წამებაი წმიდისა შუშანიკისი-იაკობ ხუცესი

 




თავი 1

 

·                 რის შესახებ თხრობას გვპირდება ავტორი ?

 

შუშანიკის მარტვილობის და მოწამეობრივი აღსასრულის  დეტალურ თხრობას გვპირდება:

და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა 
შუშანიკისი.        

 

 

·                 როდის ხდება ნაწარმოებში გადმოცემული ამბავი?

 

ვარსქენი პეროზთან მიდის 467 წელს(პეროზი 459 წელს გამეფდა სპარსეთში)

იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში 
ძჱ არშუშაჲსი. რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა 
ქრისტიანეთაჲ.

 

თხზულება დაწერილია შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის (475 წლის 17 ოქტომბერი) შემდეგ,ვარსქენის სიცოცხლეშივე(ვარსქენი გორგასლის ბრძანებით  მოკლეს 482 წელს);

ე.ი. 476-482 წლებში.(თხზულებაში  ვარსქენის სიკვდილი არ არის აღნიშნული)

 

 

 

·                 ამოიცანით თუ არა გმირი და ანტიგმირი და,თუ ამოიცანით,რა ნიშნის მიხედვით ?

 

·                 ლიტერატურული პერსონაჟის სინონიმად ხშირად გამოიყენება შესიტყვება: „ლიტერატურული გმირი ‘’

·                 სიტყვა „გმირი“ პერსონაჟის დადებით როლზე,მის განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობაზე ამახვილებს ყურადღებას;

·                 გმირი მხატვრულ ნაწარმოებში გადმოცემული ამბის ცენტრალური ფიგურაა;

 

·                 ანტიგმირი კი ის პერსონაჟია,რომელიც გმირს უპირისპირდება;

 

 

·                 ჰაგიოგრაფის მიზანია რწმენისთვის თავდადებული ადამიანის სახის შექმნა;

·                 ჩვეულებრივ,მას ერთი მთავარი გმირი ჰყავს;

·                 მოწამეს გზაზე ხვდებიან ადამიანები,რომლებიც აბრკოლებენ,ან,პირიქით ამხნევებენ,თანაუგრძნობენ.

·                 ისინი მწერლის მთავარ ყურადღებას ვე იქცევენ,მაგრამ ისე არიან დახატული,რომ მკითხველს თავს ამახსოვრებენ.

·                 უარყოფითი პერსონაჟი,ანუ ანტიგმირი,ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში მოწამის სახის წარმოჩენას ემსახურება,მასთან დაპირისპირებაში იკვეთება წმინდანის ღვაწლი;

·                 ჰაგიოგრაფის მთავარი გმირი მოწამეა და არა მისი  მტარვალი.

·                 ასეთი ხედვა არის შუა საუკუნეების ფერწერაშიც;

·                 იდეალურ გმირს სახით ჩვენკენ შემობრუნებულებს ხატავდნენ,უარყოფით პერსონაჟებს კი პროფილში წარმოგვიდგენდნენ;

·                 მიიჩნეოდა,რომ ხატი,ფრესკა ცხოველმყოფელ ზემოქმედებას ახდენდა მნახველზე.

·                 ამიტომ უარყოფით პერსონაჟს ხატავდნენ მეორე პლანზე,ან მისი სახის ერთ ნაწილს გვიჩვენებდნენ,რათა ბოროტებასთან ნაკლები კონტაქტი ჰქონოდა ადამიანს.

·                 მაგალითად ,იუდას პროფილში გამოსახავდნენ;

·                 უარყოფითი პერსონაჟების ხატვის ეს ტრადიცია შემდეგაც გაგრძელდა;

·                 ნახე  ტიციანის „კეისრის დინარი ‘’

·                 ტექსტის კითხვისას დააკვირდი,როგორ მიგვანიშნებს ავტორი-ვინ არის ნაწარმოებში გმირი და ვინ-ანტიგმირი;

               ნაწარმოების გმირია ვარსქენ პიტიახშის ღვთისმოშიში ცოლი  შუშანიკი:

              და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი სომეხთა სპაჲპეტისაჲ, რომლისათჳს 
ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულით სახელი მისი
 შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით.’’
 
             იაკობ ხუცესის ნაწარმოების ანტიგმირია  ქრისტეს უარმყოფელი  ვარსქენ 
პიტიახში:
            
              ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი ვითარმე 
ვინ თქუას ყოვლად განწირულისაჲ, ვითარ-იგი განაგდო სანატრელი სასოებაჲ 
 ქრისტჱსი?! ანუ ვინ არა სტიროდის მას, რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, 
არცა მახჳლი, არცა პყრობილებაჲ ქრისტჱსთჳს?!’’
 

             შენიშვნა:  ვარსქენი ქრისტეს როცა ღალატობს,იმავდროულად ღალატობს ქართლის მეფეს და თავის ცოლს შუშანიკს.

 

 

 

·                 ჩანს თუ არა,რომ მეუღლის საქციელი შუშანიკისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ?

 

შუშანიკს თავისი ქმრის უკეთურებას გული სულ უგრძნობდა და ყველას ევედრებოდა ელოცათ მისთვის:

და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს ეტყჳნ და 
ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთჳს

 

 

·                 როგორ განმარტავს ავტორი ვარსქენის საქციელს ?

რენეგატი დიდაზნაური თავს აწონებდა სპარსეთის შაჰს ქრისტიანობის ნებაყოფლობით უარყოფით და სპარსთა რელიგიის აღიარებით.

რაჲთამცა სათნო ეყო მეფესა

 

რამეთუ რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა, არა თუ პატივისა მოღებისათჳს,
 არამედ ძღუნად თავსა თჳსსა შესწირვიდა მეფისა მის მიმართ უვარის-ყოფითა 
ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა და თაყუანის-სცემდა  ცეცხლსა, რამეთუ ყოვლით 
კერძოვე თავი თჳსი ქრისტჱსგან განაგდო.
ხოლო საწყალობელი ესე ცოლსა ითხოვდა სპარსთა მეფისგან, რაჲთამცა
 სათნო ეყო მეფესა, და ესრეთ ეტყოდა, ვითარმედრომელი-იგი ბუნებითი 
ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა შჯულსა, ვითარცაესე მე“.
 ამას უქადებდა, რომელ-იგი არა აქუნდა ჴელთა შუშანიკისგან. მაშინ განიხარა 
მეფემან და ბრძანა ცოლად მისა ასული მეფისაჲ.’’

 

ვარსქენმა მიზანს მიაღწია,ის შაჰ პეროზს  „ჩაესიძა’’

 

 

·                 როგორია ამ თავში გადმოცემული ამბის ისტორიული კონტექსტი.ვინ არიან აქ მოხსენიებული ისტორიული პირები,რა ურთიერთობაა ქართლსა და სპარსეთს შორის.რა პოლიტიკური დატვირთვა ენიჭება ვარსქენის საქციელს?)

 

·                 მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა 324 წელს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა ირანმა მკვეთრადშეცვალა დამოკიდებულება ქრისტიანების მიმართ რომლებიც ირანის ტერიტორიაზე და გავლენის სფეროებში მოქცეულ ქვეყნებში  ცხოვრობდნენ;

·                 დაიწყო ქრისტიანების დევნა და მაზდეანობის ძალით დანერგვა;

·                 საქართველოში არჩიეს შეენარჩუნებინათ დამოკიდებულება შორეულ რომზე(რომი დაინტერესებული იყო მოკავშირე ჰყოლოდა კავკასიაში), ვიდრე ის რომ მეზობელი ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ;

·                 ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის არჩევანი საქართველოსთვის საერთაშორისო პოლიტიკური შინაარსიის იყო;

·                 ირანი მტრულად შეხვდა კავკასიის ქვეყნების (იბერიის,სომხეთის,ალბანეთის) გაქრისტიანებას;

·                 ირანი განსაკუთრებული დაჟინებით შეუდგა კავკასიაში მაზდეანობის თავისი სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას;

·                 შაჰის კარმა დასაყრდენი გაიჩინა კავკასიის  დიდაზნაურებში;

·                 დიდაზნაურები აზნაურთა კიდევ უფრო დაწინაურებული ფენა იყო;

·                 დიდაზნაურებს ეკავათ მაღალი სამოხელეო და საეკლესიო თანამდებობები;

·                 ისინი ფლობდნენ და განაგებდნენ დიდ ტერიტორიებს;

·                 დიდაზნაურები ერთხელ მიღებული თანამდებობების(ერისთავობის,პიტიახშობის,ციხისთავობის,ასისთავობის და სხვ) მემკვიდრეობით დაუფლებას ცდილობდნენ;

·                 ამას ქართლის მეფე გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა;

·                 ამის გამო მეფესა და დიდაზნაურებს შორის მწვავე კონფლიქტები ღვივდებოდა;

·                 სწორედ ამით ისარგებლა შაჰის კარმა,დაუკავშირდა ქართლის დიდაზნაურებს და საკუთარი მეფის წინააღმდეგ წააქეზა;

·                 სანიანურმა ირანმა 428 წელს მეფობა გააუქმა სომხეთში; იმავეს აპირებდა ქართლში;

·                 ასეთი პოლიტიკური ვითარების დროს  მოუხდა სამეფო ტახტზე ასვლა ვახტანგ გორგასალს;

·                 ჩრდილოეთიდან საქართველოს თავს ესხმოდნენ ალან-ოსები და ჰუნ-თურქები;

·                 დიდაზნაურები არ ემორჩილებოდნენ მეფის ხელისუფლებას;

·                 სამეფოს მძიმე ტვირთად აწვა სასანიანური ირანის ხარკი და სამხედრო ბეგარა;

·                 ვახტანგ გორგასალმა შეძლო ამ პრობლემების მოგვარება;

·                   მან თავად ირანელები გამოიყენა პრობლემების მოსაგვარებლად;

·                 მე-5 საუკუნის 60-იან წლებში ირანის შაჰმა პეროზმა(459-484)  ვახტანგი ქართველთა ლაშქრით ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვია შუა აზიაში.ამ ბრძოლებში დიდად გამოუჩენია თავი ქართლის მეფეს;

·                 იგი მხოლოდ 7 წლის შემდეგ დააბრუნეს საქართველოში;

·                 ვახტანგ მეფის ლაშქრობაში ყოფნისას რადიკალურად შეიცვალა ქვეყნის საშინაო მდგომარეობა;

·                 დიდაზნაურები აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ (მეფის) ხელისუფლებას ზოგიერთი მათგანი აშკარა ღალატსაც არ ერიდებოდა;

·                 ამ მხრივ ნიშანდობლივია ვარსქენ პიტიახშის ქმედებები;

·                 ვარსქენი ქვემო ქართლის პიტიახში ანუ გამგებელი იყო;

·                 იგი 466 წელს გაემგზავრა ირანის შაჰთან პეროზთან,მისი გულის მოგების მიზნით უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა მიიღო;

·                 ასეთი გზით მას სურდა თავი დაეღწია ქართლის მეფის ქვეშევრდომობისაგან და ირანის მხარდაჭერით,თავის სამფლობელოში უფრო მეტი უფლებები მოეპოვებინა;

·                 მის ამ ნაბიჯს წინ აღუდგა მისი ცოლი შუშანიკი და მიუხედავად სატიკი წამებისა,არ დაემორჩილა ვარსქენის მოთხოვნებს და ხანგრძლივი პატიმრობისა და ტანჯვის შემდეგ აღესრულა,როგორც წმინდა მოწამე;

·                 ვარსქენის მსგავსი მოღალატე დიდაზნაური სხვაც არაერთი იყო;

·                 ისინი ვერ ეგუებოდნენ ვახტანგ მეფის ძლიერ ხელისუფლებას;რომელიც „მეფობდა ვითარცა ლომი შორის ცხვართა’’

 

 

·                 როგორ ფიქრობთ,რას უნდა ნიშნავდეს ნაწარმოების „და კავშირით დაწყება ?

 

ვფიქრობ,ნაწარმოებს აკლია წინა ნაწილი.

 

 

მე-2 და მე-3 თავი

 

·                 სად შეჩერდა სპარსეთიდან მობრუნებული ვარსქენი და რატომ ?

სპარსეთიდან დაბრუნებული ვარსქენი ჰერეთში იმისათვის ჩერდება , რომ საერისთავოში მოემზადონ მისი სათანადო  პატივით დახვედრისათვის.

და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, 
ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინა მიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და
 მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს.

 

 

·                 რაზე მიგვანიშნებს „ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს’’?

ვარსქენის თვხედობაზე .მას სინდისი არ აწუხებს.

 

·                 როგორ გემის „სულითა ცხოველ’’ და „სულითა მომკუდარ“ ?

 

უკუეთუ სულითა ცხოველ არს იგი, ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა. 
უკუეთუ სულითა მომკუდარ ხართ, მოკითხვაჲ ეგე შენი შენდავე მოიქეცინ“. 

 

„სულითა ცხოველ“-სულიერად ცოცხალი

„სულიერად მომკუდარ’’- სულიერად მკვდარი

 

·                 რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს შუშანიკი რწმენაშეცვლილი ქმრის მიმართ(როგორ მოიხსენიებს მას)?

ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა 
დამართ სცემდა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: საწყალობელ იქმნა უბადრუკი 
ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო 
იგი უღმრთოთა“.

 

 

·                 როდის ჩნდება ნაწარმოებში ავტორი,როგორც მოქმედი პირი(ანუ როდის მოიხსენიებს ის თავის თავს პირველი პირის ნაცვალსახელით) და ვინ არის იგი ?

 

ავტორი არის შუშანიკის მოძღვარი(ხუცესი).ის პირველად ჩნდება ნაწარმოებში მას შემდეგ,რაც შუშანიკი შვილებთან ერთად ტოვებს სასახლეს და ეკლესიის მახლობლად მცირე „სახლაკში’’ გადადის „სიმწარითა სავსეი’’.

 

ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისაჲ, მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, 
არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსმე
 სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანა ვჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. 
და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ 
პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი. ხოლო ჩუენ აღვივსენით მწუხარებითა და
 დიდითა ტირილითა ვტიროდეთ განმწარებულნი ცოდვათა ჩუენთა
 წარმოჩინებისათჳს.

 

 

 

·                 საიდან ჩანს,რომ ავტორს იმთავითვე ჰქონდა განზრახული შუშანიკის ღვაწლის აღწერა ?

ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ, დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა, 
ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳლმან საძოვარი პოოს შენ თანა“. 
 
დიდი განსაცდელი მოგელის დედოფალო,გაუფრთხილდი სარწმუნოებას,ვაითუ 
ეშმაკმა გაიმარჯვოს შენზე-აფრთხილებს  ხუცესი შუშანიკს
 
ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: ხუცეს, და მეცა დიდსა ღუაწლსა განმზადებულ
 ვარ“.

 

ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“. 
ხოლო მან მრქუა მე: „რაჲსა მკითხავ ამას?“. და მე მიუგე და ვარქუ მას: 
მტკიცედ სდგაა?“. 
და მან მრქუა მე: ნუ იყოფინ ჩემდა, თუმცა ვეზიარე საქმეთა და ცოდვათა 
ვარსქენისთა. 
 
მე მიუგე და ვარქუ მას: მწარე გონებაჲ აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა 
შეგაგდოს შენ“. 
 
ხოლო მან მრქუა მე: უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, 
ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს
 მე პავლჱს მოციქულისაგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. 
და მე ვთქუ: ეგრეთ არს“. 

 

 

 

·                 მოწამისთვის აუცილებელ რომელ სამ თვისებაზე გაუმახვილა ხუცესმა შუშანიკს ყურადღება ?

სულიერ მხნეობაზე(უშიშრობაზე) ,მოთმინებაზე და სულგრძელობაზე(პატიების უნარზე)

მე ვარქუა მას: „ეგრჱთ არს, მჴნე იყავ, მოთმინე და სულგრძელ“.

 

·                 როგორ ფიქრობთ,რას ნიშნავს შუშანიკის სიტყვები-„ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე’’?

 

თავს დატეხილ უბედურებაში მარტოდ გრძნობს თავს.

 

·                 ვის სიტყვებს იმოწმებს შუშანიკი (გადმოეცი ეს სიტყვები თანამედროვე ქართულით) და რა მიზნით მოიხმობა მათ?

უმჯობჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაჲ 
და წარწყმედაჲ სულისა ჩემისაჲ; რამეთუ მასმიეს მე პავლჱს მოციქულისაგან: 
არა დამონებულ არს ძმაჲ, გინა დაჲ, არამედ განეყენენ. 
 
ეს არის პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში 
გამოთქმული აზრი,რომლის მიხედვით,თუ ურწმუნო მეუღლე მორწმუნე 
მეუღლისგან არ მოიქცევა ქრისტეს რჯულზე,მაშინ დაშორება სჯობს;
მორწმუნის ნება თავისუფალია,იგი დამონებული არ არის.

 

 

·                 როგორ ფიქრობ,ვინ უნდა იყოს „კაცი ერთი სპარსი’’ და მის რა ფარულ ზრახვაზე მიგვანიშნებს ავტორი?

„კაცი ერთი სპარსი“ უნდა იყოს შაჰის  სპეციალური წარმომადგენელი  ქართლის საერისთავოში.რეზიდენტი.

 

·                 რისი თქმა შეიძლება დედოფლისა და მისი სულიერი მოძღვრის ურთიერთობაზე ამ ეპიზოდის მიხედვით ?

შუშანიკი მინდობილია თავის მოძღვარს.

 

მე-4 -მე-5 თავები

·                 რის შესახებ აფრთხილებს „კაცი ერთი სპარსი ‘’ პიტიახშს?რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ეპიზოდიდან?

და შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში. და უთხრა სპარსმან
 მან ფარულად და ჰრქუა: „მე ვითარ მიცნობიეს ცოლი შენი განდგომილ არს შენგან.
 და მე გეტყჳ შენ: ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყჳ მას, რამეთუ დედათა ბუნებაჲ 
იწრო არს“.

 

„სპარსი“  პიტიახშის მრჩეველია  ,იცის პიტიახშის ბუნება და თავშეკავებას ურჩევს.

 

·                 სპარსის შემდეგ ვის ხვდება პიტიახში?როგორ ფიქრობთ,რა არის ამ შეხვედრის მიზანი ?

 

სპარსის შემდეგ რჯულგამოცვლილი პიტიახში სასულიერო პირებს ხვდება:

და ხვალისა დღჱ ვითარ აღდგა პიტიახში, გჳწოდა ჩუენ ხუცესთა და მივედით. 
და სიხარულით შეგჳმთხჳნა და გურქუა ჩუენ: „აწ ნუ რას მერიდებით მე და 
ნუცაღა გძაგ“.
 
შეხვედრის მიზანია  შეარბილოს დაძაბულობა ეკლესიის წარმომადგენლებთან.

 

·                 რა საყვედურს გამოტქვამს ვარსქენი მეუღლის მიმართ,სასულიერო პირის თანდასწრებით?რაზე სურს მას ამით ყურადღების გადატანა,რის შეფარვას ცდილობს იგი?

რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა ცოლმან ჩემმან ესევითარისა საქმედ? აწ მივედით და 
არქუთ, ვითარმედშენ ჩემი ხატი დაამჴუ და საგებელსა(სარეცელს) ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და 
შენი ადგილი დაგიტევებიეს, და სხუად წარსრულ ხარ
 
როგორც კი  მღვდლები უსაყვედურებენ:
 
წარსწყმიდე თავი შენი და ჩუენცა წარგუწყმიდენ“. 
 
ვარსქენი  თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს ,თავის შელახულ თავმოყვარეობაზე 
ამახვილებს ყურადღებას და უბრძანებს მღვდლებს მოარჯულონ  მისი ურჩი ცოლი.

 

·                 რა გამოავლინა შუშანიკის პასუხმა(როგორ აფასებს ის ვარსქენის საქციელს)?

 

შუშანიკი თვლის,რომ ღმერთის და მამის უარმყოფელი შეურაცხყოფის ღირსია.

არა თუ მე აღმემართა ხატი იგი? და მემცა დავამჴუ! ხოლო მამამან შენმან 
აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი 
განჰრყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი; მამამან შენმან წმიდანი 
შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ; მან ღმერთი ცათაჲ და 
ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარ-ჰყავ და 
ცეცხლსა თაყუანის-ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე 
შენ შეურაცხგყავ. და თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო 
საქმეთა შენთა“. 
 
ხოლო ჩუენ ესე ყოველი მიუთხართ პიტიახშსა. 
ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთჳს.  

 

 

·                 როგორ ფიქრობ,რატომ შეუთვალა ვარსქენმა შუშანიკს თავისი დანაბარები სასულიერო პირების მეშვეობით და რატომ არ მიუგზავნა მას „კაცი ერთი სპარსი’’?

         შუშანიკისთვის „ავტორიტეტულ’’ ხალხს უგზავნის, ფუჭი იმედი აქვს რომ ესენი უფრო დაიყოლიებენ.

           

·                 ვის აგზავნის ამის შემდეგ ვარსქენი შუშანიკთან?რა დამოკიდებულება აქვთ შუშანიკსა და ჯოჯიკს?

 

ვარსქენი თავის ძმასა და რძალს,აგეთვე  კარის ეპისკოპოსს აგზავნის შუშანიკთან.

ჯოჯიკი და შუშანიკი  ერთად იზრდებოდნენ  ერისთავ არშუშას(ვარსქენის მამის) კარზე .

 

მერმე მიავლინა ჯოჯიკ, ძმაჲ თჳსი, და ცოლი ჯოჯიკისი, ძმისცოლი თჳსი, და 
ეპისკოპოსი სახლისა თჳსისაჲ და ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ 
ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი გონებაჲ გიპყრიეს! უკუეთუ არა , თრევით 
მოგითრიო“.         

 

ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: „უწყი, ვითარმედ დაჲ ვარ და ერთგან განზრდილნი, 
ხოლო მაგას ვერ ვჰყოფ, ვითარმცა მოსისხლეობაჲ იქმნა, და თქუენ ყოველნი 
თანამდებ იქმნენით“.

 

შუშანიკი ეუნნება ჯოჯიკს :რადგან შენი და ვარ,ვერ ვიზამ,რომ დანაშაული მოხდეს და მასში თქვენც ბრალეულნი იყოთო.

 

·                 როდის გაისმა მუქარა პირველად ვარსქენის სიტყვებში,რას სთხოვს იგი ცოლს?

ჰრქუა მათ: „ესრეთ არქუთ: აღდეგ და მოვედ ადგილსა თჳსსა და ნუ ეგევითარი 
გონებაჲ გიპყრიეს! უკუეთუ არა , თრევით მოგითრიო“.

 

·                 როგორ ფიქრობთ,რატომ ბრუნდება შუშანიკი სასახლეში ?

ა. კვლავ დედოფლობა სურს

ბ.პიტიახშის მიგზავნილებმა დაიყოლიეს

გ.შეგნებულად მიდის განსაცდელთან შესახვედრად.

 

შუშანიკი შეგნებულად მიდის განსაცდელთან შესახვედრად:

და ვითარცა ფრიად აურვებდეს მას, აღდგა წმიდაჲ და ნეტარი შუშანიკ და 
თანა წარიტანა ევანგელჱ თჳსი და ტირილით ესრჱთ იტყოდა: 
უფალო ღმერთო, შენ უწყი, ვითარმედ მე გულითად სიკუდილდ მივალ“.

 

 

·                 რომელი წმინდა წიგნები წაიღო თან შუშანიკმა ?

                        ესე თქუა და წარვიდა მათ თანა და თანა წარიტანნა ევანგელჱ თჳსი 
და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი.’’
 
·   შუშანიკს ვარსქენის შიშით არავინ გამოუჩნდა დამცველი არც მღვდელი,არც 
აზნაური :
 
რაჟამს შევიდა იგი ტაძარსა მას, არა დაჯდა იგი თჳსსა მას გალიაკსა, არამედ
 სენაკსა შინა მცირესა. და აღიპყრა ჴელნი თჳსნი ზეცად წმიდამან შუშანიკ და 
თქუა: „უფალო ღმერთო, არცა მღდელთაგანი ვინ იპოვა მოწყალჱ, არცა ერისა 
კაცი ვინ გამოჩნდა შორის ერსა ამას, არამედ ყოველთა მე სიკუდილდ მიმითუალეს
 მტერსა ღმრთისასა ვარსქენს“.
 

 

მე-6 -მე-7 თავები

 

1.               როგორ მოიხსენიებს ავტორი სასახლეში დაბრუნებულ ვარსქენს?

და შემდგომად ორისა დღისა მოვიდა მგელი იგი ტაძრად და ჰრქუა მსახურთა 
თჳსთა: „დღეს მე და ჯოჯიკ და ცოლმან მისმან ერთად პური ვჭამოთ, ხოლო 
სხუასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსლვად“.

 

 

2.               რა მიზანს ისახავს პიტიახში პურობაზე შუშანიკის მიყვანით ?

 

განდგომილი ცოლის შეემორიგებას  ცდილობს.

 

3.               როგორ ახსნით შუშანიკის საქციელს პურობაზე?

ა.შუშანიკი თავშეუკავებელია

ბ.შუშანიკი უკომპრომისოა,ვარსქენის საქმეებს არ ეზიარება;

გ.შუშანიკი გულისწყრომას გამოხატავს ქალის უუფლებობის გამო.

 

და ვითარცა მეტად აიძულეს და ძლით წარიყვანეს ტაძრად, ხოლო გემოჲ არა 
რაჲსაჲ იხილა. ხოლო ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და 
აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა. ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: 
ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“. და
 განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.
 
 შუშანიკი მკვეთრი ფორმით  გულისწყრომას გამოხატავს შეკრებილი 
„საზოგადოების“ და  ვარსქენის მიმართ.
 
4.  როგორ ძალადობს ვარსქენი შუშანიკზე ?
 
მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა მას; 
და აღიღო ასტამი, და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა; 
და მჯიღითა(მუშტით) სცემდა პირსა მისსა უწყალოდა და თმითა მიმოითრევდა, 
ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. 
მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, 
და კუბასტიცა თავსა მისსა მოხეთქა და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო 
ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა. 
და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა 
მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა
 

 

 

5.               როდის მოინახულებს ვარსქენი ნაცემ შუშანიკს?რა ბრძანებას გასცემს და სად მიდის იგი?როგორ ახსნით ვარსქენის საქციელს ?

ვარქსქენი შუშანიკს მეორე დილით მოინახულებს მისი მდგომარეობის შესაფასებლად.ბრძანებს არავინ შეუშვან  მასთან და სანადიროდ მიდის.

 

და ვითარცა ცისკარ ოდენ იყო, იკითხა და თქუა მსახურისა მიმართ მისისა, 
ვითარმედ: „წყლულებისა მისგან ვითარ არს?“. ხოლო მან ჰრქუა მას: 
ვერ განსარინებელ არს იგი“. მაშინ თჳთ შევიდა და იხილა იგი და დაუკჳრდა
 დიდძალი იგი სიმსივნჱ მისი. და ამცნო მსახურსა მას და ჰრქუა: „ნუმცა ვინ შევალს
 ხილვად მისა“. და თჳთ ნადირობად წარვიდა.            

 

 

 

6.               ვინ შევიდა შუშანიკის სანახავად და რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

 

შუშანიკის სანახავად შედის იაკობ ხუცესი.

ხოლო მე აღვდეგ და მივედ და ვარქუ მცველსა მას: „მე ხოლო მარტოჲ შემიტევე 
და ვიხილო წყლულებაჲ იგი მისი“. ხოლო მან მრქუა მე: „ნუუკუე ცნას და მომკლას 
მე“. და მე ვრქუ მას: უბადრუკო, არა მისი განზრდილი ხარა? და თუცა მოგკლას შენ
 მისთჳს, რაჲ არს?!“. მაშინ შემიტევა მე ფარულად. და ვითარ შევედ შინა, 
ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული აღუტევე ჴმაჲ და ვტიროდე. 

 

 

7.               განმარტე შუშანიკის სიტყვები „სისხლი ესე განმწმედელი არს ცოდვათა ჩემთაი’’.

 

შუშანიკს  საწამს ,რომ ცოდვების გამოსყიდვა  მოწამის სისხლით შეიძლება.

ხოლო წმიდამან შუშანიკ მრქუა მე: „ნუ სტირ ჩემთჳს, რამეთუ დასაბამ სიხარულისა 
იქმნა ჩემდა ღამჱ ესე“. და მე ვარქუ წმიდასა შუშანიკს: „მიბრძანე და მოგბანო 
სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელი თუალთა შენთა შთახუეულ არს, და 
სალბუნი და წამალი დაგდვა, რაჲთა, ჰე, ღა-მე-თუ განიკურნო!“. ხოლო წმიდამან 
შუშანიკ მრქუა მე: „ხუცეს, მაგას ნუ იტყჳ, რამეთუ სისხლი ესე გამწმედელ არს 
ცოდვათა ჩემთაჲ“.
 
 
8. შუშანიკი სასტიკადაა ნაცემი
 
ხოლო მე მცირედ ვაიძულე მიღებად ჭამადი, რომელი მოეძღუანა სამოელ 
ეპისკოპოსსა და იოვანეს, რამეთუ ფარულად იღუწიდეს და ნუგეშინის-სცემდეს. 
მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, ვერ ძალ-მიც გემოჲს-ხილვად, რამეთუ 
ყბანი და ზოგნი კბილნი შთამუსრვილ არიან“. მაშინ მივიღე მცირედ ღჳნოჲ და პური 
დავალბე და მცირედ გემოჲ იხილა. და მე ვისწრაფდი გამოსლვად.
.
 
 10.           
რომელ  ეპიზოდში ჩანს ნაწარმოების ავტორის სახელი ?

სამკაულების  ეპიზოდში.შუშანიკმა არ იცის უნდა დაუბრუნოს თუ არა სამკაულები ვარსქენს.

მაშინ მრქუა მე წმიდამან შუშანიკ: „ხუცეს, მიუძღუანოა სამკაული ესე მისი?
 ნუუკუე ითხოვდეს, რამეთუ მე ამას ცხორებასა არღარად მეჴმარების“. ხოლო მე 
ვარქუ: „ნუ რას ისწრაფი, იყოს შენ თანა“. და ჩუენღა ამას განვიზრახევდით, მოვიდა
 ყრმაჲ ერთი და თქუა: იაკობ მანდა არსა?“. და მე ვარქუ, ვითარმედრაჲ გინებს?“. 
და მან მრქუა: „უწესს პიტიახში“.
 

 

11.            შეადარეთ შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულება სადედოფლო სამკაულების მიმართ,როგორ ფიქრობ,რა განაპირობებს ამგვარ დამოკიდებულებას ?

 

უწყია, ხუცეს, მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა. და ჩემი სამკაული მას არა
 დაუტეო, ოდეს იგი არა ჩემი ცოლი არს, - იპოოს ვინმე, რომელმან განკაფოს იგი. 
მივედ და მომართუ იგი ყოველივე, რაჲცა რაჲ არს“. ხოლო მე მივედ და უთხარ
წმიდასა შუშანიკს. ხოლო მან განიხარა ფრიად და მადლი მისცა ღმერთსა და
 ყოველივე მომიძღუანა და მივართუ პიტიახშსა. და მან მიიღო ჩემგან, აღიხილა და
 იპოვა ყოველი გებულად. და კუალად თქუა: მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე 
შეიმკოს“.                               

 

სამკაულის მიღება-ჩაბარების აქტით ვარსქენი "გაეყარა" შუშანიკს(4 შვილის დედას)

შუშანიკს ახარებს ეს გაყრა .

ვარსქენი  სამკაულებს ინახავს ახალი ცოლისთვის.

 

 

მე-8- მე-9 თავები

·                 რომელ მხატვრულ სახეს მოიხმობს ავტორი ვარსქენის ბუნების წარმოსაჩენად?

ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა ‘’

 

·                 როდის აწამა ვარსქენმა შუშანიკი საჯაროდ ?

40 დღიანი დიდი მარხვის შემდეგ ვარსქენმა შუშანიკი საჯაროდ აწამა, არ აპატია 40 დღით სასახლიდან ეკლესიის მახლობელ სენაკში გადასვლა. ჯერ ეპისკოპოს აფოცს მიუვარდა ,აგინა და ბრალი დასდო  შენ ურევ ტვინს ჩემ ცოლსო  შემდეგ:

და ეგრეთ წმიდაჲ შუშანიკ თრევით მოითრია თიჴათა შიგან და ეკალთა ზედა, 
ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე, ვითარცა მკუდარი მიეთრია. და ადგილდ-ადგილდ 
ქუე ძეძჳ დაეფინა. და თჳთ ფერჴნი დაიდგნის ძეძუსა მას ზედა, და კუბასტნი 
შუშანიკისნი და ჴორცნი წულილ-წულილად დაებძარნეს ძეძუსა მას. და ეგრეთ
 მოიყვანეს იგი ტაძრად. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ცემაჲ, ბოროტებდა და 
იტყოდა: აჰა ეგერა, არა გერგო შენ ეკლესიაჲ შენი და არცა ზურგნი ეგე შენნი 
ქრისტიანენი, და უფალი იგი მათი. და ვითარცა სცეს კუერთხითა სამას ოდენ, 
არარაჲ აღმოჴდა პირსა მისსა ვაჲებაჲ, არცა კუნესაჲ. მაშინღა ჰრქუა წმიდამან
 შუშანიკ ურჩულოსა ვარსქენს: „უბადოო, შენღა თავი თჳსი არა შეიწყალე და 
განსდეგ ღმრთისაგან, შენ მემცა შემიწყალეა?!“.                        
                                 
და ვითარცა იხილა დიდძალი იგი სისხლი, რომელ დამოსდიოდა ჩჩჳლთა მათ 
ჴორცთა მისთა, მაშინ უბრძანა დადებად ჯაჭჳ ქედსა მისსა. და უბრძანა სენაკაპანსა 
ერთსა, რაჲთა წარიყვანონ წმიდაჲ შუშანიკ ციხედ, და საპყრობილესა ბნელსა
 შეაყენონ იგი და მოკუდეს

 

 


 

·                 ვინ სცადა სასახლიდან გამოყვანილი შუშანიკის გამხნევება?რით დამთავრდა ეს ამბავი ?

 

შუშანიკის გამხნევება დიაკვანმა დააპირა,მაგრამ ვარსქენის შეეშინდა და სწრაფად  გაიქცა.

 

დიაკონი ვინმე ერთი მის ეპისკოპოსისაჲ დგა წმიდისა შუშანიკის თანა მას
 ჟამსა, რომელსა გამოჰყვანდა იგი ტაძრით, და უნდა, რაჲთამცა ჰრქუა, თუ 
მტკიცედ დეგ!“. და თუალი ჰკიდა პიტიახშმან, სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად, 
ესთენ ოდენ ჰრქუა: „მტკი..და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით.

 

 

·                 რა მიზნით ახსენებს ავტორი შუშანიკის გულშემატკივრებს ?

 

სურს გვიჩვენოს,რომ ხალხი შქრისტიანი შუშანიკის მხარესაა და არა მოღალატე  ვარსქენის მხარეს.

მაშინ წარმოიყვანეს და მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უჴამური(ფეხშიშველა) და 
თმაგარდატევებული ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი, და ვერვინ იკადრა თავსა
 მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მჴედრ შეუდგა(ამხედრებული მისდევდა)
 უკუანა კუალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა.          
და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, 
სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს, და 
იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა
 შუშანიკისთჳს.

 

 

 

·                 როგორ ამშვიდებს შუშანიკი გულშემატკივართ? როგორ ექცევა მათ ვარსქენი ?

ხოლო წმიდამან შუშანიკ უკმოჰხედნა ერსა მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო 
ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა მომიჴსენეთ. და ჯმნულმცა
 ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ ცოცხალი გამოსრული 
ციხით. 
 
და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი ტირილი მამათაჲ და დედათაჲ 
მოხუცებულთა და ყრმათაჲ, მჴედრ მიმოდასდევნინ და მეოტჰყოფნ მათ ყოველთა.
 

 

·                 რომელ ეპიზოდში ჩანს ყველაზე გამოკვეთილად,რომ ვარსქენი დასცინის შუშანიკს ?

და ვითარცა მიიწინეს ჴიდსა მას ციხისასა, ჰრქუა პიტიახშმან წმიდასა შუშანიკს: 
შენდა ეგდენ ყოფად არს ფერჴითა შენითა სლვაჲ, რამეთუ ცოცხალი არღარა 
გამოსლვად ხარ, გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ“.      

 

შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალი,რადგან ცოცხალი ვეღარ გამოხვალ ,არამედ ოთხი(კაცი) გამოგიტანს(ანუ მკვდარს გამოგიტანენო)

 

·                 როგორ ფიქრობთ,რატომ შეარჩიეს შუშანიკის საპყრობილედ სენაკი „ჩრდილოით კერძო,მცირეი და ბნელი’’ ?

ისეთი სენაკი შეურჩია,რომელსაც მზე არ ადგება.დაბეჭდა,რომ არავინ გაბედოს ქედზე დადებული ჯაჭვის მოხსნა.სასიკვდილოდ გაწირა.

და ვითარცა შევიდეს ციხედ, პოვეს სახლაკი ერთი ჩრდილოჲთ კერძო, მცირჱ და 
ბნელი, და მუნ შეაყენეს წმიდაჲ იგი. და ჯაჭჳ იგი, რომელ ედვა ქედსა მისსა, ზედა 
ეგრეთვე ედვა, და დაჰბეჭდა ურჩულ[]მან ვარსქენ ბეჭდითა თჳსითა. ხოლო 
წმიდამან შუშანიკ თქუა: „მე ამას მხიარულ ვარ, რაჲთა აქა ვიტანჯო და მუნ 
განვისუენო“. ხოლო პიტიახშმან ჰრქუა მას: „ჰე, ჰე, განისუენე!“

 

ვარსქენმა შუშანიკს შიმშილით მოკლვლა გადაუწყვიტა.

მაშინ დაადგინნა მცველნი მის ზედა და ამცნო მათ, რაჲთა სიყმილითა მოკლან იგი. 
და ესრეთ ეტყოდა მათ: „გეტყჳ თქუენ, უკუეთუ ვინმე შევიდეს მისა მამაკაცი, გინა 
დედაკაცი, იხილენით თავნი თქუენნი და ცოლნი და შვილნი და სახლნი თქუენნი, 
უბრალომცა ვარ, რაჲ გიყო თქუენ“.

 

სამი კვირის შემდეგ მოიკითხა ისევ ცოცხალიაო

 

მაშინ გამოვიდა ციხით. და მესამესა კჳრიაკესა მოუწოდა მცველსა ერთსა, 
ჰკითხა მას და ჰრქუა: „აქამომდე ცოცხალღა არსა საწყალობელი იგი?“. ხოლო მან 
ჰრქუა: „უფალო, სიკუდილდ კერძო უფრო საგონებელ არს, ვიდრე სიცოცხლით, 
რამეთუ შიმშილითა უფროჲს ხოლო მოკუდების, რამეთუ არარას მიიღებს 
საზრდელსა“. ხოლო მან ჰრქუა: ნურა რაჲ გგლიან, უტე, მოკუდეს

 

 

·                 დედოფალიც და პიტიახშიც ერთმანეთს ერთი ეპითეტით მოიხსენიებენ-„საწყალობელი’’.იმსჯელეთ,რას გამოხატავს ეს ეპითეტი თითოეულ შემთხვევაში;

ვარსქენის შემთხვევაში- უსულო ,სულმკვდარ  ცხოველს

შუშანიკის შემთხვევაში- სულელ,ფანატიკოსს

                      

·                 ვის ადარებდა იაკობი საპყრობილეში ბორკილდადებულ შუშანიკს ?

 

        და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი 
ქრისტჱსი შუენიერად ვითარცა სძალი შემკული საკრველთა მათგან
(ბორკილდადებული), და მე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად.

 

 

„ტარიგი ‘’  - „კრავი უბიწო’’(საბა), სამსხვერპლო კრავი.ძველი ებრაული ტრადიციით,კაცობრიობის მხსნელის ,მესიის,სიმბოლური გამოხატულება იყო ტარიგი.ქრისტიანებიც მაცხოვარს მიიჩნევდნენ ტარიგად,კაცობრიობისთვის მსხვერპლად შეწირულ უბიწო კრავად.იოანეს სახარებაში ქრისტეს შესახებ ნათქვამია:“აჰა ტარიგი ღმრთისაი,რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი’’

 

„სძალი“ -საპატარძლო.იგულისხმება „სძალი ქრისტესი’’(დააკვირდი ,ასე მიმართავს კიდეც შუშანიკს ჯოჯიკი ნაწარმოების დასასრულს) „სძალს’’ უწოდებდნენ სულიერი სრულყოფის მაძიებელ მდედრობითი სქესის პიროვნებას,რადგანაც მიაჩნდათ,რომ იგი ღვთებრივ ქორწინებას,განღმრთობას ესწრაფოდა.

 

 

 

მე-10   მე-11  მე-12  მე-13  თავები

·                 შენიშვნა: ჯოჯიკი ქედზე დადებული ჯაჭვისგან   ათავისუფლებს შუშანიკს,შუშანიკი უარს აცხადებს ბორკილების მოხსნაზე:

                  ხოლო პიტიახში ჩორდ წარემართა. და ჯოჯიკ ძმაჲ მისი არა დახუდა, 
ოდეს საქმჱ ესე იქმნა წმიდისა შუშანიკის ზედა. და ვითარ მოიწია ჯოჯიკ, უკუანა 
სდევდა პიტიახშსა. და მიეწია მას საზღვართა ჰერეთისათა და ევედრებოდა მას
 ფრიად, რაჲთამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაჲ მისი. და ვითარ ფრიად
 აწყინა, ბრძანა განტევებაჲ საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰჴადა 
ჯაჭჳ იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაჲ არა თავსიდვა წმიდამან შუშანიკ ვიდრე 
აღსასრულამდე მითურთ.
 
·   შენიშვნა: შუშანიკმა სიკვდილამდე  ციხეში 6 წელი გაატარა 
 
რამეთუ ექუსი წელი ციხესა მას შინა აღასრულა და წესიერებითა საღმრთოჲთა 
ყუაოდა: მარხვითა, მარადის მღჳძარებითა, ზედგომითა, თაყუანის-ცემითა
 უწყინოდ და კითხვითა წიგნთაჲთა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა
ყოველი იგი ციხჱ სულიერითა მით ქნარითა(ლოცვითა)“.
 

 

 

 

·                 რა სასწაულმოქმედი  ძალა მიანიჭა უფალმა შუშანიკს ?

 

და მიერითგან განითქუა ყოველსა ქართლსა საქმჱ მისი. და მოვიდოდეს მამანი და 
დედანი აღნათქუემთა შეწირვად(აღთქმულის შესაწირავად) და, რაჲ ვის უჴმდა
(ვისაც რა სჭირდებოდა), მიემადლებოდა წმიდითა ლოცვითა ნეტარისა 
შუშანიკისითა, რომელსა მოსცემდა(ანიჭებდა) მას კაცთ-მოყუარე ღმერთი: 
უშვილოთა შვილი, სნეულთა კურნებაჲ, ბრმათა თუალთა []ხილვაჲ.           

 

 

·                 შენიშვნა: შუშანიკმა ციხეში აბრეშუმით ხელსაქმობის ნაცვლად დავითის ფსალმუნნი დაისწავლა.ფასალმუნნი  არის ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი,რომელშიც გაერთიანებულია ას ორმოცდაათი ფსალმუნი,ანუ საგალობელი.მათ ავტორად მიიჩნევენ ებრაელთა მეფეს,დავით წინასწარმეტყველს(მე-10 საუკუნე ქრისტემდე)

 

ხოლო წმიდამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხტისა საქმისა დიდითა 
გულსმოდგინებითა ჴელთა აღიხუნა დავითნი და მცირედთა დღეთა შემდგომად 
ასერგასისნი იგი ფსალმუნნი დაისწავლნა, რომლითა იგი დღჱ და ღამჱ ზესკნელისა 
მის მეუფისა მიმართ სათნოსა მას გალობასა შესწირვიდა ცრემლით.                                    
(ჭიჭნაუხტის საქმე - ხელსაქმე, ქსოვა;)

 

·                 ფიზიკურ ტანჯვაზე უფრო მძიმე რა მორიგი განსაცდელი დაატყდა თავს

დედოფალს? როგორ მიიღო მან ეს განსაცდელი ?

 

რაღაც მომენტში შუშანიკმა გაიგო,რომ ვარსქენმა  შვილები მაზდეანობაზე(მოგვობაზე) გადაიყვანა,ის ამ დარტყმასაც უძლებს.

და უთხრეს ნეტარსა შუშანიკს, ვითარმედ შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა“. 
მაშინ იწყო თაყუანის-ცემად ღმრთისა მიმართ ტირილითა დიდითა და თავსა თჳსსა 
ქუე დამართ სცემდა. სულთითქუნა და თქუა: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო,
 რამეთუ იყვნეს-ვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, 
იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა“.
 
და მე მივედ და ვიხილე წმიდაჲ შუშანიკ დამშრშალი და დაბუშებული ტირილითა.
 და რამთუ მოეძღუანა წმიდასა მას ეპისკოპოსსა საზრდელი და ვითარ ფრიად 
ვაიძულე, მცირედ ოდენ გემოჲ იხილა და ვჰმადლობდით ღმერთსა. და ვიდრე მუნ 
ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა; ხოლო რაჟამს 
მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელიცა 
მათი სძაგდა სმენად.’’
 
 
შენიშვნა: შუშანიკი  „ახელებს’’ ვარსქენს
 
და მერმე მოციქულნი მოავლინნა პიტიახშმან და ჰრქუა: „ანუ ნებაჲ ჩემი ყავ და 
მოვედ ტაძრად; უკუეთუ არა მოხვიდე შინა, ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად 
კარაულითა“. ხოლო წმიდამან შუშანიკ მიჰრქუა ესრეთ: უბადოო და უგულისჴმოო, 
ხოლო მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რასმე 
შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე“. და გულსა ეტყოდა პიტიახში იგი სიტყუათა 
მათთჳს, ვითარ-იგი ჰრქუა მას, ვითარმედვინ უწყის, თუ კეთილსა რასმე 
მივემთხჳო“, ვითარმედ ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს“. და მიერითგან 
არღარავინ მიავლინა მისა. 
 

შენიშვნა: ვარსქენი ისევ ცდილობს შუშანიკის შემორიგებას

 

ხოლო პიტიახშმან გამოარჩია ძუძუჲსმტჱ მისი საკუთარი, რაჲთა მოიყვანოს იგი 
ტაძრად. და ვითარცა ჰრქუა კაცმან მან: „ისმინე ჩემი და ჩამოვედ ტაძრად, და ნუ 
აოჴრებ სახლსა მას თქუენსა, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ: არქუ მას უღმრთოსა, 
ვითარმედშენ მომკალ და მარქუ მე: ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ 
მაგიერ ციხით“. ხოლო აწ, უკუეთუ შემძლებელ ხარ მკუდარსა აღდგინებად, 
პირველად დედაჲ შენი აღადგინე, რომელი ურდს დამარხულ არს, გარნა თუ მისა 
ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად, ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად, გარნა 
თრევით გამითრიო“. და ვითარცა მიუთხრეს პიტიახშსა სიტყუაჲ იგი და მან თქუა: 
ნანდჳლვე ვთქუ ეგე!“       

 

·                 როგორ იქცევა შუშანიკი ციხეში  ?

·   და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა(ბალიში) ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი(გამოუწვავი აგური) ერთი დაიდვის სასთუნალ და ქუესაგებელად იყო გირჯაკი(ნაბბადი) ერთი ძუელი და კაცთა თუალსა - სასთაულაკი ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო(ბალიშად). და თაყუანის-საცემელად კილიკი(ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი) ერთი მცირჱ ქუე წარუგდებიედ, და გრწყილი და ტილი მოუგონებელი ადგილსა მას დასხმულ იყო

 

·                 დააკვირდით, როგორ აღწერს ავტორი ჰერეთის გარემოს.გამოირჩევა თუ არა ეს ადგილი ტექსტის სხვა მონაკვეთებისგან,რიტმული ჟღერადობით?როგორ ფიქრობ,რისთვის ჩართო ავტორმა ეს პასაჟი თხრობაში ?

 

ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი 
ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი 
სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი
 და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირ-მსივანნი და დღე-მოკლედ ცხორებულნი; 
და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ 
პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა.

 

             შენიშვნა: შუშანიკს ძაძები აცვია ,რასაც მალავს

და ვითარცა მეშჳდჱ წელი დადგებოდა, მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა 
შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ და დაუცხრომელად შრომათა მათ 
გამო დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი(ჩირქი) აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. 
და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, 
რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. 
და თქუა: „ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნ იგი მატლი უდიდჱს არს და არა
 მოკუდების“. და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე 
ვიყავ და ვტიროდე ფრიად. მრქუა მე რისხვით: „ხუცეს, რად მწუხარე ხარ? ვიდრე
 უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმა აქავე ამას 
ცხორებასა“. და მე მიუგე და ვარქუ: ძაძისა სამოსელი მცირედღა შეგერაცხაა 
საგუემელად? და აწ მატლთა მაგათთჳს მხიარულ ხარ!“. და მან მრქუა მე ქენებით: 
ნუვის თანა იტყჳ ძაძისა სამოსლისათჳს ცხორებასა ჩემსა, რამეთუ ადრე ყოფად არს
დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ. რამეთუ შინაგან ძაძაჲ ემოსა და 
არავინ იცოდა ჩემსა გარეშე, ხოლო გარეგან კაცთა თუალსა ანტიოქიისა პალეკარტი
 ემოსა.                               

 

·                 როგორ მოიხსენიებს დედოფალთან კურთხევის მისაღებად მისული ჯოჯიკი შუშანიკს,საკუთარ თავს (და ირგვლივ მყოფ ადამიანებს)?

სძალო და მჴევალო ქრისტჱსო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მომიტევნეს მე მრავალნი შეცოდებანი ჩემნი

 

·                 რა ბრალს უყენებს შუშანიკი ვარსქენს და რას მოელის იგი ტანჯვის სანაცვლოდ უფლისაგან?

  ვარსქენის დასჯას ,ხოლო თავისთვის  წყალობას  ტანჯვის სანაცვლოდ:

მაშინ ჰრქუა წმიდამან შუშანიკ: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ 
სადა-იგი არა არს თუალღებაჲ, წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა 
მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან 
სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა; მიაგოს მას 
უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა
 და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ 
ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას 
ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა მე ლხინებაჲ ვპოვო, და გუემათა და 
თრევათა მისთათჳს მე განსუენებასა მივემთხჳო, და უგულისჴმოებისა და 
უწყალოებისა მისისათჳს მე წყალობასა მოველი იესუ ქრისტჱს მიერ უფლისა ჩემისა.“

 

 

·                 როგორ გესმით დედოფლის სიყტვები: „რომრლმან წარიწყმიდოს თავი თვისი,მან პოოს იგი,რომელმან ადიდა იგი’’?

              ესე ყოველი ცხორებაჲ ვითარცა ყუავილი ველთაჲ წარმავალ არს და 
დაუდგრომელ, და ვინ სთესა - მოიმკო და ვინ განაბნია გლახაკთათჳს - შეიკრიბა, და
რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“.

                 

               „ვინც  მსხვერპლად გაიღებს თავს,იგი იპოვის ღმერთს,რომელიც თავისმხრივ განადიდებს მსხვერპლის გამღებს’’

 ხ

          ავტორი

·  „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“ ქართული მწერლობის ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ძეგლადაა აღიარებული;

·  შუა საუკუნეებში დღევანდელობისგან განსხვავებულად ესმოდათ ავტორის როლი.ერთადერთ შემოქმედად მიიჩნეოდა ღმერთი.ავტორი კი ღვთის ნების აღმსრულებლად ითვლებოდა.ამიტომ ხშირად იგი არც გვიმხელდა თავის ვინაობას.

·  ამითაც არის გამოწვეული ,რომ არ ვიცით ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების,ხუროთმოძღვრული ძეგლის ,ხატის,ფრესკისა თუ საგალობლის შემოქმედთა ვინაობა;

·  არ ვიცით პირველმა ვინ თარგმნა ბიბლიური წიგნები,ვინ ააგო მცხეთის ჯვარი,ვინ შექმნა ყინწვისის ანგელოზი,გელათის მოზაიკა,ძველი ქართული საგალობლები.

·  „შუშანიკის წამების“ ავტორის შესახებ კი საკმაო ცნობები გვაქვს;

·  ტექსტიდან ჩანს რომ მისი სახელია-იაკობი.იგი ქვემო ქართლის საპიტიახშოს კარის ეკლესიის მღვდელი და შუშანიკის სულიერი მოძღვარი ყოფილა.

·  იაკობი ნაწარმოების არა მარტო ავტორია,იგი პერსონაჟიცაა;

·  მოწამებრივი გზის დასაწყისიდან დასასრულამდე იაკობ ხუცესი მხარში უდგას შუშანიკს,ამხნევებს მას,საპყრობილეში მოინახულებს,თანაუგრძნობს,საზრდოს აწვდის,რჩევას აძლევს.

·  ნაწარმობიდან ჩანს,რომ იაკობ ხუცესი ღრმად განსწავლული პიროვნება ყოფილა.

·  თხზულება დაწერილია შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის (475 წლის 17 ოქტომბერი) შემდეგ,ვარსქენის სიცოცხლეშივე(ვარსქენი მოკლეს 482 წელს);ე.ი. 476-482 წლებში

·  „შუშანიკის წამების“ ავტორისეულ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია.მისი უძველესი ნუსხა თარიღდება მე-10 საუკუნით.

 

მე-5 საუკუნის ქართლი (ისტორიული კონტექსტი)

 

·  ჰაგიოგრაფი(იაკობ ხუცესი) რეალურად მომხდარ ამბავს ასახავს.იგი საგანგებოდ აღნიშნავს,თვითონ იყო მონაწილე  ყოველივესი.ამიტომ მისი ნაწარმოები ისტორიკოსებისთვის ძვირფასი ისტორიული წყაროა;

·  ნაწარმოებში აღწერილი მოქმედება ვითარდება დბა ცურტავში,ქვემო ქართლის საპიტიახშოს ცენტრში;

·  ცურტავი ბოლნისსა და რუსთავს შორის,მდინარეების მაშავერასა და ხრამის შესართავთან მდებარეობს;

·  ცნობილია,რომ ქვემო ქართლის პიტიახში(ვარსქენი) იმხანად ქართლის მეფეს(ვახტანგ გორგასალს),ეურჩებოდა და ძლიერ მფარველს სპარსეთში ეძებდა;

·  სპარსეთს საპტიახშოზე გავლენა ადრევე ჰქონია მოპოვებული.ვარსქენის კარზე გაშინაურებული „კაცი ერთი სპარსი“ გარკვეული უფლებებით სარგებლობს პიტიახშის სასახლეში;

·  იმჟამინდელი ქართლის საზოგადოება ფენებად არის დაყოფილი; ფეოდალურ საზოგადოებას შეადგენენ: „აზნაურნი დიდ-დიდნი“ (მაგ ვარსქენის ძმა ჯოჯიკი),“აზნაურნი“ და „უაზნონი“.“უაზნოთა შორის ნახსენები არიან მონა-მსახურნი.

·  ნაწარმოებში გვხვდება ქართველთა ყოფა-ცხოვრების შესწავლისთვის საინტერესო ცნობები;

·  ქართლის გაქრისტიანებიდან დაახლოებით საუკუნენახევარია გასული.(ცოტა დროა გასული)

·  საეკლესიო ცხოვრება წარიმართება ქრისტიანული სამყაროს აღიარებული ცენტრების(სირია,პალესტინა,ბიზანტია) მსგავსად;

·  აშენებულია ეკლესიები,სამარტვილეები,ჩამოყალიბებულია სასულიერო ფენა:მთავარეპისკოპოსი,ეპისკოპოსი,ხუცესი,დიაკვანი.

·  ფეოდალს კარის ეკლესია აქვს და ჰყავს“ეპისკოპოსი სახლისაი“.

·  მოწამე დედოფალს ხელთ აქვს სახარება,მოწამეთა წიგნები,ზეპირად იცის ფსალმუნები;

·  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა,რომ  იაკობ ხუცესის“შუშანიკის წამება“ ნასაზრდოებია ბიბლიური წიგნებით,კერძოდ ,სახარებით.ეს კი იმაზე მეტყველებს,რომ იმჟამინდელი მსმენელი,მკითხველი,მრევლი ღრმად ყოფილა გათვითცნობიერებული სახარების სიბრძნეში.სხვაგვარად შეუძლებელია,ვინაიდან მას უნდა შესძლებოდა ნაწარმოების გაგება,რომ წმინდანის მოწამებრივი ღვაწლის თანამონაწილედ ეგრძნო თავი.

·  უძველესი ძეგლი ჩვენი ლიტერატურისა არ არის მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის საკუთრება.

·  სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაცია ყოველთვის გვაძლევს ზრდის,სრულყოფის სტიმულს,მაგრამ ამასთანავე გვიქმნის დაცემის,გზიდან გადახვევის საცთურსაც.

·  1500 წელი გვაშორებს იაკობ ხუცესის ეპოქას.ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა,მაგრამ არ შეცვლილა მთავარი:სიკეთე სიკეთედ რჩება,ბოროტების გზით სიარული დღესაც სათაკილოა;მამულის,რწმენის,ეროვნული იდეალების ერთგულება მარადიულ ღირებულებებად რჩება და ადამიანს მათი მსახურებით მართებს თავისი თავის სრულყოფა.

·  თუ ასე შევხედავთ იაკობ ხუცესის ნაღვაწს,იგი დღესაც ცოცხალი იქნება.


იმსჯელე თემაზე:

იაკობ ხუცესი ,როგორც ნაწარმოების ავტორი და პერსონაჟი

მსჯელობისას შეადგინე და მოიშველიე გეგმა:

·            ვინ არის იაკობ ხუცესი და სად,რომელ ეპიზოდში ჩნდება იგი პირველად,როგორც ნაწარმოების პერსონაჟი;

·            რომელი ეპიზოდიდან ხდება ჩვენთვის ცნობილი ნაწარმოების ავტორის სახელი?

·            რა მიზანი ამოძრავებს მას შუშანიკთან პირველი დიალოგის მიხედვით?

·            იაკობი პურობის შემდეგ ნაცემ/ნაგვემ დედოფალთან(შენი კომენტარი)

·            როგორ ახასიათებს იაკობს მისი ემოცია ციხეში ნაწამები დედოფლის ნახვის შემდეგ?

·            კიდევ როდის ჩნდება იაკობი დედოფლის გვერდით?

·            რომელი ეპიზოდებიდან ჩანს შუშანიკის დამოკიდებულება იაკობისადმი ?

·            როგორია იაკობის (ამჯერად ავტორის) დამოკიდებულება სხვა პერსონაჟებისადმი(ვარსქენი,სპარსი,ჯოჯიკი დაა.შ)

·            რა არის იაკობის როგორც ჰაგიოგრაფის,მიზანი შუშანიკის ღვაწლის აღწერისას?

 

ციტატა:

„ძალის სისუსტე ისაა,რომ ძალის მეტი არაფერი სწამს“

              პოლ ვალერი  (1871-1945) ფრანგი პოეტი,ესეისტი,ფილოსოფოსი;

რა კავშირშია ეს ციტატა „შუშანიკის წამებასთან“

როდის არის ძალადობა უძლური ?

რისი მიღწევა არ შეიძლება ძალადობით ?

 ხ

მეშველი ზმნა „არს“ ძველ ქართულში

·            „არსებობის“  გამომხატველი  მთავარი ზმნა  ვარ,ხარ,არის,ვიყავი იყავი იყო ძირითადად მეშველი ზმნის როლში გვევლინება; ანუ დაერთვის რომელიმე სახელს და გამოხატავს მის არსებობას:

მეგობარი არის=მეგობარია

მიმღეობაზე დართვისას კი გამოხატავს მიმღეობით გამოხატული მოქმედების დასრულებას:

აშენებული არის=აშენებულია ან აშენებულა

 

ძველ ქართულში მეშველი ზმა არ არის შეერთებული სახელს და მიმღეობის ფუძეს,რომელიც ბრუნვის ნიშნის გარეშე არის წატმოდგენილი:

კაც არს

დიდ არს

აშენებულ  არს

 

მაგ.

„უკეთუ სულითა ცოცხალ არს იგი,ცოცხალმცა ხართ იგიცა და შენცა.უკეთუ სულითა მომკუდარ ხართ,მოკითხვაი ეგე შენი შენადვე მოიქეცინ!“

დავალება :

ამოკრიბე „შუშანიკის წამებიდან“ მეშველზმნიანი ფორმები და გადმოეცი ისინი ახალი ქართულით;

 

 

კავშირები ძველ ქართულში

·            კავშირების ნაწილი ისეთივეა ძველ ქართულში,როგორიც ახალში(მაგ. და,თუ,ხოლო,არამედ,რომ...)

·            ზოგი განსხვავდება ფორმითაც და შინაარსითაც

რაითა ან რაითამცა-იგივეა,რაც რათა,რისთვისაც:

„ზრახვა-ყო,რაითა აუწყოს და წინა მიეგებნენ მას აზნაურნი და მისი ძენი“.

გარნა-მხოლოდ ან ხოლო  

„ცოცხალი არღარა გამოსლვად ხარ,გარნა თუ ოთხთა გამოგიღონ.’’

რამეთუ-რადგან ან რომ

„ნუ რას ფიცხელსა სიტყვასა ეტყვი მას,რამეთუ დედათა ბუნებაი იწრო არს“

უკეთუ-  თუკი

უკეთუ არა მოხვიდე შინა,ჩორდ წარგცე შენ...“

 

დაღათუ-თუნდაც

დაღათუ ბევრეული ოქროისა და ვერცხლისაი მომცენ მე.. ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა.’’

 

ვითარმედ-რომ

„მეგონა მე,ვითარმედ იგი ჩემდა მოვაქციო.“

ნუუკუე-ნუთუ,შიძლება, რომ არ..

ეკრძალე საწმუნოებასა ქრისტეისსა,ნუუკუე მტერმან,ვითარცა სრსვილმან,საძოვარი პოს შენ თანა !

 

დავალება:

დაძებნე ტექსტში და ამოწერე შესაბამისი კავშირების შემცვველი წინადადებები

 

 

ნაცვალსახელი ნაწილაკის როლში

 

·        ძველ ქართულში ჩვენებითი ნაცვალსახელები: ესე ,ეგე,იგი არტიკლის ფუნქციას ასრულებდა;

 

კაცი ერთი(კაცი ვინმე) ნიშნავდა: „ვიღაც კაცი“ (განუსაზღვრელი არტიკლი)

კაცი იგი (ესე,ეგე)-ნიშნავდა „ის კაცი“(განსაზვრული არტიკლი)

 

·        როდესაც  ესე ,ეგე,იგი ნაცვალსახელს ან ზმნიზედას დაერთოდა(ამგვარ დართვას დეფისით აღნიშნავდნენ) ,ის - ნაწილაკის ფუნქციას ასრულებდა:

რომელი-იგი= რომელიც

ვითარცა-ესე=როგორც

 

„მოშიში ღმრთისაი,ვითარცა-იგი ვთქუთ,სიყრმითგან თუისით“

რომემელნი-ესე ვართ ყურესა ამა ქუეყნისასა..’’

 

 

დავალება: მოძებნე ტექსტში მაგალითები სადაც ჩვენებითი ნაცვალსახელები: ესე ,ეგე,იგი  -ც ნაწილაკის როლში არიან

 

 

ძველ ქართულში კითხვას თავისი ნიშანი ჰქონდა

 

·        დღეს კითხვას ინტონაციით გადმოვცემთ,სხვა მხრივ კითხვითი წინადადება თხრობითი წინადადებისგან არაფრით განსხვავდება

·        ძველ ქართულში კი ასე არ იყო; კითხვას ძველ ქართულში დაბოლოება -ა გადმოსცემს;

 

მაგ.

‘’-იაკობი მანდა არს?’’

-„მტკიცედ სდგა?“

 

დავალება :   მოძებნე ტექსტში მსგავსი მაგალითები

 

„რაითა“ და“რაითამცა“

 

რათა,რისთვისაც

 

რაითა განაწესოს

რაითამცა განაწესა

 

რაითა-ს კავშირებითი კილოს მწკრივები შეეწყობა

რაითამცა-ს  თხრობითი კილოს მწკრივები

 

გაიხსენე ზმნის კილო

 

დავალება: დაძებნე ტექსტში რაითა-ს და რაითამცა-ს შემცველი

წინადადებები;

 

 

 

ხანმეტობა

 

მეცნიერებმა დადგინეს რომ „შუშანიკის წამების“ პირვანდელი ტექსტი ხანმეტი უნდა ყოფილიყო;

 

ხანმეტი ნიშნავს   ხ თავსართის გამოყენებას მე-2 სუბიექტური პირის და მე-3 ობიექტური პირის ნიშნებად ზმნებში;

 

მე-2 სუბიექტური: ხ-წერ;ხ-აკეტებ;ხ-ცემ

მე-3 ობიექტური: ხ-წერს;ხ-რქუა;

აგრეთვე ვნებითები: ხ-იყო;ხ-იქმნა;

ზედსართავების აღმატებითი ხარისხები:ხ-უდიდესი;ხ-უმაღლესი;ხ-უფროისი;ხ-უცეის/ხუცესი

 

ხუცესი-თავდაპირვლად უხუცესს აღნიშნავდა შუშანიკის ეპოქაში კი უკვე მღვდელს აღნიშნავს

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები