ტაძარი ღვთისა

 



იცით ფარისეველი როგორ ამოიცნოთ?

ადვილი საქმეა,უადვილესი.

    დილიდანვე მიდიხართ ქალაქის ცენტრში აღმართულ საკულტო შენობასთან და უცდით როდის მოგროვდება ხალხი,შემდეგ ყველას გასაგონად ამბობთ:"დაანგრიეთ ეს ტაძარი და მე მას სამ დღეში აღვადგენ".

  განსაკუთრებით დამაჯერებლად გამოთქვით"აღვადგენ" 

     თქვით და დაელოდეთ.ვინც თქვენკენ ხელს გამოიშვერს და დაიძახებს"ჯვარს აცვით ეგო",აი,ის იქნება კიდეც ფარისეველი.უტყუარი მეთოდია ,ბევრჯერ შემოწმებული.პირველად იესო ნაზარეველმა გამოიყენა და საკმაოდ წარმატებითაც.

    საკულტო ნაგებობები დღესაც ბლომად შენდება და ხალხიც ძველებურად იკრიბება მათ წინ,ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.აგერ ახლახანს არ იყო ილია ჭავჭავაძეც,რომ ჯვარს ეცვა კერპთაყვანისმცემელთა ხელიდან?

    ფარისევლებს რაში აინტერესებთ,რომ ტაძარში იესო საკუთარ სხეულს  გულისხმობდა და აღდგენაში მკვდრეთით აღდგომას.ჰოდა შეასრულა კიდეც დანაპირები.

ოცი საუკუნეა ცოცხლობს იესოს სახელი.

მართალია ილია მართალს სიტყვასიტყვით არ უთქვამს მსგავსი რამ,მაგრამ ისიც უკვდავთა დასმა მიიღო.

   გადით მოედანზე,მაგრამ იცოდეთ,როცა ფარისევლები ტაძარს დაანგრევენ მისი აშენების თავიც უნდა გქონდეთ.

   თვითონ ფარისევლებთან"რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია"-ზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

ამათ ბევრი საუკუნეა "ჯვარს აცვის" მეტი არაფერი უკეთებიათ.

ეს ის ხალხია,რომელთაც"არ იციან,რასა იქმიან" და თუ იციან მხოლოდ ტაძრის დანგრევის შემდეგ.

"ნგრევას,ო,ნგრევას დაუნდობელს ნგრევას ძველისას",მაპატიოს თვითონ უკვდავმა გალაქტიონმა.

     ეს ის მშენებლები არიან,რომლებმაც დაიწუნეს ლოდი რომელიც შემდეგ ქვაკუთხედად იქცა.

დიახ ,ვერ შეიგნეს ფარისევლებმა,რომ ადამიანი ტაძარია ღვთისა და თუ ვინმე აზიანებს ღმერთის ტაძარს,ღმერთი დააზიანებს მას.

    ასე რომ გადით,გადით მოედანზე,მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა დანგრეულის აშენებას შეძლებთ.

 

 

 

               ვ.სანებლიძე 1989 წ.2.მარტი 


შენიშვნა : ეს დაწერილია 1989 წლის 9 აპრილამდე ერთი თვით ადრე.

დაიბეჭდა გაზეთში "სახალო განათლება",რედ. ა. სილაგაძე.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები