კაზუსი 4. საჩუქარი კოლეგას-(ნების გამოვლენა კონკლუდენტურად; აქცეპტის მისვლა მეორე მხარესთან; აქცეპტის მისვლის ზედმეტობა; ჩუქების გაუქმება)


 

სამართლის პროფესორმა გიორგიმ კოლეგა დავითს გაუგზავნა თავისი ახალგამოქვეყნებული ნაშრომის ერთი ეგზემპლარი. წიგნში ჩადებული იყო ბარათი წარწერით: „პატივისცემით დოქტორ დავითს ავტორისაგან”. დავითმა წიგნი შეინახა კარადაში, რომელშიც მსგავსი წარწერიანი ბარათებით სავსე 500-ამდე წიგნი ინახება. გიორგი გაბრაზდა, რადგან დავითი შესაბამისი შეფასებით არ გამოეხმაურა მის მონოგრაფიულ ნაშრომს და კოლეგას წიგნის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

 დავითი წიგნის დაბრუნებაზე უარს ამბობს.

რომლის პოზიციაა სამართლებრივად დასაბუთებული?

 

A.     გიორგის მოთხოვნა დავითის მიმართ წიგნის უკან დაბრუნების თაობაზე, სკ-ის 172- მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე

გიორგის დავითის მიმართ შესაძლოა ჰქონდეს წიგნის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 172- მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე.

მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

 

1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება

 

 

ამისათვის საჭიროა, არსებობდეს ნამდვილი მოთხოვნა, რომელიც არაა შეწყვეტილი და განხორციელებადია.

I.                 მოთხოვნა გიორგის საკუთრებიდან გამომდინარე

მოთხოვნის უფლების არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ გიორგი იყოს წიგნის მესაკუთრე.

წიგნის თავდაპირველი მესაკუთრე ,კაზუსის თანახმად, გიორგია.

თუმცა საკითხავია, დაკარგა თუ არა მან საკუთრების უფლება.

 

1.      საკუთრების უფლების გადასვლა ჩუქების საფუძველზე, სკ-ის 524- მუხლის თანახმად

 

გიორგის წიგნზე საკუთრების უფლება შესაძლოა დაეკარგა დავითთან დადებული ნამდვილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სკ-ის 524- მუხლიდან გამომდინარე.

 

ჩუქება

    მუხლი 524. ცნება

 

ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით

 

 მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენითა და ნივთის გადაცემით.

 

 . ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა

 

წიგნში ჩადებულ ბარათზე გაკეთებული წარწერა იყო გიორგის ოფერტი დავითის წინაშე წიგნის ჩუქების თაობაზე, სკ-ის 329- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

 მუხლი 329. ოფერტის გაკეთება

1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.

 

 

ეს ოფერტი დავითმა მიიღო, როდესაც მან წიგნში ბარათი იპოვა.

 

საკითხავია, არის თუ არა სახეზე დავითის აქცეპტი.

 

 აქცეპტი არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომლითაც ოფერტის ადრესატი ოფერტის შინაარსზე თანხმობას აცხადებს.

 

დავითს გიორგისთვის პასუხი არ გაუცია.

დუმილი, როგორც წესი, არ ითვლება აქცეპტად.

 სკ-ის 335- მუხლი დუმილს, როგორც აქცეპტის ფორმას, ითვალისწინებს მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობაში (გარდა ცალკეული გამონაკლისი შემთხვევებისა).

 

ამ შემთხვევაში არც დავითი და არც გიორგი მეწარმეები არ არიან, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა სახეზე არაა და დავითის დუმილი ვერ შეფასდება აქცეპტად.

 

მაგრამ დავითს შესაძლოა, აქცეპტი კონკლუდენტური მოქმედებით გამოეხატა.

 

მან გიორგისგან გამოგზავნილი წიგნი იმ კარადაში შეინახა, სადაც ძველად ნაჩუქარ მსგავსწარწერიან წიგნებს ინახავდა.

დავითის ქმედებაში ჩუქების თაობაზე გიორგის ოფერტზე კონკლუდენტური აქცეპტი იკვეთება.

თუმცა აქცეპტი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობისათვის, სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჭიროა, რომ იგი მეორე მხარეს მიუვიდეს.

გიორგის არ მისვლია დავითის აქცეპტი.

 

შენიშვნა 1:

იურიდიულ ლიტერატურაში აღიარებულია, რომ აქცეპტის მეორე მხარესთან მისვლა მისი ნამდვილობისათვის შესაძლოა, ზედმეტი იყოს, როცა, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციიდან გამომდინარე, იგი(ანუ აქცეპტის მეორე მხარესთან მისვლა ) მოსალოდნელი არ იყო.

 

 

შენიშვნა 2:

აქ საუბარია არა თავად აქცეპტის ზედმეტობაზე, არამედ მხოლოდ მისი(აქცეპტის) მეორე მხარესთან მისვლის ზედმეტობაზე.(!)

ამ შემთხვევაში(კაზუსში)  სახეზეა კონკლუდენტური მოქმედებით გამოვლენილი აქცეპტი, რომლის მისვლაც მეორე მხარესთან, შესაძლოა, არ იყოს საჭირო.

 

შენიშვნა 3 :

 

ხოლო  სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ტრადიციად უნდა იქნეს განხილული კონკრეტულ საზოგადოებრივ წრეში გაბატონებული ფაქტობრივი პრაქტიკა.

(ამ შენიშვნების გათვალისწინებით ვაგრძელებთ კაზუსის განხილვას)

 ახალგამოცემული ნაშრომების ერთმანეთისათვის ჩუქება აკადემიურ წრეებში დამკვიდრებული ჩვეულებაა.

როგორც წესი, დასაჩუქრებულისაგან ელოდებიან, რომ იგი დაუკავშირდება ავტორს და მადლობას გადაუხდის.

თუმცა უჩვეულო არც ის იქნება, თუკი დასაჩუქრებული წიგნს, უბრალოდ, კარადაში შეინახავს და მოგვიანებით, სხვა საკითხზე შეხვედრისას, ავტორთან მადლიერების ნიშნად მოკლედ მიმოიხილავს მის ნაშრომს.

შესაბამისად, უშუალოდ საჩუქრის  მიღებისთანავე აქცეპტის გაცხადება მოსალოდნელი არაა.

 ამ საზოგადოებრივი წრის ასეთი ტრადიციიდან გამომდინარე, დავითის აქცეპტის მისვლა გიორგისთან არ იყო აუცილებელი პირობა ჩუქებაზე  აქცეპტის ნამდვილობისათვის.

 

 შესაბამისად, სახეზეა დავითის ნამდვილი აქცეპტი(!)

  შესაბამისად  სახეზეა „ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენაც’’

 

. ნივთის გადაცემა

 

 სკ-ის 525- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

 

წიგნი არის მოძრავი ნივთი.

 

კაზუსის ფაბულიდან ცალსახაა, რომ გიორგიმ დავითს ნივთი გადასცა.

 

შუალედური დასკვნა:

 

გიორგისა და დავითს შორის დაიდო ნამდვილი ჩუქების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გიორგიმ დავითს გადასცა წიგნი და მასზე საკუთრების უფლება.

აქედან გამომდინარე, გიორგი აღარაა წიგნის მესაკუთრე.(!)

საბოლოო შედეგი:

 

გიორგის არ აქვს დავითისაგან წიგნის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 172- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე(!)

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

 

B.     გიორგის მოთხოვნა დავითის მიმართ წიგნის უკან დაბრუნების თაობაზე, სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტიდან გამომდინარე

 

 

 გიორგის შესაძლოა, ჰქონდეს დავითისაგან წიგნის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტიდან გამომდინარე.

 

უსაფუძვლო გამდიდრება

    მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

 

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ახლა ,უპირველესად, გასარკვევია, წარმოიშვა თუ არა ესუკან დაბრუნების  მოთხოვნის უფლება“ .

ამისათვის , უნდა შემოწმდეს 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტი  წინაპირობები.

 

 

I.                 რაიმეს გადაცემა (წინაპირობა)

 

პირველი წინაპირობა, მუხლის ფორმულირების მიხედვით, რაიმეს გადაცემაა.

 როგორც უკვე აღინიშნა (იხ. ზემოთ A, I, 1. .) გიორგიმ დავითს წიგნი გადასცა.

 

2.      ვალდებულების შესასრულებლად ‘’(წინაპირობა)

 

გარდა ამისა, საჭიროა, რომ გადაცემა გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად ვალდებულების შესრულებისკენ იყოს მიმართული.

 

ამ შემთხვევაში(კაზუსში)  გიორგიმ დავითს წიგნი ჩუქების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ‘’ გაცნობიერებულად გაუგზავნა.

შესაბამისად, ეს მუხლის ეს წინაპირობაც სახეზეა.

 

3.      უსაფუძვლოდ

 

გადაცემა უნდა მომხდარიყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე: ვალდებულება არ უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს წარმოშობილი, ან უნდა იყოს შეწყვეტილი.

 

 წარმოდგენილ შემთხვევაში კი  გიორგის მიერ დავითისათვის წიგნის გადაცემა მოხდა ჩუქების ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე.

ჩუქების ხელშეკრულება არის სამართლებრივი საფუძველი.

 

 შესაბამისად, გადაცემა უსაფუძვლო არ ყოფილა.

 

 

შედეგი:

 

გიორგის არ აქვს დავითისაგან წიგნის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

C.     გიორგის მოთხოვნა დავითის მიმართ წიგნის უკან დაბრუნების თაობაზე, სკ-ის 529- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე.

 

გიორგის შეიძლება ჰქონდეს დავითისაგან წიგნის გამოთხოვის უფლება, სკ-ის 529- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე.

 

 ამისათვის საჭიროა, ეს მოთხოვნა იყოს წარმოშობილი, არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი.

ამ მოთხოვნის წარმოშობისათვის, უპირველესად, საჭიროა, ჩუქების ხელშეკრულება იყოს გაუქმებული.(!)

 

 მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო

2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

I.                 ჩუქების გაუქმება

 ჩუქების გაუქმების წინაპირობებია სკ-ის 529- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების საფუძვლის არსებობა და გაუქმების შესახებ ნების გამოვლენა.

1.      ჩუქების გაუქმების საფუძველი

 

 სკ-ის 529- მუხლის 1-ლი ნაწილი ჩუქების გაუქმების ორ საფუძველს ასახელებს:

a.    მჩუქებლის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენება,

ან

b.   დიდი უმადურობის გამოჩენა.

დავითს გიორგისათვის არც მადლობა გადაუხდია და არც მისი წიგნი შეუფასებია.

 ეს არ შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც მძიმე შეურაცხყოფა ან დიდი უმადურობა.

დავითის საქციელი აკადემიურ წრეებში დამკვიდრებულ ჩვეულებასაც შეესაბამება (იხ. ზემოთ A. I. 1. .).

აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჩუქების გაუქმების  სამართლებრივი საფუძველი(!)

 

შუალედური დასკვნა:

 დავითთან დადებული ჩუქების ხელშეკრულება ვერ გაუქმდება სკ-ის 529- მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით

საბოლოო დასკვნა:

გიორგის არ აქვს დავითისაგან წიგნის(საჩუქრის)  გამოთხოვის უფლება, სკ-ის 529- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

სამახსოვრო!

ნების გამოვლენა არ არის აუცილებელი, სიტყვიერი ფორმით მოხდეს.

 ნების გამოვლენა კონკლუდენტურადაც შესაძლებელია, როცა გარემოებები ცალსახად მიუთითებს პირის ქმედების სამართლებრივ მნიშვნელობაზე.

აქცეპტის მეორე მხარესთან მისვლა მისი ნამდვილობისათვის შესაძლოა ზედმეტი იყოს, როცა, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარე, იგი(აქცეპტის მისვლა) მოსალოდნელი არც იყო.

 

შენიშვნა:

ხშირად კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად საჭიროა მისი მოთხოვნის სხვადასხვა საფუძვლის შემოწმება.

კაზუსის ამოხსნისას უნდა შემოწმდეს ყველა ის საფუძველი, რომლებმაც შესაძლოა, მისი მოთხოვნა სამართლებრივად დაასაბუთონ.

კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლების შემოწმებისას უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა:

1.      სახელშეკრულებო მოთხოვნები (მაგ., სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილი);

2.     კვაზისახელშეკრულებო მოთხოვნები (მაგ.: წინასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, სკ-ის 317- მუხლის მე-2 ნაწილი; დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება, სკ-ის 969- მუხლი და შემდგომნი);

3.     სანივთოსამართლებრივი მოთხოვნები (მაგ., სკ-ის 172- მუხლის 1-ლი ნაწილი);

4.      დელიქტური მოთხოვნები (მაგ., სკ-ის 922- მუხლი);

5.      უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნები (სკ-ის 976- მუხლი და შემდგომნი).

 

გახსოვდეს:

 

მაშინაც კი, როცა კაზუსის ამოხსნისას ერთი მოთხოვნა სამართლებრივად უკვე დასაბუთებულია, საჭიროა ყველა დანარჩენი სავარაუდო საფუძვლის შემოწმება.

 

თუკი დადგინდება, რომ კრედიტორს ერთი და იგივე მოთხოვნა რამდენიმე სხვადასხვა საფუძვლით აქვს, ეს მას აძლევს ალტერნატიული საფუძვლებიდან ერთ-ერთის ამორჩევის საშუალებას და არა ვალდებულების რამდენიმეჯერ შესრულების მოთხოვნის უფლებას.(!)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები