლის მომენტის განსაზღვრას ეს მუხლიც არ ეხება.

 

შუამავლად გამოყენებულ პირს შესაძლებელია, ეწოდოს მაცნე.

 

 

მაცნე უნდა განვასხვაოთ წარმომადგენლისაგან, რომელიც საკუთარ ნებას ავლენს სხვა პირის სახელით;

წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსს თავად წარმომადგენელი აყალიბებს, იგი მხოლოდ წარმოდგენილი პირის მიერ მიცემული ფარგლებითაა შეზღუდული, მაცნე კი მხოლოდ სხვისი ნების გადამტანია, რომლის შინაარსთანაც თავად მაცნეს კავშირი არ აქვს.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაცნე მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებსგადააქვს სხვის მიერ უკვე ფორმულირებული ნების გამოვლენა, მაშინ, როცა წარმომადგენელი კონკრეტულ ვითარებაში გარიგების მხარეს, პიროვნებას ანაცვლებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავად განსაზღვრავს დადებული გარიგების შინაარსს.

 

აქედან გამომდინარე, მაცნე შესაძლოა, ქმედუუნარო პირიც კი იყოს.

 

 წარმომადგენლისა და მაცნის გამიჯვნა კონკრეტულ ვითარებაში ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან უნდა მოხდეს:

მაცნე ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც ობიექტური დამკვირვებელი მხოლოდ და მხოლოდ ნების გამოვლენის გადამტანად აღიქვამს.

 

წარმომადგენლის და მცნეს ერთმანეთისგან გარჩევისას  გასათვალისწინებელია შექმნილი ვითარება და სხვა ობიექტური გარემოებები, როგორებიცაა, მაგალითად: ასაკი (წარმომადგენელი ვერ იქნება ქმედუუნარო პირი), ნათესაური ან სხვაგვარი ურთიერთობა გარიგების მხარეებთან და სხვ.

ცალსახად წარმომადგენლობაზე მიუთითებს, მაგალითად, ვითარება, როდესაც შუამავალი პირი გარიგების საგანს გარკვეული ყოყმანის შემდეგ შეარჩევს (მაგ., ნასყიდობის საგანს, ღვინოს მხოლოდ დეგუსტაციის შემდეგ ამოირჩევს). ასეთ დროს პირი თავისი არჩევანით განსაზღვრავს გარიგების საბოლოო შინაარსს, რაც სცდება მხოლოდ ტექნიკური სამუშაოს შესრულებასნების გადატანასდა, შესაბამისად, გამორიცხავს მაცნეს.

 

მაცნისა და წარმომადგენლის ერთმანეთისაგან გამიჯვნა(გარჩევა)  ნების გამოვლენის მისვლის მომენტის გარკვევისთვისაა საჭირო.

თუკი წარმომადგენლობისას ნების გამოვლენის მისვლა წარმომადგენელთან ნიშნავს წარმოდგენილ პირთან ნების მისვლასაც, იმავეს ვერ ვიტყვით მაცნის შემთხვევაში.

 

 ნების მისვლის მომენტის განსასაზღვრავად ასევე  საჭიროა, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს მაცნის ორი სახემაუწყებელი  მაცნე და მიმღები მაცნე ;

 

1.      მაუწყებელი მაცნე

 

მაუწყებელი მაცნე ეწოდება ისეთ პირს, რომელსაც ნების გამომვლენი ავალებს ნების გადატანას ადრესატამდე, ხოლო სწორად და დროულად  მიწოდების რისკს თავად ნების გამომვლენი ატარებს.

 მაუწყებელი მაცნე, ფაქტობრივად, სამართლებრივად უტოლდება შეტყობინების გასაგზავნ მოწყობილობას, რომელიც ნების გამომვლენს ეკუთვნის.

ზოგადად, ნების ტრანსპორტირება ნების გამომვლენის პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნება, ამიტომაა იგი პასუხისმგებელი მისი არჩეული მაცნის მიერ  ნების გამოვლენის სწორად და დროულად მიწოდებაზეც.

