პლატონ სამანიშვილის სახე

 



1896 წელს დაწერილ  მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი’’ დავით კლდიაშვილი გვიხატავს  გაგლეხებული იმერელი აზნაურის  პორტრეტს,რომელიც საკუთარ ლუკმას  იცავს;

მოთხრობის ეპიზოდებში  პლატონ სამანიშვილი თანდათან კარგავს ადამიანის სახეს და შეუბრალებელ  მხეცამდე დეგრადირებს.

თავიდან მწერალი  პლატონს   გვაცნობს როგორც  ერთადერთ მემკვიდრეს,რომელიც
 მამამისს „გამოულეველი სარჩოთი“ და „ღონიერი ლუკმით“ტრაბახს არ უშლის . 
როცა მისი მიწიერი  მამა ტრაბახს იწყებს ,შვილი გულითად მადლობას უცხადებს 
ზეციერ მამას ,რადგან შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში   
ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო!“-პლატონის  ჩვეული 
წამოძახილია ;
 

პლატონი  ადამიანის ის ტიპია რომელიც  ცოტაზედაც კმაყოფილია,მცირედითაც  ბედნიერია;ის გულმოდგინედ ურტყამს თოხს მიწას(გაგლეხებული აზნაურია),თავს მშვიდად და  ბედნიერად გრძნობს,რადგან  მინიმუმამდე დაყვანილი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს.(მასლოუს პირამიდის პირველი საფეხური)

 

პლატონი ცოლშვილიანია,4 შვილი ჰყავს,მაგრამ  არ უხარია  :

 თუ რამ საწყენად ჰქონდა ამ ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის მელანოს ხშირი შვილოსნობა

არც პლატონს ჰქონდა სასიამოვნოდ, რასაკვირველია, ბევრი შვილი, მაგრამ რას იზამდა, მხოლოდ თავს გააქნევდა, როცა მათ თვალს გადაავლებდა ხოლმე.

 პლატონი ადამიანთა გამრავლებას პრობლემად მიიჩნევს(ისე,როგორც თანამედროვე გლობალისტები ,რომლებიც ერთსქესიან ქორწინებას უწევენ პროპაგანდას).პლატონი გაჭირვებიდან და სიღარიბიდან  გამოსავალს ღარიბი მოსახლეობის ფიზიკურად შემცირებაში ხედავს,ალბათ ომით:

- ცუდი დრო მოვიდა, ბატონო, ერთობ ცუდი დრო!.. ხალხიც მომრავლდა... ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე მაინც ქვეყანა, თვარა...

 დედის გარდაცვალება პლატონისთვის  უბედურების და დეგრადაციის  დასწყისი ხდება.პლატონს დედინაცვლის შიში(ფობია) უჩნდება.

 „ბეკინა მეტად ჭარმაგი მოხუცებული იყო და ამის გამო საშიშარი იყო, 
უცნაური სურვილი მეორე ცოლის შერთვისა გულში არ გავლებოდა. 
დედინაცვლის დანახვის შიში და დედინაცვალთანთან-მომყოლისა
 თავზარსა სცემდა აქამდის გულდამშვიდებით მცხოვრებელ აზნაურს. 
აი, მაშინ იქნებოდა სწორედძმა ძმისთვისო - შავი დღისთვისო”. 
 
არსებული სტატუს კვოს დაკარგვის შიშმა პლატონს(მოთხრობის გმირს 
ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სახელი ჰქვია)  მოაფიქრებინა ასეთი ტაქტიკა:
 
ცოლმაც და ქმარმაც გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა; 
ორივენი გაფაციცებით თავს დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და 
თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის 
სურვილსა და საწადელს მისაგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე 
აესრულებინათ. ერთი სიტყვით, პლატონიც და მელანოც დღედაღამ 
იმის მეცადინეობაში იყვნენ, რომ მოხუცებულის გული მოეგოთ და თავიანთი 
თავი შეეყვარებინათ, რაც შეიძლებოდა, მეტად.
 

პლატონი ამ ეტაპზე ბეკინას   წინააღმდეგობას ვერ უწევს.ბეკინა ალფა მამრია მათ ოჯახში.

თქვენისთანა ახალგაზრდებს კიდევ ერთ ათს ერთად ვაჯობებ ჯანითაც,
 სიმრთელითაც, შეხედულებითაც და ვაჟკაცობითაც!.“-აცხადებს ბეკინა

 

შექმნილის ვითარებიდან გამომდინარე პლატონმა განსაზღვრა თავისი  ამოცანა-
ეს ამოცანა  სტატუს კვოს შენარჩუნებაა:
 
საჭირო იყო ისეთი რამ ხერხის ხმარება, რომ ბეკინას გულის წადილის 
ასრულებასთან, პლატონი იმედიანად ყოფილიყო, რომ თავის მიწის 
ორიოდე ნაფლეთი უკლებლად შერჩენოდა და დღესაც 
მის გასაძღომად ძლივს საკმარისი ლუკმა ორად არ გაჰყოფოდა. 
 
 
პლატონი გამალებული ფიქრობს მეთოდზე რითაც შეინარჩუნებს 
არსებულ მდგომარეობას:
 
დევიღუპე... წმინდად დევიღუპე! - იძახოდა პლატონი. - წმინდად დევიღუპე, 
თუ რამე არ ვისაშველე, რამე არ ვიღონე!.. 
 
გამწარებული ყმაწვილი კაცის გულში ცეცხლი ტრიალებდა, მისი ტვინი 
წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა, 
ძმურადარ გაჰყოფოდა მისისიმდიდრე”, რომ ახლანდელ
 მწირ ლუკმაზე შეჩვეულ კუჭს უფრო დამცირებულ ლუკმაზე შეჩვევა
 არ დასჭირვებოდა. 
 
- იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე...  ოხერი თავი აღარ მუშაობს!..
 ბრუ მესხმის მხოლოდ... - გამწარებით ეტყოდა ხოლმე პლატონი ცოლს. 
 
და ... პლატონმა მოიფიქრა გამოსავალი   ბეკინას საცოლე უნდა ყოფილიყო:
 
 ქვრივი... ორნაქმარები!
 
ქართული ანდაზაა: გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას განახვებო. 
პლატონ სამანიშვილი ქართველი კაცი იყო და ამასთან აზნაური. 

 

- ორნაქმარები დედაკაცი რაღა იმედია? 
 
- რა იმედია და აი, მოგახსენებ... შენ ცოლი გინდა. მე კი მინდა, რომ მამულის 
გამყოფელი არ დეინახოს ჩემმა თვალებმა... თვითონ ამბობ, ყმაწვილი ქალი არ მინდაო... 
მოგინახავ სწორედ რიგიან ქალს, რომ ვერავინ დაგვცინოს, შენ ნუ მომიკვდები. 
ორნაქმარებს იმიტომ გეუბნები, რომ ქვრივებში ამოვარჩევ, გამოვნახავ იმისთანას, რომ ორ
 ქმარს ჰყოლოდეს და არც ერთთან შვილი არ მიცემოდეს... ორივე ქმრის ხელში რომ 
უშვილო დარჩენილიყოს... ამისთანა დედაკაცი სწორედ საიმედო იქნება 
შვილის უყოლობაზე... თუ ორ ქმართან შვილი არ მიცემია, შენთან რაღა ღმერთი 
გაუწყრება... ამრიგად, შენც მოსვენებული იქნები, მეც იმედიანად ვიქნები და 
ვიცხოვრებთ ისე, რავარც გვიცხოვრია... ამ ჩვენს წუთისოფელს ჩვენს წესზე ამგვარადვე
 გავატარებთ და ჩვენს მერმე რაც იქნება, ის ღმერთმა იცის და ჩვენმა მომავალმა!.. 
ესაა ჩემი თხოვნა... შენ არაფერი გაკლდება და ჩემთვის კი ისეთი საქმე იქნება, 
თუგინდ ჩემი მამულის ნახევარი ხელახლა შემეძინოს... მაინც ამით თუ შევინარჩუნებ, 
თვარა სხვა რა ძალა მაქვს, რა ღონე შემწევს? ამიტომ გთხოვ, მომანდო ეგ საქმე, 
მაშვალს თავი დაანებო... შრომა მე შემხვდება, მართალია, მარა რავა დევერიდები?! 
უხეირო ქალს არ შემოვიყვან ოჯახში, ამაში პატიოსან სიტყვას გაძლევ! 
 
ბეკინამ აცალა შვილს ეთქვა თავისი სათქმელი და ყურადღებით მოისმინა მისი სიტყვა.
 მას ახლა კიდევაც ეცინებოდა პლატონის ნალაპარაკევზე და უკვირდა, ეს რა მოიგონა
 ამ კაცმაო.
 
 
 
პლატონი ითანხმებს ბეკინას და ღებულობს მაშვლობის ნებართვას:
 
ისიც კარგი იყო მისთვის, რომ მამა ამ უკანასკნელ თხოვნაზე დაიყოლია და ამით
 იმედი ეძლეოდა, განსაცდელი თავიდან აეცილებინა. ახლა საჭირო იყო მხოლოდ ნაფიქრი
 საქმის ასრულება; საჭირო იყო მოენახა მისი მხსნელი ორნაქმარევი, უშვილო ქალი, რომ 
ქმრებთან სამ-სამი წელიწადი მაინც ნამყოფი ყოფილიყო, რომ არც ბებერი ყოფილიყო
 მაინცდამაინც და არც მახინჯი; განსაკუთრებით უშვილობაზე საიმედო ყოფილიყო. 
 
მაშვლობა- პლატონის  მცდელობაა თავიდან აიცილოს კონკურენტის გაჩენა.
პლატონი უნდოა.პლატონი ვერავის  ენდობა, ამიტომ თავად უწევს მაშვლობა და სადედინაცვლოს
 ძებნა ძალზე რთული კრიტერიუმებით;
 
შენ რავა მაშვლობ მერე? შენს საწინააღმდეგო საქმეში უწყობ ხელს?
 
-აბა, რა უნდა ქნა, მეტი გზა რომ არ გექნება, ჩემო საყვარელო ძმაო? ბევრი ვეხვეწე, ბევრი 
ვეწინააღმდეგე, მარა არაფერი გამეწყო, ვერაფერი შევასმინე! კარგი შვილი ხარო და ღმერთი 
არ ჩაგაგდებს გასაჭირშიო, ყოველ უბედურებას აგაშორებსო, დოუჯინია და, ვინ იცის, მის
 სიტყვაზედ იქნება თუ არა, ასე მოწყალებით გადმომხედოს ღმერთმა, - ეგებ დაჯილდოვების 
მაგიერად, კიდეც მიწყრებოდეს, რაზედ ინახავ მაგისთანა გამსუნაგებულ კაცსაო, - და ამის 
გაგებამდი ვითომ მე დავაპირე ჩემის მეცადინეობით ავიცილო თავიდან მოახლოებული 
უბედურება... ისე თვალები უბრმავდებათ მაგ უხეიროებს, არ უნდათ შეხედონ, რომ ერთი
 ქალის მონაშენს არ ყოფნის ოჯახის ქონება, ორი ქალისას რა უნდა ყოს!
 
 
პლატონი იწყებს სადედინაცვლოს ძებნას
 
დატრიალდნენ ორივე ცოლ-ქმარი. დღედაღამ მხოლოდ იმით იყვნენ გართულნი, რომ 
ეგებ თავიანთ ნაცნობებში მოეგონათ რომელიმე უშვილო ქვრივი დედაკაცი, მათი
 სასურველი, მათთვის სანატრელი, სადედინაცვლოდ გამოსადეგი არსება. 
 

 

პლატონს ცხენი არ ჰყავს(უცხენო აზნაურია)
 
პლატონმა იცის რომ ცხენის არ ყოლა აზნაური კაცისთვი სირცხვილია .გამოსავალი აქაც
 ნაპოვნია ესაა , ნათხოვარითეძოებამობუსკული“, „ძალზე გამხდარი, ზურგდაშავებული 
ცხენი 
 
ფეხ-ფეხა მივყვები, ბატონო, ფეხ-ფეხა მივყვები!.. სირცხვილისათვის მიმყავს, თვარა რა!.. 
 
ბეკინას აზრი პლატონზე
 
არაფერია... არაფერი... პლატონი მარჯვე კაცია... მოხერხებულია, იმას არაფერი
 გოუჭირდება! - ჩაიცინა ბეკინამ და იქით დაიწყო ცქერა, საითაც ის იყო პლატონი
 გზას დაადგა. 
 
- რას ცუღლუტობ, შე კაი კაცო?! - თვალი თვალში გაუყარა ბეკინამ. - რას ცუღლუტობ,
 ვაჟბატონო? 
 
 
პლატონი და ჯაგლაგი.
ჯინაზე დამდგარი ბეკინა და ჯინაზე დამდგარი ჯაგლაგი პლატონისთვის თითქმის 
ერთი და იგივეა:
 
- შენც ჯინაზე მიდგები, შე ოხერო? - გააჩერა მან ცხენი და გულმოსული 
მოაჯდა ზურგზე, გადაჰკრა წკეპლა და ფერდებგამობზეკილი ცხენი აძუნძულდა.
 - შენ მაინც მოგერევი, სხვასთან თუ ვერაფერი გავაწყვე!.. კიდევ დამიდგები ჯინაზე?! 
- და მან შეუბრალებლად გადუჭირა და გადუჭირა წკნელი, მაგრამ პლატონის 
გასაჯავრებლად და თითქოს მისი დაქადნების გასამტყუნებლად ამ გახრეკილმა 
პირუტყვმაც მალე იძულებული გაჰხადა მხედარი ხელახლა ჩამოექვეითებინა.
 ამგვარის დაჯაბნებით ყველასაგან გულდამწვარმა პლატონმა გაიგდო წინ ეს გახრეკილი
 პირუტყვი და, უკან ფეხდაფეხ მიმყოლი, გრძელი წკეპლის ცემით მიერეკებოდა 
ჯახრაკ ცხენს. 
 
 
პლატონს მოხუცები შეჯავრდა:
 
ჰეი, თქვენი, თქვენი!.. - თავისათვის წაიდუდუნა პლატონმა. მას ახლა ყოველი 
მოხუცებული კაცის დანახვა ეჯავრებოდა თავის მამის გამო. ‘’
 
 
 
პლატონს  სუსტის და დაუცველის დაჩაგვრა შეუძლია:
 
„ამ კაცმა თავის თავმოყვარეობის დაცვა ამჯობინა მის შებრალებას და სიძის 
ჭიშკრამდის ამხედრებული მივიდა.
 
- შენ მაინც მოგერევი, სხვასთან თუ ვერაფერი გავაწყვე!..კიდევ დამიდგები ჯინაზე?!
 - და მან შეუბრალებლად გადუჭირა და გადუჭირა წკნელი,
 
 
პლატონის აზრი ბეკინაზე :
 
„ტყვილა წუხარ მაგას, ჩემო დარიკო... ჩვენ აღარავის ვახსოვართ, ჩემო დაო!
 
მამაშენი რომ მწუხარეა, ისე ყოველი ჩვენი კეთილი შეაწუხოს ღმერთმა!.. რას ამბობ, 
მწუხარე კი არა, საქორწილოდ ემზადება ის კაცი! - გაიცინა პლატონმა.
 
 
-იმას აღარც დედაშენი ახსოვს, აღარც მკვდარი და აღარც ცოცხალი ვინმე!..
 
-პლატონ, პლატონ! ძმაო!..
 
-აგერ ნახავ!.. საქმე გადაწყვეტილია!  „

 

შენიშვნა :ცოცხალში პლატონი  საკუთარ თავს გულისხმობს

პლატონი კარგად არ იცნობს საკუთარ ბუნებას
 
„შვილი რომ ეყოლოს? სეირი არ იქნება? რას იზამ მაშინ, პლატონ? ხა, ხა, ხა! - ხარხარებდა კირილე.
 
-რავა ეყოლება... ორ კაცთან ქალი უშვილო ყოფილიყვეს,  მამაჩემი რაღა განსხვავებულ 
კაცად უნდა გამოჩნდეს ვითომ?!
 
-კი, მარა ეს მითხარი, ვთქვათ, ეყოლა ახლა, რას იზამ მაშინ, ? - არ ეშვებოდა კირილე.
 
-რა ვიცი, რას ვიზამ... ახლა რავა გითხრა? რა ვიცი, რომ გავმწარდები, რას მეტყვის გუნება...
 
-მაინც, მაინც?..
 
-რა არი ახლა ასეთი სულელური ჩაცივება?! - შეუტია კირილეს დარიკომ.
 
-რაც მერე იქნება, ის ღმერთმა იცის, - დაუბრუნდა გაწყვეტილ სიტყვას პლატონი
 
 
 
პლატონს არ სურს შარიანი სიძის ჩართვა სადედინაცვლოს ძებნის დელიკატურ საქმეში:
 
„შენი ნებაა... - მიუგო მან, თუმცა გუნებაში ძალიან სწყინდა კირილეს დაჯინება.
 
მან კარგად იცოდა კირილეს ხასიათი და მასთან მგზავრობა, ისინიც ამნაირ საქმეზე, მეტად 
საფრთხილო იყო. რასაკვირველია, იგი სასეირნოდ მიდიოდა, როგორც თვითონ თქვა, და ამასთან
 ყველგან ტყუილუბრალოდ მუდამ ჩხუბის ამტეხი კირილე სწორედ ხელშემშლელად თუ
 წაჰყვებოდა, თორემ საქმეში შემწედ არა. პლატონს არ ეგონა, თუ ასე აიჟინებდა მასთან 
მგზავრობას მისი სიძე, თორემ ასე არ დაიწყებდა ლაპარაკს.
 
 
 
პლატონს დედინაცვლის ძებნა გაუხმაურებლად სურს,რადგან კრიტერიუმები რითაც ეძებს 
იცის რომ დასაცინია:
 
„და თუ გინდა, პლატონ, - დაიწყო კირილემ სიცილით, აგერ ახლოს ერთი კაი 
აზნაურიშვილი მოკვდა და ზეგ ასვენებენ, ხომ იცი, სატირალში რამდენი ქვრივი 
დედაკაცია მიმსვლელი... მივიდეთ იქ, დავდგები ისეთ ადგილას, რომ ერთი 
შეხნიერებული დედაკაცი ვერ გამომეპარება შეუმჩნეველი... ყველას ამბავს ვიკითხავ... 
ეგებ იქაც ვნახოთ შენი ორნაქმარები უშვილო... ეგ უფრო ადვილიც იქნება და 
საჩქაროც... , რას იტყვი შენ?
 
შე კაცო, ასე გამოსაქვეყნებლად კი არ მინდა ეგ საქმე! - ღიმილით მიუგო პლატონმა.
 
 
 
 
პლატონი ცოტა არ იყოს შურიანიცაა:
 
„ჰეი, ჰეი, ნეტავი შენისთანა ხასიათის მქონე კაცს! - უნებურად წამოიძახა ოთახში მარტოდ
 დარჩენილმა პლატონმა. - ყველაფერი ჩალად უღირს... თავის ქეიფს მისდევს... ან კი რა უჭირს?
 ჯერ კიდევ ეყოფა მამის დანატოვარი... ჩემისთანამ იკითხოს, ჰეეეი! - ამოიოხრა პლატონმა, 
შეიხსნა ქამარი, გაიხსნა ჩოხა და მიწვა იქვე კედელთან მდგარ ტახტზე.
 
 
 
პლატონი მაამებელია .პლატონი და „ჭკვიანი კაცი ‘’ გვერდევანიძე:
 
„პლატონმა ახლა იცნო, ვინც იყო ეს ჩასუქებული, წვერებმოპარსული, კაზიროკ-ქუდიანი, 
ქოლგით იღლიის ქვეშ, წითური სახის კაცი და იმიტომაც დაატანა თავის პასუხს: 
ბატონო; იგი იყო იმ კუთხეში ცნობილი, სახელის მქონე აზნაური ივანე გვერდევანიძე, 
სოფლის ადვოკატი. 
 
- ასე კარგია ჭკვიანი კაცის ორიოდე სიტყვაც! - გუნებაში ხალისიანად ამბობდა ძუნძულით 
მიმყოლი პლატონი. - ყოველთვის სასარგებლო რამეს გეიგონებ, მიხვდები!..’’ 
 
„მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ისე ფეხს რავა მოუკრავს ადამიანს ღმერთი, რომ არავინ 
შეგხვდეთ კიდევ?! - საამებლად გააყოლა გვერდევანიძეს სიტყვა პლატონმა და მერე თავის 
გზაზე გადაუხვია.’’
 
-ასე კარგია კაი კაცის შეხვთომა! - ამბობდა გუნებაში პლატონი. - ჰა, ქვედურეთში,
 ბრეგაძეებისას... სამი ძმა ყოფილა... გამოვიკითხავ და, თუ რიგიანი ვინმეა... 
გვერდევანიძის ნათესავია. მარა ეგებ ვინმე ოხერი გვარიშვილის იყვენ... ყველაფერს 
გევიგებ... ეს ხომ გულში მეყოლება, თუ დარიკომ სხვასთან ვისთანმე არ მიმასწავლა...’’
 
 
 
„-იმ ამოსაგდებ გვერდევანიძის ნაწყალობებია მაგი ამბავი! ამოაგდო მისი ოჯახი ჩემმა 
გამჩენმა... აინც ამოსაგდებია, რაც ის ბოროტებას სთესავს!.. რა მეშველება ახლა? 
- შეწუხებით წარმოსთქვა პლატონმა, - ახალი ჭირი არ ევიტეხე?! 
(როცა პირადად დაზარალდება და გაიგებს,რომ მის ცხენს ზურგი აქვს „გადაშვლეპილი“)’’
 
 
 
ცალკე აღსანიშნავია  პლატონი და  „რას იტყვის ხალხი?“:
 
პლატონის ნაირ ტიპებზე  ზედგამოჭრილია ანდაზა „არაგიშავსრა თუ არა გიჩანსრა’’
 
მაგ. პლატონს შეუძლია დაუპატიჟებელი წავიდეს ქორწილში თუ მისცემენ 
გაუთქმელობის გარანტიას:
 
„რა განაღვლებს, კაცო, მასპინძლის მეტს ხომ არავის ეცოდინება, დაპატიჟებული
 ხარ თუ არა, მასპინძელთან კი, გეუბნები, მე ვიცი!..
 
პლატონს სხვების დასანახად  მხედრად მოაქვს თავი: 
 
„არ დოუვარდეს გზაში, შე ქალო! - გაიცინა მოხუცებულმა. 
 
- სხვის შესახედავად წეიყვანა, ბატონო... სასირცხვილ-სანამუსოდ,
 თვარა სხვებრ რას არგია! 
 

 

 

როცა ყველაფერი რიგზე ჰგონია  პლატონსაც  უყვარს ქეიფი და  მოლხენა:
 
ცოტა ხნის შემდეგ იგი შეუერთდა საზოგადო აფუცფუცებულებას, თავისუფლად
 გრძნობდა თავს და მზად იყო მოსალხენად.
 
პლატონს სრულიად გადაავიწყდა თავისი საძებარი უშვილო და ორნაქმარები 
სადედინაცვლო, მამა ბეკინაც, ყოველივე დარდები და გაშლილი გულით ამ საზოგადო
 ხალისიანობას მისცა თავი. ახლა მოწყურებული კაცივით უნდოდა მხოლოდ გული ეჯერა
 და დღევანდელ გასართობს დასწაფებოდა. სხვებთან ერთად იგი ცხენით წაჰყვა 
დედოფალს ეკლესიამდის და იქიდან ყურთწამღები მაყრულით გამოჰყვა ახლად 
ჯვარდაწერილებს. გრძელ ფანჩატურში მთელი ღამე მისი სიმღერა არ შეწყვეტილა.
 მოხუცებულმა შაფათაძემ განსაკუთრებული მადლობაც უძღვნა ლატონს 
მოლხენისათვის.
 
- არისტო, პლატონ, აბა, ჰე, აბა, ჰე! - უძახოდა მათი მოლხენით ნასიამოვნები ჯიმშერი.
 - არიქა, პლატონ... ჩემს პლატონს სიცოცხლე და დღეგრძელობა და ყოველივე სიკეთე!
 - მიაძახა მან, გადაისვა ტუჩებზე ხელსახოცი და წამომდგარმა გაუშვირა ყანწი. 
- მოდი, ერთი მაგ შენ ლამაზ წვერებში გაკოცო!
 
პლატონი წამოვარდა, მივარდა ჯიმშერთან, გადაეხვია მოხუცებულს, მხურვალედ აკოცა 
გულში და იქვე ღვინით ავსილი სასასმო სულდაუთქმელად გამოცალა“
 
 

 

სიმთვრალეში პლატონს ჩხუბიც ცოდნია
 
აი და პლატონ!.. მტერს მოხვდა შენი მუშტი. ერთი მეც მომხვდა შეცდომით... 
აქამდისინ არ ვიცოდი, თუ მაგისთანა მწარე ხელის პატრონი იყავი... იცოცხლე, 
იმათ დღეს გვერდები აყვებოდათ... ხა, ხა, ხა! - ისე ხალისიანად ამბობდა ამას და 
თან იცინოდა კირილე, რომ უამისოდაც გაჯავრებულ პლატონს ამით მხოლოდ ჯავრი 
ემატებოდა უფრო.
 

 

პლატონის აზრი საკუთარ თავზე ,კირილეზე და  ბეკინაზე ქორწილში ჩხუბის შემდეგ :
 
ახსოვდა, რომ ჩხუბი მოუხდათ, მაგრამ დაწვრილებით არაფერი აგონდებოდა, 
- იმდენად მთვრალი იყო იმ დროს. ახლა კი გული მოსდიოდა, ბრაზი ერეოდა, რომ 
ამ გადარეულ კაცს დაუჯერა, მის სიტყვას აჰყვა და ამნაირი სამარცხვინო ამბავი შეემთხვა. 
რა იყო ამ უცნობ ოჯახში დაუპატიჟებლად ქორწილში მისვლა, ჩხუბი, აყალმაყალი!.. 
მათი ასე გამოგდება ეზოს გადმოღმა! აბა, ამ სრულიად უცნობ სახლში, ნაჩხუბართ, 
ნაცემ-ნატყეპთ რა უნდოდათ?!
 
-მე ოხრიშვილს, რა მრჯიდა ქორწილში სასიარულოდ?.. რა მექორწილებოდა?! 
საქმე არ მქონდა მე უპატრონოს, თუ?! ჰმ! თავი რაზე შევირცხვინე?.. სალაპარაკოდ რავა
 მივეცი ჩემი თავი ამ სულელთან იმდენ ხალხს!.. რავა არ უნდა მომკლას ჩემმა პატრონმა?
 რავა არ უნდა მომკლას? რავა ვარ შესაბრალებელი!.. რაზე ვიმდურები ჩემისთანა 
ოხერი მამის შეუბრალებლობისათვის?! - და ჯავრშემოწოლილი პლატონი ხან დაჯდებოდა
, ხან მოუსვენრად დადიოდა ოთახში;

 

 

პლატონი სიძემ საჯაროდ შეარცხვინა(მეორედ) 
 
ძალიან არ წუხს?! ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა
 შეწუხება მიჰყენებია... დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია, გეგულებოდეს სადმე უშვილო 
დედაბერი და ამ ყმაწვილს ეგებ გული დოუშოშმინო!..
 
პლატონი გაშრა, სირცხვილისაგან ცოცხლებში აღარ ერია. მზად იყო იქვე გაეგორებინა ეს 
გალეშილი კაცი, რომელსაც აღარც კი ესმოდა არაფერი ამ ქვეყნისა, რომელიც სრულს გონებაზე
 აღარ იყო და რომლისგანაც ამდენი ვაივაგლახი გადახდა სულ მცირე ხანში. მაგრამ შეიკავა თავი, 
რაღაც წაიბუტბუტა, აივანზე გავიდა და რიკულს მიეყრდნო გაწიწმატებული.’’
 
 
პლატონმა ცხენი სიკვდილს გადაარჩინა ,მაგრამ თავადაც გადასრჩენი გახდა:
 
- რა ღმერთი გიწყრება, კირილე?.. რა ღმერთი გიწყრება?! ასეთი გადარევა იქნება?!
 
-არ მოხვალ?
 
-სად უნდა წამოვიდე, ყმაწვილო?
 
-არა?! - იყვირა კირილემ, მიატრიალა ცხენი და ხმალამოღებული შურდულივით გაექანა პლატონის ცხენისაკენ.
 
-მოჰკლა ცხენი, ცხენი მოჰკლა! - იყვირეს აივანზე და უსათუოდ ცხენი საზარლად დაიჭრებოდა, რომ აივნიდან 
ჩამოქანებულ პლატონს ქვა არ ესროლა ცხენისათვის და მისი დამფრთხალი ცხენი გვერდზე არ გამხტარიყო.
 მაგიერად ღონივრად მოქნეულმა და ცხენს დაცილებულმა ხმალმა მთვრალი კირილე მარჯვნივ ისე გადაიტანა, 
რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და მიწაზე მძიმედ დაეცა.
 
კირილე კინაღამ ხმალს წამოეგო. შეიქნა ერთი წივილ-კივილი. ყველა იმისკენ მირბოდა და მათ წინ კიდევ პლატონი.
 
- მიშველეთ, მიშველეთ! - გამოვარდა და მისკენ გაექანა ხნიერი ქალი, რომელსაც უკან ვერიჩკა მისდევდა.
 
კირილე კი წამოდგა ზეზე, აიღო ხმალი და პლატონისაკენ წამოვიდა დასარტყმელად, მაგრამ პლატონს წინ ჩამოუდგა 
ერთი ყმაწვილთაგანი, სწვდა ხელში კირილეს და ჩააგებინა ქარქაშში ხმალი.
 
 
 
პლატონი ნანობს  შარიანი სიძის აყოლას ,მაგრამ თანაგრძნობას არ იწვევს.
 
პლატონი ამქვეყნად აღარ იყო ჯავრით.
 
-რატომ მკვდარი არა ვარ ახლა... რაზედ ფეხები არ მომტყდა და მაგას წამოვყევი? - გაიძახოდა საცოდავი.
 
 
-რა ვუყოთ, ბიძიკო... შენი რა ბრალია... მაგ შეჩვენებულმა ასე იცის ყოველთვის!.. მადლობა ღმერთს, რომ 
ასე ადვილად მოვრჩით კიდევ! - გაიცინა ჯიმშერმა.
 
-თქვენ ნუ მომიკვდებით, რაც მე ამ ორ დღეში გადამხდა მაგისაგან, არ ვიცი, თუ როდისმე კაცს ამდენი გასაჭირი ენახოს
 ერთი კაცის მიზეზით... - ნაღვლიანად ამბობდა პლატონი და მოჰყვა, რაც ამბავი მოუვიდა შაფათაძისას, კირილე 
რანაირად დათვრა გზაზე დუქანში, საიდანაც ძლივსძლივობით წამოიყვანა აქეთ. ეს კაცი, რომელსაც წინანდელი 
მწუხარებაც ეყოფოდა, ამ ახლად გადახდილი უსიამოვნების შემდეგ, მეტად გამწარებული იყო. ამიტომ ისეთნაირი
 კილოთი ლაპარაკობდა, სწორედ შეეცოდებოდა კაცს, რომ თვით ამბავი სასაცილო არ ყოფილიყო
 
 
 
 
კირილესგან დემორალიზებული პლატონი აპირებს დაწყებულ საქმეს თავი მიანებოს :
 
პლატონი კიდევ დიდხანს იყო უგუნებოდ, მარტოდ მჯდომი ზალის კუთხეში, პატარა რგვალ მაგიდასთან, ჩაით წინ
 და ჯერ კიდევ ვერ დაეწყნარებინა თავისი გული. რარიგად არ ლანძღავდა და აგინებდა თავისთავს, რომ გადარეულ 
კაცთან მგზავრობა არ დაიშალა და ამდენი უსიამოვნება და გაწვალება გამოიარა... გაწვალება 
გაწვალება იყო, მაგრამ მას უფრო სირცხვილი ჰკლავდა, იმ წყეულმა რომ მთელ 
საზოგადოებაში წამოიძახა და მისი საიდუმლო გაამჟღავნა. რასაკვირველია, ახლა 
სამასხროდ იქნებოდა აგდებული ამ ყმაწვილებისაგან, რომელნიც დილიდან საღამომდის 
მხოლოდ იმით არიან გართულნი, რომ საოხუნჯო, სასაცილო და სამასხრო საგანი რამ ან
 მოიგონონ, ან შეამჩნიონ ვისმე. ამაზე იკლავდა თავს პლატონი და იმნაირ გუნებაზე 
დადგა, რომ მზად იყო ხელი აეღო თავის განზრახვაზე, მიეტოვებინა თავისი საქმე, 
ამწამსვე უკან გაბრუნებულიყო სახლში, თავი მიენებებინა ყოველივესათვის და 
დაე, რაც უნდა ის მომხდარიყო.
 

 

არისტო ქვაშავიძის აზრი პლატონზე
 
 
თქვენ ძმა გყავთ?
 
-არა!
 
-და?
 
-გათხოვილი!
 
-კაი დაგემართოსთ! ბედნიერი კაცი შენ ყოფილხარ!.. ახლა დედინაცვალს ეძებ, 
ორნაქმარებს, უშვილოს, იმიტომ რომ გეშინია, მამულში მოზიარე არ გაგიჩნდეს, 
- ეგ ადვილი მისახვედრია 
 
 
 
 
ფრთხილი პლატონი  შეთავაზებული სადედინაცვლოს ისტორიას(ბექგრაუნდს) არკვევს:
 
პლატონი კი ახლა მეტად აირია და გაუბედავობამ შეიპყრო, გადაწყვეტილების მიღების წინ წამდგარი. არისტოს 
სიტყვა ერთობ ნამდვილ სიტყვად ეჩვენებოდა. ეს ქალი მართლა და ბეკინას ბედი უნდა ყოფილიყო. აბა, რა იყო, რომ იმ
 წამიდანვე, თავის ჭიშკარს ფეხი გადმოადგა თუ არა, მხოლოდ ამ ქალზე ელაპარაკებიან ყველანი, შემხდურიც და 
დამხდურიც. უსათუოდ ეს უნდა იყოს მამამისის ბედი. მაგრამ ამასთანავე გადაწყვეტილების მიღებაც უძნელდებოდა. 
ვაი თუ უფრო სანდო სხვაგან მოინახებოდეს და ამაზე გადაწყვეტით საქმე გამიფუჭდესო?!
 
- ორნაქმარებია მამიდათქვენი, არა? - ჰკითხა პლატონმა, რომ უფრო დარწმუნებულიყო და ერთხელ კიდევ გაეგონა 
დამაჯერებელი სიტყვა.
 
-რასაკვირველია, ორნაქმარები... წინედ უცნობლაძეს ჰყავდა. მერე - ბრეგაძეს!
 
-შვილი არ ჰყოლია არც ერთთან?
 
-გეფიცები პატიოსნებას, შვილი არ ჰყოლოდეს თავის დღეში!
 
-დიდხანს ჰყავდა უცნობლაძეს?
 
-თუთხმეტი წელიწადი. - და არისტოს გაეცინა.
 
-თუთხმეტი წელიწადი!.. ბრეგაძეს?
 
-რვა! - ისევ სიცილით მიუგო არისტომ.
 
-რვა.
 
-ჰო, რვა! ეგ ნამეტანია, ყმაწვილო! - ვეღარ იკავებდა სიცილს არისტო.
 
-რას იზამ კაცი, გაჭირვება ათასნაირ სისულელეს გაფიქრებიებს და თან უხეიროთაც გალაპარაკებს! - ღიმილით მიუგო
 პლატონმა. - რვა წელიწადი... და შვილი არც ამასთან ჰყოლია?
 
-არა, ყმაწვილო, არა!.. - მოუთმენლად ამბობდა არისტო. - გეუბნები, აღარაა შენი ლაპარაკი საჭირო... ავდგეთ ხვალ, 
შევჯდეთ ცხენებზე, მივიდეთ, ვნახოთ ის ქალი, დევითანხმოთ და მორჩა, საქმე გავათავოთ!.. აბა, ხელი... 
ხვალ ქვედურეთში მივდივართ! საქმე გათავებულია.
 
პლატონი გაუნძრევლად იჯდა თავის ადგილას და არისტოს შეჰყურებდა. იგი ისევ
 ყოყმანობდა, საბოლოოდ ვერ სწყვეტდა საქმეს.
 
 
 
 
პლატონი საბოლოო გადაყვეტილებას იღებს;  არისტოს არგუმენტი „ბედის“ შესახებ 
ჭრის.
 
 
მოღალული ტვინი ხეირიანად ვერც კი მოსაზრეობდა და დაღლილი პლატონი იჯდა
 ხანდახან გაყუჩებული, გაყეყეჩებული. ამ გაწვალებაში მყოფს უეცრივ არისტოს ნათქვამი
 გაახსენდა. ეგება მართლადაც ეს ქალი მამამისის ბედი იყოს?! მართლა, რა არის, აბა, რომ
 თავიდანვე ამ ქალს უხსენებენ და ყოველი გარემოება ისე ეწყობა, რომ უსათუოდ ამ
 ქალის მხსენებელი ხვდება ყველგან, თითქოს განგებ პირი შეეკრათ ამაზე... ხომ არავინ
 იცოდა? მას ხომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის საიდუმლოს შესახებ
 გვერდევანიძესთან - თვითონ იმან ახსენა და აქო ეს ქალი...
 
ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ მაინც აქეთ წამოვიდა... აქ მოვიდა და, 
თითქოს განგება იყოს, ეს ქვაშავიძე დახვდა და ამავე ქალს ურჩევს და აძალებს... რა უნდა 
იყოს ასეთი უცნაურად მოწყობილი ამბავი?.. რას მიეწეროს?.. ასე უმნიშვნელოდ რავა
 იქნება, რავა ხდება ეს ამბავი?! ეგებ მართლა ღმერთი ანიშნებდეს და გაჭირვებულს 
დახმარებას აძლევდეს, ეწეოდეს, საქმეს უადვილებდეს, ბედზე უთითებდეს... აბა, 
რატომაა ასეთი უცნაური, თითქმის შეთანხმებული, ერთპირიანი ლაპარაკი ყოველგან 
ამ ერთ ქალზე?! და ამაზე, ამ აზრზე შეჩერებული პლატონი, რაც უფრო უკვირდებოდა
 გარემოებას, უფრო და უფრო რწმუნდებოდა, სჯეროდა, რომ აქ სხვა არა უნდა ყოფილიყო
 რა, რომ ბრეგაძის ქვრივი მამამისის ბედი უნდა ყოფილიყო და მას უთითებდნენ ზედ, 
ანიშნებდნენ. ამ აზრმა ისე შეიპყრო პლატონი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ, თითქოს 
მძიმე ტვირთმოხსნილივით, რაღაც გასაჭირისაგან განთავისუფლებულივით მან 
მხიარულად, თავისთავად წაილაპარაკა:
 
სწორედ... სწორედ... სწორედ ასე უნდა იყვეს! რაც იქნება - იქნება!.. ბედს სად წაუვა, 
სად
 დეემალება კაცი?!”
 
და გულგახსნილი ახლა გუნებაში ღმერთს ეხვეწებოდა ისევ, რომ შეებრალებინა მისი
 ცოლ- შვილი, მისი თავი და ყოველივე უბედურება თავიდან აეცილებინა.
 
 
 
პლატონმა თავი დააჯერა რომ ბეკინას „ბედს“   მიაგნო; ისეა გახარებული ბონუსებს 
არ დაეძებს:
 
იყოს კაპასი... ავგულიც. რას დამაკლებს?! - გაურბენდა ხანდახან თავში და მერე ისევ 
ყური ამ ყმაწვილებისაკენ ჰქონდა. - მარა, ვაი თუ დედაკაცი უარზე დადგა, მაშინ?.
 - ისევ უბრუნდებოდა თავისას პლატონი. - მაშინ?.. ეგ რავა შეიძლება!.. რაკი ბედია
უსათუოდ დათანხმდება, რავა შეიძლება!.. - ანუგეშებდა თავისთავს. - ეს არისტო რა იქნა!”
 
უნდოდა ახლავე შეეტყობინებინა მისთვის თავისი გადაწყვეტილება, ეთქვა, რომ ხვალ 
უსათუოდ წასულიყვნენ ქვედურეთში და საქმე გაეთავებინათ. დაუწყო არისტოს ძებნა 
თვალით და ის იყო აივნიდან ზალის გაღებულ კარებში არისტოც გამოჩნდა.
 
არისტომაც მოჰკრა თვალი პლატონს და როცა შეამჩნია სახეზე რაღაც კმაყოფილება,
 წავიდა მისკენ.
 
-რას შვრები, კაცო? - ხმადაბლა ჰკითხა მან. - როგორ გადაწყვიტე?
 
-ხვალ წავიდეთ ქვედურეთში! - უთხრა პლატონმა.
 
-აბა რაღას მაწვალებდი, შე კურთხეულის შვილო... ძმობას გეფიცები, 
იმდენს საქვრივოს ავაღებიებ, რომ...
 
-არა, არა... რაში მინდა, გაჭირვებულების წანართმევი!.. საქვრივოს რას დავეძებ!..
 
-ერთი შენ კიდევ! - შეუტია არისტომ.
 
-მაგას თავი დავანებოთ... ეს მითხარი, მამიდათქვენი ულამაზო ხომ არაა?..
 მტერმა არ გაგვცინოს, მოყვარესაც არ ეწყინოს...
 
-ულამაზო? მიბრძანდით... მონახეთ მეორე მისი დასადარი ქალი... რითაც გნებავთ -
 სილამაზით, შეხედულობით, ჯანმრთელობით... რას ამბობთ?! ჰმ!
 
-კაი დაგემართოსთ, კაი დაგემართოსთ!.. აბა ხვალ... ნუღარ გადავდებთ!
 
-არა, არა! - მიუგო არისტომ - დარდი ნუ გაქვს... აწი მე ვიცი! ‘’
 
 
 
პლატონი აკვირდება სადედინაცვლოს
 
პლატონი კი დაკვირვებაში იყო გართული. ეს დედაკაცი სწორედ ურიგო არ იყო. 
თავის ხნოვანობის მიხედვით შეხედულებაც სასიამოვნო ჰქონდა. მართალია, 
ეტყობოდა გამოსვლის წინ უმარილი მოესვა პირზე, თვალების უბეები სულ 
ამოთეთრებული ჰქონდა ამ საცხებლით, მაგრამ მაინც მისი კაი ფერი წითური 
ლოყები თვალში ეცა პლატონს. და თქმა არ უნდოდა, რომ ბეკინა ვერ დაიწუნებდა
 ამ ქალს. რაც მეტს უკვირდებოდა პლატონი, თანდათან რწმუნდებოდა, რომ გულკეთილი, 
კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამას იგი ქალის სახეზე კითხულობდა ნათლად; 
და ამასთან სალომესგან ამისი ქება რომ აგონდებოდა, მისი უშვილოსნობა, რომ
 ორი ქმრის ნაყოლი იყო, რომ მას შეეძლო მისი ლუკმის დაცვა განუზიარებლად,
 პლატონის გული სიხარულით ივსებოდა, მეტი სიამოვნებისაგან აჩქარებით ტოკავდა და
 სიყვარულიც ეღვიძებოდა ამ ადამიანისადმი. ამ უკანასკნელი გრძნობით, თუმცა ჯერ 
გამოუთქმელით, მას სწადდა ამთავითვე თავისკენ მიემხრო ეს ქალი, მიემხრო და ნამუსზე 
შეეყენებინა, რომ მასაც სიყვარულისათვის სიყვარულითვე ეპასუხა და არა ბოროტებით.
 
 
ბრეგაძეები პლატონზე
 
„-ის ვინაა, აივანზე რომ წამოჭიმულა? - უსიამოვნოდ, წარბების შეხრით შეეკითხა 
დათია ცოლს, რომელიც ცეცხლს ანთებდა ოდის უკან გადმოხურულში, რაიც 
სამზარეულოს მაგიერობას უსრულებდა ამ ოჯახს მის შემდეგ, რაც ანტონმა სამზარეულო
 სახლი გაიტანა შიგ დასადგომად, სრულს გაყოფილობამდის.
 
-რა ვიცი, ვიღაც სამანიშვილიაო... არისტომ მოათრია! - მიუგო სერაპიონმა.
 
 
პლატონს საქვრივო არ უნდა
 
-ერთ წამში მოვაკვარახჭინე საქმე, ერთ წამში... კინაღამ არ გადამერია საწყალი დედაბერი!
 ხა, ხა, ხა! მარა იმედია, ამათსავით შენ არ შემიკრავ ნათესავთან სასიარულოდ გზას! 
რასაკვირველია! - და არისტო მოუყვა, თუ როგორ უნდა დაებოლოებინათ მათ თავისი 
საქმე.
 
-საქვრივოს მერე ბიძაჩემს ივანეს ამოვაღებინებთ... ნახევარი იმან წეიღოს საქმის
 საწარმოებელი, ნახევარი შენ!.. რა გენაღვლება... მაგათ კი არ შევარჩენ და!
 
-ჰქონდეთ, ჰქონდეთ!.. ცოდვაა, არაფერი გააჩნიათ!
 
-რას დევეძებ! მე რა კარგი მახსოვს მაგათგან!
 
 
 
პლატონი   და მელანო  დედინაცვალზე:
 
პლატონმა მიიპატიჟა დანიშნულ დღისათვის ახლო მეზობლები. მივიდა სიძესთან და, 
როგორც იყო, შეირიგა შემომწყრალი კირილე, რომელსაც სთხოვა ქალის მოსაყვანად
 წაყოლოდა, რაზედაც კირილემ სიხარულით თანხმობა გამოუცხადა.
 
-ახლა ისევ გულდამშვიდებით შეგვიძლია ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემ
 დედინაცვალს არაფრის გზით შვილი არ მიეცემა... ეს გათავებულია... კაი ქალიცაა,
 შენ ნუ მომიკვდები, თვარა აგერ ნახავ!.. შენთვისაც კაი იქნება;
 ცოტა რაცხა-რაცხაზედ ყურს მაინც გიგდებს... წაგეხმარება ხანდახან რამეში... 
- ეუბნებოდა გულდაწყნარებული პლატონი მელანოს.
 
-დახმარება მისი ის იქნება, თუ შეგვარჩენს, რაზედაც ახლა ვართ... მეტი არაფერი 
არ მინდა მისგან!
 
-რასაკვირველია!.. მაგია, აბა! დარდი ნუ გაქვს!
 
 
პლატონს საქვრივო არ უნდა
 
პლატონი იმდენად გულდაჯერებული იყო დედინაცვალით, რომ მზად იყო ხელი აეღო მის 
საქვრივოს გამორთმევაზე ბრეგაძეებისაგან და არისტოს ეხვეწებოდა საქმის მოსპობას ამის 
თაობაზე და ძალიან სწყინდა, რომ არისტო არ თანხმდებოდა და მის თხოვნას არ იჯერებდა.
 
-ბევრი გაქვს ყველაფერი?.. გაწყენს, რომ შეგემატოს ცოტა რამე თუ? - ეუბნებოდა პასუხად არისტო.
 
-არა. მარა... იმათგან...
 
-ერთი გულჩვილი შენ შემხვდი კიდევ!.. შენც კარგად გამოგადგება, ჩემო ძმაო!.. რაზე უნდა 
დაკარგოთ?.. არ ვიცი! რაც მეტი გვექნება, უფრო მეტს მოვილხენთ, პლატონ ჩემო! 
არა, ბატონო ბეკინა?
 
 
თავზარდამცემი ამბავი
 
 
ასეთ საერთო სიამოვნებაში, კმაყოფილებაში, ერთმანეთის სიყვარულში მიდიოდა დრო  და
 ჟამი სამანიშვილის ოჯახში და ერთ დრომდე კიდევაც გაგრძელდებოდა
 ეს ბედნიერების ჟამი, რომ ერთ დღეს მელანოს თავზარდამცემი, გულის ამრევი, ჭკუაზე
 შემშლელი ამბავი არ გადაეცა თავის ქმრისათვის, რითაც გული მოაყვანინა პლატონს 
ისე, რომ მან კიდევაც შეუბღვირა და მიაძახა წყრომით:
 
-ნუ სულელობ ერთი შენ!.. რა სახუმარო საგანი ნახე ახლა?
 
-კი არ გეხუმრები, საქმეს გეუბნები!.. გეუბნები, ისეთ ნიშნებს ვატყობ ამ ქალს, რომ 
მეშინია ორსულად არ იყვეს!.. შვილები ნუ მომიკვდება!.. არ გითხრა, აბა?! 
მე თვითონ აგერაა გადვირევი...
 
რა ამბავია ეს ჩვენს თავზე?! ღმერთო, შენ დაგვიფარე! - იწერდა პირჯვარს მელანო.
 
პლატონი სრულიად დაიბნა და ხმაგაკმენდილი მისჩერებოდა ცოლს; სრულიად 
არ სჯეროდა მისი ნათქვამის სინამდვილე, თუმცა გულმა მოუსვენრად ტოკვა დაუწყო.
 
-მოგებლანდა... აბა რავა შეიძლება?! - წაილაპარაკა მან და ცოლს მოშორდა, თითქოს 
ეშინოდა, რომ უფრო დაბეჯითებული, თავზარდამცემი რამ არ გაეგონა მელანოსაგან.
 
-რასაკვირველია, მოგებლანდა!.. აბა, კარგად დოუკვირდი, თუ არ ცდები, გეიგებ მაშინ!
 
-ნეტავი, ნეტავი, შენი კარგა ყოფნით!
 
-მოვკლავ მაგ უბედურს!.. ღმერთმანი, მოვკლავ! - ამბობდა თავისთვის პლატონი, ცოლის 
სიტყვები რომ გაახსენდებოდა ელენეს შესახებ. - ღმერთმანი, მოვკლავ! ეჰ, სისულელეა, 
რასაკვირველია, სისულელე... მელანოს მოეჩვენა მხოლოდ!
 
 
 
 
პლატონის სიზმარი
 
რასაკვირველია, ატყობს, რასაკვირველია ხედავს თავის თვალით, ცხადად ხედავს თავის უბედურების მომასწავებელ 
ნიშანს და მოულოდნელ უბედურების წინ წამდგარს, ენაც ერთმევა, გონებაც ეკარგება, სისხლიც უშრება და გაქვავებული,
 გრძნობა მიჩლუნგებული, გაცივებული თვალებით მისჩერებია ამ უღვთო, შეჩვენებულ, 
დაწყევლილ დედაკაცს, რომელთანაც არც პატივისცემა გაუვიდა, არც სიყვარული, არც სამსახური, რომელიც ასე 
უღვთოდ იმეტებდა მასაც, მის ცოლ-შვილსაც.
 
-ღმერთო, რა შეგცოდე?! რა შეგცოდე? - სასოწარკვეთილებით, ნაღვლით გულავსებული კვნესის იგი. - რა შეგცოდე?
 
-იქით! იქით! იქით, შე წყეულო! - უყვირის დედინაცვალს პლატონი. - იქით, თვალით მაინც ნუ დამენახვები! - 
მაგრამ მას თითქოს არ ესმის პლატონის ხმაო, ისევ მობაჯბაჯებს ფანჯრისკენ, მობაჯბაჯებს მძიმედ, ძლივსძლივობით.
 
-იქით, შე შეჩვენებულო! იქით, თორემ მოგკალი ეს არი! ღმერთო, რომ არ ესმის?
 
არ ესმის თავისი ხმა არც პლატონს, თუმცა ყვირის, რაც ღონე აქვს. ხმა პირიდან არ ამოსდის, იქვე გულში რჩება 
უღონო, სუსტი, გაუგონარი, და ეს უმატებს გამწარებას, უფრო უკლავს გულს, უხუთავს სულს. უმწვერვალესად 
აღელვებული კაცის თვალწინ ყოველივე აირია, აიშალა, ამოძრავდა; აცახცახებული, ათრთოლებული ძლივს დგას
 ფეხზე. ეს რაღა ამბავია?! რა არის ეს?! რა ამბავი ხდება დღეს ამ სახლში? ვინ შვრება ამას? ღმერთო, მომკალი! 
ვინ გადმოაგდო ეს ქათმებიწრიალ-წრიალით ეზოს რომ მოეფინენ? ამათ აჰყვნენ ბატებიც, კვატებიც, ორიოდე ინდოურიც;
 მიდიან იქით-აქეთ, ცალცალკევდებიან, ზოგი ელენეს მისდევს, ზოგი ფანჯრისკენ მორბის პლატონთან. აქვე მორბის 
ფენთხებ-გამობზეკილი, უჭმელობით ძალზე გამხდარი სანაშენო ღორი,
 
აუშვერია დინგი, რაღაცას ღრუტუნებს, თითქოს კითხულობდეს რაღაცას. ცხვარი ვინ გამოაგდო ბეღლიდან, 
სასუქი ცხვარი? ვინ ქნა? რა ამბავია! ვინ ოხერი ჩადის ამას? რა უნდათ ამ ხარებს, ასე რომ დაზმუიან? რა ამბავი ხდება 
ამ ეზოში? რამ გადარია ყველა? ვინ გამოალაგა გარეთ კოდი, საცერი, სამტკიცი, ქოთნები, გობი, კოვზი, როდინი, კეცები? 
ვინ იშლება და ირევა ასე უცნაურად? სული ეხუთება პლატონს და აზრდაბნეული მხოლოდ უგუნურად მისჩერებია და
 მეტი განცვიფრებისაგან აღარ იცის, რა ქნას, რა თქვას...
 
- შუაზე, შუაზე! - დაიძახა ვიღაცამ.
 
მოისმა ერთი წკრიალი და მთლად სამზარეულო შეინძრა, შეფამფალდა და დარღვევას აპირებს.
 
- მალე, მალე! - დაიძახა ელენემ. - მალე, ყველაფერი გაჰყავით სულ ყველაფერი, სულ!
 
აქ კი მოიკრიბა პლატონმა უკანასკნელი ძალ-ღონე, რაც ხმა შესწევდა გამწარებულ კაცს, შეეცადა და მორთო ყვირილი:
 
-მეიცადეთ, მეიცადეთ! გაჩერდით! ნუ ჩქარობთ!.. ეგებ მკვდარი დაიბადოს! შედექით! ეგებ ღმერთმა სიცოცხლე 
არ აღირსოს! გაჩერდით, თქვე ოხრებო! ნუ შვებით მაგას! გაჩერდით, გაჩერდით, გა-ჩერ-დით! გა, გა! - ცდილობდა 
პლატონი დაეყვირა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა, ის ისევ იქვე წყდებოდა, ჰქრებოდა. სახლის კედლებს კი
 ლაწა-ლუწი გაჰქონდა, ოველივე ინგრეოდა, ყოველივე იშლებოდა, ნაწილდებოდა. პლატონის ძახილი არავის
 ეყურებოდა, მხოლოდ ელენეს ხმასა და ბრძანებას მისდევდნენ: ”მალე, მალე! ყველაფერი გაჰყავით!” - არ წყნარდებოდა
 იგი. და უღონო, გულჩათუთქული, გაწიწმატებული პლატონი, როგორც იქნა, მოსხლტა თავის ადგილს, მიიჭრა 
ფანჯარასთან, მოინდომა იქით გადახტომა და ამ დაწყევლილი დედინაცვლის იქვე ჩახჩობა, მაგრამ იქვე დაეცა 
უძლურივით ატირებული, ბავშვივით აღრიალებული, მწარე ცრემლებით თვალებჩამობნელებული.
 
-პლატონ, პლატონ! რა დაგემართა, რა დაგემართა, კაცო? - შიშისაგან გადარეული ეკითხებოდა მელანო ქმარს, 
რომელიც ისევ შემზარავად ტიროდა. - გამოიღვიძე, პლატონ! ნუ გადარიე, კაცო, ბოვშები!’’
 
 
 
პლატონი მოსვენებას კარგავს
 
გულდაწყვეტილი პლატონი კი მოსასვენებელ ალაგს ვეღარ პოულობდა; 
ჭკუა შერყეულივით ხან სად დადიოდა, ხან სად, მუშაობაზე გულაცრუებული, 
თავის მწუხარებას გადაყოლილი.
 
-ბიჭო, რა მიქენი? რა მიქენი, შენი ოჯახი დაიქცა... მაინც ქეა დაქცეული!.. 
რა დაგიშავე, შე უსინდისო! - ეუბნებოდა გამწარებით არისტოს. - ბიჭო, რაზე დაგჭირდა
 ჩემი დაღუპვა, შე უღმერთო, რაზე შემომაჩეჩე ეს სასიკვდილე მამიდაშენი? 
რა დაგიშავე, ბიჭო?!
 
 
 
პლატონი წარსულს აანალიზებს
 
ღვთითაა თუ უღვთოთაა, რა დააშავა, რა აწყენია ამისთანა, რომ ასეთი სასჯელი მიესაჯა? 
რა ქნა ისეთი, რომ ამგვარი წყრომა დაიმსახურა? რის გულისათვის ისჯება ასე მწარედ?.. და 
პლატონი ყოველ თავის ნამოქმედარს, ყოველ თავის წარსულს იხსენიებდა და არჩევდა თუ რით 
შეეძლო განერისხა ღვთაება და გამოეწვია მისგან ისეთი მისი შეუბრალებლობა. არაფერი,
 სრულიად არაფერი საამისო არ უქნია. კაცი არ მოუკლავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია(უმრუშია) 
ჯერეთ. ჯერეთ არც უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი არ წაურთმევია... 
ამ სიტყვაზე კი შედგა, შეჩერდა პლატონი. არ წაურთმევია, მაგრამ ხომ ართმევს ბრეგაძეებს... 
კანონიერად კი, მარა ხომ მაინც ართმევს მასზე უფრო საწყალთ, მასზე უფრო გაჭირვებულთ, 
თითქმის მშივრებს; შეცოდების მაგიერად უკანასკნელ ლუკმას სტაცებს და ამის გამო ვის ჩაუყარა
 ხელში საცოდავები, ვის? კაციჭამია გვერდევანიძეს, ამ შეუბრალებელ კაცს? და ღმერთი
 შეიბრალებდა-ღა?!რასაკვირველია, არა! - გუნებაში გაიძახოდა პლატონი და გულგახეთქილი 
გვერდევანიძისას გაიქცა, რომ საქმე მოესპობინა, ეთქვა, რომ გროში-კაპეიკი არ უნდოდა
 ბრეგაძეების გამონართმევი. ამით აპირებდა პლატონი განრისხებულ, შემომწყრალ ზენას 
გულისმოგებას. თავის დანაშაულის გამოსყიდვას და იმედობდა, რომ დაუბრუნდებოდა რასაც
 ხელიდან აცლიდნენ, რომ შენანიებასთან ერთად მის დედინაცვალსაც მუცელი მოეშლებოდა.
 
გვერდევანიძემ არ შეიწყნარა პლატონის თხოვნა. ბევრიც იცინა პლატონის სიტყვაზე. 
ბევრი შრომა ჰქონდა გაწეული და რომ საქმე მოესპო, მოსალოდნელი გასამრჯელო
 ხომ დაეკარგებოდა. პლატონმა თვითონ იკისრა იმის გადახდა, ოღონდ კი საქმე მოსპობილიყო და
 ბრეგაძეებს არაფერი გადახდომოდათ. მან მისცა გვერდევანიძეს ვექსილი და გამობრუნდა სახლში,
 ცოტათი იმედგაღვიძებული, მომლოდინე, რომ მისი მსხვერპლი მიღებული იქნებოდა და
 მის დედინაცვალს გაუწყალდებოდა მისთვის თავზარდამცემი მოზიარის ჩასახულობა.
 
 
 
პლატონი კარგავს ადამიანის სახეს
 
მაგრამ იმედი არ სრულდებოდა. ხანი გადიოდა და საზარელი არსება ზრდაში შედიოდა. 
კიდევ ცოტა ხანი და პლატონს თვალითაც დაენახვებოდა თვითონ და თავის ხმასაც 
გააგონებდა.
 
ეს გარემოება შეშლილივით ხდიდა პლატონს. ამ კაცმა სრულიად გონება დაჰკარგა, 
გაჭირვეულდა, დაეკარგა ყოველივე მოთმინება. ისეთი ხასიათი დაიჭირა, რომ კაცი ვეღარ 
ცნობდა. ხსნას, სხვა საშველს რომ ვერას ხედავდა თავის მაწუხებლის მოსაშორებლად, 
იგი უცნაური წინადადებით მივიდა თავის მამასთან. ბეკინამ იყვირა, როცა შვილის
 ნათქვამი გაიგონა. მოხუცებული კაცი კინაღამ გადაირია:
 
- ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?.. ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ 
თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?.. 
ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?.. გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები, 
დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე, რამ? 
- ყვიროდა ბეკინა შვილის ნათქვამით გაცეცხლებული. პლატონი კი წარბებშეხრილი,
 სახედაღვრემილი იდგა ერთ ადგილას გაყუჩებული ჯიუტად და დაბლა იმზირებოდა.
 
 
 
ამისი თქმა იყო და პლატონი ეცა ელენეს; მოხუცებული ქალი გაგორდა ტახტზე; 
ის იყო პლატონი მუცელში უპირებდა წიხლის ჩარტყმას, რომ ბეკინამ ხელი ჰკრა; 
წიხლი ასცდა ელენეს, მხოლოდ მჩატედ მოხვდა ხელზე. პლატონი უცბად მოტრიალდა და 
ისევ უნდა ჩაერტყა მეორედ წიხლი, მაგრამ ბეკინამ ხელი წაავლო გამხეცებულ
 შვილს, რომელიც გიჟივით ჰყვიროდა:
 
- არ მოკვდები? არ მოკვდები? ახლაც არ მოკვდები! - და ელენე მარჯვედ გამოისროლა
 კარებისაკენ.
 
ფეხმძიმე ქალის ყვირილმა იქაურობა შესძრა. პლატონი ახლა სწორედ მხეცი იყო, 
შეუბრალებელი, სისხლისმსმელი. მას უნდოდა მოესპო ის არსება, რომელიც ახლა
 გაჰკიოდა, მისი სისხლი სწყუროდა, გააფთრებული იწევდა მისკენ და უსათუოდ
 ცოდვას დაატრიალებდა, რომ ბეკინას ძახილზე მელანო არ შემოვარდნილიყო და
 გამგელებული პლატონი გარეთ არ გამოეგდოთ.
 
 
 
ამ დღიდან პლატონი ნამდვილ ნადირივით შეიქმნა. დღისით სადღაც დაეხეტებოდა, შინ
 მხოლოდ საღამოობით მოდიოდა, ისიც დაწოლის ხანს. თვით მელანოსაც აღარ სცემდა ხმას, 
ისეთ ხასიათზე დადგა.
 
 
 
 
 
 
პლატონი გაბოროტდა :
 
რაკი პლატონს ძმა გაუჩნდა ქვეყანაზე, მან იმწამსვე ცალკე გასვლა აიჟინა.
 
-ბიჭო, მე რას მიპირობ, მე, მოხუცებულ კაცს?! ნუ მისპობ წუთისოფელს, ორიოდე დღე 
დამრჩენია მხოლოდ სასიცოცხლოდ!.. ბიჭო, მამა ვარ შენი, რაც უნდა იყოს! სად უნდა
 წახვიდე?
 
-მე ჩემიც ბევრი მყავს მოსავლელი! ჩემი ტვირთიც მეყოფა... სხვას არ შევაკლა ჩემი თავი! 
მე ჩემსას მოვუვლი, ჩემსას დავეპატრონები! - გაჯიუტებით და გულცივად ამბობდა 
პლატონი.
 
-ბიჭო, მოხუცებულმა მამაშენმა რაღა ქნას? ხომ იცი, რომ მე მუშაობა აღარ შემიძლია? 
ბიჭო, შებრალება აღარ იციან თქვენში?
 
-მე შემიბრალა ვინმემ? - წაილაპარაკა პლატონმა და პირი იქით მიიბრუნა.
 
 
 
 
პლატონ სამანიშვილი  ანტონ ბრეგაძედ გადაიქცა
 
 
პლატონს იმდენად სძულდა ახლადდაბადებული ბავშვი, რომ არც თავად უნახავს და ცოლსაც
 ნებას არ აძლევდა მასზე ხმა ამოეღო მასთან.
 
ბევრს შეეცადნენ მეზობლებიც, მამა და შვილი არ გათვისებულიყვნენ, მაგრამ პლატონი
 ვერას გზით ვერ დაიყოლიეს. ათასნაირ პირობებს უდებდა ბეკინა შვილს, რომ მამულის
 ნახევარში მოზიარეთ არავინ შეეცილებოდა, თუ გინდ ათი შვილიც მისცემოდა კიდევ, მაგრამ
 პლატონი მაინც თავისაზე იდგა. მას ახლა ამნაირი პირობებისა აღარა სწამდა-რა.
 
რამდენიმე თვის შემდეგ მამა და შვილი გაიყარნენ. პლატონმა ძველ სამოსახლოზე დაშორებით
 ამოირჩია ადგილი, ჩაიტანა სამზარეულო სახლი, შეიყვანა შიგ თავისი ცოლ-შვილიდა დაიწყო 
ისეთივე ცხოვრება, როგორც ანტონა ბრეგაძემ, რომელსაც ამ ერთი წლის წინათ ისეთი
 შეცოდებით მისჩერებოდა დავითის აივნიდან.’’
 
 
 
პლატონმა მამა მოიძულა
 
ბეკინას მეტი შვილი აღარ მისცემია. საყვარელი შვილის მიერ მოძულებამ მეტად 
დაანაღვლიანა მოხუცებული, მეტად დაამწუხარა და ამ მწუხარებამ კიდევაც ხუთი წლის
 შემდეგ ამ წუთისოფელს მოაშორა. სიკვდილის წინ მან მოიხმო თავისი პლატონი”,
 აცრემლებული თვალებით უკანასკნელად მიტევება სთხოვამისი სისულელისათვის, 
უჭკუობისათვისდაშავ- დღეზე გაჩენილიძმის, უდანაშაულო ჩვილის შებრალებას
 ევედრებოდა. მართალია, პლატონმა აღუთქვა მომაკვდავს მისი ნების ასრულება, მაგრამ
 ბეკინა ადვილად ატყობდა, გრძნობდა, რომ გულწრფელად არ ჰპირდებოდა; 
ძმებს კეთილი განწყობილება არასოდეს არ ექნებოდათ; ატყობდა ბეკინა და საწყალ 
მომაკვდავს შხამად ჩაჰყვა ეს გარემოება მიწაში.
 
და ბეკინა არ შემცდარა, რომ ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა.
 
 
 
გაბრეგაძებული პლატონი მამის სიკვდილის შემდეგ ცდილობს დაკარგული სტატუს კვოს 
აღდგენას
 
№-ის მომრიგებელი მოსამართლის სახლის აივანზე ძალიან ხშირად შეგხვდებათ შავებით
 მორთული ხნიერი დედაკაცი, რომელსაც ხან მზად დაკეცილი მისართმევი თხოვნა 
უჭირავს ხელში, ხან ისეა - ხელცარიელი; გვერდით უყენია ხუთი წლის პატარა შავთვალა
 მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, 
უქამროდ, და მოსამართლესთან მისვლის დროის მოწევამდის ეს დედაკაცი გულდამწვარი
 უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოსეულ მაყურებელთ თავის გაჭირვებას, 
უსაშველობას და მწუხარებას, რაც მათ ორსავე დედა-შვილს ადგიათ მისი გერის,
 პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა, აღარც საზღვარი, 
აღარც ადგილი და იძულებულს ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივ დედაკაცს იწანწალოს
 ყოველკვირა სასამართლოში.
 
ეს დედაკაცი გახლდათ, როგორც თვითონაც მიხვდებოდით, ბეკინა სამანიშვილის
 ქვრივი ელენე და პატარა ბავში - შვილი მისი, რომელმაც ჯერ არც კი იცოდა,
 რასაკვირველია, რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და ამიტომაც ასე
 ხალისიანად იცქირებოდა აქეთ-იქით და სიამოვნებით შეჰყურებდა მოფუსფუსე ხალხს.


Комментарии

  1. „სამანიშვილის დედინაცვალის“ თემა არის-იმერელ აზნაურთა გაჭირვება
    და სიღარიბე;

    როგორია დავით კლდიაშვილის აზრი იმერელ აზნაურთა გაჭირვებაზე და
    სიღარიბეზე ?

    მწერალი ამ აზრს პირდაპირ არ გამოთქვამს,ის მას მოთხრობის შინაარსიის
    მიხედვით გამოხატავს

    იგი ისე ახასიათებს ბეკინას,გვერდევანიძეს,კირილეს,კოსტას,სალობერიძეს,
    არისტოს,ბრეგაძეებს,მელანოს,ელენეს(დედინაცვალს),პლატონს,რომ ჩვენში
    აღძრავს ასეთ აზრს-

    სიღარიბის შიში „აზნოუშვილებს“ სახეს აკარგვინებს;

    სიღარიბე-დამღუპველია,მაგრამ
    სიღარიბის შიშით ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს
    ეს არის „სამანიშვილის დედინაცვლის ‘’ იდეა

    როგორც კაციჭამია ადვოკატი გვერდევანიძე ამბობს:

    „- ასეთია, ჩემო ბიძია, ეს ჩვენი მდგომარეობა და რას იზამ!
    გაჭირვების დრო შემოგვესწრო და მეცადინეობა გვჭირია,
    ძალიან გაფრთხილება გვმართებს ამ გაჭირვებასთან“

    ყოველშემთხვევაში ,პლატონ სამანიშვით არ უნდა გავბოროტდეთ.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები