გალაკტიონი
გალაკტიონ ტაბიძის „მედა ღამე“ 1913 წელს ჟურნალ „ოქროს ვერძის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა.
ამავე ჟურნალის წინა ნომერში გრიგოლ რობაქიძე წერდა,რომ ქართული ხელოვნების რენესასნსი
უკვე დაიწყო.
ეს ის პერიოდია „როდესაც ახალი სალექსო რეფორმა მზადდება და „მე და ღამე’’ უღელტეხილივით დგას ახალი პოეტიკის მიჯნაზე „
(აკაკი ხინთიბიძე,“გალაკტიონი,15 ლექსი
და პოემა’’)
მე და ღამე
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება
მთვარით ნაფენს არე-მარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე, ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
1. დააკვირდით ლექსის პირველ წინადადებას.როგორი ინტონაცია შემოაქვს მას ლექსში ?(საზეიმო,ამაღლებული თუ მშვიდი,სასაუბრო ?)
2. ლექსის პირველი სამი სტროფი ღამის პეიზაჟის აღწერაა. წაიკითხეთ ეს სტროფები ხმამაღლა და დააკვირდით: ერთი ინტონაციით,ერთ ტონალობაში უნდა წავიკითხოთ ისინი თუ საჭიროა ხმის თანმიმდევრული ამაღლება ?
3. ხმის თანდათანობით ამაღლებას,ემოციის აღმასვლას გრადაცია ეწოდება.
დააკვირდი,სად აღწევს ეს აღმასვლა უმაღლეს წერტილს,საიდან იწყება ლექსში
ინტონაციური გარდატეხა ?
"ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი"
4. რას ადარებს პოეტი „საიდუმლო შუქით შესუდრულ,“ ანუ საიდუმლო შუქში გახვეულ,არეს ?
თავის გულს ,რომელშიც ღამე იცქირება
5. რისთვის შევუმზადებივართ პოეტს ღამის პეიზაჟის აღწერით?
თავის გრძნობებზე საუბრისათვის
6. რა მოჰყვა „საიდუმლო შუქის“ ხსენებას ?
"ბნელი გულის ფიქრებზე" მინიშნება
7. ვის ანდობს პოეტი საიდუმლოს,რომელსაც საუკუნოდ ინახავს გულის სიღმეში,ნიავსაც კი არ აკარებს და არავის უმჟღავნებს?
ღამეს
8. რა იცის პოეტის შესახებ ღამემ ?
ყველაფერი იცის.
9. სულიერი ობლობის თემა ქართული პოეზიისათვის უცხო არ არის.
გაიხსენეთ,რომელი პოეტის შემოქმედებაში შეგხვდათ ეს თემა ?
ნიკოლოზ ბარათაშვილის
10. როგორ ფიქრობთ,რა შეიძლება იყოს ის „საიდუმლო’’,რომელიც პოეტმა ღამეს მიანდო ?
ლექსი -სულიერი მარტოობიით გამოწვეულ ტანჯვაზეა.
ხ
შერიგება
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე(ანუ მყინვარზე ან სიკვდილზე)
მშვენიერების ლექსით მქებელი:
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!
1917 წ.
1. „ქარიანი მარტი გავიდა ‘’,როგორ არის ეს სათქმელი გადმოცემული ლექსის პირველ ტაეპში?
2. კითხვაზე რა არის პოეზია? პასუხის გაცემა ალბათ ბევრს გაუჭირდება.
მაგრამ განსხვავებას ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ფრაზასა და გალაკტიონის ლექსის პირველ ტაეპს შორის,ცხადია,ნებისმიერი თქვენგანი გრძნობს.
დააკვირდი და იმსჯელე,რა განასხვავებს მათ
ერთმანეთისაგან ?
ა. რომელ მატგანში გვხვდება მოულოდნელი სიტყვათშეთანხმება ?
ბ. რომელი გვეხმარება არა მარტო
„გავიგოთ“,არამედ „დავინახოთ“ კიდეც ის,რაც მოხდა ?
3. როგორია ლექსის ინტონაცია-ამაღლებული და საზეიმო თუ სევდიანი და ლირიკული ?
4. რომელი სიტყვები ქმნიან ამაღლებულ და საზეიმო განწყობილებას ?
(ქარი,ტოტები,მარტი,თეთრი,მოვირთვები ,სიმღერა,მზე,მაღალი ზრახვები,მაისი,ააზამბახებს,დაფნის ფოთლები,სიკვდილი,აკლდამა, მზე ,სილამაზე)
5. ალბათ შეამჩნევდით,რომ ლექსის პირველი სტროფი განსაკუთრებული
მუსიკალურობით გამოირჩევა.რა ქმნის ამ მუსიკას
?
ყურადღებით წაიკითხე
მოხმობილი ციტატა:
„ყოველთვის მოხიბლული
ვიყავი ამ მუსიკით(იგულისხმება „შერიგების“ პირველი ორი ტაეპი).
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
მერე პირველი
დაბეჭდილი ვარიანტი შემხვდა,სადაც „თეთრის’’
ადგილას „შავი“ ეწერა და,ჩემდა გასაოცრად,მუსიკა ვეღარ ვიგრძენი.
ნუთუ იგი მხოლოდ
„თეთრისა’’ და „მოვირთვების’’ ბგერობრივმა გადაძახილმა გააჩნია ?
არა,რასაკვირველია,ეს
გადაძახილი ამავე დროს შინაგანია.
„თეთრი „ და
„მოვირთვები’’ ჰარმონიული წყვილია,“შავს“ დისჰარმონია შემოაქვს,რაღაც ავის მოლოდინით
ყურადღებას ზედმეტად იპყრობს და მუსიკას ახშობს...
ამ ჩასწორების
ემოციურმა სიზუსტემ მახსოვს ,ძალიან გამაკვირვა,ალბათ მეგონა,მუსიკა მხოლოდ სპონტანურად
იბადებოდა,და გალაკტიონი ცოტა სხვა თვალით დამანახვა’’(დ. წერედიანი).
როგორ ფიქრობთ,რა
შეიცვლებოდა ლექსის პირველ ტაეპში „ქარის ტოტების“ მაგივრად,“ხის ტოტები’’ რომ ყოფილიყო
ნახსენები ?(ამ პეტური ფრაზის რომელი სიტყვა „დაკარგავდა აზრს’’ ?
6.
ცნობილია,რომ ავტორი არცთუ იშვიათად უბრუნდება ხოლმე
დაწერილ ნაწარმოებს და რაღაცას ცვლის მასში.
როგორც წესი,ეს
ნაწარმოების გაუმჯობესების მიზნით ხდება,თუმცა ზოგჯერ შეიძლება უკუეფექტიც მივიღოთ.
მაგ. , „ჰაკი
აძბას“ ორი ფინალიდან,კრიტიკოსთა აზრით, პირველი მეორეზე (გვიანდელზე) უფრო ლოგიკური
და შესაბამისად უკეთესია.
წარმოგიდგენთ
გალაკტიონ ტაბიძის „შერიგების“ პირვანდელ ვერსიას.
დააკვირდით და
იმსჯელეთ ,რა შეცვალა პოეტმა და რა შეემატა
ლექსის შინაარსს ამ ცვლილებით თითოულ შემთხვევაში ?
ა. ადრინდელ ვერსიაში
ლექსის პირველი სტროფის ბოლო ორი ტაეპი ასე იკითხებოდა:
და
გავალ ქარში,როგორც მოცარტი.
მიყვარს
მინდვრებში ქარის ზვირთები.
ბ. სხვანაირად
გამოიყურებოდა ლექსის მორე სტროფიც:
ეხლა ამ სივრცეს,ეხლა
ამ ბაღებს
და მყინვარს მაღალ ლაჟვარდთა მეფეს
ჩემი თვალები გააზამბახებს,
ვთ შეყვარებულს და მეოცნებეს.
გ. ბოლო ტაეპს
კი ასეთი სახე ჰქონდა:
სიკვდილთან შენი შემრიგებელი.
7.
ლექსის მეორე სტროფში ნათქვამია,რომ მზე ერთნაირად მოეფინება
(ააზამბახებს) ბაღებსაც და მყინვარსაც. რომელი ქართველი პოეტის ცნობილი სტრიქონები
გაგახსენათ ამ სტროფის შინაარსმა?(სად ეფინება
მზე ერთნაირად დიდსა და მცირეს?)
8.
როგორ ფიქრობ,რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ამ ლექსში
„მყინვარი“ ?(გაიხსენეთ,რა დატვირთვა აქვს ამ მხატვრულ სახეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებში).
9.
რა საერთო აქვთ მყინვარსა და პოეტს? რატომ არიან ორივენი გვირგვინით შემკულნი ?
10.
რისი სიმბოლოა,თქვენი აზრით,თეთრი აკლდამა ლექსის ბოლო
სტროფში ?
(გახსოვდეთ,სიმბოლოს
ბოლომდე გაშიფვრა შეუძლებელია,ვინაიდან მისი შინაარსი ამოუწურავია.ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია
მივუახლოვდეთ მის მნიშვნელობას).
რას ურიგდება
„მშვენიერების ლექსით მქებელი’’ პოეტი ?
11.
როგორ შეიძლება გავიგოთ სიკვდილთან შერიგების მოტივი
?
ა. პოეტი სიკვდილს
ურიგდება იმიტომ,რომ ისიც საყოველთაო მშვენიერებისა და სილამაზის განუყოფელ ,ჰარმონიულ
ნაწილად მიაჩნია;
ბ)საყოველთაო
მშვენიერებისა და სილამაზის განცდამ ,ცხოვრების საზრისის შეცნობამ მისთვის სიკვდილიც
კი მისაღები გახდა;
გ)მან შეიგრძნო,რომ
პოეტების გვირგვინშემოსილი მეფეა და მის დიდებას სიკვდილიც კი ვერაფერს დააკლებს ?
ან იქნებ სრულიად
სხვა პასუხი გაქვთ ?
ლექსი არის ადამიანის და გარემოს შორის დამყარებულ ჰარმონიაზე ,ადამიანის მიერ გარემოს სრულ მიღებაზე
x
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!(14)
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი(14)
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...(14)
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!(14)
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
1.
წაიკითხე ლექსი ხმამაღლა,დააკვირდი მის რიტმს, ინტონაციას.
როგორ ფიქრობ,საჭიროა
თუ არა ლექსის კითხვის დროს ხმის თანდათან ამაღლება?
სად აღწევს ეს
ემოციური აღმასვლა უმაღლეს წერტილს?
"რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,"
2.
რა მოულოდნელი(პოეტური) სიტყვათშეხამება გვხვდება ლექსის პირველივე
ტაეპში,როგორია მთვარე?
მთვარე - "წყნარია''
3.
ღამე გალაკტიონის შემოქმედების დროა.როგორ არის ეს მინიშნებული
ლექსის პირველ და მეორე სტროფებში?
პოეტის სულში იხედება ჩუმი ღამე
4.
როგორ ფიქრობთ,რას მოასწავებს ირგვლივლივ გამეფებული
სიჩუმე და გარინდება,რომელიც ამ ლექსის პირველ ოთხ სტროფშია აღწერილი?
"ცისფერი ლანდებისთვის" შესაფერისი ატმოსფეროა შექმნილი
5.
ვინ იგულისხმება „მოხუცში“,რომელსაც „მეფურ ძილით სძინავს’’ მთაწმინდაზე?
აკაკი წერეთელი
6.
რამ განაპირობა
„მოხუცისა’’ და ბარათაშვილის ხსენება ამ ლექსში,რა მოსდევს მათ ხსენებას ?
გალაკტიონი მაღალ შეფასებას აძლევს აკაკის და ბარათაშვილის პოეზიას.
უკვდავი პოეტების ხსენებას მოსდევს
სიკვდილის შიშზე და პოეტის მიერ მის დაძლევის უნარზე საუბარი
7.
რაზე მიგვანიშნებს,ტქვენი აზრით,“მწუხარე სასაფლაოს’’
ფონზე „ვარსკვლავების კრთომა მხიარული ‘’ ?
მიანიშნებს ორ შედევრზე :აკაკის "განთიადზე" და ბარათაშვილის "შემოღამება მთაწმინდაზედ"-ზე
8.
განმარტეთ პოეტის სიტყვები: „და მეც მოვკვდე სიმღერებში
ტბის სევდიან გედად,ოღონდ ვთქვა,თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა“.
პოეტი მარტოობით გატანჯული სულის გამოხატვას აპირებს თავისი პოეზიით
მოჰფინა თუ არა
ნათელი,თქვენი აზრით,ამ სიტყვებმა ლექსში „მე და ღამე“ ნახსენებ საიდუმლოს ?
ეს არის მისი საიდუმლო
9.
გაიხსენეთ,რა კონტექსტში იყო შემოტანილი სიკვდილთან
შერიგების თემა ლექსში „შერიგება’’.
აქ პოეტი სიკვდილს ურიგდება,იმიტომ რომ ,საყოველთაო მშვენიერებისა და სილამაზის განცდამ ,ცხოვრების საზრისის შეცნობამ მისთვის სიკვდილიც კი მისაღები გახდა;
რა განაპირობებს
სიკვდილთან შერიგებას „მთაწმინდის მთვარეში ‘’ ?
ხოლო "მთაწმინდის მთვარეში" სიკვდილთან მისი შემრიგებელი არის პოეზია,პოეტი "სიმღეით სიკვდილს" ანუ პოეზიისთვი თავის შეწირვას აპირებს,ის ამ გზით უკვდავების მოპოვებას აპირებს.
ხ
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
1916 წ.
1. შეგიძლიათ ერთი სიტყვით დაახასიათოთ ამ ლექსით გადმოცემული განწყობილება (სიხარული,აღტაცება,სევდა,სინანული,მწუხარება,აღფრთოვანება,აღშფოთება...)?
2. როგორ განსაზღვრავთ ამ ლექსის თემას,რა არის მასში,თქვენი აზრით,გადმოცემული ?
3. ცნობილი ფრანგი პოეტი პოლ ვერლენი,რომელსაც გალაკტიონი ერთ-ერთ ლექსში შემოქმედებით წინაპრადაც კი მიიჩნევს(„ხშირად ვიგონებ ვერლენს,როგორც დაღუპულ მამას’’),ლექსში „მთვარის შუქი’’ ასეთ სახეს გვთავაზობს:“თქვენი სული პეიზაჟია’’.აღნიშნავენ,რომ ვერლენის პეიზაჟები უფრო მის სულიერ მდგომარეობას აღწერს,ვიდრე რეალურ გარემოს. ეს ერთგვარი“სულის პეიზაჟებია’’.ვერლენის ერთ-ერთი ცნობილი ლექსის სათაურია:“ჩემს სულს აწვიმს’’
როგორ ფიქრობთ,შეიძლება
თუ არა მივიჩნიოთ გალაკტიონის „თოვლი’’ პოეტის „სულის პეიზაჟად’’? (მოძებნეთ ლექსში
ამ აზრის დამადასტურებელი ტაეპი ან ტაეპები).
"ძვირფასო! სული მევსება თოვლით: "
4. ვერლენის გარდა,“თოვლის“ ანალიზისათვის სიმბოლისტური ესთეტიკის ძირითადი პრინციპების გახსენებაც დაგვჭირდება.
როგორც ცნობილია,სიტყვას
სიმბოლისტურ პოეზიაში, ამ ესთეტიკის თანახმად,უფრო
ჩაგონების,განწყობილების გადადების ფუნქცია აკისრია,ვიდრე აზრის გადმოცემისა.
ამგვარად გაგებული
სიტყვა არის სიმბოლო,რომლის შინაარსიის ბოლომდე
გაშიფვრაც შეუძლებელია.
ჩვენ შეგვიძლია
ამ სიტყვასთან დაკავშირებული ასოციაციების მეშვეობით მხოლოდ მივუახლოვდეთ სიმბოლოს
მნიშვნელობას.
რა არის ლექსი
„თოვლის“ მთავარი სიტყვა,მთავარი სახე-სიმბოლო,რომელთან დაკავშირებული ასოციაციებითაც უნდა „მივუახლოვდეთ“ ლექსის მთავარ
სათქმელს?
თოვლი
5. ჩამოწერეთ (დაფაზე ან ფურცელზე) ყველა ის ასოციაცია,რომელიც უკავშირდება თოვლს თქვენს წარმოდგენაში.
როგორ ფიქრობთ,რა
ნიშნით აკავშირებს ერთმანეთთან პოეტი თოვლსა და ქალწულს ?
უბიწობით ( გაუკვალავი თოვლი და უბიწო ქალწული)
6. რა მიგვანიშნებს ლექსის პირველ ტაეპში იმას,რომ თოვლი ,რომელზეც პოეტი საუბრობს,რეალური კი არა,მის სულში არსებული თოვლია?(დააკვირდით,როგორია ეს თოვლი).
თოვლი იისფერია,ამიტომ ის ირეალური თოვლია
7. სიცივისა და სისველის(„სისოვლის“) შეგრძნება რეალური,ფიზიკური განცდაა,რომელი ეპითეტი აქცევს მას „სულიერ განცდად’’?
ცივი . (ცივი სისოვლის)
8. მიგაჩნიათ თუ არა,რომ სიტყვა „სისოვლე’’ მოცემულ კონტექსტში პოეტის ზუსტი მუსიკალური მიგნებაა(რა მოხდებოდა,მის მაგივრად „სისველე’’ რომ ყოფილიყო)?
მუსიკალურობა გაქრებოდა.
9. არსეობს სიტყვათაშეხამებები: სიყვარულის განცდა,სიყვარულის დაკარგვა,სიყვარულის ახსნა.... რას უნდა ნიშნავდეს,შენი აზრით,“სიყვარულის მოთმენა’’?
დაკარგული საყვარელი ადამიანის მონატრებით გამოწვეული მწუხარების ატანას
10. დააკვირდი ლექსის ინტონაციას.როგორ ფიქრობ,რომელი ტაეპია თითქმის ჩურჩულით წარმოსათქმელი მეორე სტროფში ?
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
11. დააკვირდი მხატვრულ სახეს:“ძვირფასო! სული მევსება თოვლით“.რას მოასწავებს,თქვენი აზრით,სულის „თოვლით ავსება“(გაიხსენე ყველა ასოციაცია ,რომელიც თოვლს უკავშირდება: სიცივე,სითეთრე,კვალის წაშლა...; ყურადღება მიაქციე ტაეპის ბოლოს დასმულ სასვენ ნიშანსაც).
ვიხრჩობი
12. რომელი სახე-სიმბოლოს მეშვეობით შემოდის მარტოობის თემა ლექსის მეორე სტროფში ?
უდაბნოს
13. რისი სიმბოლოა,თქვენი აზრით, ლექსში „იანვარი’’ ?რა მდგომარეობას უნდა ასახავდეს „იანვრის მოძმედ“ ყოფნა?
იანვარი სუსხის,სიცივის,ყინვის სიმბოლოა, "იანვრის მოძმედ ყოფნა" სულის გათოშვას უნდა ნიშნავდეს
14. რას ნიშნავს,თქვენ აზრით,სიტყვა „ვეძნელები“ ?
ჩემთან მსგავსება იანვარს არ შეაწუხებს,არ ეწყინება
15. რისთვის დასჭირდა პოეტს სიტყვის ასეთი უჩვეულო ფორმით გამოყენება ?
რითმისთვის
16. კიდევ რა დაუკავშირდა თოვლს პოეტის წარმოსახვასა და მეხსიერებაში ?
საყვარელი ქალის თოვლივით თეთრი ხელები
17. გაითვალისწინე სიტყვა „უდაბნოს“ სიმბოლური შინაარსი და განმარტეთ როგორ გესმით:
„იელვებს,ქრება
და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში“?
ამ ქვეყნად (ამ უდაბნოში) ძვირფასი ადამიანის მონატრება გაიელვებს ხოლმე
რა ყოფილა მარტოსული
პოეტის ერთადერთი ორიენტირი ?
იისფერი თოვლი,რომელიც მაშინ მოდის ,როცა ძვირფასი ადამიანის "მანდილი" გაიელვებს.
18. დააკვირდი,საიდან იწყება ლექსში ინტონაციური გარდატეხა(საიდან შეიძლება „ხმის აწევა“ ლექსის დეკლამაციის დროს)?
"მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში..
რას უკავშირდება
ეს ინტონაციური გარდატეხა ?
განწყობა იცვლება,მონატრება აუტანელი ხდება
19. როგორ ხედავთ,თოვლი გალაკტიონის ლექსში მრავალმნიშვნელობიანი სახე-სიმბოლოა.
მოდით ვცადოთ
ამ მნიშვნელობათა ამოცნობა და ვნახოთ,მართლაც ამოუწურავია სიმბოლოს შინაარსი თუ არა.
მივყვეთ ლექსის თითოეულ სტრიქონს:თოვლი გამოხატავს არარეალურ სამყაროს (იისფერი თოვლი) უბიწობას(ქალწულებივით),მწუხარების განცდას,სიბერეს,სიცივეს,მარტოობას... გააგრძელეთ ეს ჩამონათვალი.
1. ხ
მშობლიური ეფემერა
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
,,დიდი ხანია?'' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,დიდი ხანია!''
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,ამირანია!''
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
,,დაკარგულია?'' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,დაკარგულია!''
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.
სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?'' - კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,ამირანია!''
1923 წ.
· ლეექსის პირველი ნაწილის შემდეგ,რომელიც ამირანის კვნესით და მისი შესაბამისი რიტმული ჟღერადობით არის დამძიმებული,ავტორს მკითხველი ერთბაშად ხალისიან ტალღაზე გადაჰყავს:
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,(10)
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...(10)
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,(10)
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.(10)
თითქოსდა საზეიმო მუსიკას ისმენ!
სამჟერადი შიდარითმები(ჭევრი-ბევრი-ტევრი)
და სამმარცვლიანი მდორე დაბოლოებიდან (ხანია,გულია)
ორმარცვლიანზე გადასვლა(ბინდი,შვინდი) ისე აჩქარებს ტემპს,იმდენად ცვლის
რიტმს თითქოს ლექსის მეტრი(ათმარცვლიანი საზომი) იცვლებოდეს;
შეადარე :
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
და
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
როგორც ვხედავთ,ლექსის
ნაწილთა(პირველი სამი სტროფი -პირველი ნაწილია) ურთიერთგანმასხვავებელი ,უწინარეს ყოვლისა,რითმაა.
არა მხოლოდ რითმათა
ჯერადობა,სხვადასხვაგვარია რითმათა მორფოლოგიაც:
ერთგვაროვანი
გრამატიკული რითმები: ხეებს-ტყეებს-კლდეებს,რასაც
ვითარების ერთგვაროვნებისათვის გამართლება ჰქონდა,ადგილს უთმობს არაერთგვაროვან რითმებს: კმარა-ზარა,ციდან-ცლიდენ..
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.
ყურადღებას იქცევს
სტრიქონიდან სტრიქონზე რითმით გადასვლა.
თუ პირველ ნაწილში
იგი ორჯერად რითმას ახლდა და ისიც სტროფში ერთხელ,სულ სხვაა სამჯერადი რითმის სტრიქონიდან სტრიქონზე ორჯერ გადატანა:
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.
საინტერესოა რითმა-კონსონანსი:
ციდან-ცლიდენ.
რითმას არ მოუხდებოდა
ფორმა (ცლიდნენ).
საინტერესოა,თავისი
ჟღერადობით(ც თანხმოვანი) და ლექსიკითაც(ცა/დაცლა).
კარგად გააზრებული
მომხიბლავი სურათია-„ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდენ’’: თითქოს მიწას ყვავილი აკლია.
რითმის კეთილხმოვანება
ალიტერაცია-ასონანსით არის გაცხოველებული:
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.
ერთმანეთს მიდევნებულ
ექვსივე სიტყვაში რ თანხმოვანი(ერთგან მას მონათესავე ლ ცვლის) და ე ხმოვანი ისმის.
ეფექტური ორკესტრულობით
იქცევს ყურადღებას სინტაგმა- „ზარავდა ზარა’’.
თუ გავითვალისწინებთ,რომ
სტრიქონი „დარიალიდან ზარავდა ზარა’’ ლექსის სემანტიკური ღერძია,მის
გამორჩეულ ჟღერადობას მიზანდასახულებრივი
ფუნქცია აქვს.
ხ
ლექსის მუსიკალურ
აფერადებას ის ფუნქციაც აკისრია,რომ მკითხველს განცდის სიმძიმე შეუმსუბუქოს,მისი აღელვებული
სული დაამშვიდოს და ამშვიდებს კიდეც.
შინაარსობრივი
დაძაბულობა,რაც ლექსის ამ ნაწილშიაც საგრძნობია(„ზარავდა ზარა’’ და სხვ.)მუსიკალური ფანტაზმით არის
განელებული.
სამი სტროფის
მანძილზე მკითხველი კისკისა მუსიკას იმენს და ისვენებს,მაგრამ როცა ლექსის ბოლოს ავტორი
კვლავ ამირანის კვნესას უბრუნდება,მუსიკალური ფანტაზმა ძალას კარგავს და მთელი ლექსი
მწუხარე ამოკვნესაა სამშობლოს ბედზე.
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.
სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?'' - კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,ამირანია!''
ხ
სწორედ ეს არის
გალაკტიონის პოეზიის ერთ-ერთი თავისებურება მძიმე განცდების მსუბუქი მუსიკალური ენით
გადმოცემა.
მისი ლექსების
შემფასებლები ზოგჯერ ტყუვდებიან: მუსიკალური ჩარჩო ხელს უშლით,შიგნით აზრის სიღრმე
და ემოციის სიმძაფრე დაინახონ.
„მშობლიურ ეფემერაში“
ძლიერი ეროვნული კოდია ჩადებული,მაგრამ ყველაფერი ეს მშრალ პოლიტიკურ დეკლარაციად დარჩებოდა,ჭეშმარიტი
პოეზიის იდუმალი ენით რომ არ იყოს ამეტყველებული.
აკაკი ხინთიბიძე(სტატიიდან“ეფემერების ეროვნული დაკონკრეტება’’)
მშობლიური ეფემერა
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
,,დიდი ხანია?'' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,დიდი ხანია!''
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,ამირანია!''
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
,,დაკარგულია?'' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,დაკარგულია!''
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი...
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა,
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.
სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?'' - კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს:,,ამირანია!''
1923 წ.
უპასუხე კითხვებს:
1. ლექსი 1923 წელს არის დაწერილი. გაიხსენე რა მოხდა საქართველოს
ისტორიაში 1921 წელ? რა შინაარს იძენს ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ლექსის პირველი
ორი ტაეპი ?(რატომ გაუუცხოვდა პოეტს მშობლიური სანახები?)
2. სიტყვა ეფემერა „ხანმოკლეს,სწრაფწარმავალს,არამყარს’’
ნიშნავს.როგორ ფიქრობთ,რის მიმანიშნებლად გამოიყენა პოეტმა ეს სიტყვა ლექსის სათაურში?
3. გაიხსენე,რისი სიმბოლოა მიჯაჭვული ამირანი ქართულ ლიტერატურაში?
4. მე-19 საუკუნეში აკაკის იმედი ჰქონდა:“მოვა დრო და თავს
აიშვებს,იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა გმირი’’. ჩანს თუ არა ეს იმედი გალაქტიონ ტაბიძის
ლექსში ?
5. როგორ ფიქრობთ,რამ განაპირობა ამ ლექსში დარიალისა და
თერგის ხსენება ?
6. როგორ გესმით ტაეპის შინაარსი: „დარიალიდან ზარავდა
ზარა“ ?(გაიხსენე მ. ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“ კოშკზე მდგომი თეიმურაზი)
7. როგორ ფიქრობ,ვინ იგულისხმება იმ „ძვირფას ლანდებში“,რომლებიც
„მოგონებით ანათებენ’’ პოეტის გულს და რომლებსაც
თერგმა თავისი სათქმელი უნდა გადასცეს ?
ამირან გომართელი - „მშობლიური ეფემერას“ საიდუმლო
გალაკტიონის პოეზიაში ხშირად გვხვდება სიტყვა „ეფემერა“. ეს სიტყვა ლექსების დასათაურებაშიც გახმიანდება ხოლმე („ეფემერა“, „ისევ ეფემერა“, „საახალწლო ეფემერა“, „მშობლიური ეფემერა“...). როგორც ლექსიკონებშია განმარტებული, `ეფემერა~ ბერძნული სიტყვაა და ფრთოსან მწერს აღნიშნავს, რომელიც ერთ ან რამდენიმე დღეს ცოცხლობს. აქედან წარმოდგება „ეფემერის“ გადატანითი მნიშვნელობაც – ხანმოკლე, წამიერი, მოჩვენებითი, ილუზიური რამ. გალაკტიონი სწორედ ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იყენებს მას ლექსში „მშობლიური ეფემერა“, რომელიც 1923 წელს გამოქვეყნდა.
„მშობლიური ეფემერას“ სათაურის გააზრებისას ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა აზრის გამომხატველია, რაზე მიანიშნებს მოულოდნელი და უცნაური სიტყვათშეხამება „მშობლიური ეფემერა“? რა შეიძლება იყოს მშობლიური და თან ეფემერული – ხანმოკლე, წამიერი, მოჩვენებითი? ამ კითხვებს რომ ვუპასუხოთ, გალაკტიონისეული სხვა მინიშნებებიც უნდა განვმარტოთ, რომლებიც უხვადაა ლექსში, თუნდაც ასეთი: რა აზრით არის ლექსში აქცენტირებული მითიური ამირანი ან რაზე „კვნესის დიდი ხანია“? რა იგულისხმება სიტყვებში: „ზამთარს ბილიკი დაუტანია“? რა ბილიკია ან რა გზაა იგი? რას უნდა ნიშნავდეს პოეტის განცხადება: „ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით“ ან „ცა ალუბლით სავსეა... კმარა!“? რა არის მიზეზი ისეთი ტრაგიზმისა, როგორიც ამ პოეტურ სტრიქონშია გაცხადებული: „ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს“? რაზე მიანიშნებს ფრაზა: „დარიალიდან ზარავდა ზარა“, თუ ავისმომასწავებელი შეკითხვა: „დაკარგულია?“ და დასტური ამ შეკითხვაზე: „დაკარგულია!“ ამგვარი მინიშნებები მრავლადაა ლექსში. მინიშნებათა სიმრავლე ბუნებრივია სიმბოლისტური პოეზიისათვის. ეს სიმბოლიზის არსებითი თვისებაა, რაც მას მკაფიოდ განასხვავებს რეალისტური პოეზიისგან.
სიმბოლისტური ლექსი ხშირად ბურუსით მოცულსა ჰგავს და მისი ჭეშმარიტი შინაარსი ამ ნისლოვანების მიღმა იმალება. ჩვენ ახლა ამ ნისლოვანების მიღმა უნდა გადავიხედოთ, გალაკტიონისეული მინიშნებები ამოვხსნათ. ამისათვის ლამის სტრიქონ-სტრიქონ უნდა მივყვეთ `მშობლიურ ეფემერას~. ჯერ პირველი სტროფი გავიხსენოთ:
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთრს ბილიკი დაუტანია...
„დიდი ხანია?“ – მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: „დიდი ხანია...“
ლექსის დასაწყისშივე, პირველ ორ ტაეპში, გაცხადებულია ღრმა გულისტკივილი იმის გამო, რომ პოეტი ვეღარ ცნობს მშობლიურ გარემოს, რადგან ამ გერემოს, მისი სამშობლოს ბილიკებს თუ გზებს, რაღაც უცხო ძალა დაჰპატრონებია („ზამთარს ბილიკი დაუტანია“). აქ ბილიკის ხსენება, რომელსაც გზის მნიშვნელობაც აქვს, შემთხვევითი არ არის. იმის ამოხსნაში, თუ რა იგულისხმება თოვლით წაშლილ ბილიკსა თუ გზაში, გალაკტიონის სხვა ლექსი დაგვეხმარება, რომელიც ცოტა მოგვიანებით, 1927 წელს გამოქვეყნდა. ამ ლექსის სახელწოდებაა `ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს~. აქ ასეთი სტრიქონებია: „დაკარგულია გზა მოხევესი, ბნელდება. ღამე. მიეშველენით!“
დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის ამოცნობას, თუ ვინ იგულისხმება მოხევეში და რა გზაა ის გზა (ანუ მოხევის გზა), როელიც დაკარგულია და რატომ ჩამოწვა ბნელი ღამე, როცა ეს გზა დიკარგა ან რას უნდა შველა („მიეშველენით!“).
„მგზავრის წერილების“ მკითხველი იოლად მიხვდება, რომ გალაკტიონის ლექსში ნახსენებ მოხევეში ილიას ლელთ ღუნია იგულისხმება, ის ლელთ ღუნია, ვისი პირითაც „მგზავრის წერილების“ ავტორმა ის ჩუმი ნატვრა გააცხადა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, რასაც, ილიასავე სიტყვებით რომ ვთქვათ, დღედაღამ ნატრულობდა ქართველი და რამაც, ნექტარივით, თხემით ტერფამდე დაუარა სამშობლოს ბედ-იღბალზე მოფიქრალ ყმაწვილკაცს, 21 წლის ილია ჭავჭავაძეს. ეს ნატვრა 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენით თითქოსდა აიხდინა ქართველმა ერმა, მაგრამ ეფემერული აღმოჩნდა ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, 1921 წლის თებერვალში დამთავრდა იგი. ქვეყნის ბედ-იღბლის ასეთი ტრაგიკული დასასრულის გალაკტიონისეული შეფასებაა ზემოთ მოხმობილი სტრიქონი: „ბნელდება. ღამე. მიეშველენით!“. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია „მშობლიურ ეფემერაში“ დასმული კითხვაც მიმართული მშობლიური გარემოსადმი: `დიდი ხანია~ – მივმრთავ ტყეებს~ და პასუხი – `და ტყე გუგუნებს: `დიდი ხანია...~. ამ კითხვა-პასუხითაც პოეტი სამშობლოს დამონებულ ხვედრზე მიგვანიშნებს, რასაც კიდევ უფრო აკონკრეტებს ამირანის ხსენება:
„ამირანია“? –მივმართავ ტყეებს
და ტყე გყუგუნებს „ამირანია!..“
კლდეზე მიჯაჭვული ამირანიც იმ დატყვევებულ-დამონებული სამშობლოს პარადიგმაა (ბერძ. „ნიმუში“), რომელიც ასე ნაცნობია ჩვენთვის აკაკი წერეთლის პოეზიიდან. გავიხსენოთ სტრიქონები აკაკის `ამირანიდან~:
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი
არის მთელი საქართველო
და მტერი კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაწვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!..
მაგრამ არ დამდგარა აკაკის მიერ ნანატრი ის დრო, ვერ აიშვა თავი გმირთაგმირმა ამირანმა და გალაკტიონის ლექსში კლდიდან ჯერ მხოლოდ მისი კვნესა ისმის. მეტიც, იმდენი დრო გასულა ამ კვნესა-ვაებაში, რომ კლდეს (კლდეებს) ხავსიც კი მოსდებია:
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
„ამირანია?“ –მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: `ამირანია!..~
როცა მიჯაჭვული ამირანის პარადიგმის არსი გააზრებულია, სავსებით ლოგიკურია პოეტის ემოცია: `ეს მძაფრი გრძნობა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია~. ისიც ცხადია, თუ რა გულს გულისხმობს პოეტი: `ის გული ისევ ჩემი გულია~. ეს მიჯაჭვული ამირანის (დატყვევებულ-დამონებული სამშობლოს) გულია, რომელსაც ყვავ-ყორანი კორტნის. ესეც აკაკის ლექსის ალუზიაა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას ამბობს აკაკი მიჯაჭვულ ამირანზე: `ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული~.
შემდეგ სტრიქონებში უკვე სხვა ალუზიას ვხვდებით: გრიგოლ ორბელიანის `თერგი~ (`გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი~) და ილიას `ყაზიბეგის მთა~ (`ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით~) იხსენიება, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია, 180 გრადუსითაა შებრუნებული ტრაგიკულისაკენ. თუ ილიას `მგზავრის წერილებში~ გრიგოლ ორბელიანის `თერგი~ (`თერგი რბის, თერგი ღრალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან~) აქტიური ქმედების სიმბოლოა, გალაკტიონთან გრიგოლ ორბელიანისავე `კლდეები~ ერთმანეთს შეხავსებია და ბანსა თუ ექოს ახლა ტყე იძლევა, ის ტყე, რომლის `ხეთა ჯარს~ (გალაკტიონისეულად რომ ვთქვათ) ვეღარც კი `ცნობილობს~ პოეტი, რამეთუ ყველაფერი მშობლიური და, მათ შორის ტყეც, გაუცხოებულია (`ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს~) და ტყე მხოლოდ იმას გუგუნებს, რომ იგი, ვინც `კვნესის დიდი ხანია~ – ამირანია!~
ფერების სიჭარბეცა თუ სიჭრელეც ლექსში 1921 წლის თებერვალში თავისუფლებისათვის დაღვრილ სისხლსა და ქვეყნაში დატრიალებულ ტრაგედიაზე მეტყველებს. ამიტომ ირევა ერთმანეთში ლალისფერ-შინდისფერი (წითელი) და ლილისფერი, რომელიც აქ, ფაქტობრივად, თალხზე, მწუხარების ფერზე მიანიშნებს:
ფერების ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი – ლილა და შვინდი...
ყაზბეგის, ანუ `ყაზიბეგის მთის მაღალი შუბლი~ (როგორც ილია იტყოდა) ავისმომასწავებელი ღრუბლითაა შემოსილი, ცა კი – ალუბლისფრად, წითლად (სიხსლისფრადაა) შეღებილი. ამიტომაც აღმოხდება ამ შემაძრწუნებელი სურათის შემხედვარე პოეტს გულსაკლავი სიტყვა: `კმარა!~
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით,
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა.
ეფემერულად მთავრდება საქართველოს თავისუფლების ბედნიერი დღეები – `ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ~ – ამიტომაც ისმის საქართველოს მორღვეული ჩრდილოეთის კარიბჭიდან, დარიალიდან, ავისმომასწავებელი და შემზარავი ზარის ხმა (`დარიალიდან ზარავდა ზარა~).
ფრაზა: `ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ~, იოლად აიხსნება იმ აზრობრივი პარალელის მეშვეობით, რომელსაც პოულობს სტრიქონთან ზემოთ ნახსენები ლექსისა: `ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს, ციდან ცრემლები მოდის ჩაფებით~. ორივე ლექსის პოეტური პწკარი საქართველოს თავისუფლების ტრაგიკულ დასასრულზე მეტყველებს.
მძიმეა ამგვარი ხილვა, უმძიმეს განსაცდელს უტოლდება იგი. ამგვარმა განსაცდელმა შეიძლება დაგადუმოს, გაგაჩუმოს კიდეც. სწორედ ამას გვიმხელს პოეტი, როცა იტყვის:
სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!..
ოღონდ გულში მაინც ხმიანობს იმ ძვირფას ლანდთა, წინაპარ პოეტთა ხსოვნა, ვისი მხატვრული სახეების ალუზიებსაც უხვად ვხვდებით ლექსში: აკაკი იქნება თავის `ამირანით~, გრიგოლ ორბელიანი – მოგუგუნე თერგითა და ბანის მიმცემი კლდეებით, თუ ილია ჭავჭავაძე `მგზავრის წერილების~ მრავლისმთქმელი და ღრმაშინაარსიანი პოეტური ხატებით: დარიალით, თერგით, ყაზიბეგის მთის მაღალი შუბლითა და მოხევე ლელთ ღუნიას `დაკარგული გზით~ – ზამთრით დატანილი ბილიკით. ლექსი კი, რომელიც გაჯერებულია ყოველივე მშობლიურის წამიერი მოლანდებით (`სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად...~), ისევე ტრაგიკულად მთავრდება, როგორ ტრაგიკულადაც დამთავრდა ჩვენი ქვეყნის ეფემერული თავისუფლება 1921 წლის ანექსიის ჟამს.
ფინალურ სტროფში კვლავ მშობლიური ქვეყნის სიმბოლოდქცეული მიჯაჭვული ამირანის კვნესა ისმის და გარემოც – კლდენი თუ ტყეებიც – იმავეს იმეორებენ ყრუ და გულისგამგმირავი გუგუნით:
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
„ამირანია?“ – კვლავ ვკითხავ ტყეებს,
და ტყე გუგუნებს: ამირანია!..
ხ
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
·
ლირიკული გმირის თავგადასავალი გალაკტიონის ლექსებში,მისი
გაორებული დამოკიდებულება ღვთისმშობლისადმი,რომელიც გამოხატულია,ერთი მხრივ,შუასაუკუნეობრივი
ექსტაზითა და მოწიწებით(ლექსში „AVE
MARIA’’),ხოლო,მეორე მხრივ, იმედგაცრუებული მოგზაურის საყვედურით მეგზურისადმი(“სილაჟვარდე
ანუ ვარდი სილაში’’) იმ გაორებული მდგომარეობის ანარეკლია,რაც მე-20 საუკუნის კულტურასა
და ლიტერატურაში გაჩნდა ქრისტიანული ფასეულობების
მიმართ.
·
ქრისტიანული ფასეულობებისადმი გაორებულ დამოკიდებულებას
გალაკტიონი ეპოქის ერესად(ცრუ მოძღვრება) მიიჩნევს,იმ ლუციფერული(ეშმაკისეული) ეპოქისა,რომელმაც
უარყო ღვთის გზა და დარგო ახალი „ხე ცნობადისა’’(
ლექსი „ხრამჰესი’’).
·
„ეპოქა ისვრის ახალ ერესებს“ , აცხადებს იგი ლექსში“დრომ
შუბლს ნაოჭი გადაუხარა’’.
·
პოეტის აზრით ქვეყანა გადაიქცა სამშობლოდ შავი ლუციფერის,სადაც
„არასდროს არ ყოფილა ნაზარეველი’’..
·
ამღვრეული და დასაღუპად განწირული ეპოქის ბეჭედია „უღვთისმშობლობა’’.
·
„როგორ შევიძლოთ უღვთისმშობლობა,ვით ავიტანოთ უმადონობა?“-კითხულობს
გალაკტიონი ლექსში „თუ ბრძოლა არ არის „
·
ეს იმ ეპოქის განაჩენია,სადაც უღვთისმშობლოდ დარჩენილნი
„ანგელოსები უედემონი სტიროდნენ გზათა მიუვალობას’’(„ცხრაას თვრამეტი“)
·
უიმედობაგზათა მიუვალობა-ორიენტირებისა დაკარგვისა და
ფასეულობათა გაქრობის მაჩვენებელია..
·
„ნაწვიმარ სილაში ვარდი“ ამღვრეულ ეპოქაში უგზობის,უამინდობის
ანუ უღვთისმშობლობის განწირული მოგზაურია(„სასტიკია ბედი უამინდოთა’’).
·
იგი მეგზურის გარეშე ვეღარ დაუბრუნდა ედემს და სიზმარეულობის
განცდაც გაურკვევლობის ,ფასეულობათა დაკარგვის და ორიენტირების არქონის მაუწყებელია...
·
გადაფასდა ქრისტიანული ფასეულობები და ამღვრეული ეპოქის
ეს ნიშანი გალაკტიონის სულიერ ტრაგედიად იქცა.
ნ. ნაკუდაშვილი
ხ
·
ცნობილია რომ ლექსის სათაური მისი ემოციური გასაღებია
·
სათაურის წაკითხვისთანავე იბადება ის განწყობა,რომელიც
მკითხველს ლექსის სამყაროში შეუძღვება
·
დააკვირდი სათაურს: „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“
·
რის მოლოდინს წარმოქმნის ასეთი სათაური?
რა იქნება,შენი
აზრით,ამ ლექსში გადმოცემული -სამყაროს რეალური სურათი თუ პოეტის „სულის პიეზაჟი’’?
·
როგორ ფიქქრობ,“ვარდი სილაში“ სახე-სიმბოლოა თუ სიტყვატშეთანხმება?(დააკვირდი,რასთან
არის იგი გაიგივებული ლექსის სათაურში?)
·
ხედავ თუ არა ასოციაციურ კავშირს ამ ლექსის სათაურსა
და „თოვლის“ შემდეგ ტაეპებს შორის:
„ჩემს სამშობლოში
მე მოვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები’’?
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
უპასუხე კითხვებს:
1.
ვის
მიმართავს პოეტი ლექსის პირველ ტაეპში ?
2.
რა
ეპითეტს იყენებს იგი ამ მიმართვისას?
3.
გამართლდა
თუ არა ლექსის სათაურით წარმოქმნილი მოლოდინი?(რას დაუკავშირდა სათაურში ნახსენები
სიმბოლიები სილაჟვარდე და სიშაში ვარდი- ლექსის
პირველსავე სტროფში ?
4.
სათაურში
ეს სახე-სიმბოლოები ერთმანეთის ტოლფას ცნებებად
იყო წარმოდგენილი,როგორ მიემართებიან ისინი ერთმანეთს პირველ სტროფში ამჯერად როგორც
ლექსის ფორმალური ელემენტები ?(რამ გამოიწვია სიტყვათშეთანხმებაში „ვარდი სილაში“ სიტყვის გადაადგილება ?
5.
„სილაში
ვარდი-სილაჟვარდე’’, ცხადია ზუსტი კლასიკური რითმა არ არის,ისევე,როგორც „მზეო მარიამ-სიზმარია)
ქართული ლექსის ფერისცვალების პროცესი ,რომელიც მე-20
საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო და ძირითადად გალაკტიონისა და „ცისფერყანწელების’
სახელს უკავშირდება,პირველ რიგში,ახალი რითმების გამოჩენით აღინიშნა(„მე მიღალატეს
ძველმა რითმებმა,“ -წერს გალაკტიონი ამ პერიოდის ერთ-ერთ ლექსში).
კერძოდ,ზუსტი კლასიკური რითმის გვერდით,არაზუსტი-ასონანსური
და კოსონანსური რითმა გაჩნდა.
გაიხსენე არაზუსტი რითმის განმარტება და განსაზღვრე
,რომელია ამ ორ რითმაში კონსონანსური და რომელი ასონანსური ?
6.
ასონანსურმა
და კონსონანსურმა რითმებმა საგრძნობლად გაამდიდრეს ქართული ლექსის ჟღერადობა,მისი
„მუსიკა’’.ამგვარი რითმების ესთეტიკური ღირებულება მოულოდნელობის ეფექტზეა აგებული.
ახლა ამ რითმების შემადგენელი სარითმო სიტყვების შინაარს
დააკვირდი: „მზეო მარიამ-სიზმარია’’.
რაშინაარსობრივი მიმართება „მზესა“ და „სიზმარს“ შორის?(უპირისპირდებიან
თუ არა ისინი ერთმანეთს შინაარსობრივი თვალსაზრისით?)
არის თუ არა მოულოდნელი სარითმო წყვილის:“სილაში ვარდი-
სილაჟვარდე’’ შინაარსობრივი შეხამება?
7.
როგორ
ფიქრობ,რისი თქმა სურს პოეტს,როდესაც იგი საკუთარი ცხოვრების გზას ამგვარი ეპითეტებით
წარმოგვისახავს: ცხოვრების გზა-სიზმარი,ცხოვრების გზა-სილაჟვარდე?
8.
რას
ასახავს,თვენი აზრით,“ნაწვიმარ სილაშივარდი’’?(არის თუ არა ვარდი მისთვის მშობლიურ
გარემოში? როგორ მოხვდა აქ? რა ელის მას: ჭკნობა ,ფეხით გათელვა?
სილაში ვარდი
ხედავ ამ ყვავილს? გაზაფხულის მზე
რაღაც უცნაურ გრძნებას ახვევდა...
მან არ იცოდა ყოფნა მშფოთარე,
მან არ იცოდა მწუხრი და სევდა.
ის ქარიშხალს არ მოუწყვეტია,
რადგან ხალისით უცქერდა ზეცა,
არა, ის მშობელ ბუჩქს თავისთავად
მოსწყდა და მტვრიან გზაზე დაეცა.
აღარ უღიმის ეხლა მზე ყვავილს,
და არც ყვავილი ამშვენებს მდელოს,
ნება აქვს ზეცას - სულ დააჭკნოს ის,
ბრბოსაც ნება აქვს - ფეხით გასთელოს!
1.
დააკვირდი
ლექსის მეორე სტროფის პირველ ორ ტაეპს.როგორ ფიქრბ,რატომ არის ეჭვქვეშ დაყენებული“გათენების“
შესაძლებლობა?
რა უნდა მოჰყვეს „გათენებას“ ?
როგორ გამოხატავს პოეტი თავის სულიერ მდგომარეობას?
2.
ვინ
არის მეოთხე სტროფში ნახსენები „გედი დაჭრილი“და რას საყვედურობს იგი ღვთისმშობელს
?
3.
ვინ
არის ალიგიერი და რატომ ახსენებს მას პოეტი ლექსში?
დანტე-ალიგიერი(1265-1321)-შუა საუკუნეების იტალიელი
პოეტი ვრცელ პოემაში „ღვთაებრივი კომედია’’ იგი აღწერს თავის წარმოსახვით მოგზაურობას
ჯოჯოხეთის გარსებში და შემდეგ ცად ამაღლებას საყვარელი ქალის-ბეატრიჩეს-აჩრდილის წინამძღოლობით.
საყვარელი ქალის ადორაციის(ანუ გაღმერთების) და მისი
საშუალებით ღვთებრივ ნათელთან (საუფეველთან) ზიარების მოტივი ძალზე გავრცელებული იყო
შუა საუკუნეების ლიტერატურაში;
„ღვთაებრივ კომედიაში’’ ბეატრიჩე არის მეგზური,რომელმაც
უნდა გამოიყვანოს დანტე ჯოჯოხეთიდან და სამოთხეში შეუძღვეს მას.
მეცხრე ცაზე ბეატრიჩე უჩინარდება და მისი სახე ჯერ ღვთისმშობელს,ხოლო
შემდეგ ქრისტეს ხატებას ერწყმის.
როგორ გესმის:
„ვით სამოთხიდან ალიგიერი,მე ჯოჯო ხეთით ვარ დაფარული’’?
4.
გალაკტიონს
ერთ-ერთ ლექსში(„მათ ბევრი ჰყავთ“) ხელოვანთა მეგზურად ქრისტიანული მუზა-სულიწმინდა-და
ღვთისმშობელი ჰყავს წარმოდგენილი;
(„მათ ბევრი ჰყავთ ხელოვანნი,განა მარტო როდენი? მათ
ახარებთ სულიწმიდა და მადონას ლოდინი’’).
ვინ ეჩვენება ლექსის მიხედვით პოეტს“ბედით დაწყევლილ
გზაე ‘’?
ვისი ხსენება არ მივამასთან „განსასვენებელ ზიარებაზე’’?
5.
გალაკტიონის
ერთ-ერთ ლექსში ,“ჩემი მეეტლე“,“უღვთისმშობლობა’’,“უგზოობა“ და „უამინდობა“ სინონიმური
ცნებებია.
განმარტე,რა აერთიანებს ამ სახე-სიმბოლოებს და რა კავშირი აქვთ მათ გალაკტიონის საანალიზო ლექსთან?
ხ
ქებათა -ქება ნიკორწმინდას
·
აღიარებულია,რომ
გალაკტიონ ტაბიძის სმენამ ქართული ლექსის განსაკუთრებულ მუსიკალურ ჟღერადობას მიაკვლია;
·
მისი
პოეზია გაორჩეულია რიტმულობით და ბგერითი ჰარმონიით;
·
პოეტი
განუზომლად ბევრს მუშაობდა ამ მიმართულებით- ეძებდა ახალ რიტმებს,რითმებს,ბგერით ხატებს..
ხ
·
რით
შეიძლება მიაღწიოს პოეტმა სასურველ პოეტურ ჟუღერადობას ?
·
ამისათვის
პოეტს მოეპოვება ,რამდენიმე ენობრივი საშუსლება:
1.
მშობლიური
ენის ბგერითი სისტემა
2.
სტყვათა
მარცვლოვანება
3.
მარცვლების
განაწილება ლექსში ქმნის ამა თუ იმ რიტმს(რაც უშუალოდ არის კავშირში მუსიკასთან)
4.
ამავე
საფუძველზე „ეყრდნობა“ პოეტური ფრაზის ტემპი და ინტონაცია;
ხ
·
გ.ტაბიძის
თითქმის ყოველი ლექსი არის ილუსტრაცია იმისა ,თუ რა მრავლმხრივი ძიებისთვის მიუმართავს
პოეტს,რათა ლექსი სასურველ „მუსიკალურ“ ჟღერადობად ექცია
ხ
·
ერთ-ერთი
გამორჩეული ლექსია „ქებათა ქება ნიკორწმინდას“
·
ეს
ლექსი,პოეტისავე სიტყვებით,“ქვის ჰარმონიას’’ განადიდებს
(იხ. „დიდოსტატის მარჯვენა“) და თითქოს არის ცდა იმისა,რომ ნიკორწმინდის არქიტექტურულ
„მუსიკას“ ბგერათა ჰარმონიით,ქართული ენის ჟღერადობით გაეჯიბროს;
ხ
დავაკვირდეთ ამ პოეტური ნაწარმოების რამდენიმე გამომსახველობით
მხარეს:
1.
·
მთელი
ლექსი 6 მარცვლიან სტრიქონებად არის დაწყობილი;
·
სტრიქონი,თავის
მხრივ, არათანაბარ რიტმულ მონაკვეთებად არის დაყოფილი :2+4
(მაგ. სხივი/გამობრწყინდა),რაც ამ ლექსის თავისებურ რიტმს და ინტონაციას ქმნის;
·
ასეთი
მოკლე სტრიქონი იშვიათია და რაღაც მიზანს ემასხურება;
·
თუ
დააკვირდები,დაინახავ,რომ სტრიქონი შეიძლებოდა 12 მარცვლიანი ყოფილიყო, სტროფი კი არა
რვასტრიქონიანი,არამედ-ოთხსტრიქონიანი:
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა.
სტრიქონების განლაგების გარდა,ლექსში
არაფერი შეგვიცვლია,მაგრამ აშკარაა,რომ ის თითქოს „დამძიმდა“.
ესკი იმას ნიშნავს,რომ პოეტი ლექსის
გარეგნულ გამომსახველობასაც გარკვეულ ფუნქციას აკისრებდა;
·
რა
არის ეს ფუნქცია? უთუოდ: შექმნას ნიკორწმინდის ტაძრის მაღალი(„ყელი გუმბათისა მაღალეროვანი’’),მსუბუქი(„ისე
ნაგებია,სიზმრის გეგონება’’),ჰაეროვანი(შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი’’) კონსტრუქციის
შთაბეჭდილება,მისი ერთგარი პოეტური ხატი.
2.
·
ვერც
ერთი შემოქმედი ვერ აუვლის გვერდს მშობლიურ ენის ფონეტიკას,ანუ
ბგერათა სისტემას;
·
ამ
სისტემაში არის ჟღერადობით გამორჩეული ბგერები(მაგალითად,ხმოვნები
და ნარნარა თანხმოვნები) და ჟღერადი ბგერებიც(მაგალითად,მჟღერი და მკვეთრი თანხმოვნები) და არის აშკარად „მძიმე“ ჟღერადობის ბგერებიც(მაგ.,ისეთი
რთული შედგენილობის ბგერები,როგორიცაა: ძ,წ,ჯ,ჭ...)
·
პოეტი
ლექსს სიტყვებით წერს და არა ბგერებით;
·
ამიტომაც
იგი იძულებულია,სასურველი ჟღერადობის მისაღებად ისეთი სიტყვები შეარჩიოს,რომელთაც შესაფერისი
ბგერითი შედგენილობა აქვს.
·
ეს
ლექსი ამგვარ ბგერათა „ჰარმონიაზე“ დაკვირვების კარგ შესაძლებლობასაც იძლევა.
მაგ. ავიღოთ სტრიქონები:
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით...
ლექსის ეს მონაკვეთი გქკ
სამეულის ჟღერადობაზეა აგებული,ანუ თანხმოვანთა ალიტერაციის თავისებური მაგალითია.
აქვე ნაწილობრივ ერთვება დთტ სამეული.
თუ ამ თვალით მთელ ლექსსაც შეხედავთ,დაინახავთ,რომ თანხმოვნების
მხრივ წამყვანი,მართლაც,ამ
სამეულის ჟღერადობაა.
ამგვარი ალიტერაციული ჟღერადობის უფრო ხაზგასმული,გამეორებითი
კომპლექსებიც იქმნება.
მაგ. დავაკვირდეთ:
ა)სტრიქონების თავკიდური კომპლექსების მსგავსებას (გზნ-გრძნ):
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმების..
ბ) ერთი და იმავე ძირის გამეორება სტრიქონში:
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით...
გ) ანდა
მთლიანი სიტყვაფორმების გამეორება:
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
·
ლექსი ხუროთმოძღვრების შედევრს-ნიკორწმინდას-ეძღვნება;
·
მაგრამ აღნიშნული თვალსაზრისით ერთ-ერთი „უხერხული“
სიტყვა სწორედ ძეგლის სახელწოდებაა.
ჯერ ერთი,ეს სიტყვა ოთხმარცვლიანია
და,როგორც ჩანს,სტრიქონის ზემოაღნიშნული რიტმი(2+4) სწორედ ამ სიტყვაზეა მორგებული
(მაგ სვეტი+ ნიკორწმინდა)
მეორეც,სიტყვა შეიცავს
ზემოაღნიშნული ბგერადობისთვის“უცხო’’ წ ბგერას;
ეს სიტყვა,ჩვეულებისამებრ,
სტროფის ბოლოშია მოქცეული,სტროფის შემკვრელია და პოეტი აშკარად უქმნის მას შესაფერის
ბგერიტ გარემოცვას- შემოჰყავს წ-სთან ან დ-სთან ალიტერაციის
შემქმნელი ბგერები(მაგ. ძ,დ,თ,ტ)
დააკვირდი:
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
3.
·
ლექსის ჟღერადობაზე გავლენას ახდენს შემადგენელ სიტყვათა
მარცვლოვანება;
·
რაც უფრო ნაკლებია ტანხმოვანთა თავმოყრა,მით უფრო შეიგრძნობა
ლექსის სიმსუბუქე;
·
ამდენად ნათელია,რომ ავტორს საგანგებოდ
შეუქმნია ესოდენ „ხმოვანსრულად“ ლექსი „ქარი ჰქრის“:
„ქარი ჰქრის,ქარი ჰქრის,ქარი ჰქრის,ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ‘’
·
თუ ამ თვალით შევხედავთ,მსგავს „ხმოვანსრულობის“
ტენდენციას ამ ლექსშიც დავინახავთ
მაგ.
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
5.
·
ზემოაღნიშნული მიზნის
მისაღწევად,ანუ სასურველი ჟღერადობის შესაქმნელად,პოეტი აუცილებლად მიმართავს პოეტურ
ლიცენციასაც,ანუ ქმნის ახალ სიტყვებსა თუ ფორმებს(ზოგჯერ კი კუთხური მეტყველებიდან
შემოაქვს ისინი.)
·
პოეტური ლიცენცია თავისთავადი
მიზანი არ არის,ის სწორედ ლექსის საჭიროებიტ არის ხოლმე გამოწვეული
·
„ქებათა ქებაში.. რამდენიმე
ასეთ ფაქტს შეიძლება მივაქციოთ ყურადღება :
ა)“რა განძი გვქონია,რა მხნე,რა მდიდარი’’,-აღტაცებით
ამბობს პოეტი და იმისათვის,
რომ მასთანჰარმონიული
რითმა(მაჯამა) შექმნას,ერთი და იმავე ძირის
სახელისა და ზმნის
შესიტყვებას(„დარობს
დარი“) გათიშავს „რამდი“ სიტყვით:
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი დარი.
ვარაუდობენ,რომ ეს სიტყვა
იმერული დიალექტიდან უსესხებია პოეტს(ნიშნავს „სანამ,ვიდრე’’).
ბ)
·
... ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით
აქ ორი თავისებურებაა: „შუქურ თმები“,ცხადია,პოეტის შექმნილი სიტყვაა ჩუქურთმების
გასარითმად და მისი შინაარსის ზუსტი ახსნა გაჭირდება( შესაძლოა „შუქი თმებივით“ ?)
„ქარგით“ ფორმაც შინარსობრივად ნათელი არ არის.
ქარგა სიტყვა ნიშნავს-„საქარგავ მოწყობილობას,რომელზეც ქსოვილს გადაჭიმავენ
მოსაქარგავად’’,მაგრამ ამ კონტექსტში მისი
ფორმა(ქარგით) მოულოდნელია.
გ)ეროვანი სიტყვა ჰაეროვანის ვარიანტი ჩანს და სხვ.
ხ
დასკვნა:
რაც უფრო ღრმა არის პოეტური ტექსტი,მით უფრო ბევრი რამის გათვალისწინებაა
საჭირო მისი წაკითხვის და ანალიზის დროს.
ქებათა ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული a
ქნარი, როგორც მინდა. b
ჩემთვის დიდებული a
სხივი გამობრწყინდა. b
მკვიდრად ააშენა,c
ვინაც ააშენა c
და ცით დაამშვენა c
დიდი ნიკორწმინდა. b
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!
ხვეულთ დიადება
ვხედავ -რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა!
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!
შენ ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი.
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
გალაკტიონ ტაბიძე 1947
ოქტავა
·
ოქტავა რვატაეპიანი სალექსო სტროფია;
·
იგი იტალიურ პოეზიაში
წარმოიშვა
·
ოტავებით წერდა ცნობილი
იტალიელი პოეტი ტორკვატო ტასო(1544-1595)
·
საქართველოში კი ამ
სალექსო ფორმის დამამკვიდრებლად გალაქტიონ ტაბიძე მიიჩნევა
·
კლასიკურ ოქტავებში
ტაეპთა გარითმვის სქემა ასეთია:abababcc ,ანუ პირველ 6 ტაეპში ჯვარედინი რითმაა,ბოლო
ორში -წყვილადი.
·
გალაქტიონმა გარითმვის ეს სისტემა შეცვალა ababcccb;
·
გალაქტიონის ოქტავები საკუთრივ გალაკტიონისეულია;
უპასუხე კითხვებს:
1. ერთი ან რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ ლექსით გადმოცემული განწყობა.
2. ეს ლექსი ცნობილ ქართულ ტაძარს ეძღვნება .არის თუ არა მასში ამ ტაძრის
კონკრეტული აღწერა ?
3. როგორ გესმის პოეტის სიტყვები : „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი,როგორც მინდა’’?
4. როგორ გესმის: „დარობს რამდი დარი’’?
5. რას ნიშნავს და საიდან გაჩნდა „რამდი დარი’’?(დააკვირდი სარითმო წყვილს)
6. როგორც ცნობილია,სტროფი არის ტაეპთა გარკვეული რაოდენობის გაერთიანება,რომელიც
აზრობრივად დასრულებულ მონაკვეთს წარმოადგენს და კანონზომიერად მეორდება ლექსში. დააკვირდი
ამ ლექსის სტროფებს,შესაძლებელია თუ არა მათი ორ ნაწილად გაყოფა?
7. წარმოიდგინე,რომ ლექსი უსათაუროა,როგორ დაასათაურებდი მას ?
8. რა ჰქვია სალექსო ფორმას ,რომელსაც პოეტი იყენებს ლექსში?
9. რა ნიშნებით ხასიათდება ეს სალექსო ფორმა ?
10. რა ცვლილებები შეიტანა ამ ფორმაში გალაკტიონმა?
11. შეადგინე გარითმვის სქემა თითოეული სტროფისათვის?
ერთნაირად ირითმება ყველა სტროფი ?
12. ლექსის თითოეული სტროფის მე-2 ნაწილში გვხვდება სამჯერადი გამეორება,რომელიც
მნიშვნელოვნად განაპირობებს მის მუსიკალურობას და განსაკუთრებით სტროფის დასასრულის
ინტონაციას.დააკვირდი რომელი სიტტვები მეორდება თითოეული სტროფის მე-2 ნაწილში და რა
ეფექტს ქმნის ეს გამეორება ?
წიგნი „არტისტული ყვავილები“, შინაარსი:
„შემოდგომა „
უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“,
„ლურჯა ცხენები“,
„ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“,
„საუბარი ედგარზე“,
„მარიამ ანტუანეტა“, „
თოვლი“,
„უნაზესი ხელნაწერი“,
„შერიგება“,
„პოეტი ბრბოში“,
„პირიმზე“,
„Voiles“
(საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების...),
„მერი“,
„ალვები თოვლში“,
„გრადაცია“,
„სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“,
„შემოდგომის ფრაგმენტი“,
„ყორანი“,
„ათოვდა ზამთრის ბაღებს“,
„სამრეკლო უდაბნოში“,
„გული“,
„მარმარილო“,
„ატმის ყვავილები“,
„ღრუბლები ოქროს ამურებით“, „
ჭიანურები“,
„საღამო“,
„ვინ არის ეს ქალი?“
„სიკვდილი მთვარისგან“,
„ის“,
„ვუალისა და ვიოლჲეს შესახებ“,
„ვერხვები“,
„პარალელი“,
„ფარდების შრიალი“,
„ჩვენი საუკუნე“,
„მთაწმინდის მთვარე“,
„გობელენი“,
„შიშველი“,
„მიცვალებულის ხსოვნა“,
„ზღაპარი“,
„ორხიდეები“,
„მგლოვიარე სერაფიმები“,
„ავდრის მოლოდინი“,
„არ-დაბრუნება“,
„მივარდნილი აივანი“, „
აკაკის ლანდი“, „
მას გახელილი დარჩა თვალები“,
„როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“,
„ი.ს.“,
„სიბერე“, „
ედგარი მესამედ“,
„შენ და დემონი“,
„ახალი მოსახლეობა“,
თიბათვე გავიდა“,
„არაგვი“,
„სახლი ტყის პირად“,
„დამშვიდობება“,
„პრიმიტივი“,
„შენი სადღეგრძელო“,
„ცამეტი წლის ხარ“,
„ლოდთან“,
„გვიანი ოცნება“,
„სანთელი“,
„მფარველი იალქნები“
,
„ნუგეში“,
„აუზისგან“, „
მზადება გასამგზავრებლად“,
„უცნაური სასახლე“,
„მამული“,
„მწუხარება შენზე“,
შენ ერთი მაინც“,
„სიზმრები“,
„მე მოვალ“,
„ლოცვისთვის“,
„სასწაულს“,
დრო“,
მწოლარე“,
„წმ. გიორგი“,
„სროლის ხმა მთაში“,
„ძველი რვეულიდან“,
მზის ჩასვლა“,
რამდენიმე დღე პეტროგრადში“,
„ხელები“,
გემი „დალანდი“,
„დაბრუნება“,
გზაში“,
„შიში“,
„დომინო“.
ხ
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს. გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. — გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933
წელი), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944
წელი). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში
Комментарии
Отправить комментарий