აქედან გამომდინარე, მაუწყებელი მაცნისათვის შეტყობინების გადაცემა და ადრესატისკენ მიმართვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნების გამოვლენის მისვლას ადრესატამდე.

ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მაუწყებელი მაცნე უშუალოდ გადასცემს ადრესატს შეტყობინებას.

 

მაუწყებელი მაცნის თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც დედა ექვსი წლის შვილს აგზავნის მაღაზიაში პურის საყიდლად. ცხადია, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დედასა და გამყიდველს შორის იდება, ექვსი წლის შვილის (მაცნის) ფუნქცია კი მხოლოდ დედის ნების გამოვლენის ადრესატამდე მიტანაა.

 

 

2.    მიმღები მაცნე

 

არის ის პირი, რომელსაც ადრესატმა მიანდო მისთვის გამოგზავნილი შეტყობინებების მიღება (ჩაბარება), ანდა პირი, რომელიც ადრესატთან იმდენად დაახლოებულია, რომ, როგორც წესი, შეუძლია, ჩაიბაროს მისთვის განკუთვნილი შეტყობინებები

 

მიმღებ მაცნედ ჩაითვლება, მაგალითად, ადრესატის მეუღლე ან მის სახლში მცხოვრები ოჯახის სხვა წევრი; აგრეთვე მდივანი, რომელიც უფლებამოსილია, ჩაიბაროს მისი დამსაქმებლისთვის გამოგზავნილი წერილები.

 

მიმღები მაცნის სამართლებრივი მდგომარეობა უტოლდება შეტყობინების მიმღებ მოწყობილობას, რომელიც ადრესატს ეკუთვნის.

 

აქედან გამომდინარე, მიმღები მაცნის მიერ შეტყობინების მიღება ნიშნავს ნების გამოვლენის მოხვედრას ადრესატის ძალაუფლების სფეროში.

 ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ზოგადი წესი, რომლის მიხედვითაც ნების გამოვლენის ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოხვედრის შემდეგ ნების მიუსვლელობის რისკი სწორედ ადრესატზე გადადის.

ამდენად, ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება მაშინ, როცა ჩვეულებრივ ვითარებაში სავარაუდოა, რომ მიმღები  მაცნე აცნობებს ადრესატს შეტყობინების შინაარსს.

 

3.   მაცნის განსაკუთრებული შემთხვევა- თარჯიმანი.

თარჯიმანი , მართალია, ნების გამოვლენას სიტყვიერად თავად აყალიბებს, მაგრამ არ ცვლის უკვე ფორმულირებულ  შინაარსს  და, ამდენად, მისიროლიც  გარიგების დადების პროცესში  მხოლოდ ტექნიკურია. (შენიშვნა: შუასაუკუნეებში თარჯიმნები საქართველოში ძალიან ხეირობდნენ იმით რომ ცვლიდნენ ფორმულირებულ შინაარსს მაგ. სადუნ მაკანბერდელი მონღოლების დროს თარჯიმნობით აღზევდა)

თარჯიმანი შესაძლებელია იყოს როგორც მაუწყებელი, ისე მიმღები მაცნეც;

როდესაც თარჯიმანი  ნების მიღების ადრესატის მიერაა დაქირავებული, თარჯიმანი მიმღებ მაცნედ უნდა ჩაითვალოს და, შესაბამისად, სწორი და დროული თარგმანის რისკს ადრესატი ატარებს, ნების გამომვლენის მიერ თარჯიმნის დაქირავების შემთხვევაში კიპირიქით,სწორი და დროული თარგმანის რისკს ნების გამომვლენი ატარებს;


დავალება: 

რა შეიცვლებოდა, თუკი ლაშა გუგას არ მიმართავდა თხოვნით და კონვერტში ჩადებულ წერილს თავად შეაცურებდა დათოს კარის ქვეშ? 

დავალება: 

რა შეიცვლებოდა, თუკი ლაშა აქცეპტის გამოხმობის შესახებ შეტყობინებასაც ფეისბუკით გაგზავნიდა?

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები