როსტომ ხანი
ხოსრო მირზა (იგივე როსტომ-ხანი) ძე სიმონ 1-ის
ძმის ,დავით XI-ისა (იგივე დაუდ-ხანისა),
იყო ქართლის მეფე 1633-1658 წლებში.
• სიმონ პირველის გამაჰმადიანებულ ძმას ,დაუდ-ხანს იგი შეეძინა სპარსეთში, თანწაყოლილი წავკისელი გლეხის ქალისგან. ამიტომ მას "ხარჭის ნაშობსაც” უწოდებდნენ ხოლმე.
• მაჰმადიანად მოინათლა და მაჰმადიანად გაიზარდა. გამეფებამდე მისი სახელი იყო ქართულად ქაიხოსრო, სპარსულად ხოსრო-მირზა.
ჭაბუკობითვე ყურადღება მიიპყრო ნიჭით, ჭკუით და სიმამაცით. შაჰ აბასმა ეს "გურჯი-მირზა” 1618 წელს დანიშნა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის ტარუღად (მოურავად, ანუ ქალაქისთავად).
• 1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში, ხოსრო-მირზა სპარსული არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა.
იმავე წელს, ქსანზე გამართულ ბრძოლაში სააკაძისგან გარშემორტყმული ალყა გამოარღვია(სხვა ვერსიით სააკაძემ დაინდო და გაუშვა) და სპარსთა ჯარის ერთი ნაწილი დაიხსნა განადგურებისაგან.
იმავე წელს შაჰ აბასმა ხოსრო-მირზა, დანიშნა ღულამთა, ანუ ყულის ჯარის მთავარსარდლად (ყულარაღასი).
1629 წელს, უკვე სიკვდილის სარეცელზე მწოლარე შაჰ აბასმა ანდერძით ხოსრო-მირზას მიანდო მისი შვილიშვილის, საამ-მირზას აყვანა შაჰის ტახტზე. ხოსრომ შეასრულა მომაკვდავი შაჰ აბასის ანდერძი.
• ახალ შაჰს ასევე ანდერძით სახელი შეუცვალა და სეფი შაჰი ეწოდა (სეფი შაჰის დედაც და ბებიაც ქართველი ქალები იყვნენ).
1630 წელს შაჰ სეფიმ ხოსრო-მირზა ბაღდადზე მოიერიშე ოსმალთა წინააღმდეგ გაგზავნა. ხოსრომ მისვლისთანავე დაამარცხა და გააქცია ოსმალნი.
• 1633 წელს, (67 წლის ასაკში), ის ქართლის მმართველად ინიშნება. შაჰ სეფიმ მისი მეშვეობით გადაწყვიტა თეიმურაზ პირველის პრობლემის მოგვარება. მან ხოსრო-მირზას მისცა ქართლი, დაარქვა როსტომ-ხანი და უწოდა " გურჯისტანის ვალი” ("მოადგილე”).
• ქართველებმა მას დაარქვეს როსტომ მეფე, ხოლო თვითონ თავს უწოდებდა და ხელს აწერდა – "მეფეთ-მეფე და პატრონი” ქართლისა.
როსტომ მეფე დიდი სპარსული არმიით რომ გამოჩნდა, თეიმურაზ I-მა ქართლი კი არა, კახეთიც მიატოვა და იმერეთს გაიქცა
• როსტომ ხანს ქართლში პირველი აუჯანყდა არაგვის ერისთავი დათუნა(ზურაბის ძმა). დათუნა ერისთავი არაგვის ხეობაში იყო გამაგრებული.როსტომმა დათუნა არაგვის ერისთავი „შესარიგებლად“ მუხრანში მიიწვია და მოაკვლევინა.შემდეგ არაგვის ხეობაში შეიჭრა და ააოხრა.
• ზაალმა (დათუნას ძმამ)ახალმა არაგვის ერისთავმა იმერეთში გაქცეულ თეიმურაზს კაცი გაუგზავნა და ისევ მეფედ მოიწვია.თეიმურაზი დიდოეთიდან ჩავიდა ანანურში და აქედან ზაალ არაგვის ერისთავთან,იესე ქსნის ერისთავთან და კახელ თავადებთან ერთად როსტომ ხანზე გაილაშქრა.დამარცხდა.კახეთში გადავიდა კახეთის ყიზილბაში ხანი სელიმი მოსაბრუნიდან(ლაგოდეხიდან) გააძევა და კახეთში გამეფდა.იქიდან შაჰ სეფისთან შერიგება ითხოვა.
• შაჰ სეფი ოსმალეთთან საომრად ემზადებოდა ,თეიმურაზისთვის არ ეცალა.თეიმურაზის ასული თინათინი მოითხოვა,როცა გაუგზავნეს ცოლად შეირთო , ამის მერე შაჰმა თეიმურაზი შეიწყალა და კახეთის მეფედ სცნო.
• როსტომმა შეირიგა ქართლის დიდი თავადები ზაალ არარაგვის ერისთავი და იესე ქსნის ერისთვი ,ასევე იოთამ ამილახვარი.
• თეიმურაზი ახლა კახეთიდან ცდილობდა როსტომის ქართლიდან გაძევებას და ქართლის ტახტის მოპოვებას.თეიმურაზს მხარს უჭერდა ქართლის თავადების ერთი ჯგუფი ზაალ ერისთავის და ნოდარ ციციშვილის მეთაურობით.1636-ში და 1639-ში მათ შეთქმულებები მოაწყვეს როსტომის წინააღმდეგ.ერთხელ როსტომის მოკვლაც სცადეს აბანოში.როსტომი შემთხვევით გადარჩა.
• თეიმურაზმა დახმარების მიღება როსტომის წინააღმდეგ ჯერ რუსეთიდან ,მერე ოსმალეთიდან სცადა .არ გამოუვიდა.იმერეთის მეფე ალექსანდრეც(რომელსაც თავისი ასული დარეჯანი,ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი, შერთო) თეიმურაზს ჯარით ვერ ეხმარებოდა,რადგან იმერეთის მეფეს ლევან დადიანის ეშინოდა(დადიანის და მარიამი როსტომს ჰყავდა ცოლად )
• თეიმურაზის წაქეზებით 1642-ში დიდი შეთქმულება ისევ მოეწყო როსტომის წინააღმდეგ.შეთქმულების მიზანი იყო როსტომის მოკვლა და თეიმურაზის ქართლში გამეფება.შეთქმულება გამოაშკარავდა.როსტომ ხანი გორის ციხეში გამაგრდა.თეიმურაზი უკვე მეტეხთან იყო კახელების ჯარით,მაგრამ ვეღარ გარისკა და უკან გაბრუნდა.
როსტომმა შეთქმულები სასტიკად დასაჯა.სიკვდილით დაისაჯა შეთქმულების მონაწილე ქართლის კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე(ნარიყალაში დაახრჩვესო მერე კლდიდან გადააგდესო,კათალიკოსის სიძე ყოფილა თეიმურაზის ვაჟი დავითი).
როსტომ ხანს თეიმურაზის დასაჯელად ირანიდან ჯარი გამოუგზავნეს.ნოდარ ციციშვილმა და ზაალ ერისთავმა როსტომს კვლავ შერიგება სთხოვეს.ამათ ისევ შეურიგდა ოღონდ ირანში გაგზავნა შაჰთან.თეიმურაზის დასასჯელად გამოგზავნილი ჯარიც უკან ირანში დააბრუნა როსტომმა.
• 1648 წელს კი როსტომი ქართლელების და ყიზილბაშების ერთობლივი ჯარით(შაჰის ბრძანებით) კახეთს შეესია.დაამარცხა თეიმურაზი თიანეთში.კახელების მეორე ჯარი ქიზიყში დამარცხდა ყიზილბაშებთან(ქიზიყში მოკლეს თეიმურაზის ერთადერთი ვაჟი დავითი და ბევრი კახელი თავადი) .
გადარჩენილმა და თეიმურაზისგან უკვე თავმობეზრებულმა კახელმა თავადებმა როსტომს თეიმურაზის ჩაბარება შესთავაზეს.
თეიმურაზი განწირული იყო.როსტომმა თეიმურაზის დაპატიმრება არ ინება,პირიქით მატერიალურად დაეხმარა და იმერეთში გადასასვლელი გზა დაანება.
• შაჰმა კახეთიც როსტომს მისცა. ქართლ-კახეთში მშვიდობა დამყარდა.შეწყდა გაუთავებელი შეთქმულება-აჯანყებები.თეიმურაზის და როსტომის ბრძოლა. როსტომ ხანის გამარჯვებით დასრულდა.ქვეყანაში მშვიდობის დამყარების შემდეგ როსტომი აღმშენებლობით საქმიანობას შეუდგა.
• როსტომი დანგრეულ ქართულ სალოცავებს აღადგენდა და ახალ ეკლესიებს აშენებდა, სვეტიცხოველს ახალი გუმბათი აღუმართა, დანგრეული გრემი ააშენა და ააღორძინა; ეკლესიებს შესაწირავს სწირავდა, წირვა-ლოცვას თვითონაც ესწრებოდა, ქრისტიან მოწესეებს ჯამაგირს უნიშნავდა. ქართლსა და კახეთში 72 ამოწყვეტილი სოფელი ხელახლა დაასახლა და ააღორძინა. აშენებდა ციხესიმაგრეებს(ნარიყალა), სასახლეებს, გზებს, წყალსადენებს, ქარვასლებს, ხიდებს ("გატეხილი(წითელი) ხიდი” მისი აგებულია).ანჩისხატის სამრეკლოც მისი აგებულია და დღევანდელი ნარიყალაც მისი გაახლებულია, გოგირდის აბანოებიც აბანოთუბანში მისი დროინდელია.
• საქართველოში ყოველ ქართულ საქმეებს, სახელმწიფო მიმოწერასაც, ქართულ ენაზე აწარმოებდა. ქართლში გამეფებით, სპარსეთზე მისი ზეგავლენა კვლავაც არ შემცირებულა. ორივე ქვეყნის საქმეში, ქართლისაც და სპარსეთისაც, როსტომ მეფეს ეკითხებაო, – გაისმოდა მაშინ მთელს წინა აზიაში.
• როსტომ მეფემდე სამეფო სასახლე იყო ან ნარიყალაში, ან ისანში, ან სეიდაბადში. მაგრამ იმის გამო, რომ ნარიყალაში ძირითადად სპარსელი მეციხოვნეები იდგენენ როსტომ მეფემ სპარსული გარნიზონის გარემოცვაში ყოფნა არ ისურვა და 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე სასახლე ააგო, რის გამოც სასახლის წინ ტერიტორიას სამეფო უბანი, ხოლო მიმდებარე მოედანს ბატონის ანუ მეფის მოედანი ეწოდა. (ოცნების ოფისი)
მოედანი წარმოადგენდა ქალაქის ზემო უბნის ცენტრს და მას ზემო მოედანსაც ეძახდნენ. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა გადმოინაცვლა კალაში – მეფის მოედანზე სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ. მანამდე თბილისის ცენტრალურ მოედნად ითვლებოდა თათრის(ციხის) მოედანი (ახლანდელი მეიდანი). სასახლის გვერდზე მეფე როსტომმა ააშენებინა გოგირდის აბანო. აბანოთუბნიდან საგანგებოდ გამოიყვანეს თიხის მილების ორი ხაზით ცხელი და ცივი წყლები. მისი რვა ოთახის კედლები მოპირკეთებული იყო ორნამენტირებული მოჭიქული ფილებით, ხოლო იატაკი თეთრი მარმარილოსგან იყო გაკეთებული. აბანოს ამშვენებდა დიდი და მცირე გუმბათები სინათლისათვის დატოვებული ჭრილებით.
(1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის დროს როსტომ მეფის სასახლე დაინგრა. დაინგრა აბანოც, რომელშიც საჭურისი აღა მაჰმად ხანი ჩავიდა და რომ ვერ განიკურნა სერიოზულად დააზიანა.ამჟამად როსტომ მეფის აბანოში რესტორანი“მეფეთუბანია განთავსებული .
• როსტომნ ხანი იყო უკანასკნელი ქართლის ბაგრატიონებში(გიორგი მე-8-ის ძმის შვილის კომსტანტინეს შთამომავალი).მას საკუთარი მემკვიდრე არ ჰყავდა.
• თავიდან როსტომ მეფემ მემკვიდრედ იმერელი მამუკა ბატონიშვილი აირჩია. მაგრამ ამ " მალე შეთქმულება გამჟღავნდა: თავადებს როსტომის მოკვლა და მამუკას გამეფება განეზრახათ.
• როსტომმა არავინ დასაჯა, ოღონდ მამუკა გააძევა და ტახტის მემკვიდრედ სპარსეთში გაზრდილი თავისი ბიძაშვილის შვილი, ლუარსაბ თეიმურაზის ძე აიყვანა.(ლუარსაბ პირველის შვილთაშვილი) მაგრამ ლუარსაბ თეიმურაზის ძე აღმოჩნდა "სულელ და ხელ და აღტაცებული გონებითა, რომელი არა შვენის ძეთა მეფისა საქართველოსათა”; ამიტომ, ლუარსაბის გვერდით, მომავალ, "ნამდვილ” ტახტის მემკვიდრედ ისევ გერს,ცოლის მარიამ დადიანიას ძეს(გურიელისგან), ოტიას დაადგა თვალი როსტომმა, მაგრამ თითქოს ესეც მისი ბედისწერა იყო – ოტია უეცრად გარდაიცვალა.
• დარჩა ისევ ლუარსაბ თეიმურაზის ძე, მაგრამ ისიც ერთ დღეს მდინარე ხრამზე, "გატეხილ ხიდთან” ნადირობისას, ვითომ შემთხვევით გავარდნილ თოფით დაიღუპა.
• მაშინ როსტომი 87 წლისა იყო, ახლა უკვე მეოთხედ, მემკვიდრედ ლუარსაბის უმცროსი ძმა ვახტანგი აიჩემა. ისიც მოკვდა! ეს მართლაც მეტისმეტი იყო. მაგრამ მაინც არ დაიშალა "მემკვიდრეობის ჟინით” ატანილმა ბებერმა ამჯერად, მეხუთედ, მემკვიდრედ გამოაცხადა ვახტანგი, ბაგრატიონთა მუხრანბატონური შტოსაგან, ძე მარაბდის ბრძოლაში დაღუპული თეიმურაზ მუხრანბატონისა.(სააკაძის თანამებრძოლისა)
• 1658 წელს როსტომიც გარდაიცვალა. დაკრძალეს ირანში, ქალაქ ყუმში შაჰ აბასის გვერდით. როსტომი იყო პირველი გამაჰმადიანებული ქართველი მეფე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ირანის ინტერესების შესაბამისად.შემდეგი 100 წელი ქართლის და კახეთის სამეფო ტახტებს მხოლოდ ,მაჰმადიანი ბაგრატიონები იკავებდნენ.
• ირანის თანხმობით საქართველოს ტახტზე ავიდა ვახტანგ V(მუხრანბატონი).(იგივე შაჰნავაზი გურჯისტანის ვალი ,გამაჰმადიანებული)
ხოსრო მირზა
შაჰ აბასი ჭირვეული, ეჭვიანი და სასტიკი დესპოტი იყო. თავისი უფროსი ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე, სეფი მირზა მოაკვლევინა. სეფი მირზა ირანში ძალიან პოპულარული იყო და ჩანს, შაჰს ეშინოდა, მის სიცოცხლეშივე არ მოენდომებინა მამის ტახტიდან ჩამოგდება. იმავე "საფრთხის" გამო, მომდევნო ორი ვაჟი - მუჰამედ მირზა და იმამყული მირზა დააბრმავებინა, ხოლო მეოთხე და მეხუთე - ისმაილ მირზა და ჰასან მირზა – ბავშვობაშივე გარდაიცვალნენ.
ირანის ძლიერების ზენიტში მყოფი შაჰ აბასი თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მუდმივად აფიქრებდა მემკვიდრის საკითხი და აწუხებდა კითხვა –
ვინ იქნებოდა მის შემდეგ?
და რადგან შვილები თვითონვე მოიშორა, უმემკვიდროდ დარჩენილმა და საგონებელში ჩავარდნილმა შაჰმა ბოლოს არჩევანი უფროსი ვაჟიშვილის, სეფი მირზას ძეზე - საამ მირზაზე შეაჩერა და მემკვიდრედაც ის გამოაცხადა. საამის დედა ქართველი ქალი იყო. ადამ ოლეარიუსის მიხედვით, ეს ქართველი ქალი შაჰ აბას
I-ისთვის უჩუქებიათ, მაგრამ რადგან იგი სეფი მირზას შეუყვარდა, შაჰმა შვილს მასზე დაქორწინების ნება დართო და ასე მოევლინა ქვეყანას საამ მირზა. იგი ნაზი და უნებისყოფო, ჰარამხანაში გაზრდილი ჭირვეული ახალგაზრდა იყო.
შაჰ აბასის სურვილით საამ მირზას ტახტზე ასვლის შემდეგ სახელი უნდა შეეცვალა და შაჰ აბასის
"საყვარელი"
შვილის, სეფის სახელი უნდა დარქმეოდა.
თუმცა შაჰის ტახტზე პრეტენზია შეიძლებოდა განეცხადებინა ისა ხან ყორჩიბაშის შვილსაც, რომელიც ასევე შაჰ აბასის შვილიშვილი იყო. თვით ისა ხანი შაჰის სიძე გახლდათ.
ირანში ამ დროს ქართველები უკვე ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დაწინაურებულთა შორის გამოიკვეთა ქართული წარმომავლობის დიდებულების ორი ძლიერი დაჯგუფება.
პირველი ეს იყო შაჰ აბასისგან მეტად დაფასებული უნდილაძეების ოჯახი. სეფიანთა ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ასპარეზზე მოღვაწე ქართველებიდან განსაკუთრებული მდგომარეობა სწორედ უნდილაანთ ფეოდალურ სახლს ეკავა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ ალავერდი ხანი, იმამყული ხანი, დაუდ ხანი და სეფიყული ხანი.
XVI საუკუნის ბოლოდან 1614 წლამდე ალავერდი ხანი განაგებდა ფარსის საბეგლარბეგოს. მისი გარდაცვალების შემდეგ ფარსის ბეგლარბეგი გახდა მისი ძე იმამყული ხანი, რომელმაც სპარსეთის ყურეში პორტუგალიელებს ჰორმუზი წაართვა, რამაც დიდება და სახელი მოუტანა. იმამყული ხანი მის თანამედროვე ევროპულ წყაროებში სამხრეთ ირანის ვიცე-კოროლად იხსენიება. მისი ერთი ასული ცოლად ჰყავდა ანდუყაფარ ამილახორს, მეორე -
ირანში მოღვაწე დაუდ ბეგ გურჯს, ხოლო მესამე, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის, როსტომ სააკაძის ძმის, ალიყულიბეგის ცოლი იყო. ასევე გამორჩეული იყო იმამყული ხანის ძმა, განჯა ყარაბაღის ბეგლარბეგი (1625-1632წწ.) დაუდ ხანი, რომელსაც ცოლად თეიმურაზ I-ის (1606-1648 წწ.)და ელენე ჰყავდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან. იგი 1625 წელს, შაჰ აბასის ელჩის სტატუსით თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა. ფარსიდან კავკასიაში გადმოსულ დაუდ ხანსა და თეიმურაზ I-ს შორის უფრო მტკიცდება კავშირი.
უნდილაძეების ოჯახი ირანში ერთ-ერთი უმდიდრესი იყო, ისინი ფლობდნენ ბაზრებს, ფუნდუკებს, ქარვასლებს. რადგან აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო-სატრანზიტო გზები იმ დროს ისპაჰანსა და ფარსიზე გადიოდა, აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვაჭრობაშიც. ცნობილი იყვნენ ინტენსიური მშენებლობითაც, ცენტრალურ და სამხრეთ ირანში აშენებდნენ კაშხლებს, არხებს, ხიდებს, ქარვასლებს, მედრესეებს, რომლებიც დღესაც ხიბლავს მნახველს.
ქართველთა მეორე ნაწილი კი სიმონ I-ის (1556-1569; 1578-1600 წწ.) გამაჰმადიანებული ძმის, დაუდ ხანის (ქართლის მეფე დავით XI, 1569-1578 წწ.) უკანონო შვილის, ხოსრო მირზას ირგვლივ ჯგუფდებოდა. იგი ირანში გაქცეულ დაუდხანს წავკისელი გლეხის ქალისგან შეეძინა, ხოლო როცა დაუდხანი საქართველოში წამოვიდა (1569 წ.),მცირეწლოვანი ხოსრო მირზა და დედამისი „მუნ დაშთა“.
ირანში დარჩენილი დედა-შვილი სიღატაკეში ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ შაჰ აბასმა სწორედ სიღარიბეში ჩავარდნილ ხოსრო მირზას მიაქცია ყურადღება. ქართული წყაროების მიხედვით, პირველად გიორგი სააკაძემ აღმოაჩინა ნიჭიერი, ახალგაზრდა ხოსრო მირზა და მის დაწინაურებასაც დიდად შეუწყო ხელი. ხოსრო მირზამ გონიერებით გამოიჩინა თავი შაჰის კარზე. მან მალე 1618 წელს ირანის დედაქალაქის, ისპაჰანის ტარუღობას მიაღწია. შაჰის არჩევანი გამართლდა. ქართველი უფლისწული სეფიანთა დინასტიისადმი ერთგულებით, სიმამაცითა და პოლიტიკური ალღოთი გამოირჩეოდა. ხოსრო მირზა ძალ-ღონეს არ იშურებდა სეფიანთა დინასტიის ხელისუფლების განმტკიცებისთვის. უდიდესი გავლენით სარგებლობდა მთელ ირანში.
შაჰ აბასი 1629 წლის იანვარში გარდაიცვალა. როცა ეს ცნობილი გახდა, ისპაჰანში არეულობა დაიწყო. ყველას ქალაქის ტარუღამ, ხოსრო მირზამ დაასწრო, მან მაშინვე შეკრიბა და შეაიარაღა მოქალაქენი, შემდეგ ქალაქის ცენტრში ქართველი ყულების ჯარი ჩააყენა, ხოლო შაჰის ხაზინას მცველებად საიმედო პირები მიუჩინა, ამით ფაქტობრივად განიმტკიცა მდგომარეობა და ისპაჰანზე კონტროლი აღადგინა. წესრიგის დამყარების შემდეგ ხოსრო მირზამ შაჰ აბასის მემკვიდრე სეფი მირზა ტახტზე აიყვანა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი ირანში. შაჰი ხოსრო მირზას გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს,
„ნიჭვიდა ყაენი ურიცხვსა და უხმობდა მამად“.
ახალმა შაჰმა სეფიI-მა (1629-1642 წწ.), ჭირვეულმა და ავადმყოფურად სასტიკმა ახალგაზრდამ, ტახტზე ასვლისთანავე შაჰ აბას I-ის კარზე მოღვაწე ნიჭიერი დიდებულების ჩამოცილება დაიწყო.
შაჰ აბასის ანდერძის თანახმად, შაჰ სეფის პირველი მრჩეველი იმამყული ხან უნდილაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მისიას ფაქტობრივად ხოსრო მირზა ასრულებდა. აშკარა იყო, მისი სახით იმამყული ხანსა და მთლიანად უნდილაძეებს სახიფათო მეტოქე გამოუჩნდათ.
ირანში მყოფი ქართველები თანდათან ამ ორი ძლიერი პიროვნების ირგვლივ დაირაზმნენ.
პირველ ხანებში შაჰ სეფი თავისი წინამორბედის ყველაზე გავლენიან ხელისუფალს პატივისცემით ეპყრობოდა და მის ღირსებას იმით აფასებდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში და საჯაროდ მამას უწოდებდა.
უნდილაძეთა ძლიერი ფეოდალური სახლის ერთბაშად დამხობა ძნელი იყო. ეს კარგად ესმოდა შაჰსაც და მის ახლო წრესაც. მათ თანდათან განაპირებასა და ბოლოს, ამოწყვეტა-გადაშენებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
შაჰი და მისი მრჩეველი, მუდამ ფრთხილი ხოსრო მირზა, დაუპირისპირდა არა ძლიერსა და გავლენიან იმამყული ხანს, არამედ, შორს, კავკასიაში მყოფ დაუდ ხან უნდილაძეს, მით უმეტეს, რომ ამ დაპირისპირებით იგი ერთდროულად ქართლში თეიმურაზის მეფობის საკითხსაც წამოჭრიდა. რადგან ხოსრო მირზა ქართლის ბაგრატიონების შთამომავალი იყო, ხოლო თეიმურაზი კახეთის, იგი ფიქრობდა, რომ თეიმურაზს ქართლის სამეფო უკანონოდ ეკავა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ხოსრო მირზა ქართლის მეფობასაც აპირებდა. მისი რჩევით შაჰმაც დაუდ ხანი ამოიღო მიზანში. მალე აშკარა კონფლიქტმა იჩინა თავი, დაუდ ხანს შაჰი რამდენჯერმე გაუწყრა, ხოლო გულმოსული დაუდ ხანი საქართველოში გაიქცა და თეიმურაზთან ერთად აჯანყების მომზადება დაიწყო.
აჯანყებულებმა განჯა-ყარაბაღი მოარბიეს. ამ დარბევაში მონაწილეობდნენ თეიმურაზ
I(შემდეგ ეს მეფობის დაკარგვად დაუჯდა), იმერეთის მეფე ალექსანდრე, ოდიშის მთავარი ლევან დადიანი, მესხნი თავადნი და აზნაურნი, ქართლელნი და კახელნი. აჯანყებულებს მხარს უჭერდა განძასარის სომეხთა კათალიკოსიც.
საერთო ჯამში ეს აჯანყება საბედისწერო აღმოჩნდა უნდილაძეებისთვის, სწორედ ამის შემდეგ დაჩქარდა მათი ორმოცწლიანი ბატონობის დამხობა ფარსიში. შაჰ სეფი განრისხებას ვერ მალავდა, მაგრამ მაინც ფრთხილად მოიქცა. თეიმურაზს მრავალ წყალობას დაპირდა, თუ იგი დაუდ ხანს გასცემდა, მაგრამ თეიმურაზმა უარი განუცხადა.
განრისხებულმა შაჰმა ჯერ თავისთან მძევლად მყოფ დაუდ ხანის ცოლსა და შვილზე იყარა ჯავრი. ხოლო, შემდეგ ყაზვინის მოედანზე გამოიყვანა იმამყული ხანის სამი ვაჟი –
ლარის ბეგლარბეგი სეფიყული ხანი, ფათალი ბეგი და ალიყული ბეგი და დახოცა, თვით იმამყული ხანს კი მოსაკლავად მისივე სიძეები გაუგზავნა, რომელთაც დასაძინებლად გამზადებული ხანი მოტყუებით გამოიყვანეს და მოკლეს.
ფარსის ბეგლარბეგად ოღიურ ხანი დაინიშნა, მასვე დაევალა უნდილაძეების გადარჩენილი ნათესავების, პირველ რიგში კი დაუდ ხანის ვაჟის, გორგანის მმართველის მოკვლა.
როცა თეიმურაზმა და დაუდ ხანმა ეს ამბები შეიტყვეს, ყოველგვარი იმედი დაკარგეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დაუდ ხან უნდილაძე ოსმალეთში, სტამბოლში გადაიხვეწა; სიკვდილს მხოლოდ იმამყული ხანის უმცროსი ვაჟი გადაურჩა, რომლის დედაც არაბი შეიხის ასული იყო. იგი დედასთან ერთად არაბეთში გაიქცა და შემდეგ ბასრაში ცხოვრობდა.
უნდილაძეთა ძლიერი სახლის დაცემამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ირანში. მიზეზებსაც დაუწყეს ძებნა. საინტერესოა, რომ ერთი ასეთი ვერსიაც ყოფილა:
შაჰ აბას I თავის ყველაზე დაახლოებულ პირს, იმამყული ხანს თავისი ჰარამხანიდან ქალებს უგზავნიდა საჩუქრად. ერთ-ერთი ქალი ფეხმძიმედ აღმოჩნდა და მას მალე ვაჟი შეეძინა. იმამყული ხანს თითქოს განზრახული ჰქონდა ამ ვაჟის (ანუ შაჰ აბასის შვილის) შაჰ აბას
I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე აყვანა. სეფი I-მა იმის შიშით, იმამყული ხანს თავისი განზრახვა არ შეესრულებინა, ამიტომ მთელი უნდილაძეები ამოწყვიტაო.
როცა ხოსრო მირზამ ირანში უნდილაძეები მოიშორა და საბოლოოდ დაამარცხა, ასეთ ვითარებაში, მისთვის უკვე ძნელი არ იყო ქართლის ტახტის შოვნა, რაზედაც დიდი ხანი ოცნებობდა.
1632 წელს შაჰ სეფიმ ,ზურაბ არაგვის ერისთავის თავის საფასურად ქართლსა და კახეთში გამეფებული ,დაუდ ხან უნდილაძის ცოლისძმა, თეიმურაზი გადააყენა და ირანის ყულარაღასი და ისპაჰანის ტარუღა ხოსრო მირზა (თუმცა ისპაჰანის ტარუღობა სიკვდილამდე შეინარჩუნა, მის სიცოცხლეში ირანის დედაქალაქს მისი ნაიბები, ანუ მოადგილეები განაგებდნენ) გურჯისტანის ვალიდ დანიშნა. მას ახალი სახელი როსტომი ეწოდა.
დიდი არმიითა და საკუთარი, გამუსლიმებული ქართველებისგან შემდგარი არისტოკრატიით ხოსრო მირზა ქართლში ჩამოვიდა და 67 წლის ასაკში ქართლის მეფე გახდა.კახეთის მმართველად კი ყიზილბაში სელიმ ხანი დაინიშნა.
თეიმურაზი იძულებული გახდა ისევ იმერეთში გაქცეულიყო.
Комментарии
Отправить комментарий