რა უნდა ვიცოდეთ მოსამართლეების შესახებ ?

 




მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ვადა


·  მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების 3 მოდელი არსებობს:

) მათი განწესება განსაზღვრული ვადით

) უვადოდ 

) შერეული მოდელი, სადაც გამოიყენება პირველი ორი მოდელის ელემენტები.

განწესება განსაზღვრული ვადით

·        პირველი მოდელის მიხედვით მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება განსაზღვრული ვადით.

·        ეს სისტემა დამახასიათებელი იყო სოციალისტური ტიპის ქვეყნებისთვის, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო კონტროლირებული სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა არჩევის ვადა ძირითადად საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ვადას ემთხვეოდა.

·        დღეს ეს წესი იშვიათად არის შემორჩენილი, მაგალითად, ტაჯიკეთში, სადაც მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადა 10 წელს შეადგენს.

 

განწესება უვადოდ

·         მეორე მოდელი (უვადოდ განწესება) წარმოადგენს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულ მოდელს;

·        სწორედ ამ მოდელის დანერგვის ტენდენცია შეინიშნება მსოფლიოში სტატისტიკურადაც, ვინაიდან მოსამართლის დამოუკიდებლობა ამ მოდელით ყველაზე მეტად არის გარანტირებული, მოსამართლეთა  დანიშვნა არ ემთხვევა პოლიტიკურ არჩევნებს, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში და მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის  უპირველეს გარანტიას მისი მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და სამოსამართლო უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელება წარმოადგენს.

·        ეს მოდელი თავის მხრივ, შეიძლება დავყოთ ორ სახედ:

1) როდესაც მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ ანუ სიცოცხლის ბოლომდე

და

2) როდესაც იგი განწესდება უვადოდ ანუ საპენსიო ან კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე.

 

მაგ. სიცოცხლის ვადით ანუ სანამ მათი ყოფაქცევა უმწიკლოა თანამდებობაზე ინიშნებიან მოსამართლეები აშშ-ში, არგენტინაში, ჩეხეთში.

 

მეორე სახის მიხედვით კი კონსტიტუციაში არის აღნიშნული, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან, თუმცა კონსტიტუციაშივე არის დაფიქსირებულიუვადოდდანიშვნის შეზღუდვა საპენსიო ასაკით.

 

მაგალითად, საბერძნეთში - 65 და 70 წლით, ხორვატიაში - 70 წლით, უკრაინაში, ალბანეთში, ბულგარეთში, ისლანდიასა და სლოვაკეთში - 65 წლით. ანალოგიური წესია გათვალისწინებული ბელგიაში, ნიდერლანდში, ისრაელში, ფინეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, თურქეთში.

შეიძლება შეგვხვდეს შემთხვევები, როდესაც კონსტიტუცია ადგენს უვადოდ განწესების წესს, მაგრამ თვითონ არ აწესებს და კანონს ანიჭებს უფლებას დაადგინოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები (მათ შორის პენსიაზე გასვლის გამო).

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები შემდგომ კანონების დონეზეა დადგენილი, მაგალითად, ლიტვაში შეადგენს 65 წელს, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის - 70 წელს, პოლონეთში - 70 წელს, ესტონეთში - 67 წელს, სერბეთში - 60 წელს.

 

კანონებით არის, ასევე დადგენილი მოსამართლეთა ზღვრული ასაკი ესპანეთში, რუმინეთსა და ლატვიაში.

 

მოსამართლის განწესება შერეული მოდელის მიხედვით

 

·        განწესების „შერეული მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად მოსამართლე ინიშნება განსაზღვრული ვადით, ხოლო შემდგომ უვადოდ.

·        მაგალითად, გერმანიასა და სერბეთში მოსამართლეები ინიშნებიან 3 წლის ვადით, ხოლო შემდგომ - უვადოდ;

ბრაზილიაში - 2 წლის ვადით, ხოლო შემდეგ უვადოდ,

 უკრაინასა და მოლდოვაში - 5 წლის ვადით, და შემდგომ უვადოდ;

ბულგარეთში - 5 წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლისა და უმაღლესი სასამართლო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარებული ატესტაციის გავლის შემდეგ აღარ ექვმდებარებიან თანამდებობიდან გათავისუფლებას;

ლიტვაში კი - ჯერ 3 წლის ვადით, შემდგომ უვადოდ ან ხელმეორედ - 2 წლამდე ვადით. განმეორებითი ვადის გასვლის შემდეგ კი - უვადოდ.

 

 

 

მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებაზე უფლებამოსილი ორგანოები

 

 

·        მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თვალსაზრისით რამდენიმე მოდელი არსებობს.

·         მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მათი დანიშვნ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ.

·        თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რეალური მონაწილეობის ხარისხი უფრო დაბალია, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა და იგი მხოლოდ დანიშვნის აქტს აწერს ხელს, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევა და წარდგენა კი შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს.

·        ასეთი წესია ფინეთში, ირლანდიაში, რუმინეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ალბანეთში, რუსეთში, ისრაელში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთში.

·        მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების კიდევ ერთი წესია მათი არჩევა ქვეყნის პარლამენტის მიერ.

·        ეს წესი საკმაოდ დემოკრატიულად მიიჩნევა, თუმცა შედარებით იშვიათად გამოიყენება და გვხვდება ლატვიაში, სერბეთსა და სლოვენიაში.

·        ცნობილია  მოსამართლეთა დანიშვნის შერეული წესებიც, რაც გულისხმობს მათ დანიშვნაში რამდენიმე ხელისუფლების შტოს მონაწილეობას,

 

მაგალითად,

 აშშ-ში ისინი ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ სენატის(პარლამენტის ზედა პალატის) თანხმობით,

ავსტრიაში - პრეზიდენტის მიერ მთავრობის ან კომპეტენტური მინისტრის წარდგინებით.

გვხვდება განსხვავებული წესებიც: ხორვატიასა და ბულგარეთში მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი ორგანო, ზოგიერთ კონსტიტუციურ მონარქიაში,მაგალითად, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდში - მონარქი, ხოლო იაპონიის მოსამართლეები ინიშნებიან მთავრობის მიერ.

 

 

მოსამართლის იმუნიტეტი

 

·      მოსამართლეების საქმიანობის ერთ-ერთ გარანტიას, თუმცა არა აუცილებელს, მათი ხელშეუხებლობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს მოსამართლეთა დაცვას მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებების განხორციელებისგან.

·      ზოგიერთ ქვეყანაში იმუნიტეტი უფრო ძლიერია და არ იზღუდება არც  დანაშაულის ადგილზე წასწრებით.''

მაგალითად, ისრაელში არ შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის საგამოძიებო პროცესი და არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება შეგროვდეს მის წინააღმდეგ გენერალური ატორნეის (attorney general) თანხმობის გარეშე

·        უკრაინაშიც უმაღლესი რადას თანხმობის გარეშე არ შეიძლება მოსამართლე დაკავებული ან დაპატიმრებული იქნეს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე.

·        ზოგიერთ ქვეყანაში კი  მოსამართლის იმუნიტეტი უფრო შეზღუდულია და არ ვრცელდება დანაშაულის ადგილზე წასწრების’’ შემთხვევაზე ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებზე.

 

მაგ. პოლონეთში მოსამართლე არ შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დანაშაულის ადგილზე წაასწრებენ და თუ მისი დაკავება აუცილებელია წარმოების მიმდინარეობის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.

მოსამართლის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება კომპეტენტური ადგილობრივი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;

ალბანეთში მოსამართლე შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წაასწრებენ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს ან მისი ჩადენის შემდეგ დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში, განსხვავება ისაა, რომ დაკავების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ იგი 24 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას დაპატიმრებული მოსამართლის სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია იგი გაათავისუფლოს.

 მაკედონიაში დაუშვებელია მოსამართლის დაკავება სასამართლო საბჭოს თანხმობის გარეშე, გარდა ისეთ დანაშაულზე წასწრებისა, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 5 წლის ვადით.

·        მოსამართლეები სარგებლობენ, ასევე ინდემნიტეტით, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე პასუხს არ აგებს გამოთქმული მოსაზრების გამო.

·        მაგალითად, სერბეთში მოსამართლე პასუხს არ აგებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს გამოთქმული აზრის ან ხმის მიცემისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი კანონის დარღვევით ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს;

მაგ.

ხორვატიაში მოსამართლეებს სამართალწარმოებაში მონაწილეობისთვის არ მოეთხოვებათ ანგარიში სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული აზრების ან ხმის მიცემისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლე ჩაიდენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას.

 

 მოსამართლის შეუთავსებლობა


·        მოსამართლეთა მიერ სხვა საქმიანობის განხორციელება მკაცრად არის განსაზღრული, რათა მოსამართლე ყველა სხვა შესაძლო ზემოქმედებისგან დაცული იყოს და არ გაუჩნდეს სხვა ინტერესი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების დროს.

·        როგორც წესი, მოსამართლეებს ეკრძალებათ:

a.      სახელმწიფო, ტერიტორიულ ან თვითმმართველობის ორგანოებში რაიმე თანამდებობის დაკავება

b.       პოლიტიკური, სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება.

(გამონაკლისები ძირითადად გვხვდება მხოლოდ სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით).

 

მაგალითად,

·         ესპანეთში მოსამართლეებსა და მაგისტრატებს არ შეუძლიათ დაიკავონ სხვა საჯარო თანამდებობები ან გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიაში ან პროფკავშირებში;

·        ბელგიაში არცერთ მოსამართლეს არ შეუძლია გაუწიოს სახელმწიფოს ფასიანი მომსახურება, თუ ის ამას არ აკეთებს ანაზღაურების გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებლობა.

·        ლიტვაში მოსამართლეს არ შეუძლია დაიკავოს რაიმე სხვა არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა, იმუშაოს სამეწარმეო, კომერციულ ან სხვა კერძო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში, ან მიიღოს სხვა ანაზღაურება, გარდა მოსამართლისთვის დანიშნული ხელფასისა და პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გათვალისწინებული ანაზღაურებისა. მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობდეს პოლიტიკური პარტიების ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობაში. 

·        ისრაელში კი მოსამართლეს იმავდროულად სხვა თანამდებობის დაკავება ან სახელმწიფო საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იუსტიციის მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით.

·        დეტალურად არის გაწერილი ყველა შესაძლო გამონაკლისი შემთხვევა საბერძნეთის კონსტიტუციაში: მოსამართლეს ეკრძალება ნებისმიერი ანაზღაურებადი ან პროფესიული საქმიანობის განხორციელება. გამონაკლისის წესით დასაშვებია მისი არჩევა აკადემიის წევრად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა პროფესორად, ასევე მისი მონაწილეობა დისციპლინური, აუდიტორული ან იურიდიული ბუნების მქონე სპეციალურ საბჭოებში ან კომიტეტებში, თუ მის მონაწილეობას სპეციალურად ითვალისწინებს კანონი. აკრძალულია მოსამართლეთათვის ადმინისტრაციულ მოვალეობათა დაკისრება. იურიდიული ბუნების მქონედ ითვლება მოვალეობები, რომლებიც უკავშირდება სასამართლოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ნებადართულია მოსამართლეთათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის წარმოდგენის უფლებამოსილების დაკისრება. მთავრობის შემადგენლობაში მათი ყოფნა დაუშვებელია.

 

მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება


·        მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და გადაყვანის პროცედურა და შემთხვევები მკაცრად არის შეზღუდული.

·        მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ძირითადად შეიძლება იყოს:

 

a.      დანაშაულის ან მოსამართლის სტატუსთან შეუფერებელი ქმედების ჩადენა,

b.      გარკვეული ასაკის მიღწევა,

c.      გარდაცვალება,

d.     ქმედუნარიანობის დაკარგვა.

 

მაგალითად,

·        დანიაში ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ან 65 წლის ასაკის მიღწევა

·        სლოვაკეთში, - თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივი დროით, არანაკლებ ერთი წელი, არ აძლევს შესაძლებლობას სათანადოდ განახორციელოს მოსამართლის მოვალეობანი ან თუ მოსამართლემ მიაღწია 65 წლის ასაკს.

·         ისრაელში მოსამართლის უფლებამოსილება გრძელდება:

1) პენსიაზე გასვლამდე;

2) თანამდებობიდან გადადგომამდე;

3) მოსამართლისათვის ისეთი თანამდებობის დაკავების ან თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომლის დაკავება აკრძალულია ქნესეთის წევრობის კანდიდატობისას;

4) მოსამართლეთა საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მომზადებული კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება სულ მცირე 7 წევრის ხმათა უმრავლესობით;

5) სადისციპლინო სასამართლოს მოთხოვნით.

·         მაკედონიაში კი მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა უწყდება:

 - პირადი თხოვნით;

 - თუ წარმოიშობა უფლებამოსილების განხორციელების მუდმივი შეუძლებლობა, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს რესპუბლიკის სასამართლო საბჭო;

 - თუ იგი პენსიაში გასვლის პირობებს აკმაყოფილებს;

- თუ იგი მსჯავრდებულია დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ ექვსი თვის ვადით;

 - თუ იგი არჩეული ან დანიშნულია სხვა საჯარო სამსახურში;

 - თანამდებობიდან გათავისუფლებისას;

- სერიოზული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, რაც შეუფერებელია მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებასთან;

 - მოსამართლის უფლებამოსილების არაპროფესიონალურად და არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში.

 

 

მოსამართლის გადაყვანა


·        საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანის პრაქტიკასაც, რისი შესაძლებლობაც პირდაპირ კონსტიტუციის დონეზე არის დაფიქსირებული დანიის, ჩეხეთის, ავსტრიის, ლუქსემბურგის, ისრაელის, პოლონეთის, ფინეთის, გერმანიის, ესპანეთის, სერბეთის, პორტუგალიის, ისლანდიის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში.

·        ძირითადად აუცილებელია, რომ გადაყვანა განხორციელდეს შესაბამისი მოსამართლის თანხმობით.

·        თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხმობაც არ არის აუცილებელი პირობა.

 

მაგალითად,

დანიაშ მოსამართლე არ შეიძლება გადაყვანილ იქნენ სხვა თანამდებობაზე მისი თანხმობის გარეშე, გარდა სასამართლო ორგანოების რეორგანიზაციის გამონაკლისი შემთხვევებისა;  

 

ავსტრიაში მოსამართლეები შესაძლოა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანილ იქნენ სხვა ადგილზე, ან გადაყენებულ იქნენ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი ფორმის დაცვით და ოფიციალური სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, მითითებული პირობები არ გამოიყენება მათი გადაყვანის ან გადაყენებისას, თუ ეს აუცილებელია სასამართლოს ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში კანონით დგინდება, თუ რა დროის განმავლობაში უნდა იქნენ მოსამართლეეები გადაყვანილნი;

 

ისრაელში დადგენილია შემდეგი წესი: არ შეიძლება მოსამართლე მუდმივად იქნეს გადაყვანილი სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში სამუშაოდ, თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, სადისციპლინო სასამართლოს გადაწყვეტილებით.


·      მოსამართლე მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში(!).

·      მოსამართლის  გადაყვანის ძირითადი საფუძველია სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია, მისი უკეთ ფუნქციონირება და აუცილებლობა.


მაგ.

 პოლონეთში მოსამართლეთა გადაყვანის საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლოთა შემადგენლობის ან სასამართლო ოლქის საზღვრების შეცვლა,

ფინეთში - სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია,

 გერმანიაში - სასამართლო წყობილების ან სასამართლო ოლქების ცვლილება, ისლანდიაში - სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია

 სერბეთში - იმ სასამართლოს ან მისი იურისდიქციის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, რომლის მოსამართლედაც იყო განწესებული.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები