კაზუსი 2. გუდიაშვილის ნახატი - ( ანუ ხელშეკრულების დადება; თანხმობა შეცვლილი პირობებით; დუმილი, როგორც ნების გამოვლენა)

 

დათოს დიდმა ბებიამ მემკვიდრეობით დაუტოვა ლადო გუდიაშვილის ნაკლებად ცნობილი ნახატის ორიგინალი.

დათო მხატვრობის დიდი მოყვარული არაა, ამიტომ მისი გაყიდვა გადაწყვიტა და კოლექციონერ ვაჟას წერილობით შესთავაზა ნახატი 3000 ლარად.

ვაჟას საპასუხო წერილში ეწერა, რომ იგი სიამოვნებით იღებს ამ შემოთავაზებას, მაგრამ 2500 ლარს გადაიხდის.

დათოს პასუხი არ გაუცია.

შეუძლია თუ არა თუ არა ვაჟას, მოითხოვოს ნახატი და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა?

 

A.     ვაჟას მოთხოვნა დათოს მიმართ ნახატისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე

 

ვაჟას შესაძლოა, ჰქონდეს დათოსაგან ნახატისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე.

მუხლი 477. ცნება. შინაარსი

 

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

ვაჟას მოთხოვნის უფლება რომ ჰქონდეს საჭიროა, მოთხოვნა იყოს წარმოშობილი, არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი.

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

ვაჟას  მოთხოვნა  წარმოიშობოდა  ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით.

 ნასყიდობის ხელშეკრულების დადება  კი ხდება მხარეთა მიერ ურთიერთთანმხვედრი ნების გამოხატვით, . . აქცეპტითა და ოფერტით.

 

2. დათოს ოფერტი

უპირველესად, უნდა შემოწმდეს, არის თუ არა სახეზე დათოს ოფერტი.

ოფერტი არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რითაც პირი სხვას იმგვარი ფორმულირებით სთავაზობს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას, რომ მასზე უბრალო თანხმობაც საკმარისი იქნებოდა ხელშეკრულების დასადებად.

ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, არსებით პირობებად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და მხარეები.

 დათოს შეთავაზება ყველა ამ პირობას შეიცავდა, . . დათომ  ოფერტი განახორციელა.

 

3. ვაჟას აქცეპტი

გარდა ამისა, სახეზე უნდა იყოს ვაჟას აქცეპტი.

აქცეპტიც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლითაც აქცეპტანტი ოფერტზე უპირობოდ თანხმობას აცხადებს.

მართალია, ვაჟამ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მისი თანხმობა არ იყო უპირობო, კერძოდ, მან შეცვალა ნასყიდობის ფასი.

 სკ-ის 333- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოფერტზე თანხმობა შეცვლილი პირობებით ითვლება უარად ოფერტზე.

შესაბამისად, ვაჟას აქცეპტი სახეზე არაა.

 

4. ახალი ოფერტი ვაჟას მხრიდან

სკ-ის 333- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოფერტზე შეცვლილი პირობებით თანხმობა ახალ ოფერტად ჩაითვლება.

ამდენად, სახეზეა ვაჟას ახალი ოფერტი დათოს მიმართ 2500 ლარად ნახატის შესყიდვის თაობაზე.

 

5. დათოს აქცეპტი

ვაჟას მხრიდან ახალ ოფერტზე დათოს აქცეპტით უნდა ეპასუხა.

დათოს პასუხი არ გაუცია.

 საკითხავია, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს დუმილი ნების გამოვლენად, ამ შემთხვევაშიაქცეპტად.

ზოგადად, ობიექტური მხარე, სკ-ის 52- მუხლის საფუძველზე, დუმილში ვერ აღიქვამს ნებას. რადგან არანაირი მინიშნება არ არსებობს, დუმილისას ობიექტურად შეცნობადი არც თანხმობაა და არც უარი.

შესაბამისად, დუმილი, როგორც წესი, არ ითვლება აქცეპტად.(!)

 

გამონაკლისის სახით დუმილს, როგორც აქცეპტის ფორმას, სკ-ის 334- და 335- მუხლები იცნობენ მხოლოდ სამეწარმეო და საქმიან ურთიერთობებში.(!)

 ასეთი ურთიერთობა კი  ვაჟასა და დათოს შორის არ არის.

კაზუსის ფაბულა არ ასახელებს არც სხვა რაიმე განსაკუთრებულ გარემოებებს, მაგ. დათოსა და ვაჟას შორის შეთანხმებას, რაც გვაფიქრებინებდა, რომ გამონაკლისის სახით დათოს დუმილი ნების გამოვლენად შეიძლება ჩათვლილიყო.

შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს დათოს აქცეპტი ნახატის 2500 ლარად გაყიდვის თაობაზე;

შუალედური დასკვნა:

დათოსა და ვაჟას შორის არ დადებულა ნასყიდობის ნამდვილი ხელშეკრულება, სკ-ის 477- მუხლის მიხედვით.

საბოლოო დასკვნა:

ვაჟას არ აქვს უფლება, დათოსაგან მოითხოვოს ნახატისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემა, სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

სამახსოვრო!

 

აქცეპტი- ოფერტზე უპირობო თანხმობაა.

თუკი პასუხში მხარე თანხმობას აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე შეცვლილი პირობით  ეს ითვლება ოფერტზე უარად და, ამავე დროს, ახალ ოფერტად (სკ-ის 333- მუხლის მე-2 წინადადება).

დუმილი, როგორც წესი, არ არის ნების გამოვლენა და, შესაბამისად, არც აქცეპტი შეიძლება განხორციელდეს დუმილით.

თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, დუმილს შეიძლება მიენიჭოს სამართლებრივი მნიშვნელობა, მაგალითად, როცა მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ან დამკვიდრებული  ტრადიციები ცალსახად მიუთითებენ, რომ დუმილი -თანხმობის ნიშანია.

დუმილი, როგორც აქცეპტის ფორმა

 

 ნების გამოვლენა, უპირველესად, აქტიურ მოქმედებას გულისხმობს, რამდენადაც ნების გამოვლენის ნამდვილობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა მისი ობიექტური შემადგენლობაა;

. ., საშუალოდ გონიერი ადამიანისათვის ნების გამოვლენა და მისი შინაარსი აღქმადი უნდა იყოს.

 ობიექტური(ნეიტრალური) დამკვირვებლის თვალსაწიერიდან კი უმოქმედობა, როგორც წესი, ნების გამოვლენად არ აღიქმება.

შესაბამისად, სამართალში დუმილი თანხმობის ნიშანი არაა.

უფრო მეტიც: დუმილი არც უარყოფას ნიშნავს ანუ  დუმილს , როგორც წესი, საერთოდ არ აქვს გარიგების სამართლებრივი მნიშვნელობა.

თუმცა ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისებიც.

ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ, ასეთ გამონაკლისს პირდაპირ ასახელებს სკ-ის 335- მუხლი.

 კერძოდ, საქმიან ურთიერთობებში იმ მეწარმის დუმილი ოფერტზე, რომელსაც სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება უხდება, ჩაითვლება აქცეპტად.

გარდა ამისა, ლიტერატურაში აღიარებულია, რომ დუმილი თანხმობად ჩაითვლება აგრეთვე მაშინაც, როცა ამაზე მხარეთა შორის არსებობს წინასწარი შეთანხმება, ან მათ ურთიერთობაში უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციები ცალსახად მიუთითებენ, რომ დუმილი მეორე მხარის მიერ თანხმობად აღიქმება.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები