სულხან -საბა ორბელიანი - იგავები და შეგონებები

 

                        




როგორი  უნდა  იყოს   მმართველის „გულითადი“ანუ  „ახლობელი ‘’

 

მეფეთა თანა მყოფთა სამნი საქმენი უნდა სჭირდეთ

პირველად: რომელიც კაცი უყვარდეს, იგი არ შეასმინოს, თვარა სიყვარულით არ შეისმენს და შენ დაზიანდები

მეორედ: ვისიც სიტყვა იამება, შენც უქო, თვარა თუ უძაგო, არ ეძაგება და შენ გასცრუვდე

მესამედ: ამას სცდილობდე, რომელიც მისი გულითადია, იგი გაიერთო, თვარა დღე დაგიმოკლდება.

 

მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია.

თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა,ყინვა დაჰზრავს.(საჭიროა სწორი დისტანციის დაცვა)

 

 მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს

ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით

 ბრმისაგან უბრმესი იყოს

მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს

მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს

მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას.

მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს

 

 

როგორი უნდა იყოს მმართველის  მრჩეველი

ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს:

ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს;

მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს;

მესამე: პირიდამ ავი სიტყვა არ წაიცთუნოს;

მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს;

მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს.

 

 რატომ უნდა გაუფრთხილდე მეგობარს

 

კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის

ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია

ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია

ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია

ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა

ამხანაგი მარტოსათვის ხმის გამცემია, ჯართათვის მარგებელია და ცოტას კაცთა შემაქცეველია

ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია

ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვნი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები?

მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს

ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.

 

 

მმართველის  საჭურისებს  მოეთხოვებათ:

საჭურისსა სამნი საქმენი მართებან:

პირველად: მხევლებრივ მორცხვობა;

მეორედ: ავთა ენათა შენახვა;

მესამედ: პატრონის ხვაშიადის დაკრძალვა(დამალვა)

 

 

მტერთან მოქცევის ძირითადი სტრატეგიები

 

 ყოველი მტერი ამის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს

დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება

სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება

ცოტასა და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი

ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა, არა ჩანს და რა გაჰქექ, ხელს დაგწვამს

ცოტა მტერი სიკვდილსა ჰგავს უჩინარსა, მოვა, ვერცა ქრთამით, ვერცა ძალით, ვერცა ხვეწნით ვერ მორჩება

ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის, აღარას ღონითა არ გაუშვებს, არ გადარჩესო

ცოტა მტერი ორმოსა ჰგავს, თივას ქვეშე დაფარულსა, რა შესდგე, ჩაიჭრები.

ამისათვის უნდა ყოველი კაცი ცოტას მტერს უფრთხოდეს, საფათერაკო იგია

 

ბოროტ კაცთან საქმეს ნუ დაიჭერ

 

ავის კაცისაგან წახდენაც სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა, თვარამ კარგის კაცისაგან კარგი სჭირს თუ ავი, ორივ სახელია,

ამად რომე, თუ ავი არა ხარ, ავს კაცს რად მოირევ და თუ უარესი არა ხარ, რად შეეხვეწები.

 

 

ქვეყნის სტაბილურობისთვის მმართველ ძალას  მოეთხოვება :

 

მეფეთაგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა.

მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა.

მეფეთაგან სამს ინატრიან ქვეყანანი: ზავთსა მართებულსა,სიმართლესა 

უზაკველსა და სიუხვესა მოუკლებელსა.

მეფეთაგან სამს იქენებენ დიდებულნი: სიტკბოსა წესიერსა, ნადიმსა ამოსა და ჭირში - ჭირსა და ლხინში - ლხინსა.

მეფეთაგან სამს ნდომობენ მხედარნი: ცხენსა მალსა, საჭურველსა მაგარსა და დანახვასა ნამსახურისასა.


მეფეთაგან სამს იღვწიან გლახაკნი: კარსა ღიასა, თხოვისა ბოძებასა და სიხარულით წარვლენასა.

მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა
მოუკლებლობასა  და მალე შეუბეზღებლობასა.

მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურის მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა.

მეფეთაგან სამს ინებებენ მოჩივარნი: საჩივრის სმენასა, აუჩქარებლობასა და დაუფერებლობასა.

მეფეთაგან სამს ინატრებენ ვაჭარნი: თვალთა და ლალთა ცნობასა, ღირებულის მიცემასა და უფასურად ვაჭრობასა.

მეფეთაგან სამს ევედრებიან მოგზაურნი: მეკობრეთაგან მორჩენასა, 

ზვერის წესად აღებასა, ფუნდუკთა უშუღართა დგომასა.

მეფეთაგან სამს იხვეწებიან 
შესმენილნი: მობეზღრისა წაყენებასა, ურისხველად ბრძანებასა და მართლებასა თავისასა.

მეფეთაგან სამს ითხოვენ პატიმარნი: 
შეცოდებისა შენდობასა, რისხვის წყალობად შეცვლასა და ხილვასა პირისა მისისასა.

ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს 
გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს.

 

       ხ

       იგავის ტექსტი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი ამბავს გადმოგვცემს,მეორე კი ამ ამბიდან გამომდინარე დასკვნას,ზნეობრივ დარიგებას ანუ მორალს შეიცავს.

·        ასეთ შემთხვევაში იგავის სათქმელი პირდაპირ არის გაცხადებული და ამოცნობა არ სჭირდება

·        მაგრამ თუ ასე არ არის მაშინ იგავის სათქმელი მასში არსებულ მინიშნებებზე დაყრდნობით უნდა ამოვიცნოთ.

დაწერე   თითოეული იგავის შესახებ:

1.     რაზეა  იგავი ?

2.     ვინ არიან იგავის პერსონაჟები ?

3.     გამოყავი იგავის აზრობრივი მონაკვეთები (იხ. ზემოთ)

4.     რომელი პერსონაჟი რისი სიმბოლოა?

რისი თქმა სურდა ავტორს ჩვენთვის ამ იგავით?


მეფე ხორასანისა


სულხან-საბა ორბელიანის იგავი „მეფე ხორასანისა’’  ადამიანის სიკეთესა  და  მადლიერებაზეა.

იგავის პერსონაჟები არიან: ხორასნის მეფე,ურიის მოყმე , ურია მალქოზ,  მეფის ვეზირები,“მგოსანი’’ ქალები

მეფეს უუხვესის სახელის მოხვეჭა მოუნდა.ვეზირი უსახელებს უფრო მდიდარს და უვხვს - ურია მალქოზის მოყმეს .მეფემოყმის  სანახავად მიდის . მოყმე  არნახულ პატივს სცემს. მოყმის ბედი უკუღმა ტრიალდება,მას მოგვი  მალქოზი მტრობს და სასიკვდილოდ იმეტებს.მოყმე დიდი სირთულეების გადალახვის შემდეგ ხორასანში ხვდება.მეფისთვის ნაჩუქარი „მგოსანი ‘’ ქალი იცნობს მოყმეს და მეფეს ეტყვის. მეფე  საომრად მიდის მოგვთან ,მოსრავს და მის საბატონოს მოყმეს  აძლევს.

ხორასნის მეფე-სიუხვეს და მადლიერებას , ურიის მოყმე - სიუხვეს ,მოგვი ურია მალქოზი    -  უსამართლობას,შურს და ძალმომრეობას,  უმცროსი ვაზირი - სიმართლეს, „მგოსანი’’ ქალი - ერთგულებას და თანაგრძნობას  განასახირებენ.

იგავის სათქმელი :

ისეთს ვერაფერს იზამ ,რაც სხვას არ უქნია  და სიკეთე ადამიანს არ ეკარგება.

 ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს.’’

 

ძუნწი დიდვაჭარი

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ძუნწი დიდვაჭარი’’ ადამიანის სიძუნწეზეა.

იგავის პერსონაჟები არიან: ძუნწი დიდვაჭარი,ხურო ნაზარი,მცურავები,ნაზარის ცოლი,გლახაკი არაბი და მისი ცოლ-შვილი

ძუნწი დიდვაჭარი,რომელმაც სიბერემდე ქონება არც თვითონ იხმარა და არც ოჯახს მოახმარა მოინდომებს ქონებით სარგებლობას.საგანძურებს ვერ გააღებს.იდუმალი ხმა ეუბნება რადგან აქამდე არ მოიხმარე ეს ქონება სხვისია,კერძოდ ,ხურო ნაზარისააო. ნაწყენი დიდვაჭარი მთელ განძს მორებში ათავსებს და მდინარეს ატანს.«ესეთსა საქმესა ვიქმ, ჩემთვისა და მისთვის სწორად დავკარგო», ასეთ გადაწყვეტილებას იღებს იგი. მორებს ბაღდადში ხურო ნაზარი  იჭერს.ყოფილი დიდვაჭარი განძის კვალს შეუდგება და ხურო ნაზარისას მიაგნებს.ის საიდუმლოს უმხელს ხუროს:“ღმერთმან მე წამართო და შენ მოგცაო“. ხურო ყველაფერს უკან უბრუნებს,მაგრამ  ყოფილი დიდვაჭარი უარზეა.ხურო 3 პურს ატანს და შიგ ძვირფას ქვებს ჩაუდებს:“ეგება იმ კაცმან წაიღოს, ცოლ-შვილი მშიერი არ დაეხოცოს’’.ყოფილ ძუნწს გლახაკი არაბი და მისი ცოლ-შვილი შეეცოდება და პურებს ჩუქნის,თან ურჩევს ხურო ნაზართან მივიდნენ და ეს პურები მიუტანონ: „იგი კაცი ღვთის მოშიში არის და აკვანსა და სახვეველს მოგცემსო.“ პურებში ჩადებული ძვირფასი თვლები ისევ ხურო ნაზარს უბრუნდება.

 

ძუნწი დიდვაჭარი  -სიძუნწის და უგუნურების ,წარუმატებლობის ,ხოლო ხურო ნაზარი  ბედის(ღვთის) რჩეულობის ,წარმატების სიმბოლოებია.

ყოფილი დიდვაჭარი თვლის,რომ სიმდიდრე მას ღმერთმა წაართვა და რომ ეს სასჯელია მისი სიძუნწისათვის.

ხურო ნაზარს ეცოდება დასჯილი ძუნწი,მაგრამ არაფერი გამოდის,ძუნწობა უპატიებელია.

იგავის სათმელი: 

ძუნწი ,რომელსაც საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის  არ ემეტება ქონება ამ ქონების ღირსი არ არის.


უგუნური მცურავი


სულხან -საბა ორბელიანის იგავი  „უგუნური მცურავი’’ - სხვის იმედად ყოფნაზეა

იგავის პესონაჟებია: მცურავი და მისი ამხანაგი

მცურავი  წყალს(ცხოვრებას) მიაქვს , უჭირს,დაღუპვის პირასაა   .ითხოვს დახმარებას.ამხანაგი რჩევას აძლევს: „ხელი გაიქნიე’’ ,ანუ  სხვის იმედად ყოფნას შეეშვი, მონახე გამოსავალი,იმოქმედე   და გეშველებაო.

მცურავი  სხვის იმედად მყოფი ადამიანის  ,ხოლო „ამხანაგი“  სასტიკი  რეალობის  სიმბოლოა.  

იგავის სათქმელი :  

ცხოვრებაში ადამიანს პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. სხვათა  მოიმედეს ,მხოლოდ იმედგაცრუებები  ელის.


 სამნი ბრმანი

სულხან-საბა ორბელიანის იგავი „სამნი ბრმანი’’ - ადამიანის უმადურობაზეა.

იგავის პერსონაჟები არიან : გლახკი ყრმა(ღარიბი ახალგაზრდა) , სამი გაიძვერა ბრმა მათხოვარი და მეფე

სხვაგან სამუშაოდ წასული გლახაკი ყრმა უკან ბრუნდება.მთელი მისი მონაგარი 9 ფულია. ფული  ბანაობის შემდეგ მდინარესთან რჩება.ფულს ისევ პოულობს და გახარებული გადაწყვეტს ერთი ფული ღმერთის სახელზე მათხოვარს მისცეს.ერთ უსინათლო მათხოვარს პოულობს ,უყვება თავისი აღთქმის შესახებ და 1 ფულს ჩუქნის.მათხოვარი სთავაზობს მე თვითონ ავირჩევო და 9-ვე ფულს ჯიბეში იდებს,შემდეგ ყვირილს იწყებს მიშველეთ,ეს კაცი გაძარცვას მიპირებსო.ყრმას მოწმე არა ჰყავს და იძულებულია თავი გაანებოს,ჩუმათ უკან მიჰყვება და უთვალთვალებს. ბრმას წართმეული ფულები თავის სამალავში მიაქვს. ყრმა ბრმის 500  და თავის 9 ფულს ხელში იგდებს.პირველი ბრმის   მოთქმაზე მოდის მე-2 ბრმა მათხოვარი,შემდეგ მე-3  მათი  ფულებიც ყრმას რჩება.ბრმა მათხოვრების გაძარცვის ამბავი მეფემდე მიდის. მეფემ კაცი დააძახა: ვინც ჰქმენით, მოდით, მე მიამბეთ, თვარა სულ ამოგწყვეტთო!“    მეფის მუქარა ჭრის. ყრმა მეფესთან მიდის და საქმის ვითარებას მოახსენებს. სიკეთე გავუკეთე და სამაგიერო ასე გადამიხადაო. მეფის განაჩენი ასეთია უმადურ მათხოვრებს მხოლოდ 100-100 ფული უბრუნდებათ,დანარჩენი გლახაკ ყრმას რჩება

         

          გლახაკი ყრმა - სიკეთის და შურისძიების,ბრმები- უმადურობის ,

          თაღლითობის, უსინდისობის მეფე - სამართლიანობის და სასჯელის .

          იგავის სათქმელი : 

          უმადურობა,სიკეთის  სანაცვლოდ ბოროტებაა  და აუცილებლად    უნდა დაისაჯოს


მეფუნდუკე და დიდვაჭარი


სულხან-საბა ორბელიანის იგავი „მეფუნდუკე და დიდვაჭარი’’  ადამიანის მადლიერებაზეა.

იგავის პერსონაჟები არიან :მეფუნდუკე ,დიდვაჭარი,მეფუნდუკის კეთროვანი ვაჟი,დიდვაჭრის 2 წლის ჩვილი(მარტვილი),დიდვაჭრის ცოლი

მეფუნდუკე კეთილი კაცია მგზავრებს უანგაროდ ეხმარება.ერთხელ მთელი ზამთარი დიდი ქარავანი უფასოდ შეინახა.დიდვაჭარს სიკეთის ვალი ედება და გადახდას ცდილობს.ამისათვის საკუთარ 2 წლის ვაჟს დაკლავს(!) და მის სისხლს მეფუნდუკის კეთროვან ვაჟს წასცხებს.კეთროვანი ინკურნება.ღმერთს მოსწონს დიდვაჭრის მადლიერება და 2 წლის ჩვილს აცოცხლებს.

მეფუნდუკე სიკეთის,ხოლო დიდვაჭარი მადლიერების განასახიერებენ.

იგავის სათმელი : 

მადლიერება იმდენად ღვთის სათნო  გრძნობაა ,რომ მკვდარსაც  კი გააცოცხლებს .


უტკბესი და უმწარესი

ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!

 

წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.

 

უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არა იპოვებოდესო!

 

წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

 

უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!

 

მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარან ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.

 

1.      იგავი არის   სიტყვის  ძალაზე

2.      იგავის პერსონაჟები არიან მეფე და მისი ვეზირი

3.      მეს სურს გასინჯოს ყველაზე მწარე და ყველზწ ტკბილი რამ.ვაზირს ორივე შემთხვევაში ენა მოაქვს.მეფე გაკვირვებულია:„მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!

იგავის აზრი : 

დიდი ქვეყანა მოუწვავს, ენასა მაბეზღარასა

(სიძულვილის ენას დამანგრეველი ძალა აქვს)


და

             გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

                      (ტკბილი ენით დიდი ბოროტების აცილება შეიძლება თავიდან)

                              

 ხ


 მეფე და მხატვარი“.

მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და
 მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა:
 
- მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო!
 
თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო
, მომკლავს. ვით მკადრეო, და თუცა ორთვალი, მომკლავს: ოდეს არს მსგავსი ჩემიო?
 
მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი 
დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერა ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი.

 

1.      იგავი არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნაზე

2.      პერსონაჟები: ცალთვალა მეფე და მხატვარი

3.      მეფე მიზეზს ეძებს მხატვარს გაუსწორდეს.ის მხატვარს თავისი პორტრეტის დახატვას უკვეთავს. ცალი თვალით ვერ დახატავს,მეფე განრისხდება.ორი თვალით ვერ დახატავს,შარს მოსდებს არ მგავსო.ხატავს ნადირობის სცენას ,ვითომ მეფე თოფს უმიზნებს და ცალი თვალი დახუჭული აქვს.

4.      მეფე  განასახიერებს - მოძალადეს მხატვარი- ჭკვიან ,მოსაზრებულ ადამიანს,რომელიც გამოსავალს პოულობს და საფრთხეს თავიდან იცილებს.

              იგავის აზრი :  ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.



,,ქურდი მკერვალი"

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა 
ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა 
რტოთა.
 
რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან 
პარვა, ხე მომაგონეო! 
 
ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო,
 შვილმან ხე მოაგონა.
 
ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა: ამისთანა ნაქსოვი როდის
 ეკიდა მას ხეზედანო?
 
1.                 იგავი  ქურდობაზეა
2.                 პერსონაჟები : მკერავი და მისი შვილი
ქურდი მკერავი ნაჭრებს იპარავს.ცუდ სიზმარს ნახავს.გადაწყვიტავს აღარ იქურდოს.
შვილი გააფრთხილა,თუ დაინახე,რომ ვიპარავ ხე მომაგონეო.მოუტანეს ოქროქსოვილი.
მერავმა ისევ პარვა დაიწყო.შვილმა ხე მოაგონა.შვილს სახეში მაკრატელი ჩაარტყა :
 ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო?
3.                 მკერავი ქურდის განსახიერებაა,შვილი ქურდის „ახლობლის“.

          

იგავის აზრი: 


ქურდი ქურდობას არ მოიშლის და ბოზი ბოზობასო.

 

 

:“ ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო?“ - უსინდისო თავის გასამართლებელ საბუთს ყოველთვის მოძებნის.


,,მოძღვარი მელი"

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს 
ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, 
ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული. 
 
ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: რა დაგმართებიაო? 
 
მელმან უთხრა: ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე,
 ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო. 
 
მამალმან უთხრა: რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, 
მეც წამიტანე, მადლი მოგხვდებაო! 
 
მელმან წაიტანა და წავიდნენ. 
 
შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო? 
 
მან უთხრა: მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო. 
 
მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც გაჰყვა. 
 
შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელი სოროსაკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა
 ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: შვილებო, იერუსალიმს უმოძღვრო კაცს არ მიესვლება. 
ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო. 
 
იგინი დამორჩილდენ. სოროში შეასხა, სამოძღვრო სახლიაო და თვით კარისაკენ დაუჯდა.
 უთხრა: ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიაო და მესამისა კი ვეღარაო. 
 
მათ მადლი მოახსენეს: თუცა ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო? 
 
მათ თავნი უბრალონი ეგონათ და მელი მიზეზს ეძებდა. 
 
უბრძანა პირველსა მოწაფეს მამალსა: ღმერთმან ქათმის ყივილი გათენებისას ბრძანაო და
 შენ ვახშამთ უკან რად წაიცდენ ხოლმეო? მისი შენდობა მოითხოვა და აღარ-ქმნის აღთქმა
 დადვა. მანც შეუნდო. 
 
მერმე ეს უბრძანა: ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათს არ დასჯერდები. 
ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაჰგვრიო. მისიც აღთქმა დადვა და მან შეუნდო. 
 
მესამე უთხრა: მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მის 
ჟამში ცხენს არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი 
და წინ დაიდვა. 
 
უბრძანა ძერას: ის რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვინვა გივარგა და არც ძახილი, მუდამ
 რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადვა, და მან შეუნდო. 
 
მეორე უთხრა: ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცაო. ერთს ქვრივს 
სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, დასვამს, ამაგსა იქმს და შენ მიხვალ და წიწილს
 რისთვის მოსტაცებო? ესეც შეუნდო. 
 
მესამე უთხრა: ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, გიდი ამიტომ დაგირქვამსო?
 მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა. 
 
სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმან ასეთი ხერხები არჩივა, 
მელს ოსტატობით გარდაამეტა. 
 
ჰკითხა მელმან ოფოფსა: სამეფო თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო? 
 
ოფოფმან უთხრა: სოლომონ ბრძენმან თავისის ხელით დამხურაო. 
 
მელმან უთხრა: მოწამე ვინა გყავსო? 
 
ოფოფმან უთხრა: ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო. 
 
მელს სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა; ასე თქვა გულში: 
ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო. 
 
ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და 
თან გაჰყვა. 
 
ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა, მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა
 და ძაღლებითა. 
 
ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. 
მიჰყვნვნ მონადირენი. მანამდინ ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, 
მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს.
 ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა. 
 
ოფოფმან დაუძახა: მელო, მოწამე ვერ გიშოვნეო! 
 
მელმან უთხრა: რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! 
 
ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა.
 
 

1.     იგავი  არის :   უგუნურებაზე,უღირსის ნდობაზე,ვერაგობაზე,მოხერხებულობაზე,სიხარბეზე,შურისძიებაზე

2.     პერსონაჟები: მელია-ვერაგი და ხარბი   მამალი- უგუნური,მიამიტი  ძერა - ბრიყვი,მიამიტი  ოფოფი-მიამიტი, მაგრამ ბოლოს მაინც მოხერხებული

 

იგავის აზრი : 

 

               ბევრის ნდომა კაცს წაახდენს.(მელაზე)

                ხარბი სანამ არ გაიფცქვნება, არ გაიქცევაო(მელაზე)

              ბრიყვს ჭკუა თვალებში აქვს და არა თავშიო.(მამალი,ძერა,ოფოფი)

              თვალებით ბრმა სჯობია, გონებით ბრმასაო.(მამალი,ძერა,ოფოფი)

              ჭკუასთან ვინც მწყრალად არის, საკუთარ თავს სჯის და ჰგვემავს.        

             მტერი შინ არ შემოუშვა და  მის ჭკუაზე არ იარო.(მამალი და ძერა)

             ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.(ოფოფი)

               ჭკვიანს - ჭკუით გადაახტუნებენო.(მელზეა- ეშმაკს ეშმაკობით აჯობებენ და არა  მხილებით)

  


მთიული და კაკლის ხე

კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. 
ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა:
 ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწონა და ღმერთს მადლი მისცა: ყველა კარგად
 გაგირიგებია და ეს ავადო; ცოტას ბალახისათვის ნესვი მოგიბამს და დიდის ხისათვის 
ნიგოზიო! 
მიიარ-მოიარა და ნიგოზთა ძირსა დაეძინა. მოვიდა ყვავი, ზე შემოჯდა, კაკალი
 ჩამოაგდო. მას კაცსა შუბლს დაეცა და გაუტეხა.
აღდგა კაცი იგი და თქვა: ღმერთო, შენ უკეთ გაგირიგებიაო. თუ იქ ამისგან უდიდესი
 ბმოდა, თავს გამიჭყლეტდაო!
 

იგავის აზრი:

უჭკუო კაცს ცოტაც გაუკვირდებაო

ბუმბულს სანამ ქარი დაუბერავდეს, თავი მძიმე ჰგონიაო

                                   
   უფალს ენდე, კაცს - არაო.


სოფლის მაშენებელნი"

ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო! 
 
ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო? 
 
მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. 
 
წავიდენ ტყეში. ძაღლმან ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო.
 მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: მანდ რასა იქმო? 
 
მამალმან უთხრა: სოფელს ვაშენებთო. 
 
მელმან უთხრა: ჩამოდი, სახლის ალაგი მომიზომეო! 
 
მამალმან უთხრა: მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო! 
 
მელი მამლის ნდომითა სცდა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით
 უხმო: ადე, სახლის ალაგი მინდაო. 
 
წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. 
გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და,
 თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო!
 

იგავი აზრი:

 

უგვანს ნუ დაენდობი, გაუსინჯავად საქმეს ნუ იქმ, თორემ ბოლოს დაინანებ.(მელა)

 

უმეცარს კაცსა გულით ნუ მიენდობი(ძაღლი)

 

 


,,უსამართლო შირვან შაჰი",

შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი. 
 
დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე მოსაკლავი კაცი 
არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო. 
 
იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ
 ისწავლე და შენ მე მასწავლეო! 
 
წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა. 
 
გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი
 იძახდენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე მფრინველთ ენა მის 
კაცისაგანაო? 
 
მან მოახსენა: ვისწავლეო. 
 
უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო? 
 
ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: 
თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო.
 
ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, 
მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? 
თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო! 
 
ეწყინა შაჰის და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო? 
 
ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო. 
 
მას სიტყვის უკან ის შაჰი მოწყალე შეიქმნა.
 
 
 
იგავის აზრი:  უსამართლობა  ქვეყანას აოხრებს

,,ენით დაკოდილი"

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა.
 დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. 
 
მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა: პირმყრალს სტუმარს ვერ 
ვეწყობიო! 
 
წავიდა დათვი. და მერმე ეს კაცი ეწვია და თან ცული წაიღო: მოის შეშას დავკოდ და 
წამოვიღებო! 
 
მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა: 
თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო! 
 
მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში
 წავიდა და კაცი შინ წამოვიდა. 
 
მეორეს თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა: ძმაო, შენის 
ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო.
 
იგავი  შეურაცხყოფაზეა ,ღირსების შელახვაზეა

იგავის  აზრი : 

 

ენით მოკვდება კაცი, სხვით არა.

 

ენით მკვდარი ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით წყლულს ელხინოს.


              ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაყიდიდნენო

            მართლად უთქვამთ მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე



 ძალა ერთობისა

მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა
 ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს და 
ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა: 
 
- თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან 
შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითოდ დაგლეწოსთ მტერმან. 
თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა. 

 

იგავის აზრი: ძალა ერთობაშია ,ეძებე მოკავშირეები


,ნალბანდი მგელი"

ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამოდა.
 
ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და
 იგი ამოიღეო!
 
მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. 
ვირი ვეღარ შეჭამა.
 
მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?
 
 
იგავი არის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე, გაცუდებულ შანსზე,მტრის მოტყუებაზე,
მტრის ჭკუაზე სიარულზე
 
იგავის აზრი:  

   ჭკუასთან ვინც მწყრალად არის, საკუთარ თავს სჯის და ჰგვემავს.

მტერი შინ არ შემოუშვა და მის ჭკუაზე არ იარო

,,ქურდის მემკვიდრე"

თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, 
სუდარს გაჰხდიდის, შეღებავდის და გაყიდდის. 
 
შეწუხდა თემი იგი კაცისა მისგან. ნატრობდის სიკვდილსა მისსა. 
 
მოკვდა კაცი იგი და დარჩა შვილი, ერთი ვაჟი. ესრეთი ქურდობა დაიწყო, რომ არა ეგებოდა: 
მკვდარი მოსთხარის, სუდარი გახადის და მკვდარი ანძაზე ჩამოაცვის. 
 
მის ქვეყნისა კაცთა მამასა მისსა ლოცვა დაუწყეს: იგი სუდარს გაჰხდიდის, გაყიდის, მკვდარს 
ანძაზე მაინც არ ააგებდაო!

 

იგავის აზრი:  

   ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო.


,,მაოხრებელი მკვდარი"

კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის.
 შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და
 მრავალი ვეცხლი წაართმევინის. 
 
მოვიდა დღე გზირის სიკვდილისა. მოიხმო სოფლის კაცნი და ეგრე უთხრა: 
 
- მე თქვენთვის ბევრი შემიცოდებია, და რათგან ცოცხალს ვერა მაწყინეთ რა, გაფიცებთ 
ღმერთსა, რა მოვკვდე, თოკი ყელს მომაბით, გამათრიეთ და ხეზედ ჩამომკიდეთ! 
 
რა მოკვდა, სცთნენ კაცნი იგი და, რაც უთხრა, ყველა ჰყვეს. 
 
ნახა ვინმე თათარმან გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი
 დაურჩვიათო. 
 
გამოუსივეს კაცი სოფელსა მას. ათასი მარჩილი წაართვეს. დაუწყეს გინება გზირსა:
 ცოცხალმან მოგვთხარა და მკვდარმან აგვაოხრაო!

 

იგავის აზრი:   

გარეშე მტერთან გარიგებული ზოგიერთი  შინაური მტერი   სიკვდილის შემდეგაც აოხრებს საკუთარ ქვეყანას..

,,ძუნწი და ოქრო"

ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის.
 შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა: მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო, რომელსა კაცი იგი 
ხშირად ნახავს, და ვნახო: რა უცანო?
 
მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაიღო, მის წილ ლოდი დამარხა. 
 
მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო 
ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო? 
 
მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო. 
 
უთხრა მან კაცმან: ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა 
არ დახარჯევდიო!

 

იგავის აზრი:

თუ ქონებას არ იყენებ ,ის ქონება გინდ გქონია და გინდ არა.

,,ორნი ძმანი".

ორნი ძმანი იყვნენ. უხუცესს ცოლ-შვილი ჰყვა და მრწემი უცოლო იყო. გაიყარნენ 
ძმობისაგან და ერთად ვეღარ დადგნენ. ყოველივე განიყვეს, რაც ჰქონდათ. რა პური გაიყვეს,
 ერთის ორმო კალოს აქათ იყო და მეორისა იქით. 

უხუცესი მოიპარევდის თავის ორმოდამა პურსა და ძმისაში ჩაყრიდის და იტყოდის:
 მე ღმერთმან ცოლი და შვილი მიბოძა, მომგებელნი მყვანან. მას ძმას არარა ჰყავს. 
ესე მისი იყოს და მან ჭამოს. 
 
და იგი უმრწემესი ძმა მოიპარევდის თავისის ორმოდამ და უხუცესისაში ჩაჰყრიდის:
 მე მარტო ვარ და ჩემი სარჩო, სადაც მივალ, ადვილ არს; იგი, ძმა წვრილშვილ არს და 
მას უფროსი უნდება და მისი იყოს. 
 
ეგრე დაჰყვეს ყოველნი დღენი და ღმერთმან ორთავ განუმრავლა ყოველი და არა 
მოაკლდა საზრდო მათ.

 

იგავის აზრი:

ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისაო.

ადამიანი ადამიანის წამალიაო.

ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი.


,,ორმოში ჩაგდებული მეფე ,"

ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. 
 
გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა 
შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო? 
 
მან მეფემან მადლი უბრძანა. 
 
თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა. 
 
კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო? 
 
მეფემან კიდევ მადლი უბრძანა. 
 
მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო? 
 
ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე. 
 
ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო? 
 
მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა
 ვირჩივეო. 
 
- აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.
 
იგავის აზრი: 
 
სიკეთეს თუ გაუკეთებ  ადამიანს აღარ უნდა დაამადლო .(ვალში არ უნდა ჩააგდო იძულებით).სიკეთის  
კეთებასაც თავისი წესი აქვს,კაცს სიკეთე ჩუმად უნდა გაუკეთო,ქვეყანა არ უნდა შეუყარო
 
სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიცა უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური 
ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს- გეწყინება!“-საბა




აქლემი და ვირი",

ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. 
წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის 
სიმპლე მათი. 
 
ვირმან უთხრა აქლემს: ძმაო, სიმღერა მინდა ვთქვაო. 
 
აქლემმან დაუშალა: ნუ ძმაო! აღარ გახსოვს, რას ჭირში ვიყავითო? არამც ახლოს კაცნი იყვნეს, ხმა ესმათ, 
წაგვიყვანონ და უარესი გვიყონო. 
 
არ დაიჯერა ვირმან და დაიყროყინა. მეტად მაღალი სიმღერა მოუვიდა. თურე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. 
აქლემები და კარაულები დასცვივნოდენ. ესმათ მათ ხმა ესე. გაეხარდათ დიდად და თქვეს: 
 
- მივიდეთ და ვნახოთ, ანუ შენობა იქმნება, ანუ ქარავანი, ეგების ულაყი გვიმიზდონ. 
 
მივიდნენ, ნახეს ერთი აქლემი და ერთი ვირი მსუქნები და უპატრონონი იყვნენ. წაიყვანეს და ორსავ 
მძიმედ აჰკიდეს. 
 
რა გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დადგა. კაცთა მათ აიღეს ვირი და მისი ტვირთი, ორივ მას 
აქლემს დაადვეს. 
 
წაიარეს. ერთი ვიწრო გზა დახვდათ, დიდი კლდე გადასავარდნელი იყო. აქლემმან უთხრა ვირსა: ძმაო, 
მინდა დავროკდე და სამაია და ცეკო ვქმნაო. 
 
ვირმან უთხრა: - რას ალაგის სამაია და ცეკო არისო? 
 
აქლემმან უთხრა: - იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილის სამაია და ცეკო უნდაო! 
 
ჯავრით აემართა აქლემი, ვირი კლდეს გარდააგდო და გადაჩეხა.
 
 
იგავი  არის უპასუხიმგებლობაზე , უპასუხისმგებლო "მეგობარზე",რომელიც დარტყმის ქვეშ აყენებს 
მეგობარს.
 
იგავის აზრი:   უპასუხისმგებლობა დანაშაულია,მისი პატიება არ შეიძლება.



,,კუ და მორიელი",

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ. 
 
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! 
 
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. 
 
კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო? 
 
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის 
გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო. 
 
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, 
მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.
 
 იგავის აზრი :  
 
„მეგობარი“ ,რომელიც  ფარულად გმტრობს უნდა მოიცილო 
 

     მტერი, მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია.




კაცი და გველი

ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა.
 წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვა: ამ გველს მოვარჩენ, 
მადლია ჩემთვისაო. 
 
მივიდა, შუბის წვერი მიუშვირა. გველი ზედ შემოეხვია, მხარზე შეახლტა და ყელს შემოეღვლარჭნა, 
მაგრა მოუჭირა. 
 
ჰკითხა მან კაცმან: რა გაწყინე, რატომ მიზამ? სიკვდილს მოგარჩინეო! 
 
გველმან უთხრა: კარგისათვის კარგი არავის უქმნია და მეც ასრე გიყავო. 
 
კაცი შეეხვეწა: ამდენი მაცალე, იგი ჭანდარი რომ დგას, მუნამდის მივიდეთ და მას ვჰკითხოთ. 
თუ ჩემის ცოდვით ხემაც ხმა ამოიღოს და დაგიშალოს, გამიშვი, თუ არა და, რაც გინდა მიყავო. 
 
ცოტა მოუფონა გველმან და მივიდნენ ჭანდართან. 
 
ჰკითხა მან კაცმან: ეს გველი სიკვდილს მოვარჩინე, აწ ასე მიზამსო. 
 
მან ჭანდარმან ეგრე უთხრა: ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ; მგზავრი, თუ არ ჩემს 
ჩრდილში,
 ვერ განისვენებს. მოვლენ, მოიგრილებენ, დავაჩრდილებ, მერმე შტოებს დამამტვრევენ, ზოგს დასწვენ, 
ზოგს კოლოფებად აკეთებენ: რა კარგი ხეაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, გველოო! 
 
მოუჭირა ყელსა გველმან. 
 
კიდევ შეეხვეწა კაცი გველსა: ცოტა მოუშვიო, აგერ ხარი სძოვს, მას ვჰკითხოთო! 
 
წავიდნენ, ხარს ჰკითხეს. 
 
ხარმან უთხრა: მოვხნავ, დავფარცხავ, გავლეწ და ზაფხულ-ზამთარ სულ კაცთათვის ვმუშაობ, 
დამაწვენენ და დამკვლენ: რაო და, სტუმარი მომივიდაო! კარგისათვის კარგი არავის უქმნია, მოუჭირე, 
გველოო! 
 
მოუჭირა კიდევ ყელსა. 
 
შეეხვეწა კაცი: ცოტა კიდევ მაცალე, აგერ მელი არის და მასაც ვჰკითხოთო! 
 
მივიდნენ, მელს ჰკითხეს. კაცმან თავისი საჩივარი და გველმან ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა. 
 
მელმან უთხრა თავის ხერხიანის სიტყვითა გველს: ლომნადირთ ხელმწიფისაგან დასმული მდივანბეგი 
ვარო, ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები, როგორ იქმნებაო? შემოეშვი და შენც დამიჩოქე და 
ამ კაცმანცაო! 
 
რა გველი შემოეშვა და დაბლა ჩამოვიდა, დაჰკრა მელმან ტოტი თავში, გველი მოკლა და თქვა: 
გველის სამართალი ეს არისო! 
 
მერმე მან კაცმან ის მელა აღარ დაინდო და შუბის ცემა მოინდომა: კარგი რამ ბეწვი აქვსო. 
 
შეუტყო მელმან, გაექცა და თავსა აბრალა: დავაშავე, მოვარჩინეო!


იგავის აზრი:  სიკეთეს სამაგიეროს ხშირად ბოროტებით იხდიან (უმადურობა დიდი უღირსობაა და ის უნდა დაისაჯოს)

კეთილი გველი

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და 
შავი ერეოდა. 
 
და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო. 
 
მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა. 
 
მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა. გაჰყვა 
ეს კაცი. ერთის კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა, მეფეს არა ჰქონდა იმდენი, და გამდიდრდა 
კაცი იგი. 


იგავის აზრი: სიკეთის სამაგიეროს ადამიანები ზოგჯერ სიკეთით იხდიან (მადლიერება ადამიანის საუკეთესო თვისებაა)

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი 
აკლია, არ ვინდომებო. 
 
ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონა და თქვა: მივიტანო და გამოვცადო კაცი 
ესე თუ რასა იქმსო? წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა და ათი დააკლო. დაბეჭდა და ბანიდამ ჩაუგდო. 
 
დათვალა კაცმან მან და ათი აკლდა. თქვა: ღმერთო, შენმც კურთხეულ ხარო! ერთი მარჩილიც გებოძა, 
იმასაც დავიმადლებდი, არამც თუ ეს დაგამწყრალოო. 
 
ჩამოვიდა იგი მდიდარი კაცი და უთხრა: ჩემია, გამოგცადე. მომეც, წავიღოო! 
 
მან შორს დაუჭირა: შენთვის არ მითხოვნია, ღმერთსა ვსთხოვე და მომცაო. 
 
შეიცილნენ და ყადთან საჩივლელად წავიდნენ. 
 
მან გლახამან უთხრა: მე არა მაცვია რა და შენ კარგად მორთულხარ, ეგ შენი ტყავ-კაბა მათხოვე და
 წამოვალო. 
 
მან კაცმან ამდენს სიკეთეზე ისიც დაამატა, ათხოვა. ჩაიცვა, და წავიდენ ყადთან. იჩივლეს. 
 
მერმე მან გლახაკმან თქვა: ეგ ასეთი მაცილობელი კაცია, თუ ამ ტყავ-კაბასაც არ შემომეცილება, ნახავთო! 
 
მან კაცმან უთხრა: ახლა არ გათხოვეო? 
 
ამაზე ყადი გაწყრა, მრავალი ჯოხი ჰკრეს, მდიდარი კაცი გააძეს. ასრე კარგი პასუხი უყო, კიდევ გაძარცვა 
და ათრევინა. 
 
 
იგავის აზრი:
 

  მტერი შინ არ შემოუშვა და  მის ჭკუაზე არ იარო.

  ძაღლს რომ გააძღებ - გიკბენსო. (უმადურს სიკეთე არ უნდა გაუკეთო)




მოხერხებული არაბი.

ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. 
ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოუტანინა. 
 
მან არაბმან უთხრა: ერთს ძაძაში ჩამიყარეთ, თვარა რით წავიღოო? 
 
ჩაუყარეს და მისცეს. მოჰკრა არაბმან ვეცხლს ხელი, გარდაჰკიდა ცხენსა, შეჯდა, გააჭენა ცხენი. 
გამოუდგნენ სულ ხალიფას ჯარი კაის ცხენებითა. გზა და კვალი ვეღარ გაიგნეს. მობრუნდენ 
დაღონებულნი. 
 
მესამეს დღეს არაბი მოვიდა, ცხენი მოიყვანა. 
 
ჰკითხეს: რატომ ჰქმენო? 
 
მან მოახსენა: შორს ვიდეგ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვეცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდევდი, წავიღე და, 
ახლა ცხენი მომიყვანიაო. 
 
მერმე უთხრეს: ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო? 
 
მან გაიცინა და უპირობა უზრახა: კარგის პასუხად ეგ მექმნა, ღმერთი რას მიზამდაო? 


იგავის აზრი: 

კარგის სანაცვლოდ ავის მიგება  უნამუსობა(უსინდისობაა) (მაგ. ძალაუფლებისთვის ბრძოლებში ხშირად სწორედ ასე ხდება)

ხელსაყრელი შემთხვევაც,რომ იყოს იმის გაკეთება რაც არ შეიძლება ნამუსისმა(მაღალი მორალის,ანუ სინდის მქონე) ადამიანმა არ უნდა იკადრო.(მაგ. საფარ ბეგი მომენტით სარგებლობს)

ეკლესიის კარი ღია რომ იყოს, ძაღლს ნამუსი უნდა ჰქონდესო( უწმინდური არ უნდა შევიდესო

იგულისხმება)

 

 

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